"ყუფარაძემ ხომ დარეკა?!" - ვინ იყო ცნობილი "ყუფარაძის" პროტოტიპი ფილმში "ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი"
გახსოვთ, ალბათ, ფილმში „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ რამდენიმე ეპიზოდში ისმის ფრაზა - „ყუფარაძემ დარეკა“, „ყუფარაძე ვინ არის?“, „ყუფარაძემ ხომ დარეკა?!“... არავინ იცის, ვინ არის ეს "მითური" ადამიანი. ამ ფილმზე მუშაობის პერიოდში, კინოსტუდიის დოკუმენტური ფილმების სტუდიას ხელმძღვანელობდა ზურაბ ყუფარაძე.
აი, რას იხსენებს ბატონი ზურაბის შვილი, „ქართული ფილმის“ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ლევან ყუფარაძე:
- მამამ მთელი ცხოვრება კინოსტუდიაში გაატარა, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, 1950-იანი წლების დასაწყისიდან - გარდაცვალებამდე. საკმაოდ კომუნიკაბელურ ადამიანს, კარგი ურთიერთობა ჰქონდა რეჟისორებთან, მსახიობებთან, სცენარის ავტორებთან... მათ შორის, რა თქმა უნდა, ელდარ შენგელაიასთან.
მამა კარგად იცნობდა რეზო ჭეიშვილსაც („ცისფერი მთების“ სცენარის ავტორს). მოხდა ასეთი რამ:
ფილმის გადაღების წინაპერიოდში, მგონი, რაღაც გაუჭირდათ... ელდარს რა უნდა გასჭირვებოდა, მაგრამ ყოველთვის იყო ტექნიკური საკითხები, რაც მოსკოვთან უნდა გაერკვიათ. რადგან მამაჩემს იქ ბევრი ნაცნობი და მეგობარი ჰყავდა, მანვე დარეკა მოსკოვში და ის პრობლემა მოგვარდა. ეს ფაქტი მამისგან მახსოვს და მაშინ ითქვა, თურმე - რახან ზურაბმა დარეკა, მორჩა, ე.ი. საქმე გაკეთებულიაო. აქედან წამოვიდა ფრაზა „ყუფარაძემ დარეკა“, რომელიც რეზომ გააჟღერა ფილმის მოსამზადებელ პერიოდში, მუშაობის დროს. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ მე გავაგრძელე მის მოსკოველ მეგობრებთან ურთიერთობა, ზოგიერთს ვიცნობდი კიდეც. შევახსენებდი ხოლმე, რომ ზურაბის შვილი ვიყავი და ეს საკმარისი იყო საქმის მოსაგვარებლად.
- თქვენი ურთიერთობა კინოსტუდიასთან რა ასაკიდან დაიწყო?
- 3 წლიდან დავყავდი მამას კინოსტუდიაში. მახსოვს, პირველად შევესწარი გადაღებას პლეხანოვზე, კინოსტუდიის შესასვლელში. იღებდნენ ეპიზოდს, სადაც მონაწილეობდნენ დოდო აბაშიძე და ზურაბ ქაფიანიძე, თუმცა რა ფილმი იყო, ვერ ვიხსენებ. მაშინ ვნახე პირველად გადასაღები მოედანი, პროჟექტორები, გავიგე, რომ ხმის ამოღება არ შეიძლება გადაღების დროს და სხვა. პატარა ასაკში დოდო აბაშიძის ცოტა მეშინოდა, როგორც კი დამინახავდა, ხელში ამიტაცებდა და ზევით ამაგდებდა ხოლმე, ამიტომ ვემალებოდი.
