ჩატარდება თუ არა საქართველოში 2026 წელს ახალი საპარლამენტო არჩევნები?! - კვირის პალიტრა

ჩატარდება თუ არა საქართველოში 2026 წელს ახალი საპარლამენტო არჩევნები?!

7-თვიან პოლიტიკურ კრიზისსა და მოვლენების სავარაულო განვითარების სცენარებზე "კვირის პალიტრა" პოლიტიკის ანალიტიკოსებს, ვახტანგ ძაბირაძესა და დავით ზურაბიშვილს ესაუბრა.

ვახტანგ ძაბირაძე: - ამ პროცესში ბევრი რამ მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, თუ რა როგორ განვითარდება და რა შედეგები შეიძლება მივიღოთ. არაერთხელ მითქვამს, რომ დღეს პატური სიტუაციაა - ხელისუფლება ცდილობს რაღაცები გააკეთოს საპროტესტო მოძრაობოს ჩასახშობად, ყოველ შემთხვევაში, იმას მაინც მიაღწიოს, რომ რუსთაველიდან რამენაირად ალაგმოს. ოპოზიცია კი ცდილობს, გარე ფაქტორების გამოყენებით აიძულოს ხელისუფლება, ჩაატაროს რიგგარეშე არჩევნები, მაგრამ გარდამტეხ უპირატესობას ვერც ერთი მხარე ვერ აღწევს. ფაქტობრივად, ნერვების ომია, მაგრამ გამრღვევი სვლის გაკეთება ამ ეტაპზე, მგონი, არც ერთ მათგანს არ შეუძლია. ამიტომაც ეს სიტუაცია, ალბათ, ერთხანს გაგრძელდება. შემდეგ ვნახოთ, პროცესები რას მოიტანს. ბევრი რამ საგარეო ფაქტორებზეც არის დამოკიდებული, თუ რამდენად გაძლიერდება ზეწოლა ხელისუფლებაზე ან როგორი იქნება დასავლეთის, კერძოდ, ამერიკის რეაქცია, რა ვითარება შეიქმნება უკრაინაში.

დღეს ჩვენს საზოგადოებაზე რამდენიმე ფაქტორი მუშაობს. ეს არის სანქციები,­ ოპო­ზიციური ანუ შიდაპოლიტ­იკური და გარე ფაქტორები. გარე ფაქტორებია­ სწო­რედ­­ რუსეთ-უკრაინის ომი და ამერიკის­ გადაწყვეტილებები.­ ყველა ვხედავთ,­ რომ ტრამპი რაღაც გადაწყვეტი­ლებებს იღებს, მაგრამ ამას ჩვენთვის რეალური შედეგები არ მოაქვს, თუნდაც ეკონომიკურად, მაგ­რამ თავისთავად ესეც მუშაობს. ვერ გეტყვით, რომ რომელიმე მხარეს აქვს პლუსი. ცხადია, ასე ვერ გაგრძელდება და, ალბათ, დაახლოებით ერთ თვეში მაინც გამოიკვეთება რაღაცები და შემდეგ უნდა დაველოდოთ, რას მოიტანს ეს პროცესი.

- სალომე ზურაბიშვილმა ჩეხეთის სენატში სიტყვით გამოსვლისას ილაპარაკა აქ არსებულ პრობლემებსა და საფრთხეებზე და თქვა, რომ "ევროკავშირისგან პასუხი მეტისმეტად ჩუმია". რას ველით ევროკავშირისგან, რისი გაკეთება შეუძლია, რომ აქ ხელისუფლებამ პოლიტიკა შეცვალოს?

- ევროპა, როგორც წესი, ჩამორჩება­ ხოლმე გადაწყვეტილების მიღების ტემპით. ახლა გააქტიურდა ბრიტანეთი, რომელიც ევროკავშირის წევრი არ არის და პროცედურულად უფრო მარტივად შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, ვიდრე ევროკავშირს, სადაც ერთი კი არა, ბევრი სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებას­. ამიტომაც საყვედურობს ზურაბიშვილი ევროპას, რომ გადაწყვეტილებების უფრო სწრაფად მიღებაა აუცილებელი. რამდენად მიაღწევს ამას, არ ვიცი, ევროკავშირი ერთგვაროვანი ხომ არაა, ბოლოს და ბოლოს, იქ უნგრეთის პრობლემაა და ა.შ.

