რა იწვევს კვლევითი ცენტრების მიმართ უნდობლობას, ანუ ვის უნდა ვენდოთ? - კვირის პალიტრა

რა იწვევს კვლევითი ცენტრების მიმართ უნდობლობას, ანუ ვის უნდა ვენდოთ?

ოქსფორდის უნივერსიტეტის საკონსულტაციო კვლევითი ცენტრის დაკვეთით ჩატარებული კვლევების მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, საქართველოს მოსახლეობის 40% მხარს კოალიცია "ქართულ ოცნებას" დაუჭერს, 29% კი - "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას". NDI-ს კვლევის თანახმად კი, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, იმ გამოკითხული რესპონდენტებიდან, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ (75%), 36% ხმას "ნაციონალურ მოძრაობას" მისცემდა, 18 % - კოალიცია "ქართულ ოცნებას", 4% - არც ერთ პარტიას, 3% - "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას", ხოლო 1% - სხვა ოპოზიციას.

ერთსა და იმავე პერიოდში ასე რადიკალურად განსხვავებულმა შედეგებმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვა გამოიწვია. ერთ-ერთი ვერსიით, NDI ხელისუფლების შეკვეთებს ასრულებს.

ხათუნა ლაგაზიძე, ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში: "ბოლო ორი-სამი წელია NDI-ს კვლევების შეფასება მიწევს და ერთი წინადადებით შემოვიფარგლები, მაგრამ ახლა განვავრცობ, ყველაფერს აქვს საზღვარი.

NDI-ს კვლევის შედეგი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, ქართველი საზოგადოების აზრს არაფრად დაგიდევენ. როდემდე მოითმენს ამას ხალხი, ამაზე იქნება დამოკიდებული მისი მომავალი. როცა ღირსებას ულახავენ, ღირსეული საზოგადოება მზად უნდა იყოს სათანადო პასუხისთვის.

ვფიქრობ, საზოგადოებისთვის არა აქვს მნიშვნელობა, ამერიკელის მონა იქნება თუ კარს მომდგარი რუსის. ღირსეული საზოგადოებისთვის აუტანელი უნდა იყოს როგორც პირველის, ისე მეორის მონობა.

მინდა ერთ ძალზე საინტერესო ნიუანსსაც შევეხო. რამდენიმე დღის წინ მმართველმა პარტიამ ცნობილი დეკლარაციის პროექტი შესთავაზა არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს, სადაც მეოთხე პუნქტი იქცევს ყურადღებას. ამ პუნქტში ნათქვამია, რომ ხელმომწერი პარტიები პასუხისმგებლობას იღებენ, ცესკოსა და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული არჩევნების შედეგები არ გააპროტესტონ და ცნონ. თუმცა, ამ ორგანიზაციის ადგილობრივი ოფისის ავტორიტეტზე, რბილად რომ ვთქვათ, შეიძლება კამათი, ძალზე აბსტრაქტული და ფარდობითი ცნება გახდა და შემიძლია გითხრათ, რა მოხდება ოქტომბერში, თუ ამ დეკლარაციაზე ამ ფორმულირებით იქნება ხელი მოწერილი".

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ კვლევის ჩატარების მეთოდებსა და შეკითხვებში იყო განსხვავება, ამიტომ შედეგების შეფასება ძნელია: "ჯერჯერობით ოქსფორდის კვლევები არასრულყოფილია, რადგან ძალიან ცოტა ინფორმაცია გვაქვს. შეკითხვებიც არ იყო სრულყოფილი, არ იყო უფრო აქტუალური კითხვები, რომლებზეც საზოგადოების პასუხი საინტერესო იქნებოდა. ამიტომ ამ ორი ორგანიზაციის კვლევების შედარება გამიჭირდება. ამასთან, კითხვები ოდნავ განსხვავებული იყო. ერთ კვლევაში ფიგურირებს ასეთი კითხვა: როგორ გგონიათ, ვინ გადაწყვეტს საქართველოს წინაშე არსებულ პრობლემებს? - ამ შემთხვევაში, თითქოს იმავე პარამეტრით იზომება, საზოგადოებას ვის უფრო ენდობა, მაგრამ  მაინც სასურველია, ზუსტად ერთნაირი კითხვები იყოს, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება კვლევის შედეგების შედარება. შეიძლება მე მიმაჩნდეს, რომ ერთი პირი უკეთესად მოაგვარებს პრობლემებს, მაგრამ პრეზიდენტად ან პრემიერ-მინისტრად ავირჩიოთ ისეთი პირები, რომელთაც ძლიერი პოლიტიკოსის თვისებები ექნებათ. ჩვენ გვახსოვს პოლიტიკური ლიდერები, რომლის მიმართაც ხალხი ძალიან დიდი სიმპათიით იყო განწყობილი, მაგრამ ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემდგომ მაინცდამაინც კარგად არ გვიცხოვრია".

ზაზა ფირალიშვილი, ფილოსოფოსი: "არ ვიცნობ ოქსფორდის უნივერსიტეტის კონსალტინგჯგუფს, არც მათი პერსონალიები ვიცი და არც ის, რამდენად შეიძლება ენდო მათ კვლევას. უცნაური ტრადიცია დამკვიდრდა, ყველაფერი შეიძლება პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენო, მათ შორის - საზოგადოებრივი აზრის კვლევა და ა.შ. ყველაფერი ვულგარულად აღმოჩნდა ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში, არა მხოლოდ გამოკვლევები, არამედ სამეცნიერო ცხოვრებაც, ანუ ისეთი სფეროებიც კი ჩვენი ცხოვრებისა, რომელთაც პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვთ. ამიტომაც გვიჩნდება ტოტალური უნდობლობა ამ სფეროს მიმართ. პირადად მე კვლევებს ყურადღებას აღარ ვაქცევ, თუნდაც მასში ჩემთვის სასურველი შედეგი იყოს. ჩატარებული კვლევები უნდობლობას იწვევს თუნდაც იმიტომაც, რომ აშკარად ჩანს ის პოლიტიკური მოტივაცია, რაც მათ უკან დგას."

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)