თუ ყოფილი მეუღლე შვილთან ურთიერთობას გიკრძალავთ
მკითხველების შეკითხვებს ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი პასუხობს.
ვცხოვრობ იტალიურ ეზოში, სახლი ავარიულია. რადგან გაუსაძლისი პირობები იყო, ბანკიდან ავიღე კრედიტი და წლების წინ გავუკეთე გამაგრება. სავალალო მდგომარეობაშია სხვა მეზობლების ბინებიც. სულ დალპა კედლები და ჩემ ზემოთ მობინადრეს ვთხოვე შეეკეთებინა. როგორც გავიგე, მან ზედამხედველობის სამსახურში მიჩივლა, თითქოს ჩემი სახლის რემონტის დროს დაზიანდა მისი კედლები. არადა, ამ რემონტიდან 15 წელია გასული. როგორ დავამტკიცო ჩემი სიმართლე?
- თქვენ არ გაქვთ ვალდებულება ამტკიცოთ რაიმე. გარდა ამისა, თუ თქვენ მხოლოდ რემონტი გაქვთ გაკეთებული და არ გიწარმოებიათ რაიმე სახის უნებართვო მშენებლობა, მაშინ თუ მეზობელი თვლის, რომ თქვენი ქმედებით მას რაიმე სახის ზიანი მიადგა, მან უნდა მიმართოს სასამართლოს და სასამართლოს მეშვეობით გედავოთ აღნიშნულზე. ასევე შესაძლებელია შენობა-ნაგებობაზე ექსპერტიზის ჩატარება და დადგენა, თუ რამ გამოიწვია ავარიული მდგომარეობა.
ვცხოვრობ იტალიურ ეზოში, პირველ სართულზე, მეკუთვნის თუ არა ჩემი ფანჯრების წინ არსებული ტერიტორია, მინდა ჩემი მანქანისთვის ეს ადგილი და მეზობელი მედავება.
- ეს ტერიტორია არის საერთო სარგებლობის, ვინაიდან წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო ქონებას. თუ გსურთ აღნიშნული ტერიტორიის სარგებლობაში მიღება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ უნდა ჩაატაროს კრება და კრების ოქმის საფუძველზე უნდა გადმოგცეთ ეს ტერიტორია სარგებლობაში.
გზავნილები მერიცხებოდა, ამის საფუძველზე ბანკიდან გამოვიტანე სესხი, რომელსაც რამდენიმე თვეა ვეღარ ვიხდი. ჩემს სახელზე ქონება არ ირიცხება, მაქვს მიწერა მშობლების ბინაში, სადაც ცხოვრობს ძმა ოჯახით. თანხის არგადახდის შემთხვევაში ჩემი მშობლების ქონებას ხომ არ შეექმნება საფრთხე? ვალს მე ვერ გადავიხდი.
- თუ თქვენს სახელზე არ არის რაიმე სახის ქონება, მაშინ ვერ მოხდება აღსრულება. მშობლების სახელზე რიცხულ ქონებას საფრთხე არ ემუქრება, თუ თქვენ არა ხართ აღნიშნული ბინის თანამესაკუთრე.
"ტაო ბანკი" გაუქმებულია და ის შეიერთა "საქართველოს ბანკმა". "ტაოდან" მქონდა სესხი გამოტანილი, რომელსაც არ ვიხდი. მირეკავენ "საქართველოს ბანკიდან", რომელმაც დამატებით ჯარიმები დამაკისრა და გაზარდა გადასახდელი თანხა. ვალს ვერ ვიხდიდი, მით უმეტეს, გაზრდილი თანხის გადამხდელიც არა ვარ. სამი წელია პროცენტიც არ გადამიხდია. რა შეიძლება გავაკეთო?.
- უნდა მიმართოთ სასამართლოს სესხის ხანდაზმულად ცნობის თაობაზე.
ჩემმა სტუდენტმა შვილმა მობილბანკით გაიაქტიურა სესხი, რომელიც ბანკს ჰქონდა მისთვის დამტკიცებული. სესხი დახარჯა, ახლა გადახდას ვერ ახერხებს. მე მირეკავენ ბანკიდან. რაიმე ქონება მის სახელზე არ არის, ჩაწერილია სახლში ჩვენთან ერთად, რომლის მესაკუთრე მე ვარ. რა შეიძლება მოხდეს?
- თუ მის სახელზე რაიმე სახის ქონება არ არის, ვერ მოხდება აღსრულება და თანხის ამოღება, თუმცა გაუფუჭდება საკრედიტო ისტორია და ასევე შესაძლოა მის ანგარიშებს დაედოს ყადაღა.
ვიყიდე ბინა. თავიდან მეპატრონესთან იყო მოლაპარაკება, რომ მდგმურები, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ, ბინას ერთ თვეში დაცლიდნენ, მაგრამ მეექვსე თვე გადის და არ გადიან ბინიდან, ამბობენ, რომ ყოფილ მეპატრონესთან ჰქონდათ ერთწლიანი კონტრაქტი დადებული. ბინის ძველი მეპატრონე ამბობს, რომ ვერ აგვარებს მათთან პრობლემას. სასამართლოში რომ ვიჩივლო, ამას წლები დასჭირდება. სხვა გამოსავალი არ არსებობს?
- თუ მხარეთა შორის მოლაპარაკება ვერ ხდება, მაშინ უნდა მიმართოთ სასამართლოს.
