რა იქნება პუტინის შემდეგ - დიდი მშვიდობა, პუტინზე უარესის აღზევება თუ არეულობა რუსეთში?!
რუსეთი მშვიდობისმოყვარე ქვეყანა რომ ყოფილიყო, თავისი რესურსების სოციალურ-ეკონომიკური მიზნებით მიმართვას რომ ცდილობდეს და მეზობლებთან ომით არ იყოს დაკავებული, ერთ-ერთი უმდიდრესი და განვითარებული ქვეყანა იქნებოდა. მისი მეზობლებიც შეეცდებოდნენ ასეთ ქვეყანასთან უფრო მჭიდრო ურთიერთობას და რაც მთავარია, მსოფლიოში მშვიდობა იქნებოდა. დღეს რა არის და რას სჩადის მოსკოვი, ამაზე არ შევჩერდებით. ვიტყვით მხოლოდ იმას, რომ ზოგიერთს (მის სამეზობლოს ვგულისხმობთ) გამოსავლად პუტინის საიქიოში წასვლა მიაჩნია, ზოგი უკვე ათწლეულებია რაღაც მითურ რევოლუციას ელოდება რუსეთში. საინტერესოა, აქვს თუ არა ამ მოლოდინებს რაციონალური მარცვალი და მართლაც არის თუ არა შანსი, რომ ისეთი მოვლენები განვითარდეს, რომ ჩვენც დავისვენოთ და რუსებმაც?!
ელცინიდან პუტინამდე ანუ როგორ განადგურდა დემოკრატიის ჩანასახი
სსრკ-ის დაშლის შემდეგ თითქმის მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში (ბალტიისპირეთის გამოკლებით) დაიწყო დაახლოებით ერთნაირი პროცესები - ქაოსი, კრიმინალის აღზევება, ომები, ქონების დატაცება და ა.შ. რა თქმა უნდა, არც რუსეთი იყო გამონაკლისი. შეგახსენებთ, რომ ამ ქვეყანამ ჩეჩნეთის პირველი ომი სამარცხვინოდ წააგო, ჩეჩნებმა გროზნო გაათავისუფლეს და მოსკოვს ხელიც მოაწერინეს ჯარების გაყვანის ხელშეკრულებაზე.
პარალელურად, რუსეთში დაიწყო სეპარატისტული მოძრაობა, რასაც თავის დროზე ვრცელი სტატიაც მივუძღვენით. აყვავდა კრიმინალი და ბიზნესმენებს ქუჩებში ბუზებივით ხოცავდნენ. იყო ეკონომიკური სიდუხჭირეც, სუპერკორუფცია და მსოფლიოში უმაგალითო აფერებიც. თუმცა პარალელურად იყო რუსეთის ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედია (მთლად თავისუფალს ვერ ვიტყვით, რადგან თითოეული მედიასაშუალება ემსახურებოდა იმ ოლიგარქს, რომელიც ასპონსორებდა. თუმცა ესეც დიდი საქმე იყო). წარმოიდგინეთ, რუსეთის ერთ-ერთ ცენტრალურ არხზე გადიოდა გადაცემა "თოჯინები", რომელშიც რუსეთის პოლიტელიტას ამასხარავებდნენ - დაწყებული პრეზიდენტით და დამთავრებული ოპოზიციის წარმომადგენლებით. რუსეთის სახელმწიფო დუმაში წარმოდგენილი იყო რეალური ოპოზიცია, მათ შორის პროდასავლური პარტიები.
