„საოცარი განცდაა, როცა მკურნალობას კარგი შედეგი მოჰყვება და პაციენტის სიხარულის თანამონაწილე ხდები“ - კვირის პალიტრა

„საოცარი განცდაა, როცა მკურნალობას კარგი შედეგი მოჰყვება და პაციენტის სიხარულის თანამონაწილე ხდები“

"1982 წლიდან ექთანი ვარ. ჩემმა პროფესიამ ბევრი სიხარული მომიტანა, ამიტომ ვერავინ მათქმევინებს, რომ დავიღალე, ან ჩემი საქმე მომბეზრდა", - ამბობს ქალბატონი მაია კვინიკაძე. მისი ნაამბობი კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, რომ ადამიანს ყველაზე მეტად სხვა ადამიანების სიყვარული ამშვენებს:

- 42 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ექთანი გავხდი. ჯერ ზესტაფონის რაიონში ვიმუშავე, მერე ოჯახი შევქმენი, მეუღლე თბილისში მუშაობდა და საცხოვრებლად აქ გადმოვედით. 1986 წლიდან იაშვილის სახელობის კლინიკაში ვმუშაობ. ცხოვრება რომ გაჭირდა, ისევ მეუღლის სოფელს დავუბრუნდით და 13 წeლი ზესტაფონიდან დავდიოდი. ყოველ მეორე დღეს მორიგე ვიყავი, ღამეებს ვათევდი, მაგრამ კლინიკაში ერთხელაც არ დამიგვიანია. 2011 წელს ქუთაისშიც "ემერჯენსი" გაიხსნა, განყოფილების გამგემ მთხოვა, დავხმარებოდი და ერთდროულად ქუთაისშიც ვმუშაობდი და თბილისშიც.

- ამგვარ დატვირთვას როგორ უძლებდით?

- ჩემს პროფესიას აქვს საოცარი ხიბლი, რომლის გამოც შრომა და წვალება ღირს:N ჯერ ერთი, ნებისმიერ დროს შეგიძლია ადამიანებს დაეხმარო და როცა მათგან მადლობის სიტყვებს ისმენ, როცა მათ მადლიერ თვალებს ხედავ, ამაზე უკეთესი განცდა ამქვეყნად არ არსებობს. 13 ნათლული მყავს და მათგან ოთხი ჩემი ყოფილი პაციენტია. საოცარი განცდაა, როცა მკურნალობას კარგი შედეგი მოჰყვება და პაციენტის სიხარულის თანამონაწილე შენც ხდები! ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი გადავარჩინე. ჯერ გზაზე რამდენი ავარიის მომსწრე ვარ... შეუძლებელია დავინახო, რომ ვიღაცას უჭირს, ტრანსპორტიდან არ ჩავიდე და არ დავეხმარო. ბევრს დავხმარებივარ, მაგრამ ჩემი პროფესიის მადლობელი იმიტომაც ვარ, რომ მისი წყალობით მეუღლე გადავარჩინე.­ მადლობა ღმერთს, ახლა კარგადაა, თავის სოფელში, წიფლავაკეში ცხოვრობს და აქეთ გვეხმარება.G ამ წლების განმავლობაში მხოლოდ მეუღლის სოფელში კი არა, შორაპანსა და ზესტაფონში თუ ვინმეს გადასხმა, ნემსის გაკეთება ან დახმარება სჭირდებოდა, ყველას ვეხმარებოდი. უმეტესობისთვის ფულიც არ გამომირთმევია. დღე არ გავა, რომ არ დამირეკონ, დახმარება არ მთხოვონ.

- ალბათ, ბევრი დაუვიწყარი ამბავი გახსენდებათ...

- როგორ არა: ქუთაისში რომ ვმუშაობდი, პაციენტს ვენაში კათეტერი ჩავუდგი, მეორე დილით, 6 საათზე, სამარშრუტო ტაქსით თბილისში წამოვედი, რომ მორიგეობისთვის მიმესწრო. კლინიკაში თანამშრომელმა დამიძახა, პაციენტთან გამოდიო. გამოვედი და რას ვხედავ: ქალს კალთაში ბავშვი უზის და გაოცებისგან გაფართოებული თვალებით მიყურებს. წუხელ ქუთაისში ზუსტად თქვენნაირმა ქალბატონმა ჩემს შვილს კათეტერი ჩაუდგა და ტყუპისცალი და ხომ არ გყავთო, მკითხა. სიცილით ვუთხარი: ქუთაისშიც მე ვიყავი და აქაც მე ვარ-მეთქი.

