ახალდანერგილი ტრეინინგების სისტემა და სახეშეცვლილი პატრიოტული ბანაკები - კვირის პალიტრა

ახალდანერგილი ტრეინინგების სისტემა და სახეშეცვლილი პატრიოტული ბანაკები

პროგრამა "პატრიოტს" 2005 წლიდან პრეზიდენტის ინიციატივით ჩაეყარა საფუძველი. პროექტის მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრება და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება გახლდათ. ამავე წლიდან საქართველოს არაერთ რეგიონში საბანაკო სისტემა დაინერგა და მთელი ქვეყნის მასშტაბით არაერთი ბანაკი გაიხსნა. თუ თავდაპირველად მომავალ პატრიოტებს საველე პირობებში უხდებოდათ დასვენება, რამდენიმე წელიწადში მათთვის სპეციალური კოტეჯები აშენდა. 2010 წელს კი ევროპული სტანდარტების შესაბამისი ბანაკი "ანაკლია" გაიხსნა და, რა თქმა უნდა, პატრიოტულ ბანაკებში დამსვენებელთა რაოდენობამაც იმატა.

2010 წელს ამ პროგრამაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც ჩართეს. ბანაკში დასვენება საქართველოს რეგიონებსა თუ საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართული სათვისტომოს წევრ არაერთ არაქართველ ახალგაზრდას შეეძლო. დამსვენებელთა ასაკი თავდაპირველად 14-დან 23 წლამდე მერყეობდა. შემდეგ კი ასაკობრივი ზღვარი 21-მდე, წელს კი 20 წლამდე შემცირდა. ასე რომ, წელს 7 დღის განმავლობაში, ანაკლიის ბანაკში დასვენების უფლება მხოლოდ ქართველ, 15-20 წლის ახალგაზრდებს აქვთ.

ბანაკი 1-ელ ივნისს გაიხსნა და 27 სექტემბრამდე გასტანს. როგორც აღვნიშნეთ, თითო ნაკადის დასვენების ხანგრძლივობა 7 დღეა. მთელი სეზონის განმავლობაში კი 15 ნაკადს უმასპინძლებს. იქ წელს 5000-მდე ახალგაზრდა დაისვენებს.

ასე რომ, პრეზიდენტის თაოსნობით წამოწყებულ პროგრამას სახელმწიფო წარმატებულად აფასებს. ამის დასტურად კი "ნაციონალური მოძრაობის" საიტს მოვიშველიებ. თუ საიტზე შეხვალთ და მათი საქმიანობის გრაფაშიც შეიჭვრეტთ, ნახავთ სიას სათაურით: "საქართველოს 16 გამარჯვება, რომელიც ვარდების რევოლუციამ მოგვიტანა" ამ სიის მეცამეტე გამარჯვებად პატრიოტული ბანაკებია დასახელებული.

ნინი, 23 წლის:

- ბანაკში პირველივე სეზონზე წავედი მეგობრებთან ერთად. მაშინ მსგავსი პროექტი შედარებით ახალი ხილი იყო და მშობლები ჩვენი გაშვებისას ძალიან ფრთხილობდნენ, მაგრამ მათი შიში არ გამართლდა. ბანაკიდან ძალიან კმაყოფილი დავბრუნდი. ერთადერთი პრობლემა საკვები იყო. ძალიან არ მოგვწონდა და შეიძლება ითქვას, 10 დღის განმავლობაში "სნიკერსებს" ვჭამდით. სამაგიეროდ, იქაურობა ისე მოგვეწონა, გადავწყვიტეთ, მომავალ წელსაც წავსულიყავით და ასეც მოვიქეცით. ამჯერად ვარციხეში დავისვენეთ. ბანაკში გაცნობილ მეგობრებთან დღემდე მაქვს ურთიერთობა. სხვათა შორის, რამდენიმეს "პატრიოტული ცხოვრება" იმდენად მოეწონა, მომდევნო წელს ბანაკში ლიდერად წავიდა და როგორ ვიცი, პატრიოტულ ბანაკებთან დღემდე თანამშრომლობენ.

ლაშა, 24 წლის:

- წელს მართლაც გულით მსურდა ბანაკში ლიდერად წასვლა. ერთობი, დრო გაგყავს და ამაში თანხასაც გიხდიან. მართალია, მიზერულს, მაგრამ მაინც… 3 წლის წინ ჩემი მეგობარი იყო ბანაკში და იმდენ სახალისო ამბავს ჰყვებოდა, გადავწყვიტე, მეც მეცადა ბედი და აპრილში მითითებულ მისამართზე ჩემი CV გავგზავნე. მერე გასაუბრებაზე დამირეკეს და მივედი კიდეც. სპეციალური მოთხოვნა იყო, სოციალურ სფეროში მუშაობის გამოცდილება, რომელიც მქონდა. მქონდა მოხალისეობის გამოცდილებაც და საერთოდაც კარგად მესმის, თუ როგორ უნდა იმუშაო მსგავს სოციალურ ჯგუფებთან. თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ გასაუბრებას აუცილებლად გავივლიდი, მაგრამ შევცდი. რატომღაც დამიწუნეს.

