რუსები დიდი შეტევისთვის ემზადებიან - კიევს საფრთხე ემუქრება?!
რუსული დიდი საგაზაფხულო შეტევის მოლოდინში...
ეს ერთხელ უკვე მოხდა - 2022 წლის 24 თებერვლის გამთენიისას, როდესაც რუსეთი მეზობელ უკრაინას თავს დაესხა რამდენიმე მიმართულებიდან და მათ შორის - სუმისა და ხარკოვის ოლქებს...
დღეს უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა იმის მუდმივ მოლოდინშია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები ეცდებიან, კვლავ შეუტიონ სუმსა და ხარკოვს მას შემდეგ, რაც 2022 წლის შემოდგომისთვის რუსები იძულებულნი გახდნენ, დროებით ოკუპირებული ეს რაიონები სასწრაფოდ დაეტოვებინათ წარმატებული უკრაინული კონტრშეტევებისგან თავის გადასარჩენად...
რუსული დიდი საგაზაფხულო შეტევის მოლოდინი ასევეა ზაპოროჟიესა და ხერსონის ფრონტის მონაკვეთებზეც, სადაც აქამდე შედარებით დაბალი ინტენსივობის საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, იმავე დონბასის ფრონტის მონაკვეთთან შედარებით. თუმცა რუსეთის ტერიტორიიდან ხელახლა შეჭრა სუმისა და ხარკოვის მიმართულებებზე, მაინც სხვა დატვირთვას ატარებს, რადგან ის შეიძლება ისევ დაემუქროს არა მარტო უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქს -ხარკოვს, არამედ - თვით უკრაინის დედაქალაქ კიევსაც კი, ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებიდან, მით უმეტეს, თუკი პუტინის არმია ჩერნიგოვის ოლქზეც წამოიწყებს შეტევას, როგორც ეს სამი წლის წინ მოხდა...

უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ დასავლეთის მასმედიასთან ინტერვიუში უკვე გაუსვა ხაზი - მე შემიძლია დავადასტურო, რომ პუტინს სურს დროის მოგება და ემზადება საგაზაფხულო შეტევისთვის. ჩვენ ვხედავთ რუსების ამ მომზადებას და სადაზვერვო ინფორმაციები მივაწოდეთ კიდეც ჩვენს მოკავშირეებს... პუტინს სუმსა და ხარკოვზე ამ შეტევების დაწყება ჯერ კიდევ რვა თვის წინ სურდა, მაგრამ მას ხელი შევუშალეთ კურსკის ოლქში უკრაინის არმიის ოპერაციის დაწყებითო...
თავის მხრივ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი გენერალი სირსკი ირწმუნება, რომ რუსეთმა, ფაქტობრივად, უკვე დაიწყო შეტევები სუმისა და ხარკოვის მიმართულებებზე და პუტინს სურს სუმის, ხარკოვისა და ჩერნიგოვის ოლქებში შექმნას ერთგვარი ბუფერული ზონები...
სხვათა შორის, სწორედ ამაზე თავის დროზე თავად პუტინი ღიად ლაპარაკობდა და მიაჩნდა, რომ საზღვრის გასწვრივ და უკრაინის ტერიტორიის შიგნით ასეთი ბუფერული ზონის შექმნით, რუსეთი თავს დაიზღვევდა უკრაინის არმიის კურსკის, ბელგოროდისა თუ ბრიანსკის ოლქებზე შემდგომი თავდასხმებისგან...

კრემლის ეს პოზიცია მართებული იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი აგრესორი ქვეყანა თავიდანვე სწორედ უკრაინა იქნებოდა, მაგრამ უკრაინული საექსპედიციო კორპუსი რუსეთის კურსკის ოლქში მხოლოდ 2024 წლის 6 აგვისტოს შეიჭრა ანუ ორ წელზე მეტის ხნის შემდეგ, რაც თავად რუსეთს უკრაინის ტერიტორიის 20%-მდე უკვე ჰქონდა ოკუპირებული...
ფაქტია, რომ პუტინი ზამთრის პერიოდის შემდეგ აპირებს ახალი ფართომასშტაბიანი შეტევების წამოწყებას, უკრაინის ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთებზე, ხოლო ტრამპთან ე.წ. სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოება, უბრალოდ, დროის გაყვანაა და, ალბათ, უკეთესი იქნებოდა, რომ თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში რაც შეიძლება მალე მიმხვდარიყვნენ კრემლის ჩანაფიქრზე...