ქართული დაზვერვის კრახი აგვისტოს ომამდე - რა ხდებოდა ხელისუფლებაში, როდესაც ქვეყანას დიდი საფრთხე ემუქრებოდა
"აგვისტოს ომის" შემდეგ საქართველოს პარლამენტში შეიქმნა "რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია" . სხვადასხვა დროს "კომისიის" შეკითხვებს 22-მა სამოქალაქო და სამხედრო თანამდებობის პირმა უპასუხა, მათ შორის (მოსმენების ქრონოლოგიის მიხედვით): გელა ბეჟუაშვილმა (საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსი); ეკატერინე ტყეშელაშვილმა (საგარეო საქმეთა მინისტრი); თეიმურაზ იაკობაშვილმა (სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში); ალექსანდრე ლომაიამ (ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი); მამუკა ყურაშვილმა (სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსი); ზაზა გოგავამ (საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი); ეროსი კიწმარიშვილმა (საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში); ივანე მერაბიშვილმა (შინაგან საქმეთა მინისტრი); დავით კეზერაშვილმა (თავდაცვის მინისტრი); მიხეილ სააკაშვილმა (საქართველოს პრეზიდენტი) და სხვ. "კომისიის" სტენოგრამების გაცნობა საშუალებას იძლევა, ნაწილობრივ მაინც აღვადგინოთ ის დაბნეულ-სტრესული მდგომარეობა, რაც საქართველოს ხელისუფლებაში სუფევდა 2008 წლის ზაფხულის დასაწყისიდან.
"კომისიის" სხდომაზე პოლიტიკური თანამდებობის პირები, თითქმის ყველა, ცალსახად აღნიშნავდა, რომ მათ არ ეგონათ, რომ რუსეთის მხრიდან ასეთი დონის აგრესია იქნებოდა საქართველოს წინააღმდეგ. რა რჩევებს აძლევდნენ ქვეყნის "მთავარსარდალს" სპეცსამსახურების, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის მაღალჩინოსნები?
როგორი იყო საქართველოს სპეცსამსახურების მოქმედების ეფექტიანობა "აგვისტოს ომის" წინ და ომის პერიოდში?
უნდა ითქვას, რომ ეს საკითხი, ისევე, როგორც მრავალი სხვა მტკივნეული თემა, უყურადღებოდაა მიტოვებული. ერთად შევეცადოთ, არსებული დოკუმენტებისა და ფაქტების ანალიზის საფუძველზე განვიხილოთ საქართველოს სპეცსამსახურების (თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის, ასევე საგარეო დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სტრუქტურების) მოქმედებების ეფექტიანობა აგვისტოს ომის დროს. სათანადოდ გაართვეს თუ არა მათ თავი საკუთარ მოვალეობას შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებამდე? რა დონეზე იყო რუსეთის შეიარაღებული ძალების მზადების შესახებ ინფორმაციის მოპოვება? რა ღონისძიებები ტარდებოდა რუსეთის აგენტურის გასანეიტრალებლად?
იყო თუ არა დამუშავებული მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარები, რა ინფორმაციასა და გათვლებს ეყრდნობოდა უმაღლესი მთავარსარდალი მ. სააკაშვილი, როდესაც 2008 წლის 7 აგვისტოს, დღის 14 სთ-ზე, შეიარაღებულ ძალებში გამოაცხადა "მზადყოფნა #1", ხოლო 23.35 სთ-ზე შეტევაზე გადასვლის ბრძანება გასცა? იქნებ 6 ან 7 აგვისტოს რამე სანუგეშო საიდუმლო-დიპლომატიური ინფორმაცია ჰქონდა "უმაღლეს მთავარსარდალს", რუსეთთან ფართომასშტაბიან ომში ჩართვის ბრძანება სანამ გასცა? თავად განსაჯეთ: სააკაშვილი რუსეთის იმდროინდელ "პრეზიდენტს" - მედვედევს ურეკავდა, თუმცა არ აერთებდნენ; რუსი დიპლომატი პოპოვი თბილიში იყო და იმალებოდა;

"სამშვიდობო ძალების" სარდალი კულახმეტოვი (რომელიც წინა დღეებში ხელებს ასავსავებდა: რა ვქნა ოსები ჩვენი ზურგიდან ისვრიან და ვერ ვაჩერებო) ბორის ჩოჩიევს ვითომ "ვერ პოულობდა". თანაც, პეკინში ოლიმპიური თამაშები იხსნებოდა და აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების მეთაურების ყურებამდე, სადღაც საქართველოში დაწყებული "ბათქაბუთქის" ხმა როდის მიაღწევდა, კაცმა არ იცის. იყო თუ არა ეს ყველაფერი საგანგაშო ნიშანი იმისა, რომ რუსეთს სერიოზული მზაკვრული ჩანაფიქრი ჰქონდა?

