ისრების ჩამოყრას ისრების მსროლელის განადგურება სჯობს ანუ რამდენი „პეტრიოტი“ სჭირდება უკრაინას რუსული „ისკანდერების“ მოსაგერიებლად... - კვირის პალიტრა

ისრების ჩამოყრას ისრების მსროლელის განადგურება სჯობს ანუ რამდენი „პეტრიოტი“ სჭირდება უკრაინას რუსული „ისკანდერების“ მოსაგერიებლად...

„ამაზე გვისაუბრია აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთან: უკრაინა უბრალოდ არ ითხოვს - მზად ვართ შესაბამისი [საჰაერო თავდაცვის] დამატებითი სისტემები ვიყიდოთ. სწორედ ძლიერი იარაღია ერთადერთი რამ, რასაც შეგიძლია ადამიანების სიცოცხლის დაცვა ანდო, როდესაც ისეთი მეზობელი გყავს, როგორიც რუსეთია…დღეს სწორედ აქედან, კრივი რიჰიდან, მივმართე „რამშტაინის” მონაწილეებს - ბრიუსელის სხდომაზე. ჩვენთვის მთავარია საჰაერო თავდაცვა, საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემები, მათი რაკეტები, რათა დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე, დავიცვათ ჩვენი ქალაქები. ძალიან დიდი იმედი გვაქვს პარტნიორების გადაწყვეტილებაზე - საჭიროა სისტემები, ისინი არსებობს მსოფლიოში, და საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საჰაერო თავდაცვამ იმუშაოს, იმუშაოს აქ, უკრაინაში”-ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 აპრილის ვიდეომიმართვაში განაცხადა...

11-1744398920.png

ომის სამი წლის განმავლობაში უკრაინელებმა რუსეთს სარაკეტო კრეისერი „მოსკვაც“ ჩაუძირეს, სტრატეგიული ბომბდამშენები და წყალქვეშა ნავიც კი აუფეთქეს, მაგრამ რუსული „ისკანდერები“ ჯერ კიდევ ვერ „მოინადირეს“...

კრივი რიჰი ის უკრაინული ქალაქია, რომელიც ბოლო დღეებში დაბომბა რუსეთმა, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა მოსახლეობაში და რისი თავიდან აცილებაც უკრაინელ მეზენიტეებს უბრალოდ, ტექნიკურად არ შეეძლოთ,რადგან არ გააჩნდათ შესაბამისი საზენიტო-სარაკეტო სისტემები,კერძოდ კი „პეტრიოტები“...

საქმე ის არის,რომ კივი რიჰზე საჰაერო თავდასხმისთვის რუსეთმა გამოიყენა აერობალისტიკური რაკეტა „ისკანდერ-მ“ კასეტური ქობინით (ისევე როგორც აგვისტოს ომის დროს გორის ცენტრალური მოედნის თავზე), მისი გადაჭერა კი მხოლოდ ამერიკული „პეტრიოტის“ საზენიტო სისტემას შეეძლო და ისიც მხოლოდ მაშინ თუკი სპეციალურ,ანტისარაკეტო მართვად რაკეტას გამოიყენებდა.

უკრაინას კი აქვს შეიარაღებაში ამერიკული „პეტრიოტების“ რამდენიმე საზენიტო ბატარეა და იქიდან გასაშვები ანტისარაკეტო და საზენიტო რაკეტებიც, მაგრამ მათი რაოდენობა ძალიან შეზღუდულია და ისინი განთავსებულია ძირითადად დედაქალაქ კიევის გარშემო.

2-3-1744399125.png

„პეტრიოტების“ საზენიტო ბატარეები და რაკეტები არასოდეს იქნება საკმარისი იმისთვის,რომ უკრაინელებმა რუსული ბალისტიკური რაკეტების შეტევებისგან ყველა თავისი ქალაქი დაიცვან...

შესაბამისად უკრაინის სხვა ქალაქები და მნიშვნელოვანი ობიექტები ფაქტობრივად დაუცველი რჩებიან რუსული აერობალისტიკური „ისკანდერ-მ“-ების შეტევებისგან,რომლებსაც ბოლო დროს ჩრდილოეთკორეული ბალისტიკური რაკეტებიც მიემატნენ.

