უკრაინის ფრონტი: რუსები დიდი შეტევისთვის ემზადებიან?! - კვირის პალიტრა

უკრაინის ფრონტი: რუსები დიდი შეტევისთვის ემზადებიან?!

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ოლექსანდრ სირსკის ინფორმაციით, ერთგვარი ბუფერული ზონების შექმნის მიზნით, რუსეთის ჯარებმა სუმისა და ხარკოვის ოლქებზე ახალი შეტევა დაიწყეს. მისივე ინფორმაციით, ერთი კვირაა მოწინააღმდეგის შეტევების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. მანამდე, 27 მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარიზში უკრაინის მხარდამჭერი ევროპული ქვეყნების ლიდერთა სამიტზე განაცხადა, რომ დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი ამზადებს ახალ ფართომასშტაბიან შეტევებს სუმის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე. ზელენსკის თანახმად, რუსეთი ცდილობს აშშ ჩაითრიოს ყალბ პირობებზე დაუსრულებელ და უსაგნო დისკუსიებში, რათა დრო მოიგოს და უკრაინის კიდევ უფრო მეტი მიწის დაპყრობა სცადოს. ამჟამად რუსეთს ნაწილობრივ ოკუპირებული აქვს უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქები. 2014 წლიდან ანექსირებულია ყირიმი.ვახტანგ კაპანაძე, გენერალ-მაიორი, სამხედრო მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი:

- ამ საკითხს (ფართომასშტაბიან შეტევას) ორ ნაწილად გავყოფდი - პოლიტიკურ და სამხედრო ნაწილად. პოლიტიკური ნაწილი და განცხადებები იქითკენაა მიმართული, რომ დასავლეთის დახმარება გააქტიურდეს. სამხედრო ნაწილს რაც შეეხება, ბოლო თვე-ნახევარია ფრონტის ხაზზე შედარებით სტაგნაცია იყო, რაც ძირითადად, ამინდით იყო გამოწვეული. რუსები შეეცდებიან ამინდის ცვლილებასთან ერთად საზაფხულო კამპანიისთვის მოემზადონ. უკრაინაში ჯერ კიდევ თოვს, გზები გაფუჭებულია, ტალახია, მაგრამ, ალბათ, მაისის მეორე ნახევრიდან მიწა გაშრება და რუსები გააქტიურდებიან, თუმცა მათ მნიშვნელოვანი ოპერატიული სამხედრო გარდატეხისთვის რესურსები არა აქვთ. ჯერ ის დაჯგუფებები არ შექმნილა, რომელიც მნიშვნელოვან გარდატეხას მოახდენს.

- როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთი ცდილობს აშშ ჩაითრიოს ყალბ პირობებზე დაუსრულებელ და უსაგნო დისკუსიებში, რათა დრო მოიგოს და უკრაინის უფრო მეტი მიწის დაპყრობა სცადოს...

- რუსებმა მნიშვნელოვანი ტერიტორიები რომც დაიკავონ, რომელიმე მიმართულებაზე გარღვევა უნდა მოახდინონ. ამისთვის უნდა გყავდეს საჭირო ძალები, შემდეგ ამ გარღვევაში შესული მეორე ეშელონი, რათა განავითარო წარმატებული გარღვევა, და ბოლოს უნდა შეიყვანო რეზერვები, რომლებიც ამ გარღვევის მონაკვეთს დაიცავენ. არ ჩანს, რომ ეს ძალები რუსეთს ჰყავს, ის ახლა, ძირითადად, მეტრების მოგებითაა დაკავებული - მარტში, თუ არ ვცდები, სულ 138 კვკმ დაიკავა (საუბარია 2000 კმ-იან ფრონტზე), მაშინ, როცა იანვარში ეს რიცხვი 400 კვკმ-ს აღწევდა. არც უკრაინელებს აქვთ იმის რესურსი, რომ ტერიტორიები დაიბრუნონ, მაგრამ წარმატებული კონტრშეტევებით ძალუძთ გაიუმჯობესონ პოზიციები.

- რუსეთმა თუ მართლა წამოიწყო უკრაინის სხვადასხვა ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი შეტევა, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებების დროს მას მეტი ოკუპირებული ტერიტორია ჰქონდეს?

- რუსეთს სურს ის ტერიტორია მაინც გაათავისუფლოს, რომელიც უკრაინელებს აქვთ რუსეთის ტერიტორიაზე დაკავებული და ვითარება ისე წარმოაჩინოს, რომ რუსეთი აკონტროლებს მას, მისი სურვილია ამერიკა დაარწმუნოს, რომ ის არის ამ ფრონტზე წამყვანი და რომ მისი პირობები უნდა იყოს გათვალისწინებული. პუტინს მიაჩნია, რომ დონბასი, ხარკოვი და სხვა ტერიტორიები მისია, მაგრამ ერთია, რა მინდა და მეორე –რა შემიძლია. არ მესმის, ამ ინტენსივობით რა სამხედრო ძალის მობილიზება უნდა გააკეთოს რუსეთმა, ფრონტზე გარდატეხის შეტანა რომ შეძლოს. როგორც გაცხადებულია, ახლა რუსეთი ჩაატარებს გეგმურ სწავლებას ბელარუსის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, იქნება ძალის დემონსტრირება საზღვარზე. ამაზე უკრაინა გააკეთებს განცხადებას, რომ ბელარუსთან, მისი საზღვრებთან საფრთხე შეიქმნა. ამ საფრთხეზე ალაპარაკდება ბალტიისპირეთიც, მაგრამ რეალობაში ეს უფრო პოლიტიკური განცხადებები იქნება, ვიდრე რეალობა, ვინაიდან ეს სამი წელიწადი უკრაინა გულხელდაკრეფილი ხომ არ იჯდა, მას უკვე მეორე და მესამე ეშელონის ისეთი თავდაცვითი ზღუდეები აქვს, რომ რუსები იმ ძალებით, რითაც თუნდაც იმ სწავლებას ჩაატარებენ, ამას ვერ შეძლებენ. რუსების ქმედება მიმართულია იქითკენ, რომ უკრაინამ მთელ სიგრძეზე გადაანაწილოს თავისი ძალები და ამით დაასუსტოს აღმოსავლეთის მიმართულება. ეს იგივე ნაბიჯებია, რასაც აკეთებს უკრაინა, როდესაც კურსკსა და ბელგოროდში უტევს და რუსებს აიძულებს ამ მიმართულებაზე 60-ათასიანი დაჯგუფება ჰყავდეს.

- რა შეიძლება აღმოჩნდეს გარდამტეხი რუსეთ-უკრაინის ომში და სავარაუდოდ, როდის გაიმართება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები?

- ალბათ, სექტემბრისთვის დაიწყება მოლაპარაკება, მანამდე პუტინი გაწელავს დროს და შეეცდება, რაც შეიძლება მეტი ტერიტორია დაიკავოს. ალბათ, შემოდგომისთვის დაიწყება ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი, წლის ბოლომდე კი შეწყდება ცეცხლი, თუმცა ეს არ ნიშნავს ომის დამთავრებას. იქნება შეთანხმებების დარღვევა, რუსეთის პროვოკაციები და ა.შ. ყოველ შემთხვევაში, არ იქნება ცხელი ფაზა და ამ პერიოდს ორივე მხარე გასაძლიერებლად გამოიყენებს. უკრაინა თუ არაფერს გააკეთებს, დასავლეთი თუ შეწყვეტს მისთვის იარაღის მიწოდებას, რუსეთი ამ დროს გამოიყენებს (მას 5-დან 8 წლამდე სჭირდება იმ სამხედრო პოტენციალის აღდგენა, რომელიც ომის დაწყებამდე ჰქონდა) და მაშინ შეიძლება მან მოახდინოს გარდატეხა ამ დაპირისპირებაში. შეიძლება გარდატეხა მოხდეს მაშინაც, თუკი რუსეთი ჩრდილო კორეიდან დიდი რაოდენობით დახმარებას მიიღებს, ხოლო უკრაინა არ მიიღებს დასავლეთიდან დახმარებას. თუმცა, ვიმეორებ, დღევანდელი მოცემულობით, უახლოესი და საშუალოვადიანი პერსპექტივით, არ ჩანს იმის ნიშნები, რომ ერთმა ან მეორე მხარემ ფრონტზე გარდატეხა მოახდინოს.

- დასავლელი ლიდერების განცხადებები იმედისმომცემია... ვგულისხმობ ბრიტანეთისა და გერმანიის ლიდერების განცხადებებს უკრაინისთვის მილიარდობით სამხედრო დახმარებაზე.

