რა ისაუბრეს საქართველოზე რუბიომ და მაკრონმა?!
ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე გვესაუბრება ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი:
- როგორც ვხედავ, იმ პოლიტიკურ კურსს, რომელიც ხელისუფლებას მკაცრად აქვს არჩეული, შემოძახილები დასავლეთიდან რეალობას ვერ შეუცვლის. ევროპულ პოლიტიკურ წრეებში საქართველოსთან დამოკიდებულებაში ერთხანს პაუზა იყო, ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნებამ ტურბულენტობა წარმოშვა ევროამერიკულ ურთიერთობებში, ამიტომ საქართველოსთვის იქ არავის ეცალა. ახლა გაირკვა, რომ საქართველოსა და საზოგადოდ, ამიერკავკასიის ქეისს, ამერიკის ადმინისტრაციაში რუსოფობები ხელმძღვანელობდნენ, ეს კი გარკვეულწილად დამაიმედებელი ფაქტორია. ევროსაბჭოს რეზოლუცია მორიგი ზეწოლის სტარტია. ცოტა ხანში უნდა ველოდოთ გარე კონტურიდან საქართველოს ხელისუფლებაზე უფრო სერიოზულ, პირდაპირი მნიშვნელობით მოწოლას.
ევროპულ ელიტაში ჩამოყალიბდა კონსოლიდირებული აზრი, რომ "ქართულ ოცნებას" არა მარტო პრორუსული პოლიტიკის გატარება სურს, არამედ რუსეთთან პოლიტიკური ინტეგრაცია აქვს გეგმაში. ეს თვისებრივად სხვა რანგის ბრალდებაა, იმიტომ, რომ რუსეთთან სიტუაციურ "პოლიტიკურ ტანგოს" ევროპელები პატიობენ აზერბაიჯანსაც, შუა აზიასაც და ერევანსაც. ფაშინიანსაც ძალიან ბევრ რამეს უყრუებენ, საქართველოს შესახებ კი მყარად სჯერათ, რომ ეს სიტუაციური პოლიტიკური მანევრები კი არ არის, "ქართულ ოცნებასა" და ბიძინა ივანიშვილს რუსებთან პოლიტიკური ინტეგრაცია აქვთ გადაწყვეტილი (რუსეთის ტერიტორიაში სახელმწიფოებრივად ინტეგრაციას არ ვგულისხმობ, არამედ ფართო სამეკავშირეო ფორმატის ორგანიზებას). ამიტომ არავინ არ უნდა იქონიოს იმედი, რომ ხელისუფლების თუნდაც პატარ-პატარა დანაშაულებს თვალს დაუხუჭავენ.
დასავლეთიდან შემდეგი ნაბიჯები შეიძლება იყოს ევროპულ-ამერიკული კონსოლიდაცია საქართველოს საკითხზე, რაც იყო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს. ტრამპის დაბრუნებამ გარკვეულწილად დაშალა ეს გეგმა, მაგრამ რუბიოს ადმინისტრაციის პირობებში განახლდება. დაახლოებით 3 კვირის ამბავია, საბოლოოდ შეთანხმდებიან სამოქმედო გეგმაზე და ამის შემდეგ უნდა ველოდოთ კონსოლიდირებულ "მოწოლას". დასავლეთიდან ლეგიტიმაცია არ იქნება. არა მხოლოდ იმიტომ, რომ არჩევნები ცუდად ჩატარდა, ხელისუფლების ლეგიტიმაცია არ იქნება იმის გამო, საქართველოს ხელისუფლებამ შესაძლებელია მისი ლეგიტიმაცია რუსეთთან ინტეგრაციისთვის გამოიყენოს. თავის დროზე, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტს მარკო რუბიო ჩაუდგა სათავეში, მას ჰქონდა სატელეფონო საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტთან საქართველოს შესახებ და სწორედ ეს საკითხები განიხილეს. ისინი იტოვებენ ბერკეტს, რომ ნებისმიერი პრორუსული ნაბიჯი, რომელიც შეიძლება გადადგას "ქართულმა ოცნებამ", უკანონოდ გამოაცხადონ, რადგან თავად ხელისუფლებაა არალეგიტიმური. სიტუაცია ჩიხში შედის, მაგრამ ამის ადეკვატურად გააზრებას ვერც ხელისუფლებაში და ვერც ოპოზიციაში ვერ ვხედავ. "ქართული ოცნება" ვერ იაზრებს იმ პრობლემების სიმძაფრეს, რომლებიც დასავლეთთან დაპირისპირებით შეიძლება მიიღოს, ოპოზიციაში კი არ ჩანს დასავლეთის გეგმასთან შედეგიანი ინტეგრაციის პროცესი...