ბალისტიკური და მითუმეტეს აერობალისტიკური (აერობალისტიკური იგივე კვაზიბალისტიკური რაკეტა ჩვეულებრივი ბალისტიკურისგან იმით განსხვავდება, რომ შეუძლია ფრენის ბალისტიკური ტრაექტორიის შეცვლა და შესაბამისად მისი გადაჭერა საზენიტო რაკეტით ბევრად უფრო რთულია) რაკეტების ჩამოგდებაში უკრაინელი მეზენიტეები უკვე ისე დახელოვდნენ, რომ იქით ასწავლიან ამერიკელ კოლეგებს, მაგრამ მათ არ ყოფნით „პეტრიოტის“ ანტირაკეტები, რომლებიც წესით ორი მაინც უნდა გაუშვან ერთი სამიზნის გარანტირებულად დასაზიანებლად-გასანადგურებლად.

თითოეული ასეთი ანტირაკეტის ფასი კი 4 მლნ დოლარს(!) აღწევს და ადვილი წარმოსადგენია რა თანხა ჯდება რუსი აგრესორების თითოეული სარაკეტო შეტევის მოგერიება იმავე კიევზე,როდესაც უკრაინის დედაქალაქისკენ კომბინირებული საჰაერო იერიში მიმდინარებს ფრთოსანი რაკეტების,კამიკაძე-დრონების, „კინჟალებისა“ და „ისკანდერების“ გამოყენებით,მიუხედავად იმისა, რომ ფრთოსან „კალიბრებსა“ და „შაჰიდ/გერანებზე“ უკრაინელი მეზენიტეები „პეტრიოტის“ ასე ძვირ რაკეტებს არც კი ხარჯავენ.

უკრაინამ რაც უნდა დიდი სახსრები არ უნდა გამონახოს ამერიკული „პეტრიოტებისა“ და მისი რაკეტების შესაძენად,ეს ამ დიდ პრობლემას ბოლომდე მაინც ვერ აღმოფხვრის ორი მთავარი მიზეზის გამო.

პირველი- ამერიკულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს უბრალოდ არ ძალუძს დააკმაყოფილოს გაზრდილი მოთხოვნები და დააჩქაროს „პეტრიოტის“ ანტისარაკეტო და საზენიტო რაკეტების ყოველწლიური წარმოება.

მეორე-ისრების ჩამოგდებას სჯობს მეისრის განადგურება ანუ უკრაინელებმა უკვე გამოშვებული რუსული „ისკანდერებისა“ და „კინჟალების“ ჩამოგდებაზე მეტად უნდა იფიქრონ თავად „ისკანდერების“ გამშვები მობილური დანადგარებისა და „კინჟალის“ მატარებელი „მიგების“ განადგურებაზე,რაც ბევრად მომგებიანი გამოვა „ღირებულება-ეფექტიანობის“ კრიტერიუმით,მითუმეტეს მას შემდეგ,რაც დროში გახანგრძლივებული ეს ფართომასშტაბიანი ომი „გამოფიტვის ომად“ გადაიქცა.

მაგრამ, „ისკანდერებსა“ და „კინჟალებს“ რუსი სამხედროები ფრონტის ხაზიდან 300-400 კმ-ის დაშორებიდან უშვებენ, რომ უკრაინელები ვერ მისწვდნენ მათ გამშვებ სახმელეთო და საჰაერო მატარებლებს.

თუმცა მანძილის პრობლემას უკრაინელები თანდათანობით ხსნიან, მას შემდეგ რაც ინტენსიურად დაიწყეს კამიკაძე-დრონებით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, მათ შორის 1 200- 1 700 კმ-მდეც კი საჰაერო დარტყმების მიყენება.

3-1744399014.png
რუსული „ისკანდერების“ სილუეტების ციფრული ფოტოებით „დახუნძლულ“ უკრაინული კამიკაძე-დრონების მართვის სისტემის „ხელოვნურ ინტელექტს“ არ გაუჭირდება მათი მოძებნა და „ტარანზე“ გადასვლა...

