ვანო პაპას კეთილი საქმეები
"ყოველ ჩვენგანს ჰყავს ახლობელი, რომელსაც ქვეყანასა და ხალხზე ისევე შესტკივა გული, როგორც თავის ოჯახსა და პირადზე და ამას საქციელითაც ამტკიცებს. სწორედ ასეთი ადამიანები ინარჩუნებენ და უვლიან ქვეყანას. აი, ასეთია ონში, სოფელ გლოლაში მცხოვრები ვანო სულთანიშვილი. გთხოვთ, გაესაუბრეთ ამ მშრომელ ადამიანს, რათა დარწმუნდეთ რამდენ მადლიან საქმეს აკეთებს.
ციალა მეტრეველი".
ვანო პაპამ მართლაც შეუფასებელი საქმე გააკეთა, როდესაც ათწლეულების შრომით ახალი რაჭული ყურძნის ჯიში გამოიყვანა. ის უკვე დიდ მოსავალს აძლევს და მშვენიერ არომატულ ღვინოსაც აწურვინებს. მალე ვანო პაპა ამ ჯიშს ოფიციალურად დაარეგისტრირებს. თუმცა ჯიში საქართველოს მთიან რაიონებში ვანო პაპას მადლით უკვე გავრცელდა. ისე კი, ამ კარგ კაცს რაჭაში შეუდარებელი ქართული კაკალიც გამოჰყავს - ე.წ. რაჭული ჯიშებიდან, რომლის ნერგებს, ვაზისა არ იყოს, საჩუქრად არიგებს. უნდა ქართულმა კაკალმა იხაროს, უცხო ჯიშებმა არ დაჯაბნონ და გააქრონ. ქართული კაკლის ბერტყვაც მანვე გააიოლა, ისეთი წესი მოიფიქრა, რომელსაც უზარმაზარ ხეზე ასვლა არ სჭირდება.
ვანო პაპა რედაქციაში გვესტუმრა და შემოგვჩივლა, ცოტა ფეხები ამტკივდა, შვილებმა რაჭაში არ გამაჩერეს, თბილისში ექიმთან მიმიყვანეს, ახლა შინ ვბრუნდები, წავალ ჩემს რაჭაში, ეზოსა და ჩემს უცნაურ სიზმრებთან, რომელიც ხშირად ცხადში მიმეორდება ხოლმე. შესაძლებლობა რომ მქონდეს, ჩემი სიზმრების კვალს მივყვებოდი, ვინ იცის, რა აღმომეჩინაო.
- ჯერ თქვენ გამოყვანილ ვაზის ჯიშზე მითხარით, როგორც ვიცი, ის რაჭაში ბევრს მოჰყავს, განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში, სადაც ყურძენი არასოდეს მოდიოდა.
- არა მხოლოდ რაჭაში, ჩემი ვენახის ლერწები სვანეთშიც წაიღეს, გაახარეს და დაკრიფეს. მეც ეგ მაცოცხლებს, რომ ჩემი შრომა დაფასდა. მართლაც მრავალი წელი ვიშრომე ისეთი ჯიშის გამოყვანაზე, რომელიც ჩემს სოფელში და საერთოდ რაჭის მაღალმთიან სოფლებში იხარებდა. სად აღარ დავდიოდი, რომელი სოფლიდან აღარ მომქონდა ვაზის ლერწი, რომ როგორმე შემეჯვარებინა და მთის ვენახის ჯიში მიმეღო. ბოლოს და ბოლოს, მივაღწიე საწადელს, ნანატრი ჯიში გამოვიყვანე და "სურტანე ადრეულა" დავარქვი. ის მაშინ მწიფდება და ტკბება, როდესაც რთვილს ჩამოყრის და შეიძლება თოვლიც მოვიდეს, მაგრამ ამ ჯიშს სწორედ სიცივე აგემრიელებს, თანაც მადლიანადაც ისხამს, ხეივანი გავაშენე და უკვე იმდენ ღვინოს ვწურავ, ჩემი ოჯახისთვისაც კმარა, სტუმრებისთვისაც და იმ ხალხისთვისაც, ვინც ღვთის და ქვეყნის საქმეს აკეთებს. მე შოვის ღვარცოფს გადავურჩი, მაგრამ რაც ცოდვაც აქ დატრიალდა, იმას მოსისხლე მტერსაც არ ვუსურვებ. აქ დაღუპულთა სახელზეც შევწირე ხალხს ჩემი ღვინო და გული ცოტათი დამიმშვიდდა - ქართული წესია მოსახსენიებლისთვის ღვინის შეწირვა.