პავილიონში გადაღებაზე პირველად აღმოვჩნდი 6-7 წლის ასაკში. მიხეილ ჭიაურელი იღებდა ფილმს „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“. მამაჩემმა დამარიგა: როგორც კი საერთო განათება ჩაქრება და პროჟექტორი აინთება, იმ წუთას ჩრდილი მოძებნე და იქ დადექი, რომ კადრში არ მოხვდეო. მამა წავიდა, თავისი საქმე ჰქონდა. დავდივარ აქეთ-იქით, ჯერ გადაღება არ დაწყებულა. დამაინტერესა დეკორაციამ, ეს იყო სახურავი და ვხედავ, რომ სახლი კი არ არის, მარტო სახურავია. იქ გადაიღეს სცენა, რა დროსაც სოფიკო ჭიაურელი საწამლავს სვამს. ვერ წარმოვიდგინე, სახლი რატომ არ იდგა. ავედი სახურავზე და ვათვალიერებ. ამ დროს, ატყდა ჩოჩქოლი და ჩაქრა შუქი. სად წავიდე? აინთო პროჟექტორი, მოვეფარე საკვამურს, მაგრამ ვხედავ, რომ ჩემი ჩრდილი ჩანს - ხან ხელის, ხან თავის. გამოსავალი მოვძებნე, საკვამურში ჩავხტი და რაღაც დავამტვრიე. თურმე, სპეციალური მილები გადიოდა, ისინი ცხელდებოდა და რომ დაიმტვრა, იქიდან საკმაოდ დიდი ბოლი ამოვიდა. ზემოთ რაღაც ხმები ისმის, გადაღება მიდის და სოფიკო ტექსტს ამბობს. მე უკვე ვიხრჩობი, იქ გაძლება აღარ შეიძლება. ვიცი რომ დუბლი გაფუჭდება, მაგრამ სხვა გზა არა მაქვს და საკვამურიდან ამოვხტი. წარმოიდგინეთ, სოფიკოს რა დაემართებოდა? ბოთლი ხელიდან გაუვარდა, გატყდა და ხელი გადაეჭრა. მე რომ ამოვხტი, დავეცი, ნიკაპი დავარტყი კრამიტს და გადავიყვლიფე მუხლები...
მახსოვს, გავრბივარ, მომდევს უკან რამდენიმე კაცი და საითაც გავიხედავ, ყველგან მამაჩემის თვალებს ვხედავ... ბოლოს ის მახსოვს, ვიღაცის კალთაში ვზივარ, სისხლი მომდის და მიხვევენ მუხლს. ამ დროს, მესმის ტექსტი: ზურაბ, იცოდე, ბავშვს ხმა არ გასცე, არაფერი უთხრა! - ეს იყო მიხეილ ჭიაურელი.

- მიხეილ ჭიაურელს სხვა დროს აღარ შეხვედრიხართ?
- როცა მიშა ანიმაციაში გადავიდა, იმ წლებში მქონდა კონტაქტი. იქ მუშაობდა ჩემი ბებიის და - ლუბა კვალიაშვილი, პირველი ქართული ხმოვანი მულტფილმის - „არგონავტების“ ოპერატორი, რომელთანაც ხშირად მივდიოდი სტუდიაში. მაშინ ბევრს ვხატავდი და გატაცებული ვიყავი იმით, რომ ჩემი ნახატები გაცოცხლებული დამენახა. როცა პირველი ნახატი გამიცოცხლა ბებიამ, გაოცებული ვიყავი, რომ გემი მიცურავდა. ლუბა კვალიაშვილი სარა სპარსიაშვილთან ერთად, ანიმაციაში პირველი ქალი ოპერატორები არიან. 1930-იანი წლებიდან დაწყებული, ლუბა მუშაობდა მთავარ ოპერატორად ვლადიმერ მუჯირთან, არკადი ხინთიბიძესთან, ოთარ ანდრონიკაშვილთან, მიხეილ ჭიაურელთან... 1980-იანი წლების ბოლომდე ემსახურებოდა საყვარელ საქმეს.
- რა პროფესია აირჩიეთ, ანიმაციას ხომ არ გაჰყევით?