- მიზეზი არ უთქვამთ?

- არა. როგორც ჩანს, ვერ ვაკმაყოფილებდი ერთ-ერთ პუნქტს, რომელიც ნებისმიერი ლიდერის პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრობას გულისხმობს.

- რას გულისხმობ?

- ბანაკში ლიდერებად, ძირითადად, "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები მიჰყავთ. შესაბამისად მე, როგორც ნეიტრალური ადამიანი, მათთვის მისაღები კანდიდატურა არ ვიყავი. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მამაჩემი დღედაღამ ამ მთავრობას "ლოცავს", მაშინ არაფრის იმედი არ უნდა მქონოდა.

- ის შენი მეგობარი, რომელიც 2 წლის წინ ბანაკში ლიდერად იყო, "ნაციონალური მოძრაობის" წევრია?

- არა, მაგრამ სამაგიეროდ მამამისი ერთ-ერთ რაიონულ გამგეობაში მუშაობს. სხვათა შორის, ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომელიც რუსთავში ცხოვრობს და 2 წლის წინ ბანაკში დასასვენებლად წასვლა უნდოდა, გაიკითხ-გამოიკითხა, თუ სად უნდა მიეტანა თავისი საბუთები და უთხრეს, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში უნდა მიხვიდეო, გადაირია, - კაცო, მე პარტიაში გაწევრება კი არ მითხოვია, პატრიოტულ ბანაკში მინდა წასვლაო! მოკლედ, ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტი, ის სტრუქტურა, რომელიც ბანაკებს ხელმძღვანელობს, რუსთავის "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ყოფილა განთავსებული. მართალია, ეს 2 წლის წინ მოხდა და ახლა აღარ ვიცი, მათი დეპარტამენტი სად არის, მაგრამ დამაჯერეთ, რომ ბანაკების ხელმძღვანელებიდან ერთ-ერთი მაინც არ არის "ნაციონალი".

გიორგი, 24 წლის:

- უკვე რამდენიმე წელია, ყოველ ზაფხულს ბანაკში ლიდერად ვმუშაობ. წელს ამ პროექტს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი ახორციელებს. ბანაკში დღის განრიგი ძალიან დატვირთული და საინტერესოა. არის შემეცნებითი, კულტურული, სპორტული ღონისძიებები, სხვადასხვა ტიპის საინტერესო თამაშები.

- წელს 2 ასაკობრივი ზღვრის წარმომადგენელი ბავშვები სხვადასხვა დროს დაისვენებენ, არა?

- დიახ, არის ორი ასაკობრივი ზღვარი: 15-დან 17 წლამდე და 18-დან 20 წლამდე. ჯერ პირველი ასაკობრივი ზღვრის წარმომადგენელი ბავშვები ისვენებდნენ და ახლა უკვე 18-20 წლის ახალგაზრდები ჩამოვლენ ბანაკში.

- წინა წლებთან შედარებით ბანაკური ცხოვრების წესი თუ შეიცვალა?

- ძველი წესები სრულიად დანგრეულია, წელს ტრეინინგების სისტემაა დანერგილი. ამერიკელი ტრენერები ლექციებს უკითხავენ ბავშვებს ლიდერობასა და გუნდური მუშაობის პრინციპებზე. ასევე, ტრეინინგები ტარდება გაეროს ეგიდით შიდსისა და გენდერული თანასწორობის თემაზე. ასე რომ, დილით ხაზზე რომ ეწყობოდნენ ბავშვები და ჰიმნს უსმენდნენ, ასე აღარაა. წელს ბავშვები ერთობიან და სწავლობენ კიდეც. თამაშსაც ასწრებენ, ზღვაზე გასვლასაც, ტრეინინგების მოსმენასაც და ღამით დისკოთეკაზეც ცეკვავენ.

- გიორგი, ამბობენ, რომ ბანაკში ლიდერებად მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს უშვებენ.

- ტყუილია. პარტიას ამ საქმესთან კავშირი არა აქვს. ყოველ შემთხვევაში, მე არ მიგრძნია. არც ერთ პარტიაში არა ვარ გაწევრებული და უკვე რამდენიმე წელია, ბანაკში ლიდერად ვმუშაობ. წელს იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ლიდერობისთვის საჭირო მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ, ტრეინინგები მეც გავიარე.

ელენე ბასილიძე (სპეციალურად საიტისთვის)