აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ანსამბლ „შავნაბადას“ წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ანსამბლ „შავნაბადას“ წინააღმდეგ

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც დე ფაქტო სამინისტრო ანსამბლ "შავნაბადას" აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის სტატუსის გამოყენებას უკრძალავს. მათი თქმით, ქართველებში არის ტენდენცია გააყალბონ აფხაზეთის ისტორია, რაც აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციას ემსახურება, შესაბამისად, საკითხს ჟენევის მოლაპარაკებაზე განიხილავენ.

აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლ "შავნაბადას" არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იცნობენ. მათ სიმღერებს აფხაზეთში, ენგურს გაღმა უამრავი აფხაზი ისმენს და შესაბამისად, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის "აკრძალვაც" გასაგებია. საზოგადოებაში კი ამ აკრძალვას გამოხმაურება მოჰყვა: "რახან აფხაზეთის მარიონეტულ მთავრობას "შავნაბადამ" ნერვები ასე აუშალა, ე.ი. ბიჭები ჩვენი ქვეყნისთვის დიდი საქმეს აკეთებენ"; "ამ ანსამბლის გამოსვლამ ევროკავშირის დარბაზი შოკში ჩააგდო და საქართველოს პოპულარობა გაზარდა, გასაგებია, რაც ანერვიულებთ აფხაზეთის მარიონეტებს"; "ინერვიულებს აფხაზეთის მარიონეტული მთავრობა, აბა, რა იქნება! წინ იარეთ. ბიჭებო!", - წერენ მომხმარებლები სოციალურ ქსელში და გვწერენ ჩვენც. რას ფიქრობს ანსამბლი ამ "აკრძალვის" შესახებ, ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელს დათო ცინცაძეს…ვესაუბრეთ.

- 20 წლის განმავლობაში ჩვენ სწორედ იმისთვის ვშრომობთ, რომ მსოფლიოს ვაჩვენოთ, აფხაზეთი საქართველო იყო, არის და იქნება. ჩვენი აფხაზური სიმღერები, სწორედ აფხაზეთის ტკივილის გამოვლენაა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.

- ანუ უკვე 20 წლის ხართ. წარმომიდგენია, რამხელა შრომა გჭირდებოდათ იმისთვის, რომ თუნდაც ევროპის ქვეყნებში აღიარებისთვის მიგეღწიათ.

- მართლაც დიდი შრომა გვჭირდება, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი ანსამბლი ძირითადად ენთუზიაზმზე შრომობს. ამისთვის უდიდესი მადლობა ანსამბლის ბიჭებს. ყველაფრის მიუხედავად, ყოველთვის გვექნება პასუხისმგებლობა ისეთ სიმღერაზე, რომელიც უნდა იყოს ქართული სიმღერის ათასწლოვანი ფესვების საკადრისი. ასე ვმუშაობთ, რა თქმა უნდა, აფხაზურ სიმღერაზეც. ის იმდენად ახლოა ქართულთან, იმდენად დიდია ტკივილი აფხაზეთის გამო, რომ ეს ჩვენს ნამღერში ყოველთვის ჩანს და თავად აფხაზებიც ხედავენ. როდესაც პროექტ "რანინაში" 8 წლის Aანასტასია გარსევანიშვილთან ერთად ვიმღერეთ აფხაზური "შიშ-ნანი", სიმღერამ მრავალმილიონიანი ნახვა რამდენიმე საათში დააგროვა. თავად აფხაზეთში ისე სწრაფად გავრცელდა, რომ უამრავი ადამიანი ერთდროულად გამოგვეხმაურა.

- "შიშ-ნანი" ლეგენდარული სიმღერაა: აფხაზების მუჰაჯირობა, შვილგარდაცვლილი დედის იავნანა, რომელიც გარდაცვლილ შვილს ზღვის ნაპირამდე უმღეროდა, რათა მისი გვამი ზღვაში არ გადაეგდოთ. ამ სიმღერას ვერავინ მოუსმენს გულგრილად.

- ამიტომაც "საჩივარში" დაგვიწერეს, ჩვენს ნაცვლად მღერიან, ქართველების ორმაგი სტანდარტი შესაძლებლობას არ გვაძლევს ჩვენი კოლექტივები საზღვარგარეთ გავუშვათ, ჩვენი ერის ისტორიის გადაკეთებას ეწევიანო. სინამდვილეში ნამდვილი აფხაზური კულტურის ისტორია ნელ-ნელა თავად მათ შემოაცვდათ ხელში. ნამდვილი აფხაზებისთვის, ჩვენი ძმებისთვის, მზად ვართ თავიანთ კულტურაზე ვესაუბროთ, ნამდვილი აფხაზური სიმღერები ავაჟღეროთ, ისტორიებიც ფაქტებით მოვუყვეთ და დავეხმაროთ ისტორიული სახის დაბრუნებაში.

ისე კი, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ამ განცხადებამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რამდენად კარგ საქმეს ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის და რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ტურნეები ევროპაში, სადაც ყველა ქვეყანას ვეუბნებით, რომ აფხაზეთი საქართველოა.

- როგორც ჩვენი ქვეყნის ელჩებმა, ხშირად უნდა იაროთ მსოფლიოში, კულტურა ხალხებს აახლოებს.

- მართლაც აახლოებს. სწორედ შარშან წარგვადგინა საზოგადოებრივმა არხმა ევროპულ ფესტივალზე, სადაც 54 ქვეყანა მონაწილეობდა და ქართულმა სიმღერამ ევროპული სივრცე სრულად მოიცვა: ჩვენი კონცერტი ევროპის ყველა ქვეყანაში დაუმონტაჟებლად გადაიცემოდა. 15-წუთიანი ტაშიც კი არ ამოჭრეს, რომელსაც კონცერტის შემდეგ გვიკრავდნენ. გველიან გერმანიის ფესტივალზეც, სადაც ძალიან მაღალი რანგის მაყურებელიც გვეყოლება და საქართველოს ცნობადობა უფრო გაიზრდება. თუმცა გასამგზავრებელი ფინანსების მოძიება ისევ გვირთულდება. მაინც იმედს ვიტოვებთ, რომ გამგზავრებას და ჩვენი საქმის პირნათლად შესრულებას შევძლებთ.