- არსებობს მოსაზრება, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში პროტესტი შეწყდება, შესაძლოა დასავლეთმა დაიწყოს დიალოგი "ქართულ ოცნებასთან"..
- ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია შეერთებულ შტატებში ჯერ კიდევ დემოკრატების ადმინისტრაციის დროს, მხედველობაში მაქვს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდი, როდესაც მზადდებოდა პოლიტიკური რეაქცია არჩევნების შეფასებაზე და მიმდინარეობდა მსჯელობა "ქართული ოცნების" არჩევნების შედეგების პრეზენტირებაზე, თუ რა იქნებოდა ამერიკის პასუხი. მაშინ "ოცნებას" მოსთხოვეს მყარი გარანტიები, რომ რუსეთთან ინსტიტუციური ინტეგრაციის გეზზე უარს იტყოდნენ. იმ შემთხვევაში, თუ მათ მყარ გარანტიას მისცემდნენ, დასავლეთი გაცილებით ლოიალური იქნებოდა მთელი რიგი შემთხვევების შეფასებებში. ისიც ფაქტია, დასავლეთი ქართულ ოპოზიციას, როგორც პოლიტიკურ სუბიექტს, არ აღიარებს. არც ერთ პოლიტიკურ ძალას არა აქვს სერიოზული კომუნიკაცია არც ერთ ევროპელ ლიდერთან, ეს არის ჯგუფი, რომელსაც ფუნქცია არ გააჩნია.
ჩემი აზრით, ქართველმა ხალხმა საპროტესტო აქტივობა რომც შეანელოს, დასავლეთი მაინც არ მისცემს "ქართულ ოცნებას" ლეგიტიმაციას, რადგან ეშინია მისი პრორუსული კურსის და ამ კურსის სამართლებრივი უზრუნველყოფისთვის ლეგიტიმაციის გამოყენების.
- ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა "ოცნების" კიდევ 4 მაღალჩინოსანს. მოსალოდნელია სიას სხვებიც შეემატონ?
- ლონდონში ქართული ფინანსური დაჯგუფების სერიოზული ბუდეა. ლაპარაკია არა მარტო ივანიშვილზე, მის ბიზნესპარტნიორებსა და პროპაგანდისტებზეც. ამიტომ მათთვის ბრიტანეთის გადაკიდება ძალზე "მტკივნეული" იქნება. ახლა რაც კეთდება, სიგნალებია ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის. ეს არის მინიშნება, რომ თუ "ოცნებამ" ეს სვლაგეზი გააგრძელა, დარტყმა ძალზე მძიმე იქნება. ეს კეთდებოდა პუტინის გარემოცვის წინააღმდეგ, ასე მოარჯულეს ალიევი, როდესაც სომხეთზე შეტევა და ზანგეზურის კორიდორის დაკავება უნდოდა. მას 40 მილიარდ დოლარამდე აქვს ოფშორებში "დაძინებული", სანქციების შიშით კი დატკბა და მშვიდობისმოყვარე გახდა. მანამდე, თურქეთისგან წაქეზებული, სხვა პოზიციაზე იყო.
- შეიძლება ხელისუფლება "დატკბეს"?
