სტამბოლის ქართული სავანე - კვირის პალიტრა

სტამბოლის ქართული სავანე

სტამბოლში ქართველ კათოლიკეთა სავანე 1861 წელს ქართველმა კათოლიკე მღვდელმა, მამა პეტრე ხარისჭირაშვილმა დააარსა და მალე არა მხოლოდ რელიგიურ, არამედ საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეის ცენტრად იქცა და დღემდე მნიშვნელოვანი კერაა. აქ უამრავმა მესხმა ახალგაზრდამ მიიღო კარგი განათლება და შემდეგ აქტიურად ჩაერთო საერო თუ სასულიერო საქმიანობაში. 1961 წლის შემდეგ სტამბოლის ქართველთა სავანესა და ტაძარში, რომელიც ლურდის ღვთისმშობლის სახელობისაა, ქართველი მღვდლები აღარ წირავდნენ. ამჟამად სავანე­ თურქეთის კათოლიკური ეკლესიის დაქვემდებარებაშია და წირვებიც თურქულ ენაზე აღევლინება. თუმცა ყოველ წელს, 11 თებერვალს, ლურდის ღვთისმშობლის მოხსენიების დღეს, საქართველოდან კათოლიკე მღვდლები და მრევლი სტუმრობენ სავანეს და სადღესასწაულო წირვას ქართულ ენაზე აღავლენენ. სტამბოლის ქართული კათოლიკური მონასტერი თავისი არქივით, ბიბლიოთეკითა და უნიკალური ბიბლიოგრაფიული ერთეულებით საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებულ ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო კერათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. წლების განმავლობაში ქართულ სავანეში მუშაობდნენ და დღემდე მუშაობენ ქართველი ისტორიკოსები და მეცნიერები ქალბატონ შუშანა ფუტკარაძის თაოსნობით. რამდენიმე დღის წინ კი სტამბოლის ქართული სავანიდან დაბრუნდა ექსპედიციის ჯგუფი. ჩვენი სტუმარია ისტორიკოსი როინ მალაყმაძე:

screenshot-20250410-095301-yahoo-mail-1744567391.jpg

- სტამბოლის ქართული სავანე უცხოეთში მოქმედი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქართული კულტურის კერაა. იქ ინახება 80 ათასზე მეტი წიგნი და საარქივო მასალა, შესრულებული 17 ენაზე; ინახება ქართულ სავანესთან არსებულ სტამბაში დაბეჭდილი წიგნადი ფონდიც. იბეჭდებოდა როგორც ქართული, ისე უცხოური ლიტერატურა. საარქივო დოკუმენტები მოიცავს არა მარტო პოლიტიკური მოღვაწეების, არამედ წმინდა სასულიერო პირების წერილებსაც. აქ მოღვაწეობდნენ პეტრე ხარისჭირაშვილი, ანდრია წინამძღვრიშვილი, შალვა ვარდიძე, პავლე ანდღულაძე. ბიზნესმენ პავლე ზაზაძის დიდი მამულიშვილური ღვაწლის დამსახურებაა, რომ სავანეს არსებობა არ შეუწყვეტია. ქართველ კათოლიკეთა სავანეში ბოლოს ქართველი რამდენიმე წლის წინ მოინათლა, თუმცა ნათლობა თურქულ ენაზე აღევლინა - ეს ქართველი ლუკა ზაზაძე იყო, სავანის გადამრჩენელი ოჯახის, პავლე ზაზაძის შვილთაშვილი, სიმონ ზაზაძის შვილიშვილი და პოლ ზაზაძის ვაჟი. დღეს თუ სავანის ტერიტორიაზე შენარჩუნებულია ტაძარი, ქართული ხელნაწერები და ჯერ კიდევ გამოუკვლეველი დოკუმენტები, სწორედ ზაზაძეების ოჯახის დამსახურებაა. ეს ოჯახი საქართველოდან სავანეში ჩასულ სტუმრებს ყოველწლიურად მასპინძლობს და ბიბლიოთეკას ათვალიერებინებს.

screenshot-20250410-095237-yahoo-mail-1744567391.jpg

როდესაც ეს მხარე თურქეთმა დაიპყრო, გამაჰმადიანებაზე უარისმთქმელმა ქართველობამ კათოლიკობა მიიღო. შემდეგ ქართველი კათოლიკეები მესხეთში ჩამოსახლებულმა სომხობამ შეავიწროვა, რაც იმხელა პრობლემა გახდა, რომ ევროპიდან მესხეთში დაბრუნებული სწავლული პეტრე ხარისჭირაშვილი იძულებული გახდა, თურქეთში გადასულიყო და იქიდან ებრძოლა ქართველთა გასომხების წინააღმდეგ. ის მიიჩნევდა, რომ ჩვენი ერის ხსნა მხოლოდ განათლებაში­ იყო. ამიტომაც­ დააარსა სტამბოლის შიშლის­ რაიონში 1861 წელს კათოლიკური­ ეკლ­ესია, მასთან­ ერთად კი კათოლიკე ქარ­თველ დედათა და მამათა­ მონასტრები,­ ქართულ-ფრანგული და ქართულ-ბერძნული­ ქალთა და ვაჟთა ლიცეუმები, სადაც ქართველი ბავშვები ჩაჰყავდა განათლების მისაღებად. ლიცეუმებში სწავლობდნენ პეტრესგან ტყვეთა­ ბაზარზე გამოსყიდული ქართველი გოგო-ბიჭებიც. დროთა განმავლობაში სტამბოლის სავანე, რელიგიური კუთვნილების­ მიუხედავად, სულიერი­ თავ­შესაფარი გახდა სამშობლოდან ლტოლვილი ქართველე­ბისთვის. მონასტრის გარშემო მხოლოდ 10 000 კათოლიკე ქართველი­ ცხოვრობდა. 1914 წელს ქართულ სავანეში დაარსდა საქართველოს ხსნის კომიტეტიც...

- როგორ დაიწყო ამ სავანის ისტორიაზე მუშაობა?

- კვლევა დიდმა ქართველმა მეცნიერმა, ქალბატონმა შუშანა ფუტკარაძემ დაიწყო. 1989 წელს ის ზაზაძეების ოჯახის დახმარებით გაეცნო იმ დიდ საგანძურს, რომელიც განთავსებული იყო წმინდა მარიამ­ ღვთისმშობლის სახელობის სტამბოლის ქართულ კათოლიკეთა­ ეკლესია-მონასტერთან არსებულ ბიბლიოთეკაში. ეს ბიბლიოთეკა 1908 წლიდან აკაკი წერეთლის სახელს ატარებს. ბიბლიოთეკაში არსებული ლიტერატურის გაცნობის­ შემდგომ დაიწყო სამეცნიერო ექსპედიციები, ბიბლიოთეკის აღწერა თავად ქალბატონ შუშანა ფუტკარაძის თაოსნობით მიმდინარეობდა. ჩვენ ამ საქმეში 2013 წლიდან ჩავერთეთ. ჯგუფში იყვნენ ელზა ფუტკარაძე, ნაირა ჩელებაძე, თამილა ლომთათიძე, შორენა ფუტკარაძე. სწორედ ამ სამეცნიერო გუნდმა მოახერხა, რომ გამოიცა სამტომეული "წერილები სტამბოლის ქართული სავანიდან". სტამბოლის ქართველთა სავანე აუცილებლად უნდა იქცეს ოფიციალურ დაწესებულებად, რომელსაც თურქეთის სახელმწიფო მოუვლის და ქართველ მეცნიერებს მუშაობის უფლებას მისცემს.

screenshot-20250410-095149-yahoo-mail-1744567391.jpg

- როგორც მითხარით, იქ დაცულია ათონელი ბერების ხელნაწერებიც, რომელიც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი განძია.

- განსაკუთრებით გამოვყოფდი საარქივო მასალებში დაცულ უნიკალურ ინფო­რმაციას ათონის მთის შესახებ. 1919 წლის თებერვალში, მკაცრ ზამთარში­, ქართველი ბერმონაზვნები ბერძნული სავანეებიდან ანუ ათონის მთიდან გამოყარეს. სამი ბერმონაზონი იონას ფანცულაიას მეთაურობით სტამბოლში ჩავიდა მსოფლიო პატრიარქთან საჩივლელად, ხოლო ღამის გასათევად სტამბოლის ქართულ სავანეში მივიდნენ. მათ მიერ ათონის მთიდან ჩამოტანილი საარქივო მასალები, მოხსენებითი ბარათები და სხვა ისტორიული წყაროები დღემდე იქ ინახება. 1920 წელს იონას ფანცულაიას ქართველ ბერებთან ერთად მოუხდა ათონიდან სამშობლოში დაბრუნება. ცნობილია,­ რომ მღვდელ-მონაზონმა იონასმა ქართველებისგან დაცარიელებული ათონის ივერთა მონასტრიდან საქართველოში ჩამოიტანა რამდენიმე ქართული ხელნაწერი. გამოქვეყნებულია მისი მიმოწერა მოსე ჯანაშვილთან. ამ ხელნაწერებში ლაპარაკია ათონის მონასტრის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. ხელნაწერები შესრულებულია ბერძნულ და ქართულ ენებზე. მნიშვნელოვანია ასევე ქართული ხელნაწერები. კერძოდ, დაცულია მღვდელმთავარ იონას ფანცულაიას ერთ-ერთი წერილი, რომელიც დათარიღებულია 1919 წლით. წერილის ადრესატია მამა მელეტი. მას მღვდელმონაზონი ილია აცნობებს იმ უბედურებას, რაც თებერვალში დაატყდა თავს, აღწერილია ქართველი სასულიერო პირების ყოველდღიური მძიმე ყოფა. დეტალურად აღწერს ბერძენი ბერების ბარბაროსულ დამოკიდებულებას, როგორ მივიდნენ პორტში თხოვნით, რომ ივერთა მონასტერში დარჩენის ვადა გაეხანგრძლივებინათ. ივერიონის მონასტრის ბერები ძალ-ღონეს არ იშურებდნენ ქართული კერის შესანარჩუნებლად, მაგრამ ყოველგვარი ცდა უშედეგოდ დამთავრდა. შემდეგ ვიგებთ, როგორ დასახლდნენ ბერძენი ბერები ქართული კულტურის სავანეში 1919 წლის მარტის დამდეგს.

- ამ ბერთა ხელნაწერები ახლა სტამბო­ლის ქართულ სავანეში ინახება, რამდენად შესაძლებელია ჩვენთვის იქ ჩასვლა და ტაძრის მოლოცვა?

- ტაძრის ნახვა და მოლოცვა ყველა ქართველს შეუძლია, თუმცა არსებობს სპეციალური რეჟიმი - დღის პირველ ნახევრამდე, 2 საათამდე, ტაძარი ღიაა და ყველას შეუძლია მოილოცოს. რაც შეეხება ბიბლიოთეკას და სავანეს, იქ დღესაც მიმდინარეობს არქივის შესწავლა, მისი დიგიტალიზაცია-კატალოგიზაცია, მაგრამ თუ სპეციალური შეთანხმება არ იქნება,­ იქ შესვლა შეუძლებელია.

აქვე მინდა გით­ხარათ, რომ არა თურქული სახელმწიფოს კეთილი ნება, რა თქმა უნდა, თურქეთში არც ეკლესია-მონასტერი იქნებოდა მოქმედი და ვერც ასეთი უნიკალური ქართული საგანძური გადარჩებოდა. ძალიან ემოციურია მომენტი, როდესაც შედიხარ ტაძარში და ქართულენოვანი წარწერები, სავანის დამფუძნებლებისა და ტაძრის წინამძღვრების გვარ-სახელები გვხდება. სტამბოლის ქართულ სავანეში იმდენად დიდი მასალა ინახება, რომ ამას ერთი სტატიით ვერ ამოვწურავთ. იმედია, უახლოეს მომავალში ისევ გავაგრძელებთ იქ მუშაობას და ახალ მარგალიტებს აღმოვაჩენთ საქართველოსა და ქართველების შესახებ.

რუსუდან შაიშმელაშვილი