„კინოში უფრო ხშირად ბოროტ პერსონაჟებს მათამაშებენ, თეატრში - კეთილს“ - კვირის პალიტრა

„კინოში უფრო ხშირად ბოროტ პერსონაჟებს მათამაშებენ, თეატრში - კეთილს“

"არ შეიძლება თამაშობდე ჰამლეტს და იმავდროულად სახლში პურის მიტანაზე ფიქრობდე, მაგრამ­ ამ პროფესიას ისეთი ძალა აქვს, რაღაცნაირად გიტაცებს, გიტყუებს", - ამბობს რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი დავით დარჩია.

- დღეს რომ პროფესიას ირჩევდეთ, იგივე გადაწყვეტილებას მიიღებდით?

- დღეს შეიძლება დავფიქრებულიყავი, რომ შეიძლებოდა, ბედი სხვა პროფესიაშიც მეცადა, მაგრამ მაინც მგონია, რომ ამ საქმეს ვერ დავთმობდი.

- მეორე კლასიდან იცოდით, რომ მსახიობი უნდა გამხდარიყავით... როდესაც თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარეთ, ეს პროფესია­ ისეთივე საინტერესო აღმოჩნდა, როგორიც წარმოგედგინათ?

- უფრო საინტერესოც კი აღმოჩნდა.­ ეს ეტაპი გარკვეულწილად გავლილი მქონდა - მოგეხსენებათ, მსახიობების გარემოცვაში ვიზრდებოდი. რაც უფრო შევედი ამ პროფესიის სიღრმეში, ეფექტი მით უფრო გაძლიერდა და ალბათ, ამანაც განაპირობა, რომ ამდენი წელი ამ საქმეს ვემსახურები, თორემ ჩვენს ქვეყანაში ეს უფულო პროფესიაა. არტისტობა ყველაზე დაბალშემოსავლიანი საქმეა, ეს გამოსასწორე­ბელია, ახალგაზრდები მოდიან და მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ამ პროფესიით იცხოვრონ. არ შეიძლება თამაშობდე მაგალითად, ჰამლეტს და იმავდროულად სახლში პურის მიტანაზე ფიქრობდე. როლი არ გამოვა, ეს აუცილებლად შეგეტყობა, მაგრამ ამ პროფესიას ისეთი ძალა აქვს, რაღაცნაირად გიტაცებს, გიტყუებს.

- მთავარი ხიბლი მაინც რა არის?

- ის სითბო, სიყვარული და ბედნიერება, რომელიც მაყურებელს მოაქვს. დადებითი ენერგეტიკის მიღება, გაცემა, ტაში, შეძახილი... უჰ! საოცარი ძალა აქვს. აქედან იღებს ძალას მსახიობი. თეატრი ხომ საგანმანათლებლო ადგილიც არის.

- 20 წლის იყავით, როდესაც ფილმში­ "წარსულის აჩრდილები" ითამაშეთ. გადას­აღებ მოედანზე იდექით იმ დროის ვარსკვლავებთან (გურამ ფირცხალავა, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ზურა ყიფშიძე, გივი ბერიკაშვილი, გივი ჩუგუაშვილი). მაშინდელ ემოციებს როგორ გაიხსენებთ?

- გააზრებული მქონდა, რამდენად დიდი ადამიანების გვერდით ვიყავი, მაგრამ იმ ასაკში თავში მაინც სხვანაირად გიფრუტუნებს. ამ გრძნობასა და ეიფორიას შორის ვიყავი გაჭედილი. ერთ-ერთი მთავარი როლი იყო და ძალიან ბევრი სინჯი გადაიღეს, გურამმა (მსახიობი გურამ ფირცხალავა, დავით დარჩიას მამობილი) არც იცოდა, იმ როლის სინჯზე თუ მივდიოდი. გადაღებები თითქმის 4 წელიწადს გაგრძელდა და ამ პერიოდში რაღაცნაირად ჩამოვყალიბდი. ბედნიერი ვარ, რომ გამიმართლა, ბუმბერაზ არტისტებთან მომიწია თამაშმა, ეს შესაძლებლობა ბევრ მსახიობს არ ეძლევა. მათ პროფესიასთან ერთად მასწავლეს ადამიანობა, კაცობა...­ მსახიობი მსახიობს შენიშვნას იშვიათად აძლევს, ეს მაინც რეჟისორის საქმეა. ეს ბუმბერაზი ხალხი რჩევებისა და სწავლებისთვის ისეთ ფორმას პოულობდნენ, სიამოვნებით ვუსმენდი. ერთად რომ ვიდექით, უფროსები ახალგაზრდებს კი არ გვფარავდნენ, ცოტათი წინაც კი გვწევდნენ.

ეს როლი გამორჩეულად მიყვარს, იმიტომ, რომ პირველი იყო, პატარა ვიყავი და ბევრი რამ ვისწავლე. ისეთ "ტრიუკებს" ვაკეთებდი, ცხენოსნებს ვუთხარი, ნუ ჩამენაცვლებით-მეთქი, მოკვდნენ სიცილით, შენ შენი საქმე აკეთე, ჩვენ თავი დაგვანებეო.

მას შემდეგ რამდენ ფილმში ვითამაშე, მაგრამ ეს როლი მაინც გამორჩეულად მახსოვს, რაც მაშინ ვისწავლე, ძალიან დამეხმარა კინოში. დღეს კამერების წინ თამაში ძალიან მიადვილდება.

- თეატრის ზოგიერთი მსახიობი გადასაღებ მოედანზე თავს კომფორტულად ვერ გრძნობს.

- მსახიობების ამ კატეგორიას არ განვეკუთვნები. თუმცა ვიტყვი, რომ თამაშის სპეციფიკა აბსოლუტურად განსხვავებულია.

- რომელი პრესონაჟები გიზიდავენ - რომლებთანაც ბევრი საერთო გაქვთ, თუ თქვენგან რადიკალურად განსხვავებულები?

- სულერთია, მე ჩემს დათო დარჩიას ყველა პერსონაჟში ჩავდებ. როლის მასშტაბურობასაც არა აქვს მნიშვნელობა, მთავარია, კარგად იყოს შესრულებული. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ კინოში უფრო ხშირად ბოროტ პერსონაჟებს მათამაშებენ, თეატრში - კეთილს. როგორც რეჟისორები ამბობენ, ჩემი გარეგნობა ორივე ტიპაჟს ეწყობა.

shvilebi-1744573952.jpg

- როლზე პერსონაჟის მიუღებლობის გამო უარი გითქვამთ?

- არასდროს. მსახიობს ყველანაირი როლის თამაში უნდა შეეძლოს? მე ვიცნობდი ძალიან კარგ არტისტს, რომელიც გარდაცვლილია და არ დავასახელებ, ის ამბობდა, ვერ ვითამაშებ პერსონაჟს, რომელსაც სექსუალური ორიენტაცია არეული აქვსო. ჩემთვის ეს პრობლემა არ არის, მაგრამ ფორმასაც გააჩნია, მნიშვნელოვანია ამ როლში ჩემგან რას ითხოვს რეჟისორი.

- თქვენთვის პროფესიაში რა არის წითელი ხაზები?

- პერსონაჟთან დაკავშირებიYთ, ჩემთვის წითელი ხაზები არ არსებობს, მაგრამ როგორც ცხოვრებაში, ასევე საქმეში, სიმართლე, გულწრფელობა ყველაზე მეტად ფასობს. პარტნიორთან არასდროს მიჩხუბია, თუმცა კამათი და მსჯელობა სასურველიც კია. მსახიობი ჯარისკაცივითაა, ყველაფერი უნდა შეძლოს, ყველაფერი უნდა ითამაშოს, უნდა იცოდეს მანქანის ტარება, ცხენით ჯირითი, კასკადიორობა... რაც უფრო ფორმაში ხარ, შენით უფრო ინტერესდებიან. ამ ინტერვიუს შემდეგაც რეპეტიცია მაქვს, მერე გადასაღებად მივდივარ.

- როლზე მუშაობას, პერსონაჟთან ემოციური კავშირის დამყარებას როგორ იწყებთ?

- ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეჟისორთან საუბარს, ასე ვხვდები­ გმირის ხასიათს. მერე იმ პერსონაჟში "დათო დარჩიას" ვდებ. მაგალითად, იმ თვისებას, რომელიც ჩემში მომწონს. ხომ შეიძლება, იგივე თვისება იმ გმირსაც ჰქონდეს, რატომაც არა? ბუნებრივია, ამ ყველაფერს რეჟისორთან ვათანხმებ.

elene-1744573952.jpg

- ფიქრის პროცესი ხანგრძლივია?

- არა, ბევრი ფიქრი არ მიყვარს. შეიძლება რეჟისორთან მოკლე დროში დაალაგო, ტიპაჟი როგორია და მერე შენს თავზე იმუშაო. ამ პროფესიას თავის სიგიჟეებიც აქვს, ამიტომაც არის საინტერესო.

- პრემიერის შემდეგ ვის შეფასებას ელით ყველაზე დიდი ინტერესით?

- ამ ეტაპზე ეს არის ჩემი ვაჟი, რომელიც საზღვარგარეთ სარეჟისოროზე სწავლობს. მაინტერესებს, ის როგორ მხედავს. მნიშვნელოვანია შინაურების აზრი, მაგრამ ისეთების, ტყუილად რომ არ შემაქებენ და სიმართლეს მეტყვიან. ასეთი ადამიანია ჩემი ყოფილი მეუღლე, რომელიც კარგი შემფასებელი და პირდაპირი მთქმელია. კრიტიკის მოსმენა სასარგებლოა, მთავარია, ჯანსაღი იყოს და არა ბოღმით სავსე.

