„9 აპრილის პოლიტიზება მაინც მოხდა“
უკვე დიდი ხანია საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია, ისევე როგორც მათი მხარდამჭერები, ერთმანეთს ისევ მოღალატეობრივ ქმედებებში ადანაშაულებენ და ქვეყანაში არასტაბილური გარემოს შექმნაზე პასუხისმგებლობას აკისრებენ. თუმცა ამჯერად ვითარება უფრო გართულდა და ბრალდებებიც გამძაფრდა. პროცესების როგორი განვითარებაა მოსალოდნელი, ამ საკითხებზე ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძეს ვესაუბრეთ.
- მთელი 36 წლის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ 9 აპრილის გმირთა მემორიალი არ იყო ის ადგილი, სადაც ქართველები ერთმანეთს უნდა დაჰპირისპირებოდნენ. ეს იყო წმინდა ადგილი, სადაც ბოლო პერიოდამდე სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანები ერთმანეთს არ ეჭიდავებოდნენ. ამჯერად სამწუხარო რამ მოხდა. დამრჩა განცდა, რომ მავანმა ხელისუფლების პროვოკაციაზე წამოგება სცადა. პროვოცირების ნიშნების ამოკითხვა შეძლეს მმართველი გუნდის წევრებმა და განზე გადგნენ, თუმცა 9 აპრილის პოლიტიზება მაინც მოხდა. უნდა ითქვას, რომ ამას ოპოზიციონერი ლიდერებიც მიხვდნენ და პაატა ბურჭულაძის გარდა, ყველამ თავი შეიკავა. მათ პოლიტიკურმა ალღომ უკარნახა, რომ მათთვის მომგებიანი არ იქნებოდა იმ პირთა მხარდასაჭერი განცხადებები, ვინც 9 აპრილის მემორიალთან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონეთ არ უშვებდნენ.
- 9 აპრილის მემორიალთან უმთავრესად პოლიტპატიმრების მშობლები აქტიურობდნენ და იქ მისულთაგან მოითხოვდნენ იმის დაფიქსირებას, რომ ომი რუსეთმა დაიწყო. ამ საკითხზე ორი კითხვა მაქვს: ვისი პასუხისმგებლობაა, რომ ეს კითხვა ახლა აქტუალურია?
- სააკაშვილის მმართველობის პერიოდსაც ახლდა მოვლენები, სადაც მშობლები დაპატიმრებული კი არა, დახოცილ შვილებს დასტიროდნენ, მაგრამ 9 აპრილის მემორიალთან ისინიც კი არ დამდგარან იმ სულისკვეთებით, რომ ვიღაცებს დაჰპირისპირებოდნენ. შვილმკვდარი დედებიც კი არ იყენებდნენ საკუთარი მიზნებისთვის 9 აპრილის მემორიალს. ქართველ ხალხს თანაგრძნობის გამოხატვა არ უჭირს, მაგრამ არ მივიდა იმ დღეს ბევრი ხალხი მემორიალთან პატიმრების მშობლების მხარდასაჭერად. ალბათ, გახსოვთ, რაოდენ დიდი მხარდაჭერა ჰქონდათ სარალიძის მშობლებს, მაგრამ როგორც კი დაინახეს, რომ ვიღაცებმა ხალხის გულწრფელი გულისწყრომის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება დააპირეს, მაშინვე განზე გადგნენ, თვით ზაზა სარალიძემაც კი დაიწყო ყვირილი, ჩემს შვილს არ გამოგაყენებინებთო!
- პრემიერმა კობახიძემ არა მხოლოდ ქვეყანაში მიმდინარე აქციები შეაფასა უკიდურესად ძალადობრივ ქმედებებად, არამედ იმ დასავლელ პოლიტიკოსებს, რომლებმაც აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს, უტიფრები უწოდა. საკუთარი ხალხისა და პარტნიორების მიმართ ასეთი დამოკიდებულების შედეგი რა შეიძლება იყოს?