არის თუ არა შესაძლებელი მეწარმემ გამოიყენოს უკვე რეგისტრირებული სუბიექტის საფირმო სახელწოდება?
- უკვე რეგისტრირებულ საფირმო სახელწოდებას ვერ გამოიყენებს სხვა მეწარმე სუბიექტი.
ჩემი მეუღლე არის უცხოელი, გვყავს 5 წლის შვილი, გვაქვს თბილისში ქონება, რომელიც არის ჩემს სახელზე. გავიდა ქვეყნიდან და შემოსვლაზე უარი უთხრეს. შევიტანე განცხადება ბინადრობის უფლებაზე იუსტიციაში, მაგრამ უარი მივიღე. რა შეიძლება გავაკეთოთ? ოფიციალურად ხელმოწერილი ვართ.
- შეგიძლიათ უარი გაასაჩივროთ სასამართლო წესით.
მაინტერესებს, რა არის ავტოლიზინგი და ამ გზით მანქანის ჩამოყვანის შემთხვევაში რას უნდა მივაქციო ყურადღება? ან უკვე გზაში მყოფის შეძენა რაიმე საფრთხეს ხომ არ წარმოადგენს?
- ავტოლიზინგი ნიშნავს მანქანის განვადებით ნასყიდობას. ლიზინგის დროს მანქანა სალიზინგო კომპანიის საკუთრებაში რჩება, სანამ სრულად არ დაფარავთ მანქანის ღირებულებას. ხელშეკრულების დადებამდე გაეცანით მის პირობებს, ვინაიდან ყველა ხელშეკრულება ინდივიდუალურია, კონკრეტული სახის კონსულტაციის გაწევა შეუძლებელია.
ბინას, რომელსაც ვყიდულობ, აქვს მშენებარეს სტატუსი. ასეთ შემთხვევაში თუ რაიმე პრობლემები და ვალდებულებები აქვს ამ კომპანიას, თუ მეტყვიან იუსტიციის სახლში. რას მივაქციო ყურადღება?
- იუსტიციის სახლში მოგაწვდიან ზოგადი სახის ინფორმაციას, რაც საკმარისი არ არის კომპანიის პრობლემებისა და ვალდებულების დასადგენად.
მაინტერესებს, 4 შვილი ითვლება თუ არა მრავალშვილიანად და ამ სტატუსის მოპოვება როგორ შემიძლია.
- მრავალშვილიანი მშობელი არის პირი, რომელსაც ჰყავს ოთხი ან მეტი შვილი. სტატუსის დადგენაზე განაცხადი უნდა წარადგინოთ ნებისმიერ იუსტიციის სახლში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ან საზოგადოებრივ ცენტრში.
- მეუღლესთან განქორწინების შემდეგ, მიუხედავად სასამართლოს მიერ დაწესებული დღეებისა, ყოფილი მეუღლე მამას შვილთან ურთიერთობას უკრძალავს და ამიტომ მამას ვერ მიჰყავს ბავშვი სახლში. ასეთ დროს რა გზა არსებობს?
- როცა ყოფილ მეუღლეებს შორის ურთიერთობა დაძაბულია, სამწუხაროდ, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ვერ ხერხდება. ბავშვზე ხდება ზეგავლენა, რომ არ გაჰყვეს მეორე მშობელს, იმიტომ, რომ ეშინიათ, მან შეიძლება არ დააბრუნოს უკან. მსგავს შემთხვევებში სოციალური სამსახური არეგულირებს ამ საკითხს. მსგავსი შემთხვევები ახლა ნაკლებად გვაქვს, რადგან სასამართლო განხილვის ეტაპზეც კი ითხოვს დროებითი განკარგულების გამოცემას, რათა ბავშვთან ურთიერთობა დასტაბილურდეს. მშობლები, ასე თუ ისე, ამას ეგუებიან და თუკი ძალიან დაძაბული გარემო არ არის, ეს მშობლებს შორის მაინც მიღწევადია. ადრე 10 წლიდან ეკითხებოდნენ ბავშვს აზრს, ახლა ბავშვთა კოდექსი იძლევა შესაძლებლობას, რომ ნებისმიერი ასაკის ბავშვს მოუსმინონ და გაითვალისწინონ მისი აზრი. თუ ბავშვი ვერ საუბრობს გამართულად, შეიძლება მან დამოკიდებულებით მიანიშნოს და ამასაც ითვალისწინებს სასამართლო. საცხოვრებლის განსაზღვრის დროს ადვილად დასადგენია, თუ რა ჩართულობა აქვს მშობელს, ვისზეა ბავშვი მიჯაჭვული. ამ ყველაფრის გათვალისწინებით გადაწყვეტენ, თუ რომელ მშობელთან დარჩება ბავშვი. გადაწყვეტილება მიიღება ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით.
გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გრძელდება მკითხველებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემა. თუ გაქვთ შეკითხვა იურისტთან და გჭირდებათ კომპეტენტური პასუხის მიღება, შეგახსენებთ ჩვენი ფოსტის მისამართს.Tea.khurtsilava@gmail.com ამ ფოსტასა და ასევე ჩვენი საიტის ვებგვერდზე, სტატიის ქვეშ, შეგიძლიათ მოგვწეროთ შეკითხვები და შევეცდებით უმოკლეს დროში მიიღოთ პასუხები