- საუბარია 23 მილიარდ დახმარებაზე. ბრიტანეთი 5 მილიარდით ზრდის დახმარებას, გერმანია უგზავნის 3 მილიარდს და შემდგომ წლებში 8 მილიარდამდე გაიზრდება. ამავე დროს გერმანია წელს უკრაინას გაუგზავნის 4 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 120 ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებას, 14 საარტილერიო თვითმავალ სისტემას, 25 ქვეითთა მანქანას, 15 "ლეოპარდსა" და 100 000-ზე მეტ საარტილერიო ჭურვს, ბალტიისპირეთიც ყიდულობს ჭურვებს უკრაინისთვის, დაახლოებით 3 მილიარდის მიცემას აპირებს ბელგია და ა.შ. ისიც საინტერესოა, რომ რამშტაინის შეხვედრაზე აშშ დისტანციურად ჩაერთო და შეხვედრა პირველად მიჰყავდათ ერთობლივად ბრიტანეთსა და გერმანიას. აშშ-ის მონაწილეობა იმის მანიშნებელია, რომ ის არ გამოდის ამ შეთანხმებიდან. გარდა ამისა, როგორც შეხვდრაზე აღინიშნა, მოლაპარაკებები დაიწყო, არის ცეცხლის შეწყვეტის ნიშნები, მაგრამ აღნიშნული მოლაპარაკებები შედეგიანად რომ დასრულდეს, ამ დროისთვის საჭიროა ძლიერი უკრაინა. ძალის ჩვენების გარეშე, განსაკუთრებით ისეთ მხარესთან, როგორიც რუსეთია, არაფერი გამოვა. ამ პერიოდში ორივე მხარე შეეცდება მაქსიმალურად ძლიერად შეხვდეს შემოდგომის მოლაპარაკებებს.

- როგორც ტრამპმა აღნიშნა, უკრაინის პრეზიდენტს სასარგებლო წიაღისეულზე შეთანხმების პირობების გადახედვა სურს, რომ ზელენსკი გარიგებიდან გასვლას ცდილობს და თუ ამას გააკეთებს, მას "დიდი პრობლემები ექნება". როგორც ვიცით, სანაცვლოდ უკრაინის პრეზიდენტი უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა.

- ჩემი აზრით, ჯერჯერობით მხოლოდ ტექნიკურ საკითხებსა და შეხვედრების ორგანიზებაზე მიდის ლაპარაკი. ასევე ტრამპის განცხადებების მუდმივობა საეჭვოა, შეიძლება ხვალ რაღაც შეიცვალოს, მაგრამ, რა თქმა უნდა, აშშ-ს აქვს ბერკეტები, რომლებითაც ორივე მხარეზე შეუძლია ზეწოლა. რაც შეეხება გარანტიებს, უკრაინისთვის უპირველესი გარანტიაა ძლიერი შეიარაღებული ძალები, მხარდაჭერილი დასავლეთის შეიარაღებული ძალებით. აქვე საინტერესოა ის მოსაზრებები, გათვლები, რომლებიც უკვე დაწყებულია დიდ ბრიტანეთში - ბრიტანეთი აცხადებს, რომ 5 წლით აპირებს განალაგოს თავისი დანაყოფები უკრაინაში. ესეც გარანტიის ერთ-ერთი სახეა, ვინაიდან ეს დანაყოფები განლაგდებიან ისეთ ობიექტებზე, რომლებზეც ზემოქმედება სტრატეგიულად რუსებისთვის ძალიან მძიმე შედეგის მომტანი იქნება.

- გავრცელდა გენერალ კავოლის გან­ცხადება, სადაც ის უკრაინის წარმატებებზე საუბრობს, ამბობს, არ ვფიქრობ, რომ უკრაინის დამარცხება გარდაუვალიაო. რას ფიქრობთ?

- ის, რომ ევროპა დაეხმარა უკრაინას და ევროპამ შეძლო, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია წარმატებას, მიიღო ზარალი და აბსოლუტურად უკუშედეგი, ეს იმის მაგალითია, რომ მსოფლიომ დაინახა, ძალა ყოველთვის არაა გადამწყვეტი. თავიდან რა იყო პუტინის მიზანი? უკრაინის დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია და ნატოს გაფართოების შეჩერება აღმოსავლეთით. რა მიიღო? 1200 კმ-იანი ნატოს საზღვარი, ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრება, ბალტიის ზღვა აბსოლუტურად ნატოს ტბად გადაიქცა, დენაციფიკაციის მაგივრად მიიღო წყვეტა რუს და უკრაინელ ერს შორის, ხოლო დემილიტარიზაციის ნაცვლად გათანამედროებული, მოდერნიზებული და ძლიერი უკრაინის შეიარაღებული ძალები. პუტინი ახლა კი ამბობს, დონბასზე გასვლა იყო ჩვენი მიზანიო, მაგრამ ვერც დონბასზე გადის და ვერც გავა. მას მხოლოდ ლუგანსკი აქვს 90%-ით დაკავებული, არც დონეცკი, არც ზაპოროჟიე, არც ხერსონი და არც იმის საშუალება გააჩნია, დონბასზე შეძლოს გასვლა. ჩემი აზრით, ამ ომში რუსეთი სტრატეგიულად დამარცხდა. რუსეთმა რას მიაღწია და რისი მიღწევის საშუალება არ მისცა უკრაინამ, ეს სხვა თემებია, მაგრამ მთავარია, რუსეთმა ვერ გაიმარჯვა, უკრაინა არ დამარცხებულა.