ახალი სკანდალი ცხინვალში - როგორ დასცინა პუტინის თანაშემწემ მთავარ მარიონეტს ანუ "მადონას სერვიზი" გაგლოევისთვის - კვირის პალიტრა

ახალი სკანდალი ცხინვალში - როგორ დასცინა პუტინის თანაშემწემ მთავარ მარიონეტს ანუ "მადონას სერვიზი" გაგლოევისთვის

ოკუპირებულ ცხინვალში დიდი მღელვარებაა - ოსები კრემლიდან ახალი კურატორის დანიშვნას ელიან. ეს ოფიციალურად არ გაცხადებულა, თუმცა ცხინვალში ამბობენ, რომ პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დმიტრი კოზაკი მეორე მოადგილემ, სერგეი კირიენკომ უნდა ჩაანაცვლოს, რომელმაც აფხაზეთი უკვე გადაიბარა და ახლა ცხინვალში დიდი კონკურენციაა გაჩაღებული ოპოზიციასა და დე ფაქტო ხელისუფლებას შორის, ვინ უფრო მოაწონებს თავს ახალ უფროსს. ახალი მეთვალყურის დანიშვნის გამო დიდი გამოცოცხლება შეინიშნება ოპოზიციაშიც, რომელმაც უკვე გაააქტიურა ბრძოლა „პრეზიდენტ“ გაგლოევის წინააღმდეგ ახალ-ახალი კომპრომატების გავრცელებითა თუ ძველი სკანდალების გახსენებით. იწერება სტატიები, რომ ალან გაგლოევი არაპოპულარულია არა მხოლოდ ცხინვალში, არამედ კრემლის კარზეც, რადგან მისი გუნდისა და ოჯახის წევრების ზღვარგადასული კორუფცია უკვე შემაწუხებელი გახდა მოსკოვშიც.

ცხინვალის დე ფაქტო მეთაური ალან გაგლოევი კრემლის მაღალჩინოსან კირიენკოს 2 მარტს სოხუმში ახალარჩეული „პრეზიდენტ“ ბადრა გუნბას ე.წ. ინაუგურაციაზე შეხვდა.

გავრცელდა ფოტოც, სადაც კირიენკო ჩაის ჭიქების ნაკრებს ჩუქნის გაგლოევს და ეს ფოტო ცხინვალში გაგლოევის დაცინვის საბაბადაც იქცა. ითქვა, რომ კირიენკოსთან პირველი შეხვედრა გაგლოევისთვის დამცირებით დასრულდა.

ოპოზიციურმა ტელეგრამარხმა "ბონვაერნონმა" ამ ფაქტს სარკაზმით "საუკუნის გარიგება" უწოდა. როგორც დაიწერა, ელოდნენ, რომ გაგლოევი კირიენკოსთან ოსებისთვის ბოლოდროინდელ მნიშვნელოვან საკითხებს დააყენებდა, მათ შორის ოსური მართვის მოწმობებით რუსეთში მიმოსვლის დაშვებას, გაგლოევმა ამის ნაცვლად ცხინვალში ჩაის ჭიქები წამოიღო.

კრემლისთვის გუნბა პარტნიორია, რომელთანაც შეთანხმება იდება, ხოლო გაგლოევი ის პერსონაჟია, რომლის სერიოზულად აღქმას არც ცდილობენ. სოხუმში დამცირება წინასწარ დაგეგმილი იყო. საჩუქარი მოლაპარაკების ნაცვლად, ეს იყო მკაფიო მესიჯი: "შენ აქ ზედმეტი ხარ". გაგლოევს მისცეს არა ჩაის კომპლექტი, არამედ საბოლოო გაფრთხილება - "მოსკოვი ფსონს ლუზერებზე არ დებს, ჩაიდანი არის ის, რაც გაგლოევმა დაიმსახურა", - წერს "ბონვაერნონი". ცნობისთვის: რუსეთში 1-ლი აპრილიდან ახალი რეგულაცია ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ რუსეთში გაცემული მართვის მოწმობებითაა შესაძლებელი ავტომობილის ტარება. აფხაზეთის „ახალგაპრეზიდენტებულმა“ ბარდა გუნბამ პუტინთან შეხვედრის დროს ითხოვა, რომ აფხაზური მართვის მოწმობებითაც შესაძლებელი ყოფილიყო რუსეთში მიმოსვლა და ეს გამონაკლისი რუსეთმა 1 წლით დაუშვა. ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის მსგავსი შეღავათი არ დაწესებულა და სწორედ ამიტომ ოსები არ მალავენ წყენას, რომ მათ თავიდან მოუწევთ რიგში დგომა, მართვის გამოცდის თავიდან ჩაბარება, სამედიცინო ექსპერტიზის გავლა და გადასახადის გადახდა. გარდა ამისა, ოსებს რუსეთთან კიდევ ერთი პრობლემა აქვთ - 30 ივნისიდან რუსეთში შესვლის წესებიც იცვლება და საზღვრის გადაკვეთისას ყველა უცხოელს მოუწევს თითის ანაბეჭდის აღება და ფოტოს გადაღება, თანაც, რუსეთში გამგზავრებამდე მსურველმა განაცხადი 72 საათით ადრე უნდა წარადგინოს "სახელმწიფო სერვისების პორტალზე".