1992 წელი იყო, შუქი არ გვქონდა და მე-6 სართულზე, რეანიმაციაში, ბავშვი ფეხით ავიყვანე. კიბეზე რომ ჩამოვდიოდი, დავინახე, რომ ერთ-ერთი პაციენტის მშობლები ისხდნენ და ტიროდნენ, ბავშვს პირველი დადებითი სისხლი სჭირდებაო. იმ დღეს ჩემი სისხლი გადავუსხი და მომდევნო დღეებშიც. მერე ბავშვი კარგად გახდა და გავწერეთ. მაშინ მობილური ტელეფონები არ იყო და ერთმანეთი დავკარგეთ. ოთხი წლის შემდეგ იმ ბავშვის ბაბუას შემთხვევით შევხვდი და მაშინვე მიცნო. გიორგობა მოდიოდა, მე და ჩემი მეუღლე სახლში წაგვიყვანა და მთელმა ოჯახმა ძალიან დიდი პატივი გვცა. მას შემდეგ ოჯახებით ვმეგობრობთ. ასეთი შემთხვევა სხვაც ბევრი მქონია...

- ქალბატონო მაია, ცუდი ამბებიც გახსენდებათ?

- არ მინდა მკითხველი უსიამოვნო მოგონებებით გადავღალო, თორემ ექთანებს სანერვიულოს მეტი რა გვაქვს - როცა მორიგე ვარ, ზოგჯერ 70-80 პაციენტის გასტუმრება მიწევს. როცა აღელვებული პაციენტი შემოდის, დასამშვიდებლად მე მიშვებენ ხოლმე, რომ პაციენტიც და მშობელიც დავაიმედო. ამას წინათ, 14 წლის ბავშვი შემოიყვანეს, არავინ იცოდა, მეხუთე სართულიდან გადმოვარდა თუ გადმოხტა. ამ თვეში სუიციდის მეოთხე შემთხვევა გვქონდა. ძალიან განვიცდი, მოზარდებში ასეთი შემთხვევები რომ გახშირდა. ძალიან რთულია, როდესაც ბავშვს ლეიკემიის ან თავის სიმსივნის დიაგნოზს დაუსვამენ. ძნელია, ამ დროს მშობლები დაამშვიდო! ზოგჯერ პაციენტი აღარც მახსოვს, მშობლის დამშვიდება იმდენად რთულია.L ზოგიერთს მთელი აგრესია ჩვენზე გადმოაქვს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მოთმენა ურთულესია. ძნელია აუხსნა, რომ ლეიკემია ხშირად იკურნება და მსგავსი დიაგნოზი სულაც არ ნიშნავს ფატალურ დასასრულს.

- ევროპაში თქვენი პროფესიის ხალხს გაცილებით მაღალი ანაზღაურება აქვს. თქვენ არასდროს გიცდიათ წასვლა?

- ემიგრაციაში წასვლის შანსი მეც მქონდა, მაგრამ თავი შევიკავე - მე აქ იმდენი საქმე მაქვს, რომ საქართველოშიც ვახერხებ თავის გატანას. კვირა არ გავა, ვიღაცას გადასხმა და სამედიცინო დახმარება არ დასჭირდეს. სწორედ ექთანობის დამსახურებაა, რომ ყველაზე მძიმე წლებში შვილებიც გავზარდე და მეუღლეც გადავარჩინე, თანაც, ამდენი წელია იაშვილის კლინიკაში ვმუშაობ და ვამაყობ, რომ ამ გუნდის წევრი ვარ. სხვა კლინიკებშიც მიმუშავია, მაგრამ ეს მაინც ჩემი გუნდია.

- ამ გადმოსახედიდან გული რაზე გწყდებათ?

- გული მწყდება, რომ ექიმი არ გავხდი, მაგრამ არა უშავს: ორი შვილიშვილი მყავს - გიორგი და ლუკა ფერაძეები. რატომღაც მჯერა, რომ ჩემი საქმე ერთ-ერთ მათგანს მაინც დააინტერესებს და ჩემი აუხდენელ ნატვრაც ასრულდება.

ხათუნა ჩიგოგიძე