- ერთხანს კი მქონდა ანიმაციური სტუდია, ბავშვებს ვასწავლიდი 12-დან 20 წლამდე და იმ პერიოდში, არა ერთი პატარა ფილმი გადავიღეთ. პროფესიით თეატრის რეჟისორი ვარ, ძირითადად, მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვმუშაობდი. მამიდას მიუძღვის დიდი როლი ჩემი პროფესიის არჩევაში. ეთერ ყუფარაძე კულტურის სამინისტროში წლების განმავლობაში კადრების განყოფილების გამგე იყო. ბავშვობიდან, ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა თეატრს. მამიდას დავყავდი სტუმრად არა ერთ ხელოვანთან, ოჯახში. ვყოფილვარ სახლში ვასო გოძიაშვილთან, ლადო გუდიაშვილთან, ელიჩკა ახვლედიანთან... არ ამომდის მეხსიერებიდან ვახტანგ ჭაბუკიანის ხილვა სპექტაკლში - „სინათლე“.

- კინოსტუდიაში როდის მიხვედით და რა პოზიციიდან დაიწყეთ საქმიანობა?
- მოზარდიდან წამოვედი და რეზო ჩხეიძემ კინოსტუდიაში რეჟისორად მიმიღო. სახლში საბუთებს რომ ჩავხედე, ვკითხულობ - „მესამე კატეგორიის რეჟისორი“. გამიკვირდა, მაგრამ მამისთვის არაფერი მითქვამს. გამანაწილეს კახა კიკაბიძის ფილმზე „ტბა“, ვიყავი რეჟისორის ასისტენტის ასისტენტი. ხმა არ ამომიღია, ჩემი ინტერესი იყო, პირველ რიგში, კინოწარმოება მესწავლა. ბევრი რამ უკვე ნანახი მქონდა, მაგრამ როცა უშუალოდ ხარ „შიგნით“, ეს კიდევ სხვა მხარეა. რაღაც საქმეზე რეზოსთან კაბინეტში შევდივარ და იქ ზის თემურ ჩხეიძე, რომელსაც ახლოს ვიცნობდი, მის რეპეტიციებს ვესწრებოდი სტუდენტობის დროიდან. თემურმა თბილად მომიკითხა და მეუბნება: რატომ წამოხვედი თეატრიდან, ეს არ უნდა გაგეკეთებინაო... მეც რაღაცას ვპასუხობ. რეზო გაკვირვებულია, თემური აგრძელებს: წამოდი ჩემთან, არ გინდა? ლენინგრადში ვაპირებ სპექტაკლის დადგმას. რეზო გავიდა კაბინეტიდან, დარეკა შიდატელეფონზე და გვესმის: ზურაბ, ჩამოდი ჩემთან! მამას რომ „გაურჩია“ საქმე (რატომ არ მითხარი, შენი შვილი რეჟისორი თუ იყოო?), მერე მე მომიბრუნდა: ხვალ ან ზეგ სცენარი მომიტანე და კინო გადაიღეო. ჯერ არაფერი ვიცი-მეთქი და გზადაგზა ისწავლიო, მითხრა.
- ბატონი ზურაბი რამდენი წლისა გარდაიცვალა?
- 69 წლის იყო, 1990-იანების რთულ პერიოდს მოესწრო და მაგან შეიწირა კიდეც... ადამიანმა ფუნქცია დაკარგა, მახსოვს, ამბობდა: კინოსტუდიაში მხოლოდ იმიტომ მოვდივარ, რომ ოპერატორის განაცხადს ხელი მოვაწერო და ბეჭედი დავარტყა, რომ ლაბორატორიაში ფირი შეიტანოსო. იმ დროს ჯერ კიდევ მუშაობდა კინოლაბორატორია. მისი მსგავსი აქტიური პიროვნებისთვის უფუნქციოდ ყოფნა იყო წარმოუდგენელი.

- დოკუმენტური ფილმების სტუდია ყოველთვის დიდ როლს ასრულებდა მნიშვნელოვანი მოვლენების კინოისტორიის შექმნაში...