საგარეო დაზვერვის ინფორმაცია პირდაპირ მიანიშნებდა, რომ რუსეთი ფართომასშტაბიანი ომისთვის ემზადებოდა, ხოლო თავად "პირველი მზვერავი" შემოდგომამდე სერიოზულ გართულებებს არ ელოდა და მივლინებაში ბრძანდებოდა.
აგვისტოს ცხელ დღეებს შვებულებებში გარიდებოდნენ "სააკაშვილის გუნდის" ძირითადი წევრებიც, რასაც თავად მაშინდელი პრეზიდენტიც ადასტურებს: "7 აგვისტოს, შუადღისას, უშიშროების წევრების (იგულისხმება პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭო– ბ.ა.) შეკრება გვქონდა. უშიშროების ბევრი წევრი იმყოფებოდა შვებულებაში. გელა ბეჟუაშვილი იყო ამერიკაში, დათო ბაქრაძე იყო თურქეთში და მოუხდა სამი თვითმფრინავის გამოცვლა, სანამ აქ ჩამოვიდა. გიგა ბოკერია იყო სადღაც გადაკარგულში, იმიტომ, რომ იქიდან აქ ჩამოყვანას სამი დღე დასჭირდა. არა მარტო მთავრობის წევრები, ბევრი სამხედრო მეთაური იყო შვებულებაში" (კომისიის სტენოგრამის დასასრული).
სამხედრო მეთაურები თუ შვებულებაში არიან, არ აქვთ კონტაქტი გენერალურ შტაბთან და არ იცნობენ უახლეს სადაზვერვო ინფორმაციას, სტრატეგიულ და ტაქტიკურ მიზნებსა და ამოცანებს - რა შეტევაზე გადადიხარ, შე ოჯახაშენებულო? თან ჩასაფრებულ "დათვთან", რომელიც ამას ელოდება? მ. სააკაშვილს, ალბათ, იმის თქმა უნდოდა, "ჩვენ ომისთვის არ ვემზადებოდით, შვებულებაში ვიყავითო", თუმცა რეალურად, ექსტრემალურ სიტუაციაში ქვეყნის მართვის სრული უცოდინარობა კიდევ ერთხელ დაამტკიცა. როგორც შემდეგ გამოჩნდა, დავით ბაქრაძის, გიგი უგულავას, თემურ იაკობაშვილისა და გიგა ბოკერიას არყოფნა შესაძლოა, უკეთესიც კი ყოფილიყო.
ეს ხალხი (მაშინდელი თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილის დამატებით) სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის "სამხედრო-სამოქალაქო შტაბი" იყო, რომელიც, სხვადასხვა მიზეზთა გამო, მას უსწრაფეს გამარჯვებაში არწმუნებდა (ალბათ, უფრო ერთმანეთს არწმუნებდნენ) და ცხინვალში საზეიმო აღლუმის გამართვისთვის ერთად ემზადებოდნენ. ისე, სხვათა შორის, თავად უმაღლესი მთავარსარდალი ივლისის ბოლოს წონის დასაკლებად ძვირადღირებულ პროცედურებზე იტალიაში ბრძანდებოდა და თბილისში აგვისტოს დასაწყისში დაბრუნდა. სამხრეთ კავკასიაში დაკარგული გეოპოლიტიკური პოზიციების დასაბრუნებლად რუსეთი ძალზე გააქტიურდა 2006 წლიდან. შეტევის მთავარი ობიექტი საქართველო იყო. რასაც ჯერ მოსამზადებელი სადეზინფორმაციო-პროვოკაციული ხასიათი ჰქონდა, ბოლოს კი - 2008 წლის აგვისტოს ომით დასრულდა. ჯაშუშობის "სამზარეულოში" ჩახედულთათვის კარგადაა ცნობილი, რომ სპეცსამსახურები რეალური ფაქტების შესანიღბად, როგორც წესი, ოფიციალურად ერთს აცხადებენ, მეორეს ფიქრობენ და მესამეს აკეთებენ.
ამიტომაც ყოველთვის სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გავრცელებულ "ოფიციალურ" ინფორმაციას, უფრო ხშირად - დეზინფორმაციას.