- "ოცნებაზე" სანქციები მუშაობს, რა ჩანს მათი განცხადებებიდან?

- "ქართული ოცნება" რასაც ამბობს,­ გასაგებია, სხვა სათქმელი, უბრალოდ, არა აქვს. თუმცა კობახიძის ბოლო განცხადებები, რომ ბრიტანეთი ვერ იქცევა დემოკრატიულად, ნიშნავს, რომ მათ, მინიმუმ, დისკომფორტი აქვთ. სანქციებს­ ნელ-ნელა აუცილებლად ექნება მნიშვნელოვანი შედეგი. ამიტომაც ახლა გაძლებაზეა მთელი პოლიტიკური სპექტრი. გაუძლებს ამ ვითარებას? მაშინ ყველაფერი ნორმალურად იქნება. თუ ვერ გაუძლებს და ვერ მოახერხებს უფრო აქტიურ ფაზაში გადა­ყვანას, მაშინ "ოცნებას" უკვე უპირატესობა ექნება და ეს სადამდე მივა, კაცმა არ იცის. თუმცა მთავარი ის არის, რომ ოპოზიციური საზოგადოება ქუჩაში იქნება­ თუ, როგორც ამბობენ, "სამზარეულოში­ გადაინაცვლებს", მაინც ოპოზიციური დარჩება. რესურსი იმისა, რომ "ოცნებამ"­ ეს ხალხი თავისკენ შეატრიალოს, ნულის ტოლია. "ოცნებამ" რაც არ უნდა გააკეთოს, ამას ვერ შეძლებს. შესაბამისად, მას ორი ვარიანტი რჩება: ან წავა იმ გზით, რომ დაპირისპირება შეიძლება საბოლოოდ­ სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს, ან დათანხმდეს რიგგარეშე არჩევნებს. აი, ეს ორი ფაქტორია.­ ჯერჯერობით, თუ ოპოზიციური საზ­ოგადოება გააგრძელებს­ ქუჩაში პროტესტს, დიდია ალბათობა, რომ გარკვეული დროის შემდეგ ხელისუფლება­ მართლაც დათანხმდეს რიგ­გარეშე არჩევნებს, მაგრამ თუ პროტესტი სამზარეულოში გადა­ინაცვლებს, მაშინ­ არის ალბათობა­ იმისა, ეს პროტესტი ოდესმე რაღაც ფაქტორის გამო (სულ არ არის აუცილ­ებელი პოლიტი­კური იყოს) ქუჩაში გადმოიღვაროს და მოხდეს სამოქალაქო დაპირისპირება.

უნდა ვეცადოთ, რომ პროტესტი გაგრძელდეს­ და მივიდეთ რიგგარეშე არჩევნებამდე ცესკოს სხვა შემადგენლობითა­ და სხვა ფაქტორებით.

- კახი კახიშვილმა, რომელიც "ოცნების" წარმომადგენელია, თქვა, რომ მისი პირადი მოსაზრებით, რიგგარეშე არჩევნები 2026 წელს იქნება და ვარაუდობს, რომ ივანიშვილი ახალი ოპოზიციის გაჩენის დაპირებასაც შეასრულებს.

- ივანიშვილმა რამდენიც არ უნდა გაყოს თავისი მომხრეები, მისი შექმნილი ოპოზიცია ვერ გაამართლებს. თეორიულად შეიძლება თქვა, რომ ბიძინა შექმნის ახალ ოპოზიციას, რომელიც არჩევნებზე ხმებს მიიღებს, მაგრამ არ გამოუვა. ივანი­შვილის რეიტინგი დღეს საკმაოდ დაბალია იმისათვის, რომ მან რაღაც რესურსი გამოძებნოს და ოპოზიციურ ფლანგზე ახალი ძალა გააჩინოს. არ გამოვრიცხავ ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირებას, მაგრამ ეს სულ სხვა თემაა. არც იმას გამოვრიცხავ, რომ რაღაც არაპირდაპირი გავლენები ჰქონდეს ივანიშვილს. თუმცა ის, რომ აშკარად გაემიჯნოს "ქართულ ოცნებას", ოპოზიციაში გადავიდეს და რამე წარმატებას მიაღწიოს, გამორიცხულია.

