მოვალეთა რეესტრი ბიზნესისთვის - კვირის პალიტრა

მოვალეთა რეესტრი ბიზნესისთვის

2012 წლის 26 ივნისიდან საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, საგადასახადო საიდუმლოებას აღარ განეკუთვნება ინფორმაცია გადამხდელის დავალიანების შესახებ. დავალიანების შესახებ ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია როგორც დასახელებით, ასევე პირადი ნომრის ან საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე. ფიზიკურ პირებს შეუძლიათ დავალიანების დაფარვა ელექტრონულადაც.

შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე დავალიანების მქონე პირთა და კომპანიათა ჩამონათვალი უკვე დაიდო. ნუსხაში მცირე შპს-ების გვერდით ცნობილ დიდ კომპანიებსაც ნახავთ. ნუსხაში არსებულ კომპანიათა რაოდენობა 216 ათას აჭარბებს.

კოდექსში შესულმა ცვლილებამ გადასახადის გადამხდელთა შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ერთნი ფიქრობენ, რომ გამჭვირვალე ბუღალტერია აქვთ და შესაბამისად, საჯაროდ ინფორმაციის გამოტანას არ ერიდებიან. სხვებს კი მიაჩნიათ, რომ ბიუჯეტთან ანგარიშსწორება კონფიდენციალური ინფორმაციაა ბიზნესისთვის და თუ ამის ინტერესი ექნება ვინმეს, მათ წინააღმდეგ შეიძლება იქნეს გამოყენებული.

ამირან გიგუაშვილი, ადვოკატი: "შეიძლება ითქვას, რომ გრძელდება სახელმწიფოს პოლიტიკა - მაქსიმალურად გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი გახდეს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ფულად-საკრედიტო მონაცემებთან და შესაბამისად, ეს უკანასკნელი ცვლილება ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა. სახელმწიფო საჯაროს ხდის ინფორმაციას, რომელიც შეიძლება ზოგ შემთხვევაში კონფიდენციალური ინფორმაციის დატვირთვასაც ატარებდეს. მედალს ორი მხარე აქვს და ამ საკანონმდებლო ცვლილებასაც ექნება როგორც უარყოფითი, ისე დადებითი მხარე. მაგალითად შემიძლია მოგიყვანოთ კანონი "მოვალეთა რეესტრის გასაჯაროების შესახებ".

ის სააღსრულებო ეროვნული ბიუროს საიტზე დევს, აქვე შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია ნებისმიერი პირის შესახებ, აქვს თუ არა მას დავალიანება და ირიცხება თუ არა მოვალეთა რეესტრში. მაშინაც, როცა ეს ცვლილება შევიდა კანონში, დაისვა კითხვა, - წაადგებოდა ეს თუ არა საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ამან ბევრი დადებითი ცვლილება მოიტანა. მაგალითად, დამსაქმებლებს, რომლებსაც სამსახურში აჰყავთ ადამიანი, მეტი ინფორმაცია, მეტი წვდომა აქვთ მისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ. თუ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ინიშნება პირი, დამსაქმებელს შეუძლია გადაამოწმოს, ხომ არ ირიცხება ის მოვალეთა რეესტრში. ეს კი საშუალებას აძლევს დამსაქმებელს, განმარტება მოსთხოვოს კონკრეტულ პირს არსებულ ვალზე ან თავი დაიზღვიოს მოსალოდნელი რისკისგან. ასევე იქნება ამ შემთხვევაშიც, - როცა თქვენ ხართ ფიზიკური პირი, ინდმეწარმე ან ნებისმიერი კომპანია, რომელიც იწყებს საქმიან ურთიერთობას რომელიმე გადასახადის გადამხდელთან, მას ეძლევა შესაძლებლობა მიიღოს სრული ინფორმაცია, აქვს თუ არა მომავალ პარტნიორს ბიუჯეტის წინაშე დავალიანება. ბუნებრივია, კონტრაქტორ მხარეს ეს აძლევს შესაძლებლობას ეჭვქვეშ დააყენოს საქმიან ურთიერთობაში კონკრეტული პირის კეთილსინდისიერება და სანდოობის ხარისხი.

თუმცა, ის საწარმოები და კომპანიები, რომლებიც საქმიან ურთიერთობას იწყებდნენ, დღემდეც სარგებლობდნენ მსგავსი სერვისით. კონტრაქტორ მხარეს სთხოვდნენ წარმოედგინათ ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ. მარტივად რომ ავხსნა, თუ გადასახადის გადამხდელი მიდიოდით ბანკში და იღებდით სესხს, როგორც წესი, ბანკი ყოველთვის ითხოვდა ფინანსური დოკუმენტაციის შედარებას საგადასახადო ორგანოსთან, რათა დარწმუნებულიყო თქვენს შესაძლებლობებში, ან იმაში, ხომ არ გქონდათ დავალიანება ბიუჯეტის წინაშე. ფულად-საკრედიტო ურთიერთობებში კერძო მიკროსაფინანსო ინსტიტუტები, როცა ინდმეწარმეზე ან გადასახადის გადამხდელზე გასცემენ თანხას, როგორც წესი, ითხოვდნენ მსგავსი სახის ინფორმაციას. დღეს ამ ინფორმაციის ასე პრივატულ რეჟიმში მოთხოვნის საჭიროება აღარ იქნება და მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა ელექტრონული გზით პირდაპირი წვდომისა.

- თუმცა ამას შეგვიძლია მეორე მხრიდანაც შევხედოთ, თუ ჩვენ გავასაჯაროებთ ინფორმაციას კონკრეტული კომპანიის საბიუჯეტო დავალიანების შესახებ, კონკურენტმა ეს ინფორმაცია შეიძლება არაკეთილსინდისიერად გამოიყენოს, მაგალითად, იოლი იქნება კომპანიის ფინანსური შემოსავლების, ბრუნვის შესახებ ინფორმაციის გაგება.

- რა თქმა უნდა, როცა ინფორმაცია საჯაროა, საფრთხეები კონფიდენციალობის დაცვის კუთხით იზრდება. ბუნებრივია, ამ ცვლილების შემდეგ ხელ-ფეხი გაეხსნებათ მათ, ვინც არაკეთილსინდისიერად გამოიყენებს ინფორმაციას კონკრეტული ბიზნესის ფინანსური ვალდებულებების შესახებ. მაგრამ მეორეს მხარესაც აძლევს სამოქალაქო კოდექსი უფლებას, მიიღოს კომპენსაცია და აინაზღაუროს ზარალი. ცხადია, მსგავსი ინიციატივების შემოღებას დადებითიც ახლავს და უარყოფითიც. მოვალეთა რეესტრის გასაჯაროების დროსაც იყო ასეთი დამოკიდებულება. ამბობდნენ, რომ ეს არის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. მაგრამ, მეორე მხრივ, იმ პირთა უფლებები იქნა დაცული, ვინც საქმიან ურთიერთობას ამყარებდა კონკრეტულ პირებთან, ან სესხის გაცემას აპირებდა მათზე, ვისაც შესაძლოა ზურგზე უზარმაზარი ვალი ჰქონდა წამოკიდებული".

(სპეციალურად საიტისთვის)