- ივანიშვილის სიტუაცია ცოტა განსხვავებულია. აშშ-ის საგარეო კომიტეტში, როდესაც საქართველოს შესახებ დისკუსიები მიმდინარეობდა, "ქართული ოცნების" ქმედებები (ჯარიმები, კანონების გამკაცრება, აქტივისტების დაკავება) ჩაითვალა როგორც მომზადება და არა როგორც სერიოზული ანტიდასავლური ქმედებები. მათ მიაჩნიათ, რომ ივანიშვილზე რუსეთი დიდ ზეწოლას ახდენს, რომ ხელისუფლების დღევანდელი კურსი კრემლის ზეწოლის შედეგია. დასავლეთს მიაჩნია, რომ თვითონ ბიძინა ივანიშვილს რუსეთთან ინტეგრაცია არ უნდა, ამიტომ არის მოლოდინი, რომ ამ სიგნალებით ივანიშვილს შეაჩერებენ.
ჩვენ მითურ დიფ სთეითს ვებრძვით. დონ კიხოტის ქარის წისქვილებს ემსგავსება ეს ყველაფერი. უბრალოდ, დონ კიხოტს რეალობა უფრო მეტი ჰქონდა - აბჯარიც ჰქონდა, ცხენიც ჰყავდა და მეაბჯრეც, მხოლოდ ქარის წისქვილები ეგონა დემონი.
ამ შემთხვევაში დიფ სთეითთან ომში ყველაფერი ილუზიაა, გაუგებარია, ვინ არის, რატომ გვებრძვის ასე დაუნდობლად ან ვინ იყო "გლობალური ომის პარტია", რომელიც დიფ სთეითმა ჩაანაცვლა. "ოცნების" გათვლით, ის ამერიკული სტრუქტურაა, "გლობალური ომის პარტია" კი საერთაშორისო სტრუქტურა. ახლა გამოჩნდა "უცხო ძალა". როგორც ჩანს, ეს იქნება ტერმინი რუსეთის შეფასება-მოხსენიების დროს.
აშკარად ვერ ბედავენ ქვეყნის დასახელებას. რუსეთის სახელის ხსენებასაც ხომ ვერ ბედავენ, ამიტომ როდესაც გარკვეულ სიტუაციებში რუსეთი აქტიური იქნება, მას "უცხო ძალად" მოიხსენიებენ.
"ქართულ ოცნებას" ეგონა, როგორც კი ტრამპი მოვიდოდა, მაშინვე გაუმჯებესდებოდა ამერიკასთან ურთიერთობა. გახსოვთ, ალბათ, 20 იანვარს პანაცეასავით ელოდებოდნენ. თუმცა რა მოტივაცია უნდა ჰქონოდა რესპუბლიკელ ლიდერს, რომ ამერიკის პოლიტიკური ელიტის პოზიცია შეეცვალა? რაკი იმედი გაუცრუვდათ, "ოცნებას" ჩამოუყალიბდა აზრი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ხელისუფლებიდან ჩამოშორებას უპირებს. ამიტომაც ცდილობენ გარე პერიმეტრის გამაგრებას. "ოცნებას" ჰქონია, შტატები გადატრიალებას, სახალხო აჯანყების ორგანიზებას გეგმავს, სწორედ ამიტომ კეტავს დაფინანსებებს, სურს ქუჩის აქციები განელდეს, აქტიური მონაწილეები დააპატიმროს. დასავლეთი ცდილობს "ოცნების" პოლიტიკური კურსის კორექციას, მის სამართლებრივ სივრცეში დაბრუნებას, ამათ კი საპირისპირო ჰგონიათ. როგორც კი დასავლეთი რუსეთს მოარჯულებს და ეს მოხდება, როცა უკრაინასთან დაკავშირებით ამერიკისთვის მისაღები ფორმატი დადგება, ამის შემდეგ დაიწყება საქართველოზე ზეწოლა და ეს იქნება არა პირდაპირ, არამედ რუსეთის გავლით - უნდა მოარჯულონ რუსეთი, რათა "ქართულ ოცნებას" რუსეთის მხარდაჭერის იმედი არ ჰქონდეს. მერე ხელისუფლებას სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა დასავლეთისა და ამერიკის გზისა ამიერკავკასიაში. აშკარაა, რუსეთის გავლენას პოსტსაბჭოთა სივრცეში ამერიკისა და ევროპის თანამედროვე ელიტა აღარ ურიგდება.
სოფო კაჭარავა