იყო თუ არა დემოკრატი რუსეთის პირველი პრეზიდენტი ბორის ელცინი? ყოველ შემთხვევაში, ცდილობდა ედემოკრატა. თუმცა ამას ელცინისთვის ხელი არ შეუშლია, რომ ტანკებიდან ცეცხლი გაეხსნა რუსეთის პარლამენტის შენობისთვის, სადაც მისი მოწინააღმდეგეები იყვნენ გამაგრებული. 1993 წლის ოქტომბერში რუსეთი რეალურად გადაურჩა სამოქალაქო ომს - ისე, ეს რომ მომხდარიყო შესაძლოა პლანეტის ბედის ჩარხი ცოტა სხვანაირად დატრიალებულიყო. დემოკრატობას ელცინის რუსეთისთვის ხელი არ შეუშლია, რომ ჰიბრიდული ომი გაემართა საქართველოსთან. დიახ, აფხაზეთის ომი რეალურად იყო საქართველო-რუსეთის პირველი ომი, რადგან ქართველების წინააღმდეგ მოსკოვი არა მხოლოდ აიარაღებდა სეპარატისტებს თუ ათასი ჯურის ჩრდილოკავკასიელებს, არამედ ომში უშუალოდ იყვნენ ჩართული რუსული სამხედრო ნაწილებიც. სხვა საქმეა, რომ ქართველებმა ისევ რუსის ჯარს მივეცით სამშვიდობო სტატუსი ცხინვალსა თუ აფხაზეთში და ჩვენს თავზე დავიკიდეთ ნელი მოქმედების ნაღმი, რომელიც 2008 წლის აგვისტოში აფეთქდა.
თუმცა, ასეა თუ ისე, დასავლეთში იმედოვნებდნენ, რომ გაჩნდა შანსი, რუსეთის სახით მიეღოთ ცივილიზებული და მშვიდობისმოყვარე სახელმწიფო და ეკონომიკური პრობლემებიც მოგვარდებოდა. აქვე უნდა ითქვას, რომ სერიოზულ პრობლემებს ქმნიდა ელცინის ლოთობა. 1996 წლის შემდეგ ყველამ ჩათვალა, რომ რუსეთიც და კაცობრიობაც მთავარ საფრთხეს გადაურჩა.
რა მოხდა 1996 წელს? კრიზისმა და კრიმინალმა ის გამოიწვია, რომ მოსახლეობის ღარიბ ფენებში გაძლიერდა საბჭოთა კავშირის ნოსტალგია. შესაბამისად, გაიზარდა კომუნისტური პარტიის პოპულარობაც. 1996 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ელცინის, რომელიც ლოთობისგან ცოცხალ-მკვდარი იყო, მთავარი კონკურენტი იყო კომპარტიის ლიდერი გენადი ზიუგანოვი. ყველანაირი კვლევით, ზიუგანოვი უპირობოდ იგებდა საპრეზიდენტო არჩევნებს. შესაბამისად, საქმეში ჩაერთვნენ დასავლეთის საუკეთესო სპეციალისტები, ყველა მსხვილი ბიზნესმენი და შესაბამისად, უზარმაზარი ფული. დღეს იმ ამბების მონაწილეები იხსენებენ, რომ რეალურად ზიუგანოვს ის არჩევნები მოჰპარეს. ამბობენ, რომ რადიკალური სცენარიც განიხილებოდა - მაგალითად, სამხედრო ძალის გამოყენება. ზიუგანოვი კი ლენინი არ იყო, რომ რევოლუციის პროვოცირება მოეხდინა.
მოკლედ, ასე იყო თუ ისე, დასავლეთმა ჩათვალა, რომ მთავარმა საფრთხემ გადაიარა და კომუნისტების ხელისუფლებაში მობრუნება და სსრკ-ის აღდგენის მცდელობა გამოირიცხა. თურმე ჯერ სად ხარ... სადღაც 1998 წლის შემდეგ ელცინი ისე იყო დაუძლურებული, რომ ქვეყანას ვერ მართავდა. მაშინდელი მთელი რუსული მედია მკითხაობდა, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო "მემკვიდრე". უკვე ამ გადასახედიდან ათეულობით ინტერვიუს ანალიზის შემდეგ, უკვე შეიძლება თქმა, რომ ელცინის ოჯახმა და მასთან დაახლოებულმა ოლიგარქებმა პუტინი მემკვიდრედ პირველ რიგში იმის გამო შეარჩიეს, რომ კონტროლირებად ფიგურად მიიჩნევდნენ. თუმცა ის ვერ გათვალეს, რომ არჩეულ პრეზიდენტს ექნებოდა რეალური სახელისუფლებო ბერკეტები და მისი გაკონტროლება შეუძლებელი იქნებოდა. იმ ოლიგარქთა დიდი ნაწილი, რომელთაც 2000 წელს პუტინის ხელისუფლებაში მოსვლას ხელი შეუწყვეს, დღეს ცოცხალი აღარ არის.