შესაბამისად, შესაძლებელი ხდება უკრაინული კამიკაძე-დრონებით საპასუხო დარტყმების მიყენება იმ პოზიციურ რაიონებზე რუსეთის სიღრმეში, საიდანაც მობილური დანადგარებიდან იღებენ სტარტს „ისკანდერის“ აერობალისტიკური რაკეტები, თუმცა...

ამერიკული გლობალური სადაზვერვო ქსელის თანამგზავრები ადრეულად აღმოაჩენენ რუსული „ისკანდერების“ სტარტს სარაკეტო ძრავების საქშენებიდან გამოტყორცნილი მაღალტემპერატურიანი ალის მეოხებით და უკრაინულ მხარეს ოპერატიულად აწვდიან ინფორმაციას ქალაქებში საჰაერო განგაშის გამოსაცხადებლად.

მაგრამ, თუკი რუსულ „ისკანდერს“ 300-400 კმ-ის გასაფრენად სულ რამდენიმე წუთი თუ სჭირდება, უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა „ისკანდერების“ სასტარტო პოზიციამდე მისაღწევად 3-4 სთ-ი უნდა იფრინონ და იქ, რა თქმა უნდა აღარავინ დახვდებათ, რადგან რაკეტების სტარტიდან ხუთიოდე წუთში „ისკანდერის“ გამშვები მობილური დანადგარები სასწრაფოდ ტოვებენ სტარტის ადგილს...

ასეთ შემთხვევაში ერთ-ერთ გამოსავლად რჩება უკრაინული კამიკაძე-დრონების წინასწარი გაგზავნა ბრიანსკისა თუ ორიოლის ოლქების ცაში ბარაჟირებისთვის, რათა „ისკანდერების“ სარაკეტო დანადგარების აღმოჩენისთანავე მათზე იერიში მიიტანონ...

ამ ტაქტიკის გამოყენების შემთხვევაში უკრაინელ კონსტრუქტორებს აუცილებლად დასჭირდებათ თავიანთი კამიკაძე-დრონების სერიოზული მოდერნიზაცია და მათზე თანამგზავრული კავშირის სისტემის დაყენება ორმხრივი ციფრული კავშირის უზრუნსაყოფელად, რათა უკრაინელმა ოპერატორმა რამდენიმე ასეული კილომეტრის დაშორებიდან მართვისას კამიკაძე-დრონის ვიდეოკამერით აღმოაჩინოს „ისკანდერების“ დანადგარები და მათზე მიმართოს დისტანციურად მართვადი საფრენი აპარატი.

არსებობს მეორე ვარიანტიც-კამიკაძე-დრონის მართვის სისტემაში იტვირთება სპეციალური პროგრამა, რომელშიც შეტანილია მოწინააღმდეგის სამხედრო ტექნიკის და მათ შორის „ისკანდერის“ მობილური დანადგარების ფოტოსილუეტები და მარტივი „ხელოვნური ინტელექტი“ როდესაც ერთმანეთს მიამსგავსებს მეხსიერებაში არსებულ „ისკანდერის“ ფოტოებსა იმ გამოსახულებას, რასაც ფრენის დროს აფიქსირებს ვიდეოკამერა,კამიკაძე-დრონს ამ სამიზნისკენ მიმართავს...

ამდენ „წვალებას“ ბევრად აჯობებდა, რომ ამერიკულ მხარეს უკრაინის არმიისთვის უფრო მეტი აერობალისტიკური რაკეტა გადაეცა, მაგრამ პრობლემას ბოლომდე ვერც ეს აღმოფხვრიდა, რადგან რუსული „ისკანდერ-მ“-ები 500 კმ-მდე მიფრინავენ (მოდერნიზაციის შემდეგ შეიძლება 700 კმ-მდეც კი), მაშინ როდესაც „ჰაიმარსიდან“ გაშვებული ამერიკული აერობალისტიკური რაკეტები კი მხოლოდ 300 კმ-მდე...

TOP.GE