- რიგგარეშე არჩევნების 2026 წელს ჩატარება რეალური გგონიათ?

- ვადამდელი არჩევნები აუცილებლად­ დაინიშნება, თუ ოპოზიცია სწორად იმოქმედებს. ჩემი აზრით, ზურაბიშვილმა მეტი უნდა აიღოს თავის თავზე. გასაგებია, რომ დღეს ის შეუცვლელია დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაში, მაგრამ ეს არ კმარა ვითარებაში გარღვევის მოსახდენად. საშინაო ფაქტორზეც უფრო კატეგორიული უნდა იყოს. დღეს საზოგადოებამ ისიც კი არ იცის, ზურაბიშვილს მრჩეველთა რა გუნდი ჰყავს, რას ურჩევენ, რატომ არის ლაპარაკი სულ ამ ოთხ პარტიაზე, რატომ ხდება იგნორირება იმ საზოგადოებრივი ჯგუფებისა, რომლებიც რუსთაველზე დგანან და რამდენად აქვთ მათ იმის რესურსი, რომ უფრო გააქტიურდნენ, და ხომ არ არის აუცილებელი ამ პროტესტში უფრო მკვეთრი პოზიცია დაიკავოს ზურაბიშვილმა?­ არა ისეთი, როგორიც "ქარტია" თუ წინააღმდეგობის მოძრაობა იყო, არამედ უფრო აქტიური უშუალოდ საპროტესტო მოძრაობაში, რადგან დღეს თუ ვინმეს შეუძლია პროტესტის წინამძღოლობა, ჯერჯერობით სწორედ ის არის. ჩემი აზრით, რატომღაც ამისგან თავს იკავებს. ან ფორმას ვერ ნახულობს, ან მრჩევლები ცოტა სხვაგვარად უყურებენ სიტუაციას­. ფაქტი ერთია, ვერ ხერხდება საპროტესტო მოძრაობის კოორდინირება, რბილად რომ ვთქვათ, აღარაფერს ვამბობ, ხელმძღვანელობაზე.

- "ოცნება" გადასულია რადიკალურ ზომებზე და იქამდეც კი მივიდა, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას აპირებს. თქვენ რას ფიქრობთ, კიდევ რა შეიძლება გააკეთოს?

- "ქართული ოცნება" საკანონმდებ­ლო­­ ბაზას სულ უფრო და უფრო რეპ­რეს­იულს ხდის, მაგრამ ისიც გავიხსენოთ, რომ აგენტების შესახებ კანონი,­ რომელიც შარშან არასამთავრობო ორგა­ნიზაციების­ წინააღმდეგ მიიღეს, ფაქტობ­რივად, ვერ აამუშავა. ერთია კანონის მიღება და მეორე­ - მისი იმპლემენტაცია ანუ ამოქმე­დება. კი ამბობენ, რომ "ნაც­მოძრაობას" გავაუქმებთო და დავუშვათ, გააუქმეს, მათ ელექტორატს რას უზამენ, მათაც ხომ ვერ გააუქმებენ? სხვათა შორის, დიდი ხანია ვამბობთ მეც და სხვებიც, რომ პოლიტიკური სპექტრი გასაახლებელია და ამაში "ქართული ოცნება" თუ დაგვეხმარება, არ იქნება ცუდი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, როგორც ამბობენ, ივანიშვილი შექმნის ოპოზიციას და ეს ხალხი იქით წავაო. არ წავა იქით. შეიქმნება სხვა პოლიტიკური ძალები და ეს ხალხი იქ წავა. ამიტომ პროტესტში სალომე ზურაბიშვილის როლი გასააქტიურე­ბელია, რათა პროტესტს მისცეს ცოტა სხვა ფორმა. თუმცა, თუ დაინახეს, რომ ეს ხდება და სალომე ზურაბიშვილი ისედაც თვალში ეჩხირებათ თუნდაც მისი საგარეო აქტიურობის გამო, არ გამოვრიცხავ, ქვეყანაში აღარც შემოუშვან. მაგრამ ეს იქნება ძალიან რადიკალური ნაბიჯი, ნიშანი იმისა, რომ დასავლეთთან სრულ კონფრონტაციაზე მიდიან, და, ალბათ, იმ მეორე ვარიანტის დასაწყისი, რასაც სამოქალაქო დაპირისპირება ჰქვია.