ქართულ კაკალს პატრონი მოაკლდა, უფრო უცხოური ჯიშების გამოყვანაზე ვშრომობთ. არადა, ქართულ კაკალს არაფერი შეედრება, დედამიწაზე არ არსებობს მისნაირი ჯიში. ეს გამოკვლეულია, მე ხომ არ დამიდგენია?! ამიტომ ქართული კაკლის ნერგები სულ გამომყავს და მთელ სოფელ-ქვეყანასაც ვჩუქნი უფასოდ.
- აშენდით, ძია ვანო. ქართულ კაკალს უჩივიან, მაღალი იზრდება, დაბერტყვა ჭირსო.
- ჭირს იმიტომ, რომ სოფელში დამბერტყავი აღარ დარჩა. არადა, ჩვენს კაკალს ეგ ძალიან სჭირდება, რომ მომდევნო წელიწადს კარგი მოსავალი მოგვცეს. მგონი, მაგ საქმესაც ვუშველე - ისეთი დაბერტყვის წესი მოვიგონე, ხეზე ასვლა რომ არ სჭირდება და ნაწილობრივ მაინც დაბერტყავს.
- როგორი? ასეთი რამ არსებობს?!
- როგორც ამბობენ, გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო: "კატანკა სინა" გაგიგია?
- დიახ, ქართულად გლინულა მავთული, რომლის დიამეტრი სანტიმეტრს აღემატება და ამდენად, ძალიან გამძლეა.
- ჰოდა, ეგ გლინულა მავთული, რაც შეიძლება დიდი სიგრძის, უნდა მოხარო, მოხრილი თავი, სადამდეც მისწვდები, კაკლის ტოტს უნდა გამოაბა, მეორე თავი კი რაიმე მყარ საგანზე, მაგალითად, ხეზე გამოაბა. მერე გაჭიმულ მავთულს ნაჯახს ან ცულს დასცხებ და კაკალი ვიბრაციით ჩამოცვივა ტოტებიდან. ვინც ნახა, გაუკვირდა, ეს როგორ მოიგონეო. ახლა უკვე თავადაც ასე ბერტყავენ.
- გაიხარეთ. წინასწარმეტყველური სიზმრები ახსენეთ და, ეგეც უნდა მითხრათ აუცილებლად.
- ყველას არ მოგიყვებით, მაგრამ ერთი სიზმრის დარდი ნამდვილად მკლავს. ალბათ, იცი, რომ დედოფალი თამარი ლეგენდით რაჭაში გაიზარდა. ჰოდა, თამარი მესიზმრება ზედ ნაქალაქარზე, ერთ ადგილას. იქ ოდესღაც ნამდვილი ქალაქი ყოფილა და ახლა მხოლოდ ბერის საყდარია დარჩენილი. აი, მანდ ვარ ხშირად სიზმარში და თამარის ხმა ჩამესმის, ძირს დაიხედეო. დავიხედავ და წარწერებიან ეტრატებს ვხედავ, რომელსაც ვერ ვწვდები. მერე მეღვიძება და გათენებამდე ვფიქრობ, იქნებ აქ მართლაც ჩვენი ქვეყნისთვის რაიმე მნიშვნელოვანი რამ არის ჩაფლული-მეთქი, ვინ იცის. ფული რომ მქონდეს, ან მეცნიერი ვიყო, ნამდვილად შევამოწმებდი.
- ოდესმე, ალბათ, შეამოწმებენ. სამწუხაროდ, რაჭა სხვა მხარეებთან შედარებით არქეოლოგიურად სრულყოფილად შესწავლილი მართლაც არ არის.
- ღმერთმა ქნას, ასე იყოს. ჩემთვის აქ ცხოვრებაზე უკეთესი არაფერია და მინდა რაჭას სიცოცხლე ისევ დაუბრუნდეს.