რა საფრთხეების წინაშე დგას საქართველო და ვის რა ინტერესები აქვს რეგიონში?!
"მოკავშირეების გარეშე დარჩენილი საქართველო არაერთი სახიფათო გამოწვევის წინაშე დგას", - ამბობს უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი მამუკა არეშიძე. მისი განმარტებით, გამოწვევა რამდენიმე სახისაა: "პირველი სამხედრო აგრესიაა, რომელიც რუსეთთან არის დაკავშირებული; მეორე პოლიტიკური აგრესიაა, რომელიც დასავლეთიდან მომდინარე სანქციებს, ასევე ქვეყნებს შორის ურთიერთობის შეზღუდვებს უკავშირდება; მესამე - სამხრეთიდან მომდინარე საფრთხეები, რომლებიც დაკავშირებულია სხვადასხვა ტიპის კონფლიქტთან. მაგალითად, ისეთთან, როგორიც არის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები, ირანის საკითხები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პოლიტიკურ ისლამთან დაკავშირებული თემები.საქართველოში ბევრს მოეწონა ილჰამ ალიევის განცხადება, სადაც ურსულა ფონ დერ ლაიენს აკრიტიკებს იმის გამო, რომ შუა დერეფანზე საუბრისას საქართველო ახსენა. თუმცა არ ითვალისწინებენ, რომ აზერბაიჯანს რეგიონში საკუთარი ინტერესები...", - აღნიშნავს ექსპერტი.
- დღეს ჩვენს რეგიონში ბალანსი დარღვეულია, ძველებურად ომახიანად აქ აღარც დასავლეთის ხმა ისმის და აღარც რუსეთის. ბალანსი მას შემდეგ დაირღვა, რაც ყარაბაღის მოვლენები განვითარდა და სამხრეთ კავკასიაში რუსეთის აქტიურობა შეიზღუდა, რაც დასავლეთს საქართველოსა და აზერბაიჯანთან ურთიერთობა გაუფუჭდა და აქცენტი სომხეთზე გადაიტანა. ეს ახალი მოცემულობა ჩვენთვის სერიოზული გამოწვევაა. აზერბაიჯანი, რომელსაც ზურგს თურქეთი უმაგრებს, თავს რეგიონის ლიდერად მიიჩნევს; მეორე მხრივ, არის სომხეთი, რომელიც განსაკუთრებულ აქცენტებს აკეთებს ჩვენთან მეგობრულ ურთიერთობაზე, მაგრამ არ არის გამორიცხული, ეს გარკვეულ მექანიზმად იქცეს მათ ხელში, ვისაც რეგიონში არეულობის მოწყობა დასჭირდება. არ ვიცი, სომხეთის ხელისუფლება ამას ხვდება თუ არა, მაგრამ ამ ქვეყანას იყენებენ იმისთვის, რომ აზერბაიჯანს დისკომფორტი შეუქმნან. ამის ერთ-ერთი მანიშნებელია ის ფაქტი, რომ ერევანსა და ბაქოს სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელი ჯერაც არ მოუწერიათ, თუმცა ლიდერები საბოლოო ტექსტზე შეთანხმდნენ.
- სომხეთი არეულობის მოსაწყობ მექანიზმად შეიძლება დასავლეთმა გამოიყენოს?
- რასაკვირველია. თუმცა სომხეთში რუსეთს მარტივად შეუძლია სიტუაციის შეცვლა, ისევე როგორც საქართველოში. მართალია, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული რუსული სამხედრო კონტინგენტი მნიშვნელოვნად არის შემცირებული, მაგრამ ჩვენთვის პრობლემების შესაქმნელად საკმარისია. რაც შეეხება სომხეთს, ამ ქვეყნის თითქმის ყველა ოფიცერს რუსეთში აქვს დამთავრებული სამხედრო სასწავლებელი. სხვათა შორის, რუსულ პრესაში დროდადრო გაკრთება ხოლმე მუქარა, რომ შეუძლიათ სომხეთის ხელისუფლებას პრობლემები შეუქმნან მათივე სამხედროების საშუალებით... ამის გარდა, გამოწვევაა ირანთან დაკავშირებული პროცესებიც. ირანი დასავლეთისთვის არაბების, პაკისტანელებისა და თურქების პრეტენზიების დამბალანსებელია, სავარაუდოდ, ირანთან ომს არ დაიწყებენ, მაგრამ რისკი მაინც არის, რადგან მსოფლიო წესრიგი მოშლილია და როგორც მსხვილი, ისე წვრილი მოთამაშეები მოულოდნელ სვლებს აკეთებენ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ისრაელისთვის ირანის სამხედრო დასუსტება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვის კიდევ ერთი საყურადღებო ფაქტორია პოლიტიკური ისლამი, რომელიც ახლა თითქოს აქტუალური არ არის, მაგრამ ასეთი გაყუჩება სწორედ იმის დასტურია, რომ მართული პროცესია.