საქართველოში არც ერთ ხელისუფლებას არ ჰქონია და არა აქვს იმის რესურსი, რომ ავტორიტარული სისტემა ბოლომდე ჩამოაყალიბოს, თუ სხვა ქვეყნის ჯარი არ დაგეხმარა. მაგრამ აქ თუ რუსის ჯარს შემოიყვანენ, მაშინ აღმოვჩნდებით ისევ იმ ვითარებაში, რაშიც ვიყავით 1801 თუ 1921 წელს.

ვიმეორებ - სხვა შემთხვევაში "ქართულ ოცნებას" აქვს ორი არჩევანი: დათანხმდეს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას და შეინარჩუნოს გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე, ან წავიდეს სამოქალაქო დაპირისპირების გზით, რაც მათთვისაც კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება და ქვეყნისთვისაც.

"თუ გადაწყდა, რომ ივანიშვილი უნდა დაისაჯოს, აქ ძალიან მძიმე პროცესები დაიწყება"

დავით ზურაბიშვილი: - საკადრო ცვლილებებით აშკარაა, რომ კობახიძე­ ძლიერდება, მას მისცეს ბევრად მეტი უფლებამოსილება, ვიდრე ოდესმე ჰქონია­ რომელიმე პრემიერ-მინისტრს, გარდა თავად­ ივანიშვილისა. მას ჩააბარეს სუს-იც, რომლის უფროსადაც მისი კადრი გაუშვეს­. ამის მიზეზად დასახელდა ორი რამ: თითქოს კობახიძე ობიექტურად ძლიერდება­ და იყო ასეთი, ჩემი აზრით, ფანტასტიკური­ ვარაუდიც, რომ რუსეთი აქაურობის პირდაპირ მართვაზე გადავიდა, კრემლმა ივანიშვილი გასწია და კობახიძე წამოსწია, რაც მე ფანტასტიკის სფერო მგონია. მეორე ვარიანტი კი სიმართლესთან უფრო ახლოს მგონია, რომ ეს არის თავად ივანიშვილის გადაწყვეტილება, კობახიძეს მიანდოს ბევრი ბერკეტი, რადგან კარგად ესმის, რომ რამდენი სახელისუფლებო ბერკეტიც არ უნდა მისცე კობახიძეს, ის მაინც კობახიძეა. ის ვერ გახდება რეალური ლიდერი თვით "ოცნებაშიც", არათუ ხალხში. ის არის ძალიან არაპოპულარული საზოგადოებაშიც და თავად "ოცნებაშიც". ის არ არის ის, ვინც შეიძლება აღიარონ ივანიშვილის ჩამნაცვლებლად. ამიტომ იმის შიში, რამე რომ იყოს, ივანიშვილი ვერ შეძლებს კობახიძის მოთოკვასო, არა აქვს. ჩემი აზრით, ივანიშვილი ფიქრობს, რადგან გადაწყვეტილი აქვს აქ მოახდინოს სრული კონსოლიდაცია, მოსპოს ოპოზიციური ველი და ჯერჯერობით ამას საკმაოდ უხეშად აკეთებს. ეს სჭირდება არა იმისთვის, თითქოს ველს ასუფთავებს, რომ მერე რუსეთში შევიდეს. მას აქ სრული დიქტატურის დამყარება სჭირდება ევროკავშირსა­ და საერთოდ, დასავლეთთან ურთიერთობისთვის. დემოკრატიული რეფორმების გატარება არ უნდა და მგონი, უკვე აღარც შეუძლია. რომც მოინდომოს და თუ ვერ დალაგდა ამერიკასა და ევროკავშირთან, ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული ჩამოშლა დაემუქრება. რაც მთავარია, სანქცირებული ივანიშვილი არ იქნება ანგარიშგასაწევი ფიგურა არც რუსების­თვის, არც ჩინელებისთვის, საერთოდ, არც არავისთვის. ფსონი სხვაზე­ გაკეთდება და, ადრე თუ გვიან, მას ეს ეკონომიკური კოლაფსი გადაიყოლებს. ამიტომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკა არ ჩამოინგრეს და რომ არ ჩამოინგრეს, მინიმალურ დონეზე მაინც სჭირდება შეინარჩუნოს ეკონომიკური ურთიერთობები დასავლეთთან. ამიტომ, როდესაც ის დიქტატურის კონსოლიდაციას ახდენს, იმავდროულად, ფრთხილობს, რომ ამ პროცესში ისეთი რაღაცები არ ჩაიდინოს, რის შემდეგაც დასავლეთი მასთან ურთიერთობას უკვე არც ერთ ვარიანტში აღარ მოინდომებს და სანქციები უკვე პირადად მასზე­ წამოვა. როგორ უნდა მოახერხოს ეს? მისი სტილიდან და ხასიათიდან გამომდინარე, ამ საქმეს კობახიძეს აბარებს, ის კი "ხაზეინი" რასაც ეტყვის, ყველაფერს გააკეთებს. ასე რომ,