ოპოზიციურად განწყობილი ოსები თვლიან, რომ აფხაზების "მეტად დაფასება" აფხაზი "პრეზიდენტის" დამსახურებაა, მათი მეთაური კი უუნაროა. მას კრემლში უკვე მფარველიც აღარ ჰყავს და ამიტომაც ვერ აგვარებს "რესპუბლიკისთვის"“საჭირბოროტო საკითხებს, თანაც, გაგლოევით უკმაყოფილება ბოლო დროს არაერთი სხვა საკითხის გამოც არის.

ბოლო თემა, რის გამოც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მმართველი დიდი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, მისი დაცვის სამსახურისთვის ავტოპარკის განახლება და 11 ახალი ავტომობილის ყიდვა გახდა. როგორც გამოცემა "ეხო კავკაზა"“წერს, ამ ფაქტს სოციალურ ქსელებში "უსინდისო ცინიზმი"“ უწოდეს. ხალხი აღშფოთებულია, რომ „პრეზიდენტს“ მხოლოდ საკუთარი კომფორტი ადარდებს. მედიის ცნობით, გასულ წელს კადიროვის ფონდმა "რესპუბლიკას" ათი „UAZ-Patriot“ მანქანა და მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება გამოუყო და „რატომ ვერ დაკმაყოფილდა გაგლოევი იმით, რაც უკვე აქვს? -კითხულობენ სოციალური მედიის მომხმარებლები. ოსებმა გადათვალეს მანქანების ღირებულება და დაახლოებით 35 მილიონი რუბლი გამოვიდა. დაიწერა, რომ "ხელისუფლება" ამდენ ფულს ხარჯავს კომფორტისთვის მაშინ, როდესაც "რესპუბლიკაში"“საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არსებობს და ბავშვებს სოფლიდან სკოლამდე მისასვლელი გზა არა აქვთ; რესპუბლიკაში“ ხელფასები და პენსიები მუდმივად დაგვიანებულია და მედიცინა კატასტროფულ მდგომარეობაშია. "რესპუბლიკაში"“მხოლოდ ერთადერთი ტომოგრაფიაა, რომელიც თვეზე მეტია მწყობრიდანაა გამოსული, ხოლო ფლუოროგრაფის უქონლობის გამო ექიმებმა შს სამინისტროს“ თანამშრომლებს შორის ტუბერკულოზის მასობრივი აფეთქება გამოტოვეს. გარდა ამისა, თავად გაგლოევს შეახსენეს, რომ როდესაც მას გულის შეტევა დაემართა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა, ის ვერ მიიღეს რესპუბლიკურ კლინიკაში და ვლადიკავკაზში გადაყვანამ მოუწიათ.

ასეთი დარტყმის შემდეგ ნებისმიერი ნორმალური ლიდერი პირველ რიგში ჯანდაცვის რეფორმას დაიწყებდა, მაგრამ არა! საავადმყოფოების აღჭურვისა და სპეციალისტების მოზიდვის ნაცვლად გაგლოევი ათობით მილიონს ხარჯავს ძვირად ღირებულ მანქანებზე თავისი ოფიციალური ავტოკოლონისთვის. ეს არის უხეში დაცინვა", - წერენ სოციალურ ქსელებში.

