პრინც ჰარის საიდუმლო ვიზიტი უკრაინაში: რატომ ეწვია ლვოვს ჰერცოგი? - The Daily Telegraph
ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით - „პრინც ჰარის საიდუმლო ვიზიტი უკრაინაში: რატომ ეწვია ლვოვს ჰერცოგი?“ (ავტორი - კონორ სტრინგერი). პუბლიკაციაში გადმოცემულია გაერთიანებული სამეფოს ტახტის მე-5 მემკვიდრის, მეფე ჩარლზ III-ისა და პრინცესა დაიანას უმცროსი შვილის -ჰენრის (იგი უფრო მეტად ცნობილია პრინცი ჰარის სახელით) უკრაინაში ყოფნის დეტალები და გარემოებები.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
10 აპრილს პრინცი ჰარი უკრაინაში წინასწარ გამოუცხადებელი ვიზიტით ჩავიდა. სასექსის ჰერცოგი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში - ქალაქ ლვოვში მდებარე სპეციალიზებულ ჯანდაცვის ცენტრს - ორთოპედიულ კლინიკა „სვერხლიუდის“ (Superhumans - „ზეადამიანები“) ეწვია, სადაც ფრონტზე დაჭრილი ჯარისკაცები და მშვიდობიანი მცხოვრებლები მკურნალობენ.
პრინცმა ჰარიმ უკრაინაში ვიზიტი მას შემდეგ განახორციელდა, როდესაც იგი წინადღით ლონდონის სასამართლოს წინაშე წარდგა და განაცხადა, რომ მას სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან დაცვის უზრუნველყოფა - როგორც პირადად, ასევე - თავისი ოჯახის წევრებისათვის, დიდ ბრიტანეთში - იმდენად, რამდენადაც მისი სიცოცხლე „საფრთხეში შეიძლება იყოს“.
პრინცი ჰარი - მეფის ოჯახის მეორე წევრია, რომელიც უკრაინას ეწვია, 2022 წლის ომის დაწყებიდან - მანამდე უკრაინაში სოფი იმყოფებოდა, ედინბურგის ჰერცოგინია. იგი კიევს გასულ წელს სტუმრობდა. ასევე, მარტში პრინცი უილიამი (ჰარის ძმა) შეხვდა უკრაინელ ლტოლვილებს, ესტონეთში ორდღიანი ვიზიტის დროს.
სასექსის ჰერცოგის ჩასვლა უკრაინის იმ რეგიონში, რომელიც რუსული ბალისტიკური რაკეტების სამიზნეს წარმოადგენს, მას შემდეგ გაცხადდა, რაც მან დიდი ბრიტანეთი დატოვა. გასაგებია, რომ ბუკინგემის სასახლე არ იყო ინფორმირებული წინასწარ პრინცის ვიზიტთან დაკავშირებით, რადგანაც ჰარი სამეფო ოჯახის წევრად უკვე აღარ ითვლება.
ფოტოსურათებზე, რომელიც ხუთშაბათს, ლვოვში ვიზიტის დროს არის გადაღებული, ჩანს, რომ პრინცს ქურთუკი აცვია თავისი ფონდის - „დაუმარცხებელთა თამაშების“ ემბლემით და უკრაინელ ვეტერანებთან საუბრობს. იგი, ასევე, შეხვდა ნატალია კალმიკოვას, უკრაინის ვეტერანების საქმეთა მინისტრს.
ჰერცოგის ვიზიტი, რომელიც თავად აშშ-ში, კალიფორნიაში ცხოვრობს, შეიძლება განხილული იქნას როგორც სიგნალი, მინიშნება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის - დონალდ ტრამპისათვის, რომელიც უკმაყოფილებას გამოხატავს ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ და მას ომის შეწყვეტისაკენ მოუწოდებს.
როცა ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეიჭრა, 2022 წლის თებერვლის ბოლოს, ცოლ-ქმარმა სასექსებმა ომის დაწყება დაგმეს და განაცხადეს, რომ ისინი „უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ“. „ჩვენ, ორივე - პრინცი ჰარი და მეგანი, სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია - მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს საერთაშორისო სამართლის დამრღვევი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაში და მოვუწოდებთ მსოფლიოს საზოგადოებას და მის ლიდერებს, იგივე გააკეთონ“, - ნათქვამი იყო მათ განცხადებაში.
პრინცი ჰარის პრესმდივნის თქმით, ჰერცოგმა ლვოვში გამგზავრება გადაწყვიტა იმიტომ, რომ მას სურდა, ადგილზე გაცნობოდა კლინიკის სარეაბილიტაციო სამსახურის საქმიანობას, დაეთვალიერებინა ორთოპედიული კლინიკა და გასაუბრებოდა როგორც პაციენტებს, ასევე - ქირურგების ბრიგადის წევრებს. უკრაინა „დაუმარცხებელთა თამაშებში“ (დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა და ვეტერანების სპორტულ ღონისძიებებში) 2017 წლიდან მონაწილეობს.
როგორც ჩანს, ჰერცოგი ლვოვში ლონდონიდან ჩავიდა, სადაც იგი აშშ-დან ჩაფრინდა იმ სასამართლო პროცესზე დასასწრებად, რომელზეც პრინცისა და მისი ოჯახის წევრების ავტომატური დაცვის საკითხი იხილებოდა, სახელმწიფო მხრიდან, ბრიტანელი გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე. პრინცი ჰარი ცდილობს, გაასაჩივროს სამეფო ოჯახის გადაწყვეტილება, სასექსებისადმი ავტომატური დაცვის უფლების გაუქმების თაობაზე, რომელიც დიდ ბრიტანეთში მათი ყოფნის დროს პოლიციამ უნდა განახორციელოს. ჰარის და მის ცოლს - მეგანს ეს უფლება წაერთვათ 2020 წლის თებერვალში, როცა მათ უარი განაცხადეს სამეფო ოჯახის წევრისადმი დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე.
ჰერცოგი ჰარი ლონდონში ჩაფრინდა რამდენიმე საათის შემდეგ იმ დროიდან, როცა მეფე ჩარლზი და დედოფალი კამილა იტალიაში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრნენ. ბუნებრივია, ჰარი მამას და დედინაცვალს არ შეხვედრია.
როგორც ამბობენ, ჰერცოგის უკრაინაში ვიზიტი დაკავშირებულია, აგრეთვე, ერთ მნიშვნელოვან გარემოებასთან - დიდი ბრიტანეთი ნატოელ (ევროპელ) მოკავშირეებთან ერთად განიხილავს უკრაინაში ჯარების განლაგებას ხუთი წლის ვადით. სამხედრო სარდლობა ფიქრობს, რომ ბრიტანეთის არმიის ქვედანაყოფები ადგილზე შეძლებენ უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების წვრთნებს და მათ გადაიარაღებას, რათა ხელი შეუშალონ ვლადიმერ პუტინს სამომავლო სავარაუდო შეჭრაში უკრაინის ტერიტორიაზე.
მოამზადა სიმონ კილაძემ