თუ კობახიძე მოახერხებს დიქტატურის კონსოლიდაციას ისე, რომ დასავლეთთან სავაჭრო ურთიერთობები შენარჩუნდეს, ხომ კარგი. თუ ვერ მოახერხებს და მაშინ თვალის დაუხამხამებლად გაწირავს. თუ ამასაც ვერ მოახერხებს და საერთოდ აირევა სიტუაცია, მაშინაც გაწირავს. ერთი სიტყვით, შავ საქმეს აკეთებინებს ისე, რომ მისი პატივმოყვარეობა სრულად დააკმაყოფილა და თან პასუხისმგებლობაც აჰკიდა.

- დღეს ეკონომიკური მონაცემები საკმაოდ­ კარგია და რატომ უნდა იფიქროს საფრთხეზე? რამდენად შენარჩუნდება­ ეს იმ პირობებში, როდესაც იღებენ დრაკონულ კანონებს, აპირებენ ოპოზიციას აკრძალვას და ა.შ.?

- ეკონომიკური პროგრესი რატომ გვაქვს, რის ხარჯზეა ასეთი მდგომარეობა, ეს არის გასაცნობიერებელი. ეს ამ ომის ხარჯ­ზე გვაქვს. რუსეთის არასაკმარისად სანქცირებისა და ხვრელების ხარჯზე, რაღაც პროდუქცია შედის ამერიკიდან ყაზახეთში საქართველოს გავლით. რუსეთისთვის სანქცირებული პროდუქცია, ძირითადად, თურქეთიდან და ყაზახეთიდან შედის და ამით საქართველოს ხელისუფლება ძალიან ხეირობს. ამის პარალელურად, რაც არ არის სანქცირებული, იმ სფეროში პირდაპირ გვაქვს ეკონომიკური ურთიერთობა. რეალურად ეს მონაცემები სწორედ ამ ორი რამის ხარჯზეა. დასავლეთიც ამას მაინცდამაინც მკაცრად არ უყურებს, მაგრამ თუ ივანიშვილი გახდება დასავლეთისთვის მიუღებელი, მაშინ ყველაფერი შეიცვლება. ჯერ ერთი, საბანკო სისტემა დადგება კრიზისის წინაშე და ბიზნესმენთა ის წრე, რომელიც ხელისუფლების გარშემოა, ასევე დადგება სანქცირების წინაშე. ყველაფერი აირევა და თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ შეიძლება იმ მდგომარეობამდეც კი მივიდეთ, 1990-იანი წლების პირველ ნახევარში რომ იყო. ეს ჯერ არ ჩანს, მაგრამ თუ გადაწყდა, რომ ივანიშვილი უნდა დაისაჯოს, აქ ძალიან მძიმე პროცესები დაიწყება.

- ბრიტანული სანქციები მაინც პირველი­ სერიოზული სანქციებია და არის ნიშანი, რომ დასავლეთი რადიკალური ზომებისკენ წავა?

- რა თქმა უნდა, ეს ამის სიმპტომია. მართალია, სანქციები ჯერ პირადად ივანიშვილსა და მის ბიზნესგარემოცვას არ შეხებია, მაგრამ ესეც შეიძლება მოხდეს და ამასობაში წამოგვეწიოს "მეგობარი აქტიც". ეს ორი რაღაც იმდენად მძიმე დარტყმა იქნება ივანიშვილისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა ჩამოიქცევა.