ავტომობილების სკანდალამდე იყო ახალგორთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალიც. 2 წელზე მეტია ოპოზიციური ტელეგრამარხები წერდნენ ახალგორში არსებულ კორუფციულ სქემებზე, იყო მოსახლეობის საჩივრები თანამდებობის პირების თავნებობაზე, იყო გაფიცვებიც, როდესაც ხალხი ხელფასის დავალიანების ნაწილის გადახდას მაინც ითხოვდა. მათ 8 თვის ხელფასი არ ჰქონდათ მიღებული. განსაკუთრებით ბევრი პრეტენზია იყო ახალგორის რაიონულ საავადმყოფოზე, სადაც ბოლო წლებში ფაქტობრივად შეწყვიტეს მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება და მხოლოდ ვირტუალურ პაციენტებს მკურნალობენ - ანუ დოკუმენტების მიხედვით, საავადმყოფო გადატვირთულია, სასწრაფო დახმარების მანქანები ასობით გამოძახებას ემსახურებიან, მედიკამენტები და პაციენტების გამოკვების ფული იწერება, პერსონალი სამ ცვლაში მუშაობს, მაგრამ საავადმყოფო ცარიელია.

ამას თან დაერთო ისიც, რომ წლის დამდეგს მოსკოვმაც მოითხოვა გაგზავნილი ტრანშებიდან გაფლანგული თანხების დათვლა და სპეციალური ჯგუფიც გაიგზავნა ცხინვალში კორუფციული ფაქტების შესასწავლად.

მაშინ დაიწერა, რომ რუსი რევიზორები ამოწმებდნენ დე ფაქტო ჯანდაცვისა და დე ფაქტო განათლების სამინისტროებს. მაგალითად, ჯანდაცვის სფეროში გაფორმებულია 400-ზე მეტი ექიმი და 800-ზე მეტი მედპერსონალი, ბევრია ფიქციური პაციენტიც. სოფლის სკოლებში მხოლოდ ქაღალდზე არსებობენ პედაგოგები და მოსწავლეებიც და არარსებული პერსონალის ხელფასების გარდა, ამ ვირტუალური სკოლების მოვლა-პატრონობისთვისაც გამოიყოფა თანხები, რომელთაც თანამდებობის პირები ინაწილებენ. მასშტაბური კორუფციის გამო მოსკოვი უკმაყოფილებას არ მალავდა და ადგილობრივი მედიის ცნობით, სწორედ ამის გამო გაგლოევი იძულებული გახდა, აუდიტი გაეგზავნა ლენინგორში (ახალგორში). აუდიტმა ახალგორის ჩინოვნიკების კორუფციის სქემები და მასშტაბები დაადგინა. მაგალითად, ახალგორის საავადმყოფოში დასაქმებულებს ფურცელზე რეგულარულად აძლევდნენ ხელფასებს და პრემიებს. რეალურად ხელმოწერები ყალბი იყო და ფულს რამდენიმე ჩინოვნიკი ინაწილებდა. ფიქციურად გაფორმებული იყო 120 მუშაკი და ჩინოვნიკები წელიწადში 24 მილიონ რუბლს მათ სახელზე იღებდნენ. ამას ემატებოდა საწვავის ხარჯებიც. 2024 წელს საწვავის ხარჯმა ლიმიტს 400 ათას რუბლით გადააჭარბა. მსგავსი კორუფციული სქემა მუშაობდა სკოლებშიც - ვითომ გათბობის ხარჯები, ასევე მხოლოდ ქაღალდზე არსებული ფიქციური სხვადასხვა სახელოვნებო წრისა თუ კვების ხარჯები...

როგორც "ეხო კავკაზაზე"“ ოსი ჟურნალისტი წერს, "ახლა საკითხავია როგორ დასრულდება ეს ამბავი, რადგან საუბარია არა მხოლოდ იმ თანამდებობის პირების პასუხისმგებლობაზე, რომლებიც ფულს "ტეხავდნენ", არამედ პრეზიდენტის რეპუტაციაზეც".

როგორც ოპოზიციური ტელეგრამარხი "ბონვაერნონი" წერს, ალან გაგლოევმა იცის, რომ მისი საქმეები ცუდადაა, ამიტომ ცდილობს მოიპოვოს რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ხელმძღვანელობის მხარდაჭერა, თუმცა პირველი ცდა მარცხით დასრულდა. პარალელურად კი ოპოზიცია ცდილობს გაგლოევის ყველა "ცოდვა“ გააცოცხლოს", იმ იმედით, რომ ამ კომპრომატებით კრემლის ახალ კურატორთან გაგლოევის რეპუტაციას გაანადგურებს და კრემლი უკვე ოპოზიციაზე დადებს ფსონს.

„რატომ უნდა იყოს რუსეთი გაგლოევით უკმაყოფილო?“

პაატა ზაქარეიშვილი, რეინტეგრაციის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი:

- რაც ახლა ხდება, არის ოპოზიციის ბრძოლა გაგლოევის წინააღმდეგ. ოპოზიციას წარმოადგენს ყოფილი დე ფაქტო მმართველის, ანატოლი ბიბილოვის ხალხი და მათი მიზანია ყველანაირად გააშავონ გაგლოევი, რადგან 2027 წელს, როდესაც დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, გაგლოევმა ვერ შეძლოს გამარჯვება. ბიბილოვის მმართველობის დროსაც მძიმე მდგომარეობა იყო კორუფციის მხრივ და მაშინ გაგლოევის ჯგუფი ყვიროდა. ახლა როლები შეიცვალა, კორუფცია კი დარჩა. ე.წ. სამხრეთი ოსეთი ჩვეულებრივი კლანური, კრიმინალური, კორუმპირებული რუსული რეგიონია. იქ განსაკუთრებული არაფერი ხდება.

რუსეთი ამ რეგიონს ზევიდან უყურებს და ვინც გაიმარჯვებს, იმას დაუჭერს მხარს. იმდენად მორჩილები არიან ოსები, მოსკოვისთვის მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება მმართველობაში. კორუფცია კი რუსეთში ყველგანაა და რაღაც ფორმით და დოზით კორუფცია აწყობთ კიდეც კრემლში. თებერვალში მოსკოვიდან ცხინვალში კომისია ჩავიდა, გამოავლინეს ფინანსური დარღვევები, ორმაგი და სამმაგი ხელფასები, გაბერილი ხარჯები. რუსეთში ეს კარგად იციან, მთავარია, ზედმეტი არ მოინდომონ და არ დაჭამონ ამის გამო ერთმანეთი. რუსეთს რაც არ მოსწონს, ესაა აფხაზეთის სიჯიუტე, როცა აპარტამენტების, ბიჭვინთის აგარაკებისა და სხვა საკითხებს ვერ აგვარებს. ოსეთში მსგავსი არაფერი ხდება და პრეტენზიები არა აქვთ. ერთადერთი, რასაც მოსკოვიდან ითხოვენ, ისაა, რომ ოსებმა მოთოკონ კორუფციის მასშტაბები, რომ არ ატყდეს ხმაური და ეს კრემლამდე არ მივიდეს.

მას შემდეგ, რაც აფხაზეთის ე.წ. არჩევნებში ბადრა გუნბამ გაიმარჯვა, მას საშუალება მიეცა პუტინს შეხვედროდა, მაშინ შეუთანხმდა აფხაზური მართვის მოწმობების დაშვებაზე, გაგლოევი კი დიდი ხანია პუტინს არ შეხვედრია, ამიტომაც ვერ დასვა ეს საკითხი. ამას ამადლის ახლა ოპოზიცია, დოყლაპია ხარო. რატომ უნდა იყოს რუსეთი გაგლოევით უკმაყოფილო? ოსეთი რუსეთის მორჩილი იყო ადრეც და არის ახლაც. კორუფცია კი ყოველთვის იყო, ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ჯარებიც კი ჩაფლული არიან კორუფციაში, საწვავის კორუფცია იქნება თუ სიგარეტის. მოსკოვში ეს არ ადარდებთ. რუსები მთლიანად ფლობენ და აკონტროლებენ სიტუაციას ცხინვალში. გაიმარჯვებს შემდეგ ე.წ. არჩევნებზე ბიბილოვი? მოსკოვში იტყვიან, გაუმარჯოს ბიბილოვსო. დარჩება გაგლოევი? მიესალმებიან მასაც. ანტირუსული პროცესები ცხინვალში არ იქნება. მხოლოდ შიდაპოლიტიკური თუ კლანური დაპირისპირებებია. ყველაზე ბოლო სკანდალი, რაც ცხინვალში მოხდა, იყო დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნების გაყალბება, როდესაც იქაური ხმებით ბიბილოვის გუნდი იგებდა და გაგლოევმა ვლადიკავკაზელების ხმებით მოიპოვა ხმები. გაყალბება ცხინვალში ვერ გაბედა და ახალგორში ჩაწერა ვლადიკავკაზელები. რუსეთს ეს შიდა ამბები საერთოდ არ აინტერესებს - იმას დაუჭერენ მხარს, ვინც შიდა დაპირისპირებაში გაიმარჯვებს.

ეკატერინე ბასილაია