"ჯოჯოხეთური ხმა გავიგე, ლიფტი კატასტროფული სიჩქარით დაეშვა, მოვემზადეთ სიკვდილისთვის..." - რას ჰყვება ქალი, რომელიც თბილისში ლიფტის ავარიას სასწაულებრ - კვირის პალიტრა

"ჯოჯოხეთური ხმა გავიგე, ლიფტი კატასტროფული სიჩქარით დაეშვა, მოვემზადეთ სიკვდილისთვის..." - რას ჰყვება ქალი, რომელიც თბილისში ლიფტის ავარიას სასწაულებრივად გადაურჩა

ამ დღეებში, დედაქალაქში, მირცხულავას ქუჩაზე, ერთ-ერთ კორპუსში, 22-ე სართულიდან ლიფტი მოწყდა და ნულ სართულზე ჩავარდა. ამ მომენტში ლიფტში 5 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, ნატალია მესხი 17 წლის შვილთან ერთად. სასწაულბრივად გადარჩენისა და შოკური სტრესის შემდეგ, ნატალია მესხმა შემთხვევის შესახებ არა ერთ სოციალურ გვერდზე დაწერა და კორპუსის მაცხოვრებლებს აქციისაკენ მოუწოდა.

ნატალია მესხი "კვირის პალიტრასთან" საუბარში აღწერს იმ შოკს, რომელიც 22-ე სართულიდან შახტაში ლიფტის დაცემამდე გადაიტანა შვილსა და თანამგზავრებთან ერთად.

- თითქოს ლიფტის ტროსის გაწყვეტა იმდენად წარმოუდგენელი ამბავი იყო, ვერც კი ვუშვებდით...

- მხოლოდ მე არ ვარ მსხვერპლი... შარშან ბათუმში, 16-სართულიანიდან მოწყვეტილ ლიფტში უკვე დაიღუპა ადამიანი. ალბათ, ჩვენი ამბავიც ჩაიფარცხებოდა, რომ მართლაც სასწაულის ძალით გადარჩენილს ეზოში კივილი არ ამეტეხა და მთელი კორპუსი არ შემეყარა. რომ დავღუპულიყავით, ალბათ, ამ საქმეში ყველა დამნაშავე ერთმანეთისკენ გაიშვერდა თითს. არავის ვუსურვებ, ის გადაიტანოს, რაც ჩვენ. ამის აღწერა წამოუდგენელია, თუმცა, შევეცდები, მოვყვე, როგორ მოვხვდით ამ ჯოჯოხეთში. საქმე ის არის, რომ ჩვენი კორპუსი ახალაშენებულია, ბევრი მობინადრე ჯერ კიდევ შესახლების პროცესშია, მათ შორის - ჩემი ოჯახიც. იმ დღესაც მე და ჩემი შვილი ავედით ახალ ბინაში, დავალაგეთ, დავკეტეთ, ლიფტი გამოვიძახეთ და ჩავსხედით. ჩვენთან ერთად კაბინაში სამი მამაკაციც შემოვიდა, სავარაუდოდ, ხელოსნები იყვნენ - მეზობლები ჯერ კიდევ არემონტებენ ბინებს. მადლობას ვუძღვნი უფალს, რომ ეს ხალხი ჩვენთან ერთად იყო. მათი წარმოუდგენელი სიმშვიდე რომ არა, ვინ იცის ლიფტის დაცემამდე გამსკდომოდა გული, მით უფრო, შვილზე ვფიქრობდი.

- თუ ხუთნი იყავით, იქნებ ლიფტი გადაიტვირთა და ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა?

- როდესაც ლიფტი გადაიტვირთება, ის ადგილიდან არ უნდა დაიძრას. ეს წესია და რომც გადაიტვირთოს, ლიფტის ტროსი ამიტომ უნდა გაწყდეს? იმ მომენტში ლიფტის კარი ჩვულებრივად დაიკეტა და დაიძრა.

ეს უბედურება, ეს ჯოჯოხეთი კი სულ რამდენიმე წამში დატრიალდა. უცებ რაღაც ჯოჯოხეთური ხმა გავიგე, თითქოს ლიფტის კაბინაზე რაღაც დაეცაო და იმავე წამს კატასტროფული სიჩქარით დავეშვით.

- ანუ ლიფტის ტროსი გაწყდა, დაეცა და კაბინას არაფერი იჭერდა?

- დიახ. ამას ყველა მივხვდით და, ალბათ, ყველა მოვემზადეთ სიკვდილისათვის... როცა ფიქრობ, რომ მორჩა, სიკვდილი მოვიდა. მაგრამ გონება ამ დროს კიდევ უფრო მეტად მუშაობს, მთელი ცხოვრება გაგირბენს თვალწინ.