- კახიშვილი მომავალ წელს ვადამდელ არჩევნებს ვარაუდობს...

- ივანიშვილს წარმოდგენაც არა აქვს, დანიშნავს თუ არა არჩევნებს. არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ დანიშნავს, და არც იმის, რომ არ დანიშნავს, მაგრამ ის ახლა ამაზე არ ფიქრობს. ის ახლა ფიქრობს, როგორ მოახდინოს ძალაუფლების კონსოლიდაცია, როგორ მოსპოს ოპოზიცია ისე, რომ ეკონომიკური ურთიერთობები შეინარჩუნოს დასავლეთთან და არ დასანქცირდეს.

- ის, რომ ოპოზიციის აკრძალვის მერე მოსუ­ფთავებულ ველზე შექმნას თავისი ოპოზიცია, ეს რამდენად რეალური გგონიათ?

- ხელისუფლებებში ასეთი ცდუნება ყველას ჰქონდა, მაგრამ ეს არასოდეს გამოდის. 1990-იან წლებში იყო "ახალი მემარჯვენეები", რომლებიც არ ერჩოდნენ შევარდნაძეს, მაგრამ ერჩოდნენ "მოქალაქეთა კავშირს", ეს რაღაცნაირად ბუნებრივი იყო იმ სტრუქტურასა და სოციალურ მოდელში, მაგრამ შევარდნაძე მათ ვერ დაეყრდნო. ეს არ იყო მთლად მარიონეტული პარტია, მას საკუთარი ინტერესები ჰქონდა და ამ ინტერესებიდან გამომდინარე არ უპირისპირდებოდა შევარდნაძეს, მაგრამ ეს არ იყო შევარდნაძის მართული პარტია. ივანიშვილს ასეთი ურთიერთობა ვერ წარმოუდგენია, მას სჭირდება ისეთი ოპოზიცია, რომელიც მის უზენაესობას არ დააყენებს კითხვის ქვეშ. ხელოვნური ოპოზიცია კი ვერ იქმნება. როდესაც "ახალი მემარჯვენეების" მაგალითი მოვიყვანე, ის არ იყო ხელოვნური, ის რეალურად ინტერესთა ჯგუფი იყო, რომელიც არ იყო დაინტერესებული შევარდნაძესთან დაპირისპირებით და უპირისპირდებოდა ჟვანიას, საზოგადოდ, მაშინდელ მმართველ პარტიას.

- ხომ შეიძლება "ოცნებაში" ვინც უკმაყოფილოა იმით, რასაც ახლა კობახიძე აკეთებს, ისინი დაუპირისპირდნენ კობახიძეს?

- ამას გაბედულება უნდა, მეტი თავის­თავადობა და თან არავინ იცის, თავად ივანიშვილს ამაზე რა რეაქცია ექნება. მაშინ მან თავად უნდა წაახალისოს. მაგალითად, თვითონ თუ დაიბარებს ღარიბაშვილს და ეტყვის, ამ კობახიძემ გამიწყალა გული, მიდი, შენ გააკეთე პარტია და დასცხე­ მაგასო, მაშინ, რა თქმა უნდა, იზამს. ეს რამდენად რეალურია, არ ვიცი, რადგან რეალურ პოლიტიკაში ასეთი ხელოვნური კონსტრუქციები შეუძლებელია.

- დაანონსებულია ოპოზიციის აკრძალვა­ და ამ ფონზე ოპოზიცია სწორად იქცევა?

