9 მაისამდე უკრაინის არმია რუსეთის კურსკში პოზიციებს ვეღარ შეინარჩუნებს... - კვირის პალიტრა

9 მაისამდე უკრაინის არმია რუსეთის კურსკში პოზიციებს ვეღარ შეინარჩუნებს...

კიდევ ერთი თვე უკრაინის საექსპედიციო კურპუსი რუსეთის კურსკის ოლქში შემორჩენილ ოკუპირებულ ადგილებს ვეღარ შეინარჩუნებს...

არადა,სწორედ ამისკენ ესწრაფოდა ოფიციალური კიევი და პრეზიდენტ ზელენსკის სურდა თავისი აგრესორი „კოლეგისთვის“-პუტინისთვის ჩაეშხამებინა 9 მაისს დაგეგმილი,ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 80 წლისთავის პომპეზური აღნიშვნა მოსკოვში,წითელ მოედანზე...

ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა გუშინ,12 აპრილს შექმნილი ოპერატიული მდგომარება რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის კურსკის მონაკვეთზე,სადაც რუსულმა მხარემ მოახერხა შუაზე გაეჭრა უკრაინული პოზიციები და გასული უკრაინის სუმის ოლქის საზღვარზე...

თუმცა ჯერ მცირე ისტორია,თუ როგორ დაიწყო და განვითარდა ოკუპანტი ქვეყნის-რუსეთის კურსკის ოლქში შეჭრა და მისი ნაწილის რვათვიანი ოკუპაცია უკრაინის არმიის მხრიდან...

ukraina1-1744540191.png
DeepState-ის ოპერატიულ რუკაზე კარგად მოჩანს შუაზე „გაპობილი“ უკრაინული პოზიციები (მწვანე ფერში) რუსეთ-უკრაინის საზღვრის კურსკის ტერიტორიაზე...

2024 წლის 6 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებული ძალების შენაერთებმა მოულოდნელი და სწრაფი შეჭრა განახორციელეს სუმის ოლქიდან რუსეთის კურსკის ოლქის სამხრეთ ნაწილში და ათიოდე დღეში უკვე აკონტროლებდნენ კურსკის ოლქის ათასს კვ.კმ.-ზე მეტ ფართობს,რომელიც მოიცავდა 82 რუსულ დასახლებას,მათ შორის ქალაქ სუჯას.

2024 წლის ნოემბრის ბოლოსთვის რუსეთის არმიამ მოახერხა უკრაინელების ნაწილობრივი უკუგდება,რის შემდეგაც კიევის კონტროლის ქვეშ დარჩა 800 კვ.კმ.-მდე რუსული ტერიტორია.

2025 წლის მარტში რუსეთმა შესძლო მანამდე უკრაინის არმიის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის 90%-მდე განთავისუფლება,მათ შორის ქალაქ სუჯის.

2025 წლის 12 აპრილისთვის უკრაინის შენაერთები რუსეთის კურსკის ოლქში აკონტროლებდნენ მხოლოდ 56 კვ.კმ.-მდე ფართობს და ისიც საზღვრის გასწვრივ.

12 აპრილს კი, რუსული შეტევების შედეგად უკრაინელების პოზიციები შუაზე გაიპო-ინტერნეტრესურსის DeepState-ის ოპერატიული მონაცემების მიხედვით 13 აპრილის მდგომარეობით უკრაინელების ჩრდილოეთი პოზიცია კურსკის ოლქში 11 კვ.კმ.-მდე შემცირდა,სამხრეთის პოზიცია კი 26 კვ.კმ.-მდე.

ეს კი იმაზე მიანიშნებს,რომ რამდენიმე დღეში უკრაინელ სამხედროებს შეიძლება მთლიანად მოუწიოთ რუსეთის კურსკის ოლქის დატოვება,თუმცა უკრაინული ქვედანაყოფები ასევე აგრძელებენ საბრძოლო მოქმედებებს რუსეთის მეორე,მეზობელი ბელგოროდის ოლქის საზღვრისპირა რაიონში.

გამოდის,რომ უკრაინამ მაინც შეძლო ოკუპანტი რუსეთის ტერიტორიის მცირე ნაწილის დაკავება და გაკონტროლება მთელი რვა თვის განმავლობაში,რაც რუსეთის საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური იმიჯისთვის მნიშვნელოვან დარტყმად იქცა,თუმცა ისტორიამ უნდა განსაჯოს რა ფასად დაუჯდა ეს თავად უკრაინას და ხომ არ სჯობდა ეს არცთუ მცირე რესურსი, მაინც აღმოსავლეთ ფრონტზე რუსი აგრესორების შეტევების შეჩერებას მოხმარებოდა...

კურკის ოლქის სრულად დატოვების შემდეგ უკრაინის არმიის მთავარ ამოცანად იქცევა,არ დაუშვას რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელახალი შეჭრა უკრაინის სუმის ოლქში,როგორც ეს ერთხელ უკვე მოხდა 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღეს...