„ჩვენ ის ქვეყანა ვართ, რომელსაც ევროპისთვის ბევრი რამ აქვს სათქმელი“ - კვირის პალიტრა

„ჩვენ ის ქვეყანა ვართ, რომელსაც ევროპისთვის ბევრი რამ აქვს სათქმელი“

ჰოლანდიელმა და ბრიტანელმა საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებმა 1949 წელს პირველად წამოჭრეს საკითხი გაერთიანების აუცილებლობაზე, რათა წინ წამოეწიათ PR პროფესიული სტანდარტების ჩამოყალიბებისა და საქმიანობის ეფექტიანობის საკითხები. სულ მალე, 1955 წელს, ამ იდეის საფუძველზე დაარსდა "საერთაშორისო PR ასოციაცია", რომელიც ათენის პროფესიული ქცევის კოდექსს შეუერთდა, 1973 წელს კი "ოქროს ფურცლების" სახელწოდებით შემუშავდა დოკუმენტი - "სტანდარტები და PR ეთიკის საკითხები". მას შემდეგ უკვე 40 ათეულზე მეტს ითვლის მსოფლიო PR ასოციაცია, საქართველოში კი საზოგადოებასთან ურთიერთობის ისტორია ზუსტად 30 წლის წინ დაიწყო. ჩვენთან ხომ საზოგადოებასთან ორმხრივი ურთიერთობა კი არა, ცალმხრივი კავშირებიც აკრძალული იყო, ქვეყანას პროპაგანდა მართავდა. აი, ამ ვითარებაში ასპარეზზე გამოჩნდა ქალი, რომელიც 1993 წელს ბრიუსელში, მწვანეთა კონგრესზე მოხსენებით გამოვიდა და საზოგადოება დიდი ოვაციებით შეხვდა. მაშინ საქართველო დამოუკიდებლობის პირველ ნაბიჯებს დგამდა და ამ ადამიანის უდიდესი შრომითა და ძალისხმევით ქვეყანაში ახალი სიტყვა გაჩნდა. დღეს ჩვენს ქვეყანაში PR-ის გარეშე არც ერთი დარგი არ არსებობს.

ჩვენი სტუმარია საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი ქალბატონი მარიკა დარჩია, რომელსაც ხუმრობით უკვე PR -ის ბებიადაც კი მოიხსენიებენ.

- მოგესალმებით, ქალბატონო მარიკა.­ როგორ იწყებოდა საქართველოში PR-ის პირველი ნაბიჯები?