- ამ უკანასკნელზე როგორ რეაგირებთ?­

- ადრე უფრო განვიცდიდი, ახლა ჰა, ჰა, ჰა! იგნორი საუკეთესო გამოსავალია. ხომ გახსოვთ, ერთ ბრძენ კაცს ეწერა ბეჭედზე "ესეც გაივლის" და მეც გულში ვამბობ, ესეც გაივლის.

- სპექტაკლის წინ რიტუალი თუ გაქვთ?

- არა, ერთი ეგ არის, რომ თეატრში ყოველთვის ადრე მოვდივარ, ჩემთვის ოთახში გავივლ-გამოვივლი, სარკეში ვიყურები, ვხედავ რას ვაკეთებ და მერე იქ, სადაც საჭიროა, საუკეთესო ვარიანტს ვაჩვენებ. შეიძლება ითქვას, ესეც რიტუალია, რეალობისგან განსხვავებულ სამყაროში შესვლის რიტუალი.

- როლებიდან თუ გამოარჩევთ გმირს, რომელმაც თქვენზე დიდი გავლენა მოახდინა, სხვაგვარად დაგაფიქრათ, ახალი აღმოჩენები გაგაკეთებინათ?

- ერთი გმირის დასახელება გამიჭირდება. ის სიმტკიცე, ძალა, პროფესიონალიზმი, ვარსკვლავობა (თუ შეიძლება ასე ითქვას), რომელიც თეატრს სჭირდება, იმ როლებმა მომცა, რომელიც ჩემს საყვარელ ეროვნულ თეატრში შევასრულე და ამისთვის ყოველთვის მადლობელი ვიქნები.

- ვარსკვლავობა ახსენეთ, თავში ავარდნის მომენტი გქონიათ?

- არასდროს, ეს რომ დაგემართოს, ცოტა სხვაგვარი ადამიანიც უნდა იყო. რა უნდა ამვარდნოდა თავში, აქ, ამ თეატრში ისეთებს უთამაშიათ და დარწმუნებული ვარ, ისეთები ითამაშებენ, ჩემი თავში­ ავარდნა ცოტა სასაცილოც კი იქნებოდა.

- თქვენმა ვაჟმა რეჟისორის პროფესია­ აირჩია, ქალიშვილი მოზარდ მაყურებელთა­ და გორის თეატრების მსახიობია. მათ არჩევანზე თქვენი დამოკიდებულება როგორი იყო?

- ელენეს თვალებში შევატყვე, რომ ძალიან­ მონდომებული იყო, სიზარმაცე არ სჩვევია, მე კი ამ პროფესიის ყველა სირთულე გავაცანი და არჩევანი თავად გააკეთა, ისიც ვუთხარი, რომ ვერაფერში დავეხმარებოდი.

- რაღაც მომენტში მამაჩემის შვილობა­ ხელის შემშლელიც კი აღმოჩნდა, მსახიობის შვილისგან მეტს მოითხოვენო, ელენეს ერთ-ერთ ინტერვიუში აქვს ნათქვამი.

- კი, ვიცი, შეიძლება ასეც იყო, მაგრამ მე მის გასაკეთებელს ვერ გავაკეთებ. მასში მონდომებას, შრომის სიყვარულს ვხედავ, დიდი ენერგია აქვს და ეს ბევრს ნიშნავს.

- თქვენს პრემიერაზე უფრო ნერვიულობთ თუ ელენეს პრემიერაზე?

- რა თქმა უნდა, ელენეს პრემიერას უფრო განვიცდი.

- პიროვნული თვისებებიდან, ყველაზე მეტად ამ პროფესიაში რა დაგეხმარათ?

- ისეთი ბაბუების და ბებიების გარემოცვაში ვიზრდებოდი, მასწავლიდნენ, რომ ჯერ კაცი უნდა ვყოფილიყავი და მერე იმ პროფესიის მსახური, რომელსაც ავირჩევდი. ჩემი კაცობა ამ პროფესიაში დამეხმარა, შეიძლება რაღაცებში ხელიც შემიშალა, მაგრამ უმეტესწილად დამეხმარა.

- იღბლიანი არტისტი ხართ?

- კი, იღბლიანი ვარ, როგორ შეიძლება ეს არ ვაღიარო და ამის გამო უფლის მადლიერი ვარ.

- იმ ფილმზე რას გვეტყვით, რომლის სცენარიც ახლა მაგიდაზე გიდევთ?

- სერიალ "ბოლო სეზონზეა" ლაპარაკი. ჩემი პერსონაჟი საფეხბურთო კლუბის ერთ-ერთი მფლობელის ძმაა. მხოლოდ ამის გამხელა შემიძლია, დანარჩენზე ჯერ ვერ ვილაპარაკებ.

თამუნა კვინიკაძე