"თითოეული ემიგრანტი გმირია. ბედისწერამ სხვა ქვეყნებში გადაგვისროლა და ეს სიტყვა - "ემიგრანტი" ერთგვარ დამღად დაგვასვა. ჩვენს მძიმე ჯვარს უჩუმრად ვეწევით!"
"ემიგრანტები გაყოფილი სულით დავდივართ ამქვეყნად და ჩვენი სუსტი მხრებით მთელი საქართველოს ტკივილს ვატარებთ!", - ამბობს მწერალი მაკა კვერენჩხილაძე-კარტაიზერი, რომელიც ემიგრაციაში გატარებულ წლებზე გვიამბობს:
- ილინოისის შტატში ვცხოვრობ, ქალაქ ჩიკაგოში. უკვე 25 წელია, რაც აქ ვარ, მაგრამ საქართველოს და ჩემს ფესვებს ერთი წუთითაც არ მოვშორებივარ. პროფესიით ფილოლოგი ვარ, ქართული ენის და ლიტერატურის სპეციალისტი და მთელი ამ წლების განმავლობაში, სწორედ ჩემი პროფესიით ვიყავი დაკავებული: ერთხანს, საკვირაო სკოლაში მოხალისე მასწავლებელი გახლდით. მერე, ქართული კულტურის ცენტრი ჩამოვაყალიბეთ, სადაც ძალიან საინტერესო ღონისძიებებს ვმართავდით. 2012 წელს კი, პირველი წიგნი გამოვეცი, რომელსაც ერქვა "ბილიკები ამერიკისკენ", რომლის განახლებული ვარიანტი სულ მალე დაიბეჭდება. ამის შემდეგ, საგამომცემლო საქმით დავინტერესდი, მამაც მწერალი მყავს - რევაზ კვერენჩხილაძე და მისი წიგნების გამომცემელიც მე ვარ. მოკლედ რომ გითხრათ, ქართული სიტყვა და საქართველო მთელი ამ წლების განმავლობაში თან მახლდა.
- 25-წლიანი ემიგრაცია ალბათ ურთულესი გამოცდაა.
- სამწუხაროდ, ასეა! ჩვენ ბედისწერამ სხვა ქვეყნებში გადაგვისროლა და ეს სიტყვა - "ემიგრანტი" ერთგვარ დამღად დაგვასვა. იყო წლები, როცა საქართველოში ემიგრანტები ილანძღებოდნენ იმის გამო, რომ სამშობლო მიატოვეს, მაგრამ თითოეული ემიგრანტი გმირია, რომელმაც უზარმაზარი მისია იტვირთა და საქართველო გადაარჩინა. 1990-იანი წლების ემიგრანტებმა საკუთარი ცხოვრება უარყვეს, მაგრამ მშობელ ხალხს და ქვეყანას სატკივარი შეუმსუბუქეს.
- სამწუხაროდ, დღესაც ბევრი მიდის და ტოვებს საქართველოს - ამ ადამიანებს რას ეტყოდით?
- მე ვფიქრობ, რომ ახლა ვინც ტოვებს, მოტყუებულია: ალბათ, მათ ჰგონიათ, რომ ემიგრაციაში ყოფნა ადვილია. დღეს მსოფლიოში ისეთი მდგომარეობაა, რომ საქართველოს დატოვებას არავის ვურჩევ. რა თქმა უნდა, ემიგრანტები თავიანთ ოჯახებს ეხმარებიან, მაგრამ ეს იმხელა ტანჯვაა, ფიზიკური, მენტალური, ემოციური, რომ ამის გადატანას არავის ვუსურვებ.
შემთხვევითი როდია, რომ ჩემს ერთ-ერთ წიგნს "გაყოფილი სული" დავარქვი: ემიგრანტებს სული გვაქვს გახლეჩილი და ჩვენს მძიმე ჯვარს უჩუმრად ვეწევით! ზოგს ჰგონია, რომ ევროპაში, ან ამერიკაში იოლად იცხოვრებს, მაგრამ ასე არ არის. თუ მოიტყუებ და იოლი გზით ივლი, მაშინ აქ ყოფნა ადვილია, მაგრამ აბა, მე მკითხეთ, ამერიკის ყოველდღიურობა როგორია? აქ ერთი დღეც რომ არ იმუშაო, ხვალ შეიძლება ყველაფერი დაკარგო. ასე რომ, გააჩნია, ვინ როგორ ცხოვრებას აირჩევს.
ძალიან მაწუხებს იმ ხალხის ბედი, ვინც საქართველოში სახლი გაყიდა და აქ წამოვიდა: ამ ადამიანებმა საკუთარი ცხოვრება აირიეს, რადგან ამერიკაში ბევრი მათგანი დაიღუპა, ბევრს ქუჩაში ეძინა, რადგან თავშესაფარიც არ ჰქონდა. ვწუხვარ, რომ ისინი მოტყუვდნენ - ვინ ჰყიდის დღეს თავის სახლ-კარს და მიწა-წყალს?! ამერიკაში ცხოვრება ყოველწამიერი ბრძოლა და კონკურენციაა, ამ ადამიანებმა სამშობლოშიც ყველაფერი დაკარგეს და აქაც ვერაფერს მიაღწიეს. ამიტომ, ვისაც ოჯახი და შვილები საქართველოში ჰყავს, ისინი აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ.
თანაც, რეალობა შეიცვალა: მადლობა ღმერთს, რომ ისევ გადარჩენის წლები აღარაა! ჩემი დაკვირვებით, ვინც შრომობს, თავის გატანას ყველა ახერხებს, მაგრამ თუ გინდა, დილის 5 საათზე დაიძინო და ნაშუადღევს გაიღვიძო, ასე რა თქმა უნდა, ვერ იცხოვრებ.
- სამწუხაროდ, ზოგიერთები სწორედ ასე ცხოვრობენ და მათ ემიგრანტი დედები, ან მეუღლეები ინახავენ.
- რა საწყენია, რომ ემიგრანტი ქალები წელებზე ფეხს იდგამენ და წვალებით ნაშოვნ ფულს ქმარ-შვილს უგზავნიან! მათ პირადი ცხოვრება დაკარგეს და უცხო ქვეყნებში, უცხო ოჯახებში უწევთ ცხოვრება. შეიძლება ვიღაცები გავანაწყენო, მაგრამ უნდა ვთქვა: მე ამ ქალებს პატივს არ ვცემ, რადგან ზრდასრული მამაკაცები უსაქმურობას და მზამზარეულ ცხოვრებას შეაჩვიეს. ასეთი ქალი ახლობელ ადამიანებს დათვურ სამსახურს უწევს და ისინიც, მისი სიკეთით სარგებლობენ.
ამ 25 წლის განმავლობაში, სხვა ადამიანებზე რომ არ მეზრუნა, ახლა გაცილებით უკეთესად ვიქნებოდი, მაგრამ მაინც არ ვნანობ. როცა აქ ჩამოხვალ და ვიღაცის ოჯახში მომვლელად მუშაობ, ნაკლები პასუხისმგებლობა გაქვს, თუმცა, ესეც დიდი ტანჯვაა. მე, მაგალითად, ასეთ ადგილზე 4 თვეზე მეტ ხანს ვერ ვიმუშავე, მაგრამ გაცილებით რთულია, როცა ამერიკელის ცხოვრებით ცხოვრობ: ეს ყოველდღიურ სტრესს, თავდაუზოგავ შრომას და კონკურენციის გაძლებას ნიშნავს. ახლა სკოლებში ვმუშაობ, შემცვლელი მასწავლებელი ვარ და ეს ნამდვილად არ არის იოლი. აქ რამდენიმე საათითაც რომ გააცდინო სამსახური, მეორე დილას უკვე უსახსროდ დარჩები.
- ქალბატონო მაკა, ამერიკაში დაქორწინდით?
- დიახ, საკმაოდ წარმატებულ ამერიკელზე გავთხოვდი, 2008 წელს. შვილები მეც მყავდა და მასაც. დამერწმუნეთ, ეს არ არის ადვილი: ჯერ შენი ერის და კულტურის ადამიანზე რომ თხოვდები, ოჯახში კონფლიქტები მაშინაც წარმოიქმნება და როცა შენს ცხოვრებას სულ სხვა კულტურის წარმომადგენელს უკავშირებ, ყველაფერი გაცილებით რთულადაა. ჩემი ქორწინება 15 წელს გაგრძელდა, მაგრამ ბოლოს კრიზისამდე მივედით. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ამ ხალხის კულტურას და მენტალიტეტს უფრო დავუახლოვდი და აქაურობა ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა.
- საქართველოში დაბრუნებაზე არ გიფიქრიათ?
- მე სამი ვაჟის დედა ვარ, ერთი შვილიშვილი მყავს და მეორეც მალე გაგვიჩნდება. 2021 წელს ჩამოვედი, მაგრამ მალე უკან დავბრუნდი. ჩემი შვილებიც ამერიკაში არიან, ეს ცხოვრება უკვე ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა, აქ ჩვენ თავი დავიმკვიდრეთ, მაგრამ მაინც ვფიქრობთ - საბოლოოდ სად გვირჩევნია ყოფნა - აქ თუ საქართველოში. ეს ძალიან რთული საკითხია: მე რომ ჩვეულებრივი ემიგრანტი ქალი ვიყო, რომელიც სხვის ოჯახში ცხოვრობს, მოხუცს უვლის და ოჯახს აქედან ეხმარება, საქართველოში დღესვე წამოვიდოდი, მაგრამ ჩემს სიტუაციაში ეს რთული ნაბიჯია.
- ალბათ, თბილისთან ძალიან მჭიდრო კონტაქტები გაქვთ.
- რასაკვირველია, მე თბილისშიც დავაარსე გამომცემლობა, მწერალთა სახლიდან დაფინანსება მივიღეთ და ძალიან დიდ პროექტებზე ვმუშაობთ. ბევრი საინტერესო გეგმა მაქვს და იმედი მაქვს, რომ ამ გეგმებს თანამოაზრეებთან ერთად შევასრულებ. პარალელურად, ვცდილობ, ჩემი "იუთუბ-არხიც" გავააქტიურო. ცხადია, ამ ყველაფერს ჩემი ქვეყნის სასიკეთოდ ვაკეთებ და არა - საკუთარი კეთილდღეობისთვის.
- და ბოლოს, რას უსურვებთ ჩვენს ქვეყანას და ხალხს ახლო მომავალში?
- საქართველო დიდი კონფლიქტების ეპიცენტრში მდებარეობს, ამიტომ, საკუთარ სამშობლოზე უნდა ვიზრუნოთ და არ უნდა ვიფიქროთ, რომ სადღაც, უცხოეთში, ბალახი უფრო მწვანეა. ჩემი აზრით, თითოეული ადამიანი უნდა დაფიქრდეს, რას აკეთებს საქართველოსთვის. ყველა მოწინავე, ძლიერი სახელმწიფოს მოსახლეობამ ბევრი იშრომა, რომ ასეთი სახელმწიფო აეშენებინა... მე მჯერა, რომ ამას ჩვენც შევძლებთ.
ხათუნა ჩიგოგიძე
(სპეციალურად საიტისთვის)