დავითგარეჯაში აქამდე უჩინარი, კლდეში გამოკვეთილი სამონასტრო კომპლექსი აღმოაჩინეს - კვირის პალიტრა

დავითგარეჯაში აქამდე უჩინარი, კლდეში გამოკვეთილი სამონასტრო კომპლექსი აღმოაჩინეს

ალბათ, ვერასოდეს ჩავწვდებით, რა ძალით შრომობდნენ ჩვენი წინაპრები ქვეყნისთვის. მათი გარჯის კვალს დღეს მისტიკური ძალა აქვს, როგორც კარნახს, რომ ეს ნაამაგარი, ნაოფლარი ქვეყანა შევინარჩუნოთ და არასოდეს დავნებდეთ. XXI საუკუნის ხმაურში წინაპართა ამ დიდი მისტიკის კიდევ ერთი ნიშაა აღმოჩენილი: დავითგარეჯაში აქამდე უჩინარი, კიდევ ერთი კლდეში გამოკვეთილი სამონასტრო კომპლექსი ყოფილა. დაახლოებით 80 კვკმ-იანი ეკლესია 30 მეტრამდე სიმაღლის კლდეშია შემალული და იქამდე მხოლოდ თოკებით შეიძლება მიღწევა. მკვლევარ ანზორ მჭედლიშვილის ექსპედიციამაც სწორედ თოკებით მიაღწია ტაძრამდე.

- ბატონო ანზორ, თქვენი ექსპედიციის თეთრი შურითაც კი უნდა შურდეს კაცს: უკეთესი რა უნდა აკეთოთ ქვეყნისთვის, წლების განმავლობაში უმეტესად უსასყიდლოდ ეძებდით უცნობ ქართულ ტაძრებს და ახლა კიდევ ერთი მასშტაბური კომპლექსი აღმოაჩინეთ.

- ის ადგილი სოფელ ქვემო ბოდბიდან დაახლოებით 26 კილომეტრით არის დაშორებული, ყაჯირის მთაზეა. ამ მიდამოებში სამი წლის წინ დაზვერვითი სამუშაოების დროს კლდეებში რამდენიმე ქვაბული შევნიშნეთ. ზოგი ქვაბული ბუნებრივია და არა ხელით ნაკვეთი. ამას აეროფოტოგადაღებებით ვაკვირდებით. ჩვენი შემჩნეული ქვაბულებიდან ერთ-ერთი სწორედ ხელით გამოკვეთილი ჩანდა. თუმცა საქმე რთულად იყო: ქვაბული იმ სიმაღლეზეა, იქამდე ასვლა წარმოუდგენელი იყო ალპინისტური აღჭურვილობის, ალპინისტის დახმარების და საერთოდ, ექსპედიციის ყველა ნიუანსის დადგენის გარეშე. ამიტომ დავიცადეთ, ქვაბულში წელს ავედით და სამონასტრო კომპლექსიც დაგვხვდა.

- წარმომიდგენია, რამხელა სიხარულია: იდუმალი ნაგებობა, რომელშიც დიდი შრომაა ჩადებული, საუკუნეებია იქ ადამიანს ფეხი არ დაუდგამს და იმავდროულად, ჩვენი წინაპრის კვალია შენახული.

- მადლობა ყველას, ვინც ექსპედიციას ხელი შეუწყო და რაც მთავარია, ცნობილ ალპინისტს ბატონ ბიძინა გუჯაბიძეს. თოკებით დაკიდებული პირველი თავად ბატონი ბიძინა შევიდა ქვაბულში.

- ალბათ, იმ განცდას არაფერი შეედრება, როდესაც გამოქვაბულში შედიხარ და იქ კლდეში ამოჭრილი დარბაზები გხვდება, თანაც როგორ: ალბათ, იდგნენ და საჭრეთლით კლდეს წლების განმავლობაში ჭრიდნენ.