- არასწორი იქნება მხოლოდ შედეგის მიხედვით მსჯელობა. მიუხედავად იმისა, რომ 90-იან წლებში რუსეთმა ტერიტორიები წაგვართვა, ედუარდ შევარდნაძეს მოსკოვის მიმართ "შენი ჭირიმე, შენ გენაცვალეს" პოლიტიკა ჰქონდა. ეს ხომ არავის მოსწონდა?! საქართველოს დე-სე-თედან გამოსვლას ხომ ყველამ დავუჭირეთ მხარი?! 2008 წელს რომ რუსებმა იგივე გაიმეორეს და ლამის თბილისამდე მოვიდნენ ტანკებით, ამ ყველაფრის შემდეგ სააკაშვილმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობა რომ არ გაწყვიტა, ხომ არავის გაუკრიტიკებია?! თუ რუსების ჩადენილ უსამართლოზე გვაქვს რეაქცია, დასავლელი პოლიტიკოსების უსამართლობაზე რატომ არ უნდა გვქონდეს?! იმიტომ, რომ დასავლეთში უკეთესია ცხოვრება, ვიდრე რუსეთში?! თუ მხოლოდ მოსალოდნელი შედეგების მიხედვით უნდა ვაწარმოოთ პოლიტიკა, მაშინ რუსეთთანაც უნდა გვქონდეს ურთიერთობა. ყველა სამხედრო ანალიტიკოსი ამბობს, რომ უკრაინის შემდეგ რუსეთის სამიზნე საქართველოა. მაშინ მოდი, აღვადგინოთ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა, იქნებ ამით ავიცილოთ თავიდან მოსალოდნელი აგრესია. სხვათა შორის, ბევრი ფიქრობს ასე. დღეს ევროპა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებს იყენებს, სანქციები კი ეკონომიკური ძალაა. გამოდის, ევროპა სანქციებს იყენებს ქვეყნის შიდა პროცესებზე გავლენის მოსახდენად, ეს კი ნამდვილად არ ჰგავს დემოკრატიას. რა განსხვავებაა, ქვეყნის წინააღმდეგ ეკონომიკურ, ადმინისტრაციულ თუ სამხედრო ძალას გამოიყენებ?
- სად ეკონომიკური სანქციები და სად ტანკები და ხალხის დახოცვა?
- კი, მაგრამ ძალა ძალაა. ევროპული დემოკრატიის ერთ-ერთი ნიშანი არჩევნების თავისუფლებაა. თუ ქვეყნის მოქალაქე არჩევნებზე გადაწყვეტილებას იმის შიშით მიიღებს, რომ ევროპამ სანქციები არ დაგვიწესოს, ეს უკვე არჩევანის თავისუფლებაზე ზემოქმედებაა.
- რამდენად მართებულად მიგაჩნიათ ირაკლი კობახიძის პოზიცია, როდესაც ამბობს, რომ საქართველოს ელჩები საქმის გარეშე არიან დარჩენილი, რადგან ამ ეტაპზე კონკრეტულ ქვეყნებთან ურთიერთობა შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ მათ ვეუბნებით, მშვიდობის პერიოდს უნდა დაველოდოთო?
- კობახიძე რუსეთ-უკრაინას შორის საომარი მოქმედებების შეწყვეტას გულისხმობს, მაგრამ საქმე უფრო რთულადაა. დღეს მსოფლიოში ერთობ რთული პრობლემაა, რომლის გადაწყვეტის გარეშე საქართველოს ბედ-იღბალი ბუნდოვანი იქნება. საქმე ეხება ულტრალიბერალებისა და კონსერვატორების დაპირისპირებას. ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა რუსეთ-უკრაინის ომიც, მაგრამ მისი შეჩერების შემთხვევაშიც კი დაპირისპირება მაინც გაგრძელდება, იმიტომ, რომ პროცესში დიდი ძალები არიან ჩართული.
მართალია, მსოფლიოს ნომერ პირველ ქვეყანაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კონსერვატიზმის წარმომადგენელმა ტრამპმა გაიმარჯვა, მაგრამ ეს ძალიან მატყუარა შთაბეჭდილებაა. ამერიკაში, როგორც ყოველთვის, თითქმის 50/50-ზე ნაწილდება ძალთა ბალანსი, გამარჯვებული ძალიან მცირე უპირატესობით სარგებლობს. შესაბამისად, ამერიკაში 40%-ზე მეტი ისევ ლიბერალიზმს უჭირავს და რაც მთავარია, ლიბერალიზმი მთელი სიმძლავრით გააქტიურდა ევროპაში. ორბანი და ფიცო ლამის თამაშგარე მდგომარეობაში არიან დარჩენილი. დღეს საქართველოს ხელისუფლებას, ძირითადად, ევროპული ქვეყნები, განსაკუთრებით ინგლისი, უპირისპირდება. ამიტომ ვამბობ, რომ ომის დასრულების შემდეგაც არ ვიცით, რა იქნება, რას იზამენ ევროპელი ლიბერალები.
- ბრიტანეთმა ოთხი ქართველი მაღალჩინოსანი დაასანქცირა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ პროცესი უფრო მასშტაბური გახდება. მეტიც, შესაძლოა დღის წესრიგში უვიზო რეჟიმის გაუქმებაც დადგეს.
- მოსახლეობამ ხომ იცის, რომ მისი ქვეყნის ხელისუფლებასა და ევროპელ პოლიტიკოსებს შორის დაპირისპირებაა?! ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის პოზიცია იქნება ასეთი - მე მოვითმენ, ოღონდ ნუ იქნება უსამართლო დამოკიდებულება! თუმცა არ ვიცი, ვნახოთ, როგორი იქნება ხალხის განწყობები, ეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გამოჩნდება.