ომი ომია და საბრძოლო დანაკარგებიდან არცერთი მებრძოლი მხარე არ არის დაზღვეული... დღეს, 12 აპრილს უკრაინის საჰაერო ძალებმა გაავრცელეს ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საბრძოლო ამოცანის შესრულებისას დაიღუპა 26 წლის სამხედრო მფრინავი პაველ ივანოვი, რომელიც F-16 ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავს მართავდა. ყოველი სამხედრო მფრინავი დღეს უკრაინის საჰაერო ძალებს ოქროს ფასი უღირთ, მით უმეტეს ისინი, ვინც ნატოს წევრი ქვეყნების მიერ ახლადგადაცემული F-16 Fighting Falcon-ები, „მებრძოლი შევარდნები“ აითვისა და ამიტომაც გასაგებია უკრაინელი სამხედროების გულისტკვილი. დაღუპული უკრაინელი სამხედრო მფრინავის პაველ ივანოვის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ ვრცელდება, მაგრამ ოფიციალურად გამოქვეყნებულ მის ფოტოზე ასევე მოჩანს Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი, რაც შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ რუსულგვარიანი უკრაინელი მფრინავი ივანოვი თავიდან სწორედ მოიერიშე Су-25 -ის პილოტი გახლდათ და შემდეგ გადამზადდა ამერიკულ F-16-ზე. უკრაინის საჰაერო ძალების ამოსაცნობნიშნიანი F-16-ი უკრაინის ცაში... საგულისხმოა, რომ ეს მეორე F-16-ია, რომელიც უკრაინის მხარემ დაკარგა. პირველი კატასტროფა 2024 წლის 26 აგვისტოს მოხდა, ორი კვირის თავზე, რაც უკრაინელებმა პირველი F-16-ები მიიღეს ევროპიდან. მაშინ ჩამოგდებულ F-16-ში დაიღუპა სამხედრო მფრინავი ალექსეი მესი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა და პერსპექტიულ პილოტად ითვლებოდა უკრაინის საჰაერო ძალებში. მაშინ უკრაინის მხარემ არ გაასაჯაროვა ამ კატასტროფის გამომწვევი მიზეზი, თუმცა ზოგიერთმა უკრაინელმა დეპუტატმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მესის „მებრძოლი შევარდენი“ თითქოს ასევე უკრაინული „პეტრიოტის“ საზენიტო რაკეტამ იმსხვერპლა „მეგობრული ცეცხლის“ შედეგად, იმის გამო, რომ სახელმწიფოებრივი კუთვნილების ამომცნობი ავტომატური სისტემა „ჩემი-სხვა“ არ ფუნქციონირებდა მესის გამანადგურებელზე. უკრაინელი სამხედრო მფრინავი პაველ ივანოვი Су-25 -ის ფონზე, რაც იმაზე უნდა მიუთითებდეს,რომ ამერიკული წარმოების F-16-ზე გადამზადებამდე, ის თბილისის საავიაციო ქარხანაში თავის დროზე აწყობილი ამ მოიერიშე თვითმფრინავით დაფრინავდა... პაველ ივანოვის დაღუპვასთან დაკავშირებით ასევე არ კონკრეტდება თუ რამ გამოიწვია ეს კატასტროფა-მოწინააღმდეგის მიერ გაშვებულმა რაკეტამ, მფრინავის შეცდომამ, თვითმფრინავის ტექნიკურმა გაუმართაობამ, რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა, თუ ისევ... „მეგობრულმა ცეცხლმა“... ამ ავიაკატასტროფის მიზეზების გამოსაძიებლად შეიქმნა სპეციალური უწყებათშორისო კომისია, რაც შეიძლება ერთგვარი მინიშნება იყოს იმაზე, რომ ეს საქმე ისევ უკრაინელი მეზენიტეების „მეგობრულ ცეცხლთან“ იყოს დაკავშირებული, თუმცა ნამდვილი მიზეზები უკრაინის გენშტაბმა შეიძლება საერთოდ არ გაასაჯაროს ამ ომის პირობებში... უკრაინელების რადიოლოკატორი, „პეტრიოტის“ გასაშვები საზენიტო-სარაკეტო დანადგარი და F-16-ების წყვილი ერთ ფოტოკადრში-ნუთუ ივანოვის „მებრძოლი შევარდენი“, ისევე როგორც მესის, „მეგობრულმა ცეცხლმა“ იმსხვერპლა? ნატოს წევრი რიგი ევროპული ქვეყნები 2023 წელს უკრაინას შეჰპირდნენ საერთო ჯამში 80-მდე სხვადასხვა მოდიფიკაციის (ძირითადად მოძველებული მოდიფიკაციების) F-16 Fighting Falcon-ის გადაცემას, რომელთაგან ორ ათეულამდე უკვე დაფრინავს უკრაინის ცაში. ამერიკული წარმოების ამ „მებრძოლ შევარდენებს“ უკრაინელი მფრინავები ძირითადად იყენებენ საჰაერო თავდაცვის ამოცანების შესასრულებლად-რუსი აგრესორების მიერ უკრაინული ქალაქებისკენ გაშვებული კამიკაძე-დრონების „შაჰიდ/გერანებისა“ და „კალიბრის“ ფრთოსანი რაკეტების ჩამოსაგდებად, თუმცა ბოლო დროს მათი საშუალებით ასევე დაიწყეს მართვადი საავიაციო ბომბების ჩამოყრა რუსი ოკუპანტების პოზიციებზეც.