„აქა ვარ და სხვაგან არ მინდა“
"როცა მარტო ვარ, სცენარზე ვმუშაობ და ვფიქრობ, როგორ ვიშოვო მილიონი. ეს კინო ჩემი ცხოვრების რექვიემივით იქნება. წინასწარ თემატიკას ვერ გაგიმხელთ, მაგრამ საუკუნის სცენარია, ცოტათი მისტიკური", - ამბობს მსახიობი ზაზა კოლელიშვილი. რის გამო იღებს საყვედურებს, რა დროს იბნევა და რა ისწავლა საკუთარ შეცდომებზე? - ამ ყველაფერს ინტერვიუდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- 1957 წლის 11 იანვარი, დილის 09:30 წუთი.
- ასე ამომწურავად ჯერ არც ერთ რესპონდენტს არ უპასუხია.
- მართლა? დღის დასახელება დამავიწყდა, პარასკევი იყო.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- კოსმოსის მეშინოდა, არც მეხანძრეობაზე ვოცნებობდი, პატარა რომ ვიყავი, "ფუნჯას" მეძახდნენ, ხატვა მიყვარდა. რაც თავი მახსოვს, სულ ვხატავ.
- ჩემზე ამბობენ...
- ადრე ამბობდნენ, რა კარგი ბიჭია, რომ არ სვამდესო (იცინის).
- კიდევ რა გესმოდათ?
- ნიჭიერია, შესანიშნავი მეუღლე, შესანიშნავი მამა... გალოთდა, გალოთდა... მართლა მქონდა პერიოდი, როცა ხშირად ვსვამდი, ახლა აღარც ვეწევი და აღარც ვსვამ, ძალიან კარგი გავხდი.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- არაფერს შევცვლიდი, იმიტომ რომ დღევანდელ დღემდე მომეღწია. ერთი ეგაა, ის გადაფასებები, რაც გვიან გავაკეთე, 40 წლის ასაკში რომ დამეწყო, იდეალური იქნებოდა.
- ჩემი პირველი წარმატება...
- ალბათ, ის იყო, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ვარ ქართველი. ჩემი ბედნიერებაა ყველა ქართველი, თავისი ავითა და კარგით. მილიონები რომ მოეცათ, ამ ქვეყნის გარდა არსად ვიცხოვრებდი. ბედნიერებაა ჩემი შვილები, ჩემი დიდი ოჯახი, მეგობრები, შემოქმედება - მეტ-ნაკლებად.
- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- აქა ვარ და სხვაგან არ მინდა.
- შესრულებული როლებიდან, რომელს თვლით თქვენს სავიზიტო ბარათად?
- იმედი მაქვს, ასეთ როლს მომავალში ვითამაშებ. ყველაზე დიდი პოპულარობა "ნატვრის ხემ" მომიტანა, ქუჩაში ხალხი მაჩერებდა, შემდეგ იყო ქეთი დოლიძის "კუკარაჩა".
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ადამიანებისთვის საჭირო ვიყო, მქონდეს შესაძლებლობა რაღაცით დავეხმარო.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- და რომ არ მომწონს?
- როგორ შეიძლება, რაღაც მაინც არ მოგწონდეთ.
- ახლა ფხიზელი რომ ვარ, ეგ მომწონს ძალიან, ბუნების, ცხოვრების სხვაგვარად აღქმაა. სიცოცხლე ყველაზე დიდი კაიფია. უარი მაქვს ნათქვამი ალკოჰოლზე და თამბაქოზე. ჩემმა ორგანიზმმა, სულმა, გულმა მითხრა, რომ მეტი გზა არ იყო და შევეშვი... სულ ვეწეოდი, ვეწეოდი და 68 წლის რომ გავხდი, ორგანიზმმა აღარ მომაწევინა, ვიხრჩობოდი. იმის მერე აღარ მომიწვია.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ცხოვრება. ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული, როგორც ყველა ადამიანს. ბევრი შეცდომა გამოსწორებულიც მაქვს. ერთი რამ შემიძლია თამამად გითხრათ, ისეთ შეცდომებს ვუშვებდი, რომლითაც საკუთარ თავს ვვნებდი, სხვა ადამიანისთვის ცუდი გამიზნულად არაფერი გამიკეთებია.
- პატიება შემიძლია თუ...
- საპატიებელია, შურისძიების სურვილით ერთი წუთითაც ვერ ვიცხოვრებ.
- ვიბნევი...
- ლამაზ ქალს რომ ვხედავ.
- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...
- ის, ვინც ვარ.
- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...
- ცრუ დაპირებებს, ტყუილს.
- მეზარება...
- ყველაფერი მეზარება, მაგრამ მერე მაინც ვაკეთებ. საკუთარ თავს შემოვუძახებ ხოლმე, ვიცი, ჩემში სიზარმაცე როგორ დავძლიო, მით უმეტეს, როცა ამ საქმის უკან ადამიანები დგანან. ჩვენ ხომ მხოლოდ საკუთარ თავსა და საჭიროებებზე არ უნდა ვიფიქროთ, ეს ეგოიზმია.
- სიყვარული ეს...
- არის საოცრება. ტყეში რომ გახვალ, ხედავ თოვლიან მთებს, ყვავილებს, ბილიკს, ადამიანებს, მზე ღადღადებს, ჩიტები ჟღურტულებენ, შენ კი კრეფ ყვავილებს, რომ საყვარელ ქალს მიართვა. ყვავილების შეგროვება ცუდი არც ერთ ასაკში არ არის, ამას თუ კაცი აკეთებს ე.ი. რაღაცას ელოდება და ეს მოლოდინის განცდაც თავისებურად კარგია.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- ჩემი ბიცოლა "სუხიშვილებში" ცეკვავდა, ერთ დღეს რეპეტიციაზე წამიყვანა და იქ ერთი მოცეკვავე გოგო მომეწონა, ისე მომეწონა, გადავირიე, მერე მივდიოდი და მარტო იმას ვკოცნიდი, თან ვეუბნებოდი, დამელოდე, გავიზრდები და ცოლად მოგიყვან-მეთქი. კარგი ბალღი ვიყავი.
- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...
- ერთმა სიტყვამ. ადამიანს ხომ ცოტაც ჰყოფნის სიხარულისთვის, მე ერთი სიტყვაც მყოფნის.
- მაკვირვებს...
- ადამიანები ამდენ კვანტს ვუდებთ ერთმანეთს და მაინც ცოცხლები ვართ. ცალ-ცალკე ყველანი რა კარგები ვართ და ერთად - ცუდები.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- სიალამაზეა.
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- მრცხვენია, მინდა იქაურობიდან გავიქცე. მეტროთი, ავტობუსით თუ ვმგზავრობ, მოდიან, მთხოვენ, შეიძლება თქვენთან სურათი გადავიღოო? ამ დროსაც კი უხერხულობას ვგრძნობ, მრცხვენია.
- მეშინია...
- წუთისოფლის.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- უყურადღებობას, არადა უყურადღებო კი არა ვარ, რაღაცები მავიწყდება.
- ვუფრთხილდები...
- ნდობას ადამიანებში.
- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...
- რომ ახლობელს უნდა დაურეკო და მოიკითხო.
- თქვენ ეს არ გახასიათებთ?
- განა არ მიყვარს, განა არ მახსოვს, მაგრამ სულ მგონია, რომ ვაწუხებ და არ მინდა შევაწუხო. სოციალურ ქსელში რომ შევდივარ, ყველას ვეფერები.
- ვიტყუები, როცა...
- ახლა აღარ ვიტყუები...
- ადრე ტყუილს რა შემთხვევაში ამბობდით?
- გამოსავალს რომ ვეღარ ვპოულობდი, რაღაცას რომ ვერ ვაკეთებდი, ან მთვრალი რომ ვიყავი, ვამტკიცებდი, არ დამილევია-მეთქი, არადა ისე ვიყავი, სუფრიდან რომ ჭიქა თან გამოგყვება და ისევ ხელში გიჭირავს...
- თავისუფლება არის...
- არჩევანი. როდესაც შენ რაღაც გინდოდა გაგეკეთებინა, მაგრამ არ გააკეთე, ეს თავისუფლების შეზღუდვა არ არის, ეს ცხოვრების წესია. როცა გინდა შენი ცხოვრება შენს ქვეყანას, ოჯახს, მეგობრებს მიუძღვნა, ეს უკვე სიკეთის ქმნაა.
- როცა მარტო ვარ...
- სცენარზე ვმუშაობ და ვფიქრობ, როგორ ვიშოვო მილიონი.
- ამ სცენარზე უფრო მეტის თქმა არ შეგიძლიათ?
- ეს კინო ჩემი ცხოვრების რექვიემივით იქნება. წინასწარ თემატიკას ვერ გაგიმხელთ, მაგრამ საოცარი სცენარია, ცოტათი მისტიკური, მინდა ვთქვა, რომ საუკუნის სცენარია.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ფილმს გადავიღებდი, სახლს ავაშენებდი.
- თქვენი ოცნების სახლი როგორია?
- სახლს აუცილებლად უნდა ჰქონდეს დიდი და ლამაზი ეზო, ეს იქნება ჩემი დიდი ოჯახის შეკრების ადგილი, შვილიშვილების პაპასა და ბებიასთან სტუმრობის სიხარულით სავსე.
- მენატრება...
- რაც უკვე გაიქცა, ბავშვობა, ახალგაზრდობა, ის გაუკეთებელი სიკეთეები, რაც ვერ გავაკეთე. ვიღაცისთვის რაღაც უნდა მეთქვა, მხარში უნდა ამოვდგომოდი და ვერ შევძელი.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- ვფიქრობ, რომ უფლის იმედით ყველაფერი კარგად იქნება, ადამიანმა გული არ უნდა გაიტეხო. ამ სამყაროში ყოველი დილის გათენება უფლის წყალობაა, უფლის მადლით დავდივართ და უუფლოდ თუ ვივლით, აუცილებლად გაგვახსენებს, რომ არსებობს.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- ვერაფერს ვიხსენებ, თავადაც არ ვიძლეოდი და ვიძლევი დარიგებებს. განა იმიტომ ვერ ვიხსენებ, რომ დამრიგებლები ნაკლებად მყავდნენ, ისეთ გარემოცვაში ვიზრდებოდი, ყველას უნდოდა ჩემს აღზრდაში წვლილი შეეტანა, 14 დამრიგებელი მყავდა, მაგრამ სანამ კაცი ფეხს არ წამოჰკრავს, ჭკუას ვერ სწავლობს... ჩვენ რომ ჩვენ წინ მყოფი ადამიანის შეცდომებზე ვსწავლობდეთ, ახლა ქვეყანა მეტად დალაგებული და აშენებული გვექნებოდა.
- დაბოლოს გეტყვით...
- მიყვარხართ, ადამიანებო, სიყვარული და სიხარული არ გამოგლეოდეთ!
თამუნა კვინიკაძე