პუტინის პირველი განცხადებები ისეთი იყო, რომ იფიქრებდი, არიქა, რუსეთის პრეზიდენტი ნაღდი პროდასავლური ფიგურა გახდაო. ბი-ბი-სისთვის მიცემულ პირველ ინტერვიუში მან განაცხადა: "ჩემი ქვეყანა ვერ წარმომიდგენია ევროპისგან იზოლირებულად". თუმცა მთავარი სენსაცია წინ იყო. კითხვაზე, შეიძლება თუ არა რუსეთი ნატოს წევრი გახდეს, პუტინმა უპასუხა: "რატომაც არა? არ გამოვრიცხავ ამ შესაძლებლობას, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ინტერესებს ანგარიშს გაუწევენ".
ამასობაში მსოფლიო ბაზარზე ნავთობი გაძვირდა და რუსეთს ფულიც გაუჩნდა. პუტინმა პირველ რიგში სამი რამ გააკეთა: რამდენიმე წლით გუბერნატორების არჩევნები გააუქმა, რათა მას ხელი არ შეეშალა მკაცრი სახელისუფლებო ვერტიკალის ჩამოყალიბებაში; მეორე - მოიშორა ყველა ის ფიგურა, რომელთაც შეეძლოთ მისი ძალაუფლებისთვის ხელის შეშლა, ბერეზოვსკით დაწყებული და ხოდორკოვსკით დამთავრებული; და მესამე - დამოუკიდებელ მედიაზე დაიწყო შეტევა და გაანადგურა კიდეც. ყველა ფედერალური არხი დაექვემდებარა პროპაგანდას, რომელსაც ორი მთავარი მესიჯი ჰქონდა - პუტინი არის ეროვნული ლიდერი და უზრუნველყოფს, რომ რუსეთი დაჩოქილი აღარ იყოს. პატარ-პატარა დამოუკიდებელი და ვითომ დამოუკიდებელი მედიასაშუალებები იყვნენ, თუმცა მათზე წნეხი ძლიერდებოდა და 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ საერთოდ გააქრეს.
პუტინის შემდეგი ნაბიჯი იყო შეტევა პოლიტიკურ ოპოზიციაზე. ამაში გადამწყვეტ როლს ასრულებდა სპეცსამსახურებისა და მედიის ურთიერთქმედება - „არსენალი“ ასეთი იყო: დისკრედიტაცია, ფარული ვიდეოკადრები, დაშინება, დივერსანტებად წარმოჩენა. რუსული უხერხემლო ოპოზიცია პუტინმა სწრაფად გაანადგურა. განსაკუთრებით დაუმორჩილებლები და აქტიურები კი, უბრალოდ, დახოცეს - მაგალითად, ნავალნი და ნემცოვი. საბოლოოდ დღეს რუსეთის პოლიტიკური სცენა ასეთია: არის ოთხი ძირითადი პარტია - "ედინაია როსია" (მედვედევის თავმჯდომარეობით), კომუნისტური პარტია, "სპრავედლივაია როსია" და "ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია". კამათობენ წვრილმანებზე, სამაგიეროდ, ოთხივეს აერთიანებს ერთი რამ - პუტინი ყველაზე მაგარია დედამიწაზე და უკრაინა უნდა განადგურდეს. მოკლედ, პუტინმა რუსეთის ისეთ მარწუხებში მოქცევა, როგორშიც დღეს არის, რამდენიმე ეტაპად შეძლო. რაც მთავარია, მიხვდა, რომ მთავარია პროპაგანდა - ქვეყანას მართავს ტელევიზორი, ოღონდ ყველა ტელევიზორი ერთსა და იმავეს უნდა გადმოსცემდეს.