რუსეთის ხელისუფლებამ (ეფ-ეს-ბეს მტკიცებით) აგვისტოს ომამდე რამდენიმე თვით ადრე გაანეიტრალა "საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებისა და აგენტების ქსელი", რომელიც, რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებდა, მისი მთავარი მიზანი რუსეთის სამხრეთ ფედერალურ ოლქში სამხედრო-პოლიტიკური ინფორმაციის შეგროვება იყო და რომელსაც საქართველოდან წარგზავნილი რეზიდენტი, საგარეო დაზვერვის ოფიცერი ხელმძღვანელობდაო. ასახელებდნენ რუსეთის ცხრა და საქართველოს ერთ მოქალაქეს. ეს ჩავარდნა უკავშირდებოდა ვლადიკავკაზში რუსეთის მოქალაქის ყალბი პასპორტის შეძენას. თუ ეს ასე იყო, მაშინ სახეზეა საქართველოს საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის იმდროინდელი ხელმძღვანელობის არაპროფესიონალიზმი და უდიდესი შეცდომა: როდესაც მზვერავს არალეგალურად, სათანადო დოკუმენტების გარეშე აგზავნი მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე და იძულებულს ხდი, იქ შეიძინოს ყალბი საბუთები, რა დროსაც ჩავარდნის შანსი ერთ ასად იზრდება, ეს ან დაზვერვის ანბანის უცოდინარობაა, ანდა ღალატი. რამდენად სანდო იყო ყალბი რუსული პასპორტი და მისი გამყიდველი?
ჩრდილო-კავკასიაში აგენტურის ერთბაშად ჩავარდნის ფაქტი რუსეთის სერიოზულ სამხედრო მზადებაზე მიუთითებდა და ეს გარემოება ხომ უნდა ყოფილიყო მაშინდელი პრეზიდენტისა და მისი გარემოცვისთვის საგანგაშო?

რუსეთის მხარეს რამდენჯერმე ტრაბახით წამოსცდა, რომ საქართველოს ხელისუფლების ყველა მნიშვნელოვან სტრუქტურაში საკუთარი აგენტურა ყოველთვის ჰყავდა.
"აგვისტოს ომმა" კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ რუსეთის აგენტურა ქვეყნის ყველა სახელისუფლებო შტოში, უპირველესად კი - ძალოვან სტრუქტურებში, მართლაც მოქმედებდა. 2008 წლის ივნის-ივლისში ჩრდილოეთ კავკასიაში ქართველი მზვერავების ან "მზვერავებად" შერაცხული პირების მასობრივი დაკავებების შესახებ აშკარად მიანიშნებდა რუსეთის ხელისუფლების აგრესიულ გეგმებზე. რამდენად ფლობდნენ საქართველოს სპეცსამსახურები ინფორმაციას რუსეთის შეიარაღებული ნაწილების გადაადგილების შესახებ? იყო თუ არა მზად გენერალური შტაბი რუსეთის სამხედრო ინტერვენციისთვის? მტრის პროვოკაციას შეუგნებლად წამოეგნენ თუ წინასწარი განზრახვით შეიყვანეს ქვეყანა "ცხინვალის ხაფანგში" და ქართული ჯარი უთანასწორო ბრძოლებში ჩააბეს? ვინ იყვნენ ეს პირები: რუსეთის აგენტები თუ რუსეთის სასარგებლოდ მოქმედი "იდიოტები"?
„აგვისტოს ომის“ (ისევე, როგორც „აფხაზეთის ომის“) დაწყებისა და დამდგარი შედეგების გამოძიება შეგნებულად არეულ–დარეული „მოზაიკური პანოს“ რეკონსტრუქცია–განახლების ტოლფასია და ურთულესი პრობლემაა. ამ დროს ვინც დანაწევრებული მოვლენებისგან სრული სურათის აღდგენას დაისახავს მიზნად, აუცილებლად უნდა იყვნენ: პატიოსანი, პატრიოტი და პროფესიონალი! სხვა შემთხვევაში ყოველთვის დამახინჯებულ და არაობიექტურ შედეგს მივიღებთ! 17 წელი ისე გაილია, "აგვისტოს ომის" პროვოცირების წინაპირობების, ომის მიმდინარეობის და ასე ტრაგიკულად დასრულების ღრმა და ობიექტური შესწავლა არ მომხდარა. დღეს კი ამას სულ სხვა ელფერი და შეფასება შეიძლება ჰქონდეს. ომის შემდეგ ბევრი საჯარო მოხელე და სამხედრო პირი, რომელსაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონდა ან საქართველოდანაა წასული ან გარდაცვლილია, ასე, რომ ვინ იცის ტრაგიკული მოზაიკის რამდენი „პაზლია“ შეგნებულად დაკარგულ–განადგურებული?