- ვისგან არის მართული?
- პოლიტიკური ისლამის ორგანიზაციებში ძალიან ძლიერია როგორც რუსული, ასევე დასავლური სპეცსამსახურების გავლენა და, როგორც წესი, მათ მაშინ იყენებენ, როდესაც სადმე სიტუაციის არევაა საჭირო. არ არის გამორიცხული, მავანმა აქ სიტუაციის შეცვლა მიიჩნიოს საჭიროდ. მთელ კავკასიაში, განსაკუთრებით ჩრდილოეთ კავკასიაში, აზერბაიჯანსა და საქართველოში არის ე.წ. მიძინებული უჯრედები. ამას ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ ამ ორგანიზაციების ხელოვნური პასიურობის გამო, ვრეაგირებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც რაღაც ხდება.
მაგალითად, როდესაც ჩატაევი ჩამოვიდა... შარშან თბილისში რამდენიმე აზერბაიჯანელი დააკავეს, რომლებსაც სპეციალური წვრთნები ჰქონდათ გავლილი სამხრეთის ერთ-ერთ ქვეყანაში... ასე რომ, საფრთხე მუდმივია. ძალიან გააქტიურდა პოლიტიკური ისლამის სერიოზული ორგანიზაცია "ხორასანი", ის, ძირითადად, ცენტრალური აზიის ნაწილში ოპერირებს, მაგრამ ცდილობს თავისი გავლენის სისტემა შექმნას სამხრეთ კავკასიაშიც - აზერბაიჯანსა და საქართველოში. ორგანიზაცია ეყრდნობა იმ ნამსხვრევებს, რომლებიც დარჩენილია "ისლამური ხალიფატისა" და "კავკასიური იმარატისგან", ასევე კავკასიაში მცხოვრებ სალაფიტებსა და ვაჰაბიტებს.
- როგორია მათი მოქმედების ტაქტიკა?
- სხვათა შორის, ბოლო დროს მათ მნიშვნელოვანად შეცვალეს მოქმედების ტაქტიკა. ცოტა ხნის წინ სწორედ თქვენ გითხარით ინტერვიუში, რომ ყურადღება უნდა მიგვექცია ზოგიერთი "მიძინებული" ორგანიზაციისთვის. "მიძინებულში" ვგულისხმობ მათ ტაქტიკას. ძველებურად მხოლოდ ტერაქტებს კი არ აწყობენ, ცდილობენ ადგილობრივ პოლიტიკურ სისტემაში შეაღწიონ. დაღესტანში გამოუვიდათ - თვითმმართველობის არჩევნებში თითოოროლა თავიანთი კაცი გაიყვანეს. ჩრდილოეთ კავკასიის კიდევ რამდენიმე რესპუბლიკაში მოახერხეს პოლიტიკურ სისტემაში შეღწევა. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ძალიან სერიოზული დაპირისპირება მიმდინარეობს მათსა და ადგილობრივ სპეცსამსახურებს შორის, რომლებიც მოსკოვს ექვემდებარებიან. ჩეჩნეთის გარდა, სადაც მართლა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა აქვთ გამოცხადებული ფუნდამენტალისტებთან, ყველგან მიაღწიეს შედეგს.
- საქართველოშიც სცადეს ეს?
- დიახ, სცადეს, მაგალითად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, მაგრამ დიდ შედეგს ვერ მიაღწიეს. საქართველოში მათი აქტიურობა მაღალი არ არის, მაგრამ არც მუშაობა აქვთ შეწყვეტილი. ძირითადად, საგანმანათლებლო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მიმართულებით მუშაობენ. ძალზე ეფექტურად იყენებენ მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ ვითარებას. ისლამის მიმდევარ მრავალშვილიან ოჯახებს ხშირად არ აქვთ შვილებისთვის განათლების მიცემის საშუალება, რასაც კარგად იყენებენ. ნამდვილად აქვთ ისეთი ანკესები, რაზეც ადამიანების წამოკიდება ადვილია. მაგალითად, უცხოეთიდან ჩამოდის სამშენებლო მასალები, აძლევენ ხალხს და ეუბნებიან, გაყიდეთ და ჩვენ მინიმალური თანხა მოგვეცით, დანარჩენი თქვენ მოიხმარეთო.
- ჩვენი სპეცსამსახურები თუ არიან საქმის კურსში?