კიდევ ერთი ნიუანსი - პუტინი შესაძლოა პუტინად არ ჩამოყალიბებულიყო, რომ არა დასავლეთი. კრემლის ბინადარი ჰგავს მოძალადეს, რომელსაც ერთი თუ დაუთმე, შემდეგ თავზე დაგაჯდება და მუდმივ ჩაგვრაში ეყოლები. პირველი გამოცდა იყო 2008 წლის აგვისტოს ომი - პუტინს შერჩა, რადგან აღშფოთება-შეშფოთების იქით საქმე არ წასულა. მეტიც, აშშ-მა მასთან გადატვირთვაც კი დაიწყო. მეორე გამოცდა იყო ყირიმის ანექსია - პუტინს ესეც შერჩა.
მეტიც, რუსეთში ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა. შესაბამისად, 2022 წლის 24 თებერვალს კრემლის ბინადარი დარწმუნებული იყო, რომ უკრაინაზე თავდასხმაც შერჩებოდა და შეიძლება ასეც ყოფილიყო, პუტინს კიევი რომ აეღო და რამდენიმე დღეში დაესრულებინა ყველაფერი.
როდის „წავა“ პუტინი?!
პუტინი 2036 წლამდე აპირებს პრეზიდენტობას და შეიძლება შეძლოს კიდეც. თუმცა, განიხილავენ იმ ვერსიასაც, პუტინს უახლოეს წლებში რამე რომ დაემართოს, მოვა თუ არა ისეთი ფიგურა რუსეთის ხელისუფლებაში, რომელიც დასავლეთთანაც დაალაგებს ურთიერთობას და მეზობლებთანაც.
უცხოელი ექსპერტების იმედი ფუჭი გამოდგა, რომ დასავლური სანქციებით შეშინებული პუტინის გარემოცვა კრემლში შიდაგადატრიალებას მოაწყობდა. რუსეთის ხელისუფლებაში კონტროლის მექანიზმები ისეა მოწყობილი, რომ ამის გაფიქრებასაც ვერ გაბედავენ. ასევე, ფუჭი გამოდგა იმედი, რომ უკრაინის ფრონტზე ჯარისკაცების მასობრივი დაღუპვის გამო რუსეთის მოსახლეობა ქუჩებში ფიწლებით გამოვარდებოდა. ისე მუშაობს პროპაგანდა და ისეთი შიშია გამეფებული, რომ სამზარეულოებში ჩურჩულისაც კი ეშინიათ. რუსეთში სახელისუფლებო ვერტიკალი ისეა აწყობილი, რომ ფანტასტიკის სფეროა, კრემლის ბინადრის სკამზე "შემთხვევითი" პირი აღმოჩნდეს. თუ პუტინმა უკრაინაში დიდი სამხედრო წარმატების მიღწევა მოახერხა ან ტრამპის დახმარებით ისეთ მშვიდობას მიაღწია, რასაც დიდ გამარჯვებად გაასაღებს... ასეთ შემთხვევაში მისი პიროვნების კულტი გაიზრდება და ყველა ახალი მემკვიდრე "პუტინის გზის"“ გაგრძელებას შეეცდება. მეტიც, შეიძლება მივიღოთ პუტინზე უარესი, რომელიც მის "გადაფარვას"“შეეცდება.
მოსკოვის, როგორც მსოფლიო საფრთხის განეიტრალების ორი გზა არის: პირველი - ისეთი სამხედრო მარცხი, რომელიც პუტინის უძლეველობისა და ყოვლისშემძლეობის მითს გააცამტვერებს; მეორე - ისეთი ეკონომიკური კრიზისი, რაც „მშიერ ბუნტებს“ დაუდებს საფუძველს, რადგან ცარიელი მაცივარი და მშიერი კუჭი, ადრე თუ გვიან, გაიმარჯვებს ტელევიზორზე.
ჯერჯერობით, ჰორიზონტზე არც ერთი ამ სცენარის რეალურად განხორციელების შანსი არ ჩანს...
გიორგი კვიტაშვილი