- ჩვენთან ყველაფერი მაშინ­ იწყე­ბოდა­, როდესაც მსოფლიო საერთა­შო­რისო PR ასოციაცია უკვე 40 ათეულზე მეტს ითვლიდა. დამოუკიდებლობის გამოცხადე­ბის შემდეგ, უცებ აღმოჩნდა, რომ ჩვენ ძალიან ბევრი­ გვქონდა სასწავლი, მისაღები, რათა ახალი ქვეყანა ახლებურად აგვეშენებინა. მაშინ პირველად, 1993 წელს, ბრიუსელში­ მწვანეთა კონგრესზე მოხსენების შემდეგ Public Relation-ი შემიქეს. მაშინ ეს სიტყვები­ წინადადების ნაწილად აღვიქვი - მხოლოდ წინადადების შემადგენლად... ცოტა ხანში მივხვდი, რომ რაღაც კონკრეტულს გულისხმობდნენ. ისინიც გაოცდნენ და მეც... იქვე მაჩუქეს 2 წიგნი, კავშირი ბრიტანულ ორგანიზაციასთან და პროფესია, რომელზეც ვოცნებობდი, და რომელიც თურმე ძალიან ჩემი იყო. ჩამოსვლისთანავე თანამოაზრეების ძებნა დავიწყე, არავინ არაფერი იცოდა. მე რაღაც მქონდა წაკითხული და 3-კვირიანი კურსი გავლილი ედინბურგში. სადაც მივდიოდი, გაოცებული მისმენდნენ. მე უკვე ისე ვიყავი ატანილი ამ იდეით, რომ ყველას ვუზიარებდი, რომ ამ სიახლეს მოვლა და დამკვიდრება სჭირდებოდა. არ ვიცი, რამ გაჭრა - ჩემმა მოუსვენრობამ, სიჯიუტემ თუ დრომ... მაშინ არსებობდა "მსოფლიო ლაბორატორია" ბატონ სოსო ცისკარიშვილის ხელმძღვანელობით და სულ მალე მათ ბაზაზე და უშუალოდ სოსოს ხელშეწყობით თბილისში, უზნაძის 4 ნომერში, გაჩნდა პირველი აბრა - "თბილისის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრი". ყოველ ოთხშაბათს 4 საათზე შეხვედრები იმართებოდა, სადაც ვსაუბრობდით, რა იყო საზოგადოებასთან ურთიერთობა, როგორი უნდა ყოფილიყო ის სხვადასხვა სტრუქტურაში, პოლიტიკურ ორგანიზაციებში, რა მეთოდები არსებობდა, როგორ უნდა შეცვლილიყო არსებული პრესსამსახურები, როგორი უნდა ყოფილიყო ახალი თავისუფალი მედია... გაჩნდა პირველი საგაზეთო პუბლიკაციები, თუმცა დამახინჯებული სახელით - ხან "პუბლიკ წრილეიშენი" იყო, ხანაც "ფაბრიკ ქრუილეიშეინი". მოკლედ, ეს PR -ის PR იყო. ასევე იყო პირველი გაუბედავი ნაბიჯები საერთაშორისო პროექტებში, სადაც უცხოელ კოლეგებთან ერთად ვმუშაობდით და თან ვსწავლობდით. უცხოეთიდან წიგნები ჩამომქონდა, ვთარგმნიდი და ვარიგებდი... იმ დროს სულ ახალი შექმნილი იყო ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი, სადაც გაჩნდა იდეა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის პირველი საბაკალავრო კურსი შექმნილიყო. ვანო ჭიაურელის ეს სითამამე ცოტა შიშით გავიზიარე, დღეს კი ქედს ვიხრი მისი ამ ნაბიჯის წინაშე. ეს პირველი პროფესიონალური სკოლა იყო და მათი კურსდამთავრებულები დღეს ნამდვილად გამორჩეულები არიან. ამის შემდეგ უამრავ უმაღლეს სასწავლებელში გაჩნდა მსგავსი სპეციალობა, მაგრამ პირველობა მაინც ტექნიკურ უნივერსიტეტს ეკუთვნის. წლების განმავლობაში ვკითხულობდი იქ ზოგად კურსს, რადგან პრაქტიკული საქმიანობის შეწყვეტა არ მინდოდა - PR პრაქტიკოსების პროფესიაა. მოკლედ, 1995 წელს შექმნილი "თბილისის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრი" "PR განვითარების ინსტიტუტად" გარდაიქმნა, საქმემაც იმრავლა, პროფესიონალებმაც და ორგანიზაციებმაც, PR-კვირეულებიც ჩატარდა, მე ამასობაში IPRA-ს წევრი გავხდი და ბევრ საინტერესო პროექტშიც მივიღე მონაწილეობა. არადა, მაშინ, გასული საუკუნის 90-იანების დამდეგს, ამის წარმოდგენაც კი ძალიან გამიჭირდებოდა. არადა, ეს იყო ზუსტად 30 წლის წინ, როცა საქართველოში PR იბადებოდა. Public Relation-ი უწყვეტი პროცესია. თუ ეს ჯაჭვი გაწყვიტე, უნდა იცოდე, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის ენას კარგავ.

- დღეს PR-ის თვალსაზრისით რა მდგომარეობაში ვართ?

- იცით, ეს ცოტა უცნაურ მდგომარეობას ჰგავს. ჩვენ გვგონია, იმის გაკეთება შეგვიძლია, რაზეც ვოცნებობთ, არადა, საამისო ცოდნა და უნარები ჯერ არ გაგვაჩნია, ამისთვის დრო დაგვჭირდება. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან განვლილ 30 წელიწადში ჩვენ ჩავატიეთ ძალიან ბევრი საქმე, მაგრამ ისე გადავახტით საფეხურებს, რომ რაღაცების სწავლა ვერ მოვასწარით. ამ ხნის განმავლობაში რა არ გამოივიარეთ, მე თუ მკითხავთ, ამ სიჩქარეში კიდევ ძალიან კარგად ვართ.

ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება პიარგზების გამონახვა, რაც გაგვიადვილებს ქვეყნის მშენებლობას. ჩემი ღრმა რწმენით, დაპირისპირების საფუძველშივე დიალოგია საჭირო. დღეს გამოსავალი მხოლოდ დიალოგია. უნდა მოიძებნოს საამისო ფორმები. დაპირისპირებულ მხარეს დგანან ადამიანები, რომელთაც ნამდვილად ეძვირფასებათ ეს ქვეყანა და თუ ნამდვილად ეძვირფასებათ, მაშინ რაღაც საერთო ენა აუცილებლად უნდა გამოინახოს - ხსნა ახსნაშია!.. ჩვენ ის ქვეყანა ვართ, რომელსაც ევროპისთვის ბევრი რამ აქვს სათქმელი.

- თქვენთან საუბრისას შეუძლებელია არ ვახსენოთ ჰოლდინგი "პალიტრამედია", რომ­ლის კრეატიული დირექტორიც ბრძანდებოდით წლების განმავლობაში.

- ჩემთვის ძალიან საინტერესო პერიოდი იყო "პალიტრამედიის" კრეატიული დირექტორის პოზიცია. ძალიან დიდი მადლობა ირაკლი თევდორაშვილს, რომელმაც ჰოლდინგში მუშაობა შემომთავაზა. "პალიტრამედიაში" მუშაობა 2006-2007 წლებში დავიწყე. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო რადიო, რომელიც სწორედ ჩემი ინიციატივით შეიქმნა და რომელიც შემდგომში ინტერნეტგამოსახულებად იქცა. მერე შეიქმნა ტელევიზია. "ბიბლუსსაც" ჩვენს პერიოდში ჩაეყარა საფუძველი. რა თქმა უნდა, საზოგადოებასთან ურთიერთობა ძალზე მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ გვჭირდებოდა წიგნები, მაშინ, როცა არც ერთი წიგნის მაღაზია არ იყო, გამომცემლობებიც ის იყო, ფეხს იდგამდნენ. ძალიან ბევრი რამ იცვლებოდა.

პროექტი "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო" ისეთი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა.­ ახალ ოჯახებს ახლაც ვთავაზობთ ამ რჩეულ წიგნებს, ეს ჩემი მესამე შვილია, ჩემი რჩეული, მას მოჰყვა "მაკულიტერატურა", რომელიც ძალიან აქტიურად აგრძელებს სიცოცხლეს. ბევრი რამ იყო კიდევ იმ საინტერესო დროს, რომელიც "პალიტრამედიის" ისტორიას დარჩება.

"პალიტრამედიასთან" უამრავი რამ მაკავშირებს, ამიტომ ის პერიოდი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყოა. დღესაც მიმაჩნია, რომ მე ისევ "პალიტრამედიის" ნაწილი ვარ და ამის მიუხედავად, მივიღე გადაწყვეტილება მონაწილეობა მიმეღო თვითმმართველობის არჩევნებში - თვითმართველობა ხომ ყველაზე მეტად არის საზოგადოებასთან ახლოს.

- დღეს რა პროექტზე მუშაობთ?

- მოგეხსენებათ, ახალგაზრდებმა უნდა ისწავლონ და განვითარდნენ, მაგრამ რა ვუყოთ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან ძალიან აქტიურები, მაგრამ მიაღწიეს საპენსიო ასაკს. ამიტომ შევქმენით პროექტი „60+“, რომელიც 3 წელია წარმატე­ბით ხორციელდება, და რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდსა და თბილისის ბიბლიოთეკების გაერთიანებასთან ერთად გაკეთდა. ვფიქრობ, ამ პროექტს დამოუკიდებლადაც გავაგრძელებ.

მე მიყვარს ჩემი საქმე, ბევრი რამ მაინტერესებს, დღესაც ვსწავლობ და ასე მიდის ცხოვრებაც, იმდენი რამ იცვლება, მეც ვიცვლები - ხან ძალიან აქტიური ვარ ან პირიქით, ამიტომ ხშირად მახსენდება ხოლმე ეს ფრაზა: "როცა მზეში დგახარ, შენ გხედავენ, და როცა ჩრდილში დგახარ, შენ ხედავ". ყოველთვის უნდა გახსოვდეს, შენ გხედავენ, როცა მზეში დგახარ. ამიტომ უნდა იყო ღირსეული და ძალიან ბევრი რამ გაითვალისწინო. როცა ჩრდილში დგახარ, შენ ხედავ და აგროვებ იმ ცოდნას, რომელიც შემდგომში მზეში დგომისას გამოგადგება.

რუსუდან შაიშმელაშვილი