- სავარაუდოდ. თანაც, სამონასტრო კომპლექსი კარგად არის ჩამალული ხევში. სანამ კლდოვანი ხევის სიღრმეში არ შეხვალ, ვერც დაინახავ. ალბათ, ასეთი მდებარეობა საგანგებოდ შეარჩიეს, რათა სამონასტრო მოღვაწეობისთვის შესაფერისი პირობები ჰქონოდათ.

მართლაც დიდი შრომა გაუწევიათ. ორი დარბაზია: ერთი დაახლოებით 20, ხოლო მეორე 40 კვმ-ის, სატრაპეზო და სხვა დამხმარე ნაგებობები.

სათავსები დაკავშირებული ყოფილა თაღებით, კარებით და თაროებით.…ბევრი სათავსის დანიშნულებას ახლა ვეღარ გაარჩევ, მაგრამ, ცხადია, ყველაფერს თავისი დანიშნულება ჰქონდა, ქვაბულის გასანათებელ ჭრაქებსაც ხომ თავისი ადგილი სჭირდებოდა.

- კლდეში ნაკვეთ ტაძრებსა და საცხოვრისებში, სადაც სინათლე ვერ შედიოდა, ალბათ, ჭრაქებსა და კანდელებს სულ დარაჯობდნენ, რომ არ ჩამქრალიყო.

- ცხადია. ასეთი მონასტრები სპეციალური ბათქაშით ილესებოდა, რომელიც მოხატულობისათვის არ იყო ჩაფიქრებული, არამედ განათებას აძლიერებდა.

- ალბათ, აქ ხარის ტყავებზე სახარებებიც გადაიწერებოდა და მთელ ქრისტიანულ სამყაროში ვრცელდებოდა, როგორც ინფორმაცია ქრისტიანულ საქართველოზე, რომელიც აყვავების გზაზე იდგა. ნეტავ განვითარების ის ტემპი დაგვიბრუნდეს, რაც იმ დროს გვქონდა.

- ქვეყნის განვითარების ტემპი რომ ძალიან ძლიერი იყო, ადასტურებს იმ პერიოდის მშენებლობები ქვეყანაში. სამწუხაროა, რომ მათგან ბევრი დრო-ჟამმა გაანადგურა. როდესაც 2022 წელს ამ სამონასტრო კომპლექსის შესასვლელი დრონით გადავიღეთ, ჩანდა კლდის ღარი, რომელიც უკვე 2025 წელს ჩამორეცხილი დაგვხვდა. ამის გამო ქვაბულში აღმოჩენილი მონასტრის საკურთხეველში უკვე ღიობია გაჩენილი და ეს მხოლოდ 3 წელიწადში მოხდა. ახლა წარმოვიდგინოთ, რამდენად სწრაფად ანადგურებს ათასწლეულები ამ კვალს.

- იქნებ ამიტომაც აღმოჩნდა მონასტერი კლდის დაახლოებით 30 მეტრის სიმაღლეზე, დანარჩენი გზა კი ჩამოირეცხა. იქნებ ბერებს თოკი არც სჭირდებოდათ მონასტრამდე მისასვლელად და გზა კიბით ჰქონდათ გამოკვეთილი.

- ამას ახლა, სამწუხაროდ, ვეღარავინ გეტყვით.

მღვიმის ქვემოთ, ჩამოშლილ მიწაში ვნახეთ ადამიანის ძვლების ნაშთებიც, როგორც ნიშანი იმისა, რომ ეკლესიის საკურთხეველში აკლდამაც იყო და ის კლდის ჩამოშლის გამო მოირღვა.

ყოველივე ამას კვლევა სჭირდება, თუმცა, რაც დაგვრჩა, დასტურია იმისა, რომ ჩვენი წინაპრები აშენებდნენ და შრომობდნენ, რაც იმავეს ჩვენც გვავალდებულებს.

TOP.GE