ამიტომ ის კადრები გამახსენდა, ოდესღაც რომ ვნახე ლიფტის მოწყვეტისას ადამიანი იატაკზე როგორ წვება, რომ შახტაში დაცემის ძალა ნაკლები იყოს და ეგებ გადარჩეს. მეც ლიფტის იატაკზე დავიჩოქე და შვილს მუხლებზე მოვხვიე ხელი, რომ ჩავარდისას მე დამცემოდა.

აი, ამ მომენტში კიდევ რაღაც საშინელი ბრახუნი გავიგე, ლიფტი თითქოს რაღაცას დაეცა, სიჩქარე შეანელა და უფრო მეტი ბრახუნით დაიწყო დაბლა ჩასვლა....

მერე გავაცნობიერე, რომ, საბედნიეროდ, ლიფტის მუხრუჭები ამუშავდა და მას ჩამოვყავდით დაბლა. კიდევ კარგი, რომ ის მაინც ამუშავდა, თორემ დავიხოცებოდით. მეჩვენებოდა, რომ ეს ყველაფერი უსასრულოდ გაგრძელდა.

- ყვიროდით, რომ ვინმეს გაეგო?

- არა, რა აზრი ჰქონდა? ამ დროს მშველელი არავინაა. ალბათ, ყველა დასასრულს ველოდებოდით. არ დავსრულდით, საბედნიეროდ. ლიფტი კი, პირველი სართულის ნაცვლად, ნულოვან სართულზე დაეცა. კარი გაიღო და გამოვედით. ამ დროს ხელები ისე მიკანკალებდა, ვერაფერს ვეხებოდი. მაგრამ ის კი შევძელი, რომ ეზოში გამოვედი და ავყვირდი, რათა კორპუსში ვინც იყო, ყველას გაეგო, რამდენად სასიკვდილო საფრთხეში ვიყავით.

- სპეციალისტი არ ემსახურება თქვენს ლიფტებს?

- ახალაშენებულ კორპუსში ასეთი ჯერ არ გვყავს. აღმოჩნდა, რომ როდესაც ლიფტი ფუჭდებოდა, ხალხი მშენებელ კომპანიას ურეკავდა და ხელოსანი მათ მოჰყავდათ. თანაც ლიფტი წამდაუწუმ ფუჭდებოდა. ჩემს ხმაურზე შეკრებილმა ხალხმა მითხრა, ერთხელ ბავშვი გაგვეჭედა, კაბინის კარი ვერ გახსნეს, ამიტომ გაჭრეს და ბავშვი ისე გამოიყვანესო.

- მშენებელ კომპანიას მიმართეთ?

- დიახ, მაგრამ კომპანიის მეპატრონე თავდაპირველად პასუხის ღირსადაც არ გვთვლიდა, არ გამოდიოდა სალაპარაკოდ, სანამ იძულებული არ გახდა. მერე გვითხრა: არ ვიცოდი თქვენს კორპუსში უხარისხო ლიფტები თუ იყო, აუცილებლად შევცვლი, თუმცა, ბრენდის პროდუქცია ძვირი ღირსო...

ჩვენ რომ დავხოცილიყავით, ალბათ, ამ შემთხვევაშიც მოუწევდა ლიფტების შეცვლა. არ ვიცი, აცნობიერებს თუ არა, რომ ჩვენმა გადარჩენამ თავადაც გადაარჩინა. მე კი ვგრძნობ, რომ ჯოჯოხეთურმა წუთებმა ვიღაც ნამდვილად იხსნა ჩვენს კორპუსის უხარისხო ლიფტში სიკვდილისაგან. ახლა ეს ლიფტები აუცილებლად გამოიცვლება. იმედია, ბევრი ამ შემთხვევის შემდეგ დაფიქრდება, რომ ლიფტების ხარისხი სპეციალისტებს გააკონტროლებინოს და, ზოგადად, ყველა ლიფტმა სპეციალისტის კონტროლით იმუშაოს.

ჩვენ დავუკავშირდით სალიფტიორო საქმის სპეციალისტს მამუკა დოკვაძეს, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ ჩვენს ქვეყანაში შემოტანილ ლიფტების ხარისხში მკვეთრი განსხვავება ხშირია. რაც შეეხება ლიფტის ტროსებს, ადრეული ტროსებისაგან განსხვავებით, ისინი ერთგვარად წელვადი მასალისგან შედგება. ამის გამო წელიწადში ერთხელ აუცილებელია ლიფტების ტროსების შემოწმება და აუცილებლობის შემთხვევაში - მოჭიმვა. მასთან ერთად კი, აუცილებელია ლიფტის მუდმივი კონტროლი და შემოწმება, მათ შორის, სამუხრუჭე სისტემის გამართულობაზე.

ეთერ ერაძე

(სპეციალურად საიტისთვის)