"ტრამპის ბრძოლა, რომელშიც ის ვერ გაიმარჯვებს" ანუ როგორ დასრულდება ჩინურ-ამერიკული სავაჭრო ომი?! - The Daily Telegraph - კვირის პალიტრა

"ტრამპის ბრძოლა, რომელშიც ის ვერ გაიმარჯვებს" ანუ როგორ დასრულდება ჩინურ-ამერიკული სავაჭრო ომი?! - The Daily Telegraph

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ჩინეთმა აჩვენა, რომ სავაჭრო ომში ამერიკის დამარცხება შეუძლია, ანუ დონალდ ტრამპმა ისეთი ბრძოლა დაიწყო, რომელშიც ვერ გაიმარჯვებს“ (ავტორი - ჯულიან ჯესოპი, დამოუკიდებელი ეკონომისტი). „პეკინს ვაშინგტონზე მეტი შესაძლებლობები აქვს სავაჭრო ომში გამარჯვებისათვის“, - ასეთია მასალის დედააზრი.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

თავისუფალი ვაჭრობა ყველასთვის სასარგებლო ვარიანტს წარმოადგენს, ამიტომ სატარიფო ომის ესკალაცია აშშ-სა და ჩინეთს შორის ორივე მხარისთვის წამგებიანი იქნება. თუმცა, ყველა ზიანის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, ჩინეთი მაინც ნაკლებად დაზარალდება და ომიდან გამარჯვებული გამოვა.

ზოგიერთს შეიძლება ასეთი მსჯელობა არალოგიკურად მოეჩვენოს. სკეპტიკოსები იტყვიან - ხომ ვიცით, რომ ჩინეთი მნიშვნელოვან მოგებას იღებს აშშ-სთან ვაჭრობაში არსებულ ბალანსის დადებითი სალდოსