ტრამპის სამშვიდობო გეგმა ჩაფლავდა?! - ომი, სავარაუდოდ, უფრო გაძლიერდება და სისხლისმღვრელი გახდება
მოახლოვდა 20 აპრილი, აღდგომის დიდი დღესასწაული, და მალე 29 აპრილიც დადგება - ტრამპის პრეზიდენტობის 100 დღე, მაგრამ მიუხედავად დიდი მცდელობებისა, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი ვერ ასწრებს რუსეთ-უკრაინის ომის არათუ სრულ შეწყვეტას, არამედ მის დროებით შეჩერებასაც...
ეს ძალზე სამწუხაროა, მაგრამ სავსებით მოსალოდნელი, რადგან ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის გათვლები და იმედი თავიდანვე არარეალური იყო, რაც განაპირობა არაკომპეტენტურობამ რუსეთ-უკრაინის სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირების საკითხში ან პრეზიდენტ ტრამპს რატომღაც სჯეროდა, რომ დიდი პოლიტიკური ზეწოლით ზელენსკისა და პუტინსაც აიძულებდა სასწრაფოდ ზავი დაედოთ.
ეს არ მოხდა და უახლოეს მომავალშიც ვერ მოხდება, რადგან დაპირისპირებული მხარეების მიზნები და მოთხოვნები ძირფესვიანად ეწინააღმდეგება ერთმანეთს - მოსკოვს ომის ამ ეტაპზე სურს კიევმა უპირობოდ "გადაუმტკიცოს" ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები (მათი დაუპყრობელი ნაწილებიც კი), მაშინ როდესაც კიევი ქვეყნის სრული ტერიტორიული აღდგენის იმედს არ კარგავს.
ასეთ დროს ძალიან ძნელია მოლაპარაკება, მით უმეტეს, რუსეთი აგრძელებს უკრაინული ქალაქების დაუნდობლად დაბომბვას ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით და არც უკრაინა რჩება ვალში კამიკაძე-დრონებით რუსულ ენერგოობიექტებზე გახშირებული თავდასხმებით.
ერთგვარი მინისკანდალი გამოიწვია აშშ-ის პრეზიდენტის უკრაინაში სპეციალური წარმომადგენლის, გენერალ კიტ კელოგის მიერ ბრიტანული გამოცემა თჰე თიმეს-ისთვის მიცემულმა ინტერვიუმ, რომელშიც ამერიკელი გენერალი თითქოს ამბობს, რომ ევროპელი "ცისფერჩაფხუტიანები" უნდა განთავსდნენ მდინარე დნეპრის დასავლეთით, აღმოსავლეთით დარჩებიან რუსები და უკრაინა "გაიყოფა" ისე, როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბერლინი, როდესაც ყოფილი მესამე რაიხის დედაქალაქი საბჭოთა, ამერიკულ, ბრიტანულ და ფრანგულ საოკუპაციო ზონებად დაიყო.

გასაგებია, ამერიკელი სპეცწარმომადგენლის ასეთი მოსაზრება კიევში რა უარყოფით რეაქციას გამოიწვევდა და გენერალმა კელოგმაც არ დაახანა - ბრიტანულმა გამოცემამ დაამახინჯა ჩემი აზრი. მე ვსაუბრობდი ისეთ გეგმაზე, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე განთავსდებოდა ევროპული სამშვიდობო ძალები, დნეპრის მარცხენა სანაპიროს აღმოსავლეთით ფრონტის ხაზამდე გააკონტროლებდა ისევ უკრაინის არმია, ხოლო ფრონტის ხაზიდან ორივე მხარეს შეიქმნება 15-15 კმ-იანი (საერთო ჯამში 30 კმ-იანი) ბუფერული ზონა დაპირისპირებული მხარეების დასაშორებლად, ფრონტის ხაზის აღმოსავლეთით კი ისევ რუსეთის საოკუპაციო ძალები დარჩებოდნენო.
ამერიკელი გენერლის ეს სამშვიდობო გეგმა მეტ-ნაკლებად ასახავს იმ რეალობას, რაც დღეს რუსეთ-უკრაინის სამწლიანი ომის შედეგადაა შექმნილი:
პირველი - უკრაინას არც დასავლეთის დახმარებით და მით უმეტეს, არც მარტო არ ძალუძს გააძევოს პუტინის არმია უკვე ოკუპირებული უკრაინული მიწებიდან;
მეორე - ამ ეტაპზე კიევის მთავარი ამოცანაა აგრესორ რუსეთს არ მისცეს უკრაინის ახალი ტერიტორიების ოკუპაციის საშუალება;
მესამე - თუკი ევროპელი "მშვიდობისმყოფლები" მართლაც განთავსდებოდნენ მდინარე დნეპრის დასავლეთით და იქიდან "გამოათავისუფლებდნენ" უკრაინელ მებრძოლებს, უკრაინული არმიის კონცენტრირება გაიზრდებოდა მდინარე დნეპრის აღმოსავლეთით, ეს კი გააძლიერებდა უკრაინის თავდაცვით შესაძლებლობებს.

მაგრამ ეს ყველაფერი ძალზე ძნელად მისაღწევია რამდენიმე მიზეზის გამო:
პირველი - ევროპის ქვეყნებს შორის ჯერ კიდევ არ არის ერთიანობა იმ საკითხზე, თუ ნატოსა და ევროკავშირის რომელი ქვეყანა რა სამხედრო ძალებსა და ფინანსებს გამოყოფს უკრაინაში სამშვიდობო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში;
მეორე - რუსეთი ევროპელი "მშვიდობისმყოფლების" უკრაინაში განთავსების კატეგორიული წინააღმდეგია. ამას უკრაინის ნატოში გაწევრების შესაძლებლობასთან აიგივებს;
მესამე - ევროპელი პოლიტიკოსი ლიდერები ახლავე აცხადებენ, რომ ამერიკული ლოგისტიკური და სადაზვერვო მხარდაჭერის გარეშე მათ გაუჭირდებათ უკრაინაში სამშვიდობო მისიის წამოწყება, რაზეც ვაშინგტონიდან არაორაზროვნად პასუხობენ, ამერიკული დახმარების იმედი არ გქონდეთო.
ყოველივე ეს ძალზე სათუოს ხდის უკრაინის ომში დროებითი ზავის დადებასაც კი უახლოეს მომავალში, პირიქით, ეტყობა, რუსეთ-უკრაინის ომი მალე უფრო გაძლიერდება და მეტად სისხლისმღვრელი გახდება.
ამის თქმის საშუალებას იძლევა აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის პოზიცია და უკრაინისთვის წაყენებული კატეგორიული მოთხოვნები.
ტრამპის გუნდი კვლავ ჯიუტად მოითხოვს უკრაინისგან იმ ამერიკული სამხედრო დახმარების კომპენსირებას, რაც 2022 წლიდან გადაეცა უკრაინის არმიას, თანაც 4%-იანი ყოველწლიური დანამატით, მიუხედავად იმისა, რომ როდესაც პრეზიდენტი ბაიდენი ამ დახმარებას უგზავნიდა კიევს, ამერიკულ მხარეს არ განუცხადებია, რომ ეს სესხი გახლდათ და ის უკრაინას უკან უნდა დაებრუნებინა.
ამას ემატება ტრამპის გუნდის ახალი მოთხოვნა, უკრაინის ტერიტორიაზე ევროპისკენ გამავალი რუსული "გაზპრომის" გაზსადენის ამერიკული საფინანსო კორპორაციისთვის გადაცემა და ძალაში რჩება უკრაინულ სასარგებლო წიაღისეულზე სრული ამერიკული კონტროლის დაწესება.
რჩება შთაბეჭდილება, რომ თუკი პუტინი ტანკებითა და რაკეტებით უტევს და იპყრობს უკრაინას, ტრამპს იმავეს გაკეთება ეკონომიკური ხერხებით სურს.
ყოველივე ამის შემხედვარე პუტინს, ბუნებრივია, უჩნდება განცდა, რომ ტრამპი საბოლოოდ აპირებს უკრაინის "მიტოვებას" და მისთვის სამხედრო დახმარების შემცირება-შეწყვეტას. ამიტომაც კრემლში კვლავ წამოტივტივდება გრანდიოზული გეგმები უკრაინის არა მარტო ოთხი ოლქის "გადაფორმების", არამედ მთელი უკრაინის სრული ოკუპაციის შესახებ, რაც კიდევაც იყო მოსკოვის ჩანაფიქრში, პუტინს 2022 წლის გაზაფხულზე უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ ბლიცკრიგის გეგმა რომ არ ჩაშლოდა.
ამიტომაცაა, რომ პუტინი ისევ აჭიკჭიკდა ოდესის, "ისტორიულად რუსული ქალაქის" დაპყრობაზე, რაც მისმა ნაქებმა მედესანტეებმა სამი წლის წინ ვერ შეძლეს. რაც უფრო მეტ დათმობაზე წავლენ ამერიკა და ევროპა, მით უფრო მეტს მოინდომებს რუსეთი და არა მარტო უკრაინაში.
რაც შეეხება პრეზიდენტ ტრამპს, დღეს მისთვის ბევრად მნიშვნელოვანია ირანისა და ჩინეთის საკითხები, ვიდრე უკრაინა, და ამიტომაც სურს მისი ჩაფარცხვა, მიუხედავად იმისა, რა კატასტროფად შეიძლება დაუჯდეს კიევს ტრამპის სურვილი ომის დროებით შეჩერებაზე მაინც, რისთვისაც შეიძლება ტრამპი პუტინთან ძალიან ბევრ დათმობაზეც კი წავიდეს - ტყუილად როდი ურჩევს ტრამპს მისი სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, რომელიც პუტინს რამდენჯერმე შეხვდა და მისით თურმე "მოიხიბლა", რომ თეთრმა სახლმა გაითვალისწინოს კრემლის მოთხოვნა და უკრაინის ოთხი ოლქის: ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის მოსკოვისთვის "გადაცემაზე" დათანხმდეს.
რუსეთ-უკრაინის ომში დროებითი ზავის მიღწევის შემთხვევაშიც კი ტრამპი ამას მსოფლიოს თავის უდიდეს პოლიტიკურ გამარჯვებად გააცნობდა და მთლიანად გადაერთვებოდა ჩინეთთან დაწყებულ დიდ სავაჭრო ომში. ამასთან, ისრაელს უდიდეს დახმარებას აღმოუჩენდა ირანის ბირთვული პროგრამის სამხედრო გზით შეფერხების საქმეში.