- კი ლაპარაკობენ, მაგრამ არ ვიცი, სამართლებრივად ეს როგორ უნდა გააკეთონ. კარგი, გადასცენ საკონსტიტუციო სასამართლოს, მაგრამ გაუგებარია, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ, რა ან ვინ უნდა აიკრძალოს? პარტიის დასახელება გასაგებია, მაგრამ რაღაც მიზნები რომ ჩაწერეს კანონში, რა მიზნებზეა ლაპარაკი, ეს მიზნები სად უნდა იყოს დეკლარირებული? "ნაცმოძრაობის" წესდებას რომ ჩახედო, ყველაფერი ნორმალურად წერია და რა მიზნებზეა ლაპარაკი? როგორ უნდა გადაწყვიტო, რომ მათ ეს მიზანი კი არა აქვთ, რაც იქ უწერიათ, არამედ რაღაც სხვა და ეს სხვა რა არის? ალბათ, თავიდან დაიწყებენ ნიადაგის მოსინჯვას კონკრეტულ დანაშაულებზე აპელირებით, მაგრამ როგორ გინდა ეს დანაშაულები გაავრცელო კონკრეტულ პირებზე, თუნდაც მათზე, ვისაც ამ დანაშაულებთან შეხება არც ჰქონია? დავუშვათ, თავზე ხელი აიღეს და მაინც გააკეთეს, ყველაფერი დამოკიდებული იქნება­ დასავლეთის რეაქციაზე. თუ იქიდან ჩაითვალა ისეთ სითავხედედ, რომლის მერეც ივანიშვილს არავისთან დალაგების შანსი არ ექნება, მაშინ მგონია, ამაზე არ წავა. თუ არადა, მოსინჯავს ჯერ "ნაცმოძრაობაზე" და მერე მიაყოლებს დანარჩენსაც.

სამწუხაროდ, ჯერ ქვეყანაში არ გვყავს ისეთი ძალა, ვისიც ივანიშვილს შეეშინდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ პროტესტი ამდენი ხანია გრძელდება, მით უმეტეს, სწორედ ეს პროტესტია დასავლეთში მთავარი არგუმენტი, რომ ივანიშვილს სთხოვენ დემოკრატიას და ევროინტეგრაციის გზაზე მობრუნებას, რადგან ეს ხალხს სურს. თუმცა, თუ ეს აქციები პოლიტიკურ ალტერნატივაში არ გადაიზარდა და, თუ აქამდე არ გადაიზარდა, ახლა როგორ უნდა გადაიზარდოს? რაც მთავარია, ეს არ კმარა, რომ ბიძინაზე ზეწოლა გაიზარდოს დასავლეთიდან. ვნახოთ, პარტიების აკრძალვა­ თუ გამოაფხიზლებს დასავლეთს და თუ აიძულებს მათ, უფრო ქმედითი ბერკეტები აამუშაონ.

- ამ თვალსაზრისით საინტერესოა, რომ წულუკიანმა კომისიის ანგარიშის პარლამენტში წარდგენა სექტემბრისთვის გადაიტანა. როგორც ჩანს, დროის გაწელვაზე გადავიდნენ.

- რა თქმა უნდა, გაწელავენ, უყურებენ რეაქციებს. ეს ყველაფერი ხომ შიდა პოლიტიკისთვის სჭირდებათ და რაში აწყობს ბიძინას, რომ ამაზე დასავლეთთან დაწვას ხიდები? სექტემბერი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდია, მაშინაც ან გაიტანენ სხდომაზე ან არა, და რომც გაიტანონ, უკვე არჩევნები იქნება მოახლოებული და ამისთვის ვიღას ეცხელება, თანაც, თვითმმა­რთველობის არჩევნებისთვის პროცესები ისე მიდის, რომ მისწრებაა "ოცნებისთვის". თუ შენარჩუნდა ოპოზიციის ახირება, რომ ამ არჩევნებს ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ, ეს იქნება სერიოზული არგუმენტი ხელისუფლებისთვის, რომ არჩევნები ჩაატაროს წყნარად, გაყალბების გარეშე და მერე დასავლეთს უთხრას, ეს ხალხი არასერიოზულია და რა მნიშვნელობა აქვს ამათ აკრძალავ თუ იქნებიანო. დასავლეთიც ვეღარაფერს ეტყვის. ნათელია, რომ ოპოზიციის ბოიკოტი მხოლოდ "ოცნებას" აწყობს და სამწუხაროდ, ოპოზიციაშიც ძალიან ცოტაა ის ხალხი, ვინც ამას აცნობიერებს და ისინიც ხმას ვერ იღებენ. თუ შენ არჩევნები აჩუქე, ჩათვლის, რომ შენ დამთავრდი და აქეთ აღარც კი გამოიხედება.

რუსა მაჩაიძე