- ერთ დღეს თეატრიდან სახლში დავბრუნდი, ჩვენთან ჯგუფია მოსული, ფორე მოსულიშვილზე და იტალიელ პარტიზანებზე უნდა გადაიღონ ფილმი. საუბრობენ იმაზე, რომ 5000 მანეთი აკლიათ და მიდის რეკვა, როგორ და სად იშოვონ თანხა. არადა, ზეგ მიფრინავენ. მე ხმა არ ამომიღია, საღამოს 5 საათია, წავედი ბანკში და ჩემი ჰონორარიდან გამოვიტანე 5000. დავბრუნდი სახლში, დავდე ფული მაგიდაზე და ჯგუფის წევრებს ვუთხარი: აი ეს თანხა, ოღონდ ამას ვერ გაჩუქებთ. როცა ჩამოხვალთ უცხოეთიდან, დამიბრუნეთ-მეთქი. მამაჩემი ვერ მიხვდა, საიდან მქონდა ფული. იმ პერიოდში რამდენიმე დიდი ღონისძიება და საახალწლო დღესასწაული დავდგი, ამიტომ დამიგროვდა საკმაო თანხა. როცა ავუხსენი, რომ ჰონორარი იყო, მამაჩემს ძალიან გაუკვირდა. მას ეგონა, ფულს მანქანის შესაძენად გამოვიყენებდი.
ერთ ამბავსაც გავიხსენებ. პირველ კურსზე ვარ და ვემზადები სოჭში წასასვლელად, მაგრამ მამამ გამომიცხადა: ზღვაზე არ წახვალ, უფრო საინტერესო ადგილზე უნდა გაგიშვაო. სად? სახელმწიფო მუზეუმი აწყობს ექსპედიციას მირიან ხუციშვილის ხელმძღვანელობით, წახვალ და ოპერატორის ასისტენტის მოვალეობას შეასრულებო. ექსპედიციის მიზანი იყო, დაეფიქსირებინა საკულტო დანიშნულების ძეგლები, საცხოვრებელი, სამეურნეო და საფორტიფიკაციო ნაგებობები. ორი თვის განმავლობაში მოვიარეთ პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთი, ჩეჩნეთი, ინგუშეთი, ყაბარდო-ბალყარეთი, დაღესტანი. ალბათ, სხვა დროს ასეთი შანსი არ მომეცემოდა. ოპერატორი იყო საოცარი კაცი, ბერძნული წარმოშობის მიხაილიდი, რომელმაც შემასწავლა არა მარტო ტექნიკური მხარე, შემოქმედებით ნიუანსებშიც ჩამახედა. ექსპედიციაში თავგადასავალიც გადამხდა - კამერა დამიგორდა და არღუნში ჩამივარდა, გავეკიდე და მდინარეში ჩავვარდი, კინაღამ წყალმა წამიღო. კამერა გადარჩა, ქვას ჩამოეკიდა სახელურით. გადაღებული მასალა მუზეუმს გადავეცით. მონტაჟის დროს დამებადა აზრი, რომ გარკვეული ნაწილისთვის პატარა ფილმის სახე მიმეცა. წინააღმდეგობა არ შემხვედრია და ასე დაიბადა ჩემი პატარა, პირველი ფილმი - „რკალი“. დამდგმელ რეჟისორად ვერ ჩავეწერებოდი, რადგან სტუდენტი ვიყავი, თუმცა, როგორც გავიგე ათწუთიანი დოკუმენტური ფილმი ტრიალებდა მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით.
- 35 წელზე მეტია, კინოსტუდიაში ხართ, რაზე გწყდებათ გული ყველაზე მეტად?
- ჩემი მოსვლის დროს, კინოსტუდიაში 1760 ადამიანი მუშაობდა და დუღდა აქაურობა. ჩემს თვალსა და ხელს შუა შეთხელდა რაოდენობა და ნელ-ნელა დაილია ყველაფერი...
ნანული ზოტიკიშვილი
(სპეციალურად საიტისთვის)