- კი და სხვათა შორის, ეფექტურად მუშაობენ, მაგრამ ისლამისტები მუდმივად ცვლიან ტაქტიკას. როგორ უნდა მიედავო ადამიანს, რომელიც მრავალშვილიან ოჯახს ეხმარება? ამ ორგანიზაციების ტაქტიკა კონიუნქტურის მიხედვით იცვლება და პოლიტიკური მიზანშეწონილობის შესაბამისად მოქმედებენ. ამის ნათელი მაგალითია ევროპის დამოკიდებულება სირიის ახალ რეჟიმთან, აჰმედ ალ-შაარა და მისი მეომრები ტერორისტებად იყვნენ გამოცხადებული, დღეს კი პატივსაცემი პირები არიან...
მათთვის საქართველო საინტერესოა როგორც კავკასიური სივრცის ნაწილი. სხვათა შორის, მათთვის მთავარი მტერი ქრისტიანები, საქართველოს ან კავკასიის სხვა რომელიმე ქვეყნის ხელისუფლება კი არა, კავკასიური ისლამია, იმიტომ, რომ განსხვავებული იდეოლოგია აქვთ. მართალია, რელიგიური იდეა ერთი აქვთ, მაგრამ ფასეულობებით ძალიან განსხვავდებიან. კავკასიურ ისლამში მთავარი შარიათი კი არა, ადათია, საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ურთიერთობის წესი. სხვათა შორის, საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში ერთმანეთისგან 200 მეტრის დაშორებით დგას ვაჰაბიტური მეჩეთი და ტრადიციული მეჩეთი... აუცილებელია იდეოლოგიური და საგანმანათლებლო მუშაობა ყველგან, კახეთი იქნება, აჭარა, ქვემო ქართლი თუ ეკომიგრანტების სოფლები...
- ინტერვიუს დასაწყისში თქვით, რომ შეიძლება რომელიმე დიდ მოთამაშეს დასავლეთიდან ჩვენს რეგიონში არეულობის მოწყობა დასჭირდეს. რა შემთხვევაში შეიძლება ეს მოხდეს?
- იმ ძალების უკან, რომლებმაც ამ რამდენიმე ხნის წინ დამასკო დაიკავეს, თურქეთი იდგა. თავის მხრივ, თურქეთის უკანაც საკმაოდ ძლიერი დასავლური სახელმწიფოა. ბოლო დროს ქართულ მედიაშიც გააქტიურდა დიდი თურანის თემა - თურქულენოვანი ქვეყნების გაერთიანება თურქეთის ქოლგის ქვეშ. სხვათა შორის, ეს ერთ-ერთი დასავლური ქვეყნის პროექტია, რომელსაც თურქეთი სათავისოდ იყენებს. რამდენიმე დღის წინ ცენტრალური აზიის ერთ-ერთ ქვეყანაში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე, რომელსაც ევროკავშირის ხელმძღვანელი ესწრებოდა, გამოცხადდა, რომ დიდი თურანის წევრები წინა აზიიდან წინააღმდეგი არიან ცნონ ჩრდილოეთ კვიპროსის დამოუკიდებლობა. ეს ძალიან სერიოზული დარტყმაა ანკარაზე, იმიტომ, რომ ერდოღანისთვის ჩრდილოეთი კვიპროსი ბრილიანტია. ამ შეხვედრაზე ხაზი გაესვა კვიპროსის ერთიანობის საკითხს. ამ ამბის მოყოლით იმის ჩვენება მინდა, თუ როგორ ხდება საკუთარი მოკავშირის (ამ შემთხვევაში თურქეთის) დამუხრუჭება პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე. არადა, იმ თურქეთზეა საუბარი, რომელსაც ცოტა ხნის წინ სირიაში სამხედრო ოპერაციის ჩატარებაში შეუწყვეს ხელი. ასეთი ტიპის მანიპულაციებზე არც დასავლური სპეცსამსახურები ამბობენ უარს და არც რუსული. რუსები განსაკუთრებულად ეფექტურად იყენებენ შიიტური ორგანიზაციების პოტენციალს. სხვათა შორის, საქართველოში სწორედ შიიტური ორგანიზაციები აქტიურობენ სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიების საფარქვეშ. მათ მუშაობას აშკარად ეტყობა რუსული სპეცსამსახურების გავლენა. დღეს მსოფლიოში ძალიან აქტუალურია სხვისი ხელით ნარის გლეჯა, ანუ პროქსიძალების საშუალებით სხვა ქვეყნებში არეულობის მოწყობა. ირანი ამას აშკარად აკეთებს "ჰეზბოლას", იემენელი ჰუსიტებისა და სხვა ასეთი ორგანიზაციების ხელით, დასავლეთი და რუსეთი კი - ფარულად, პროქსიძალების საშუალებით.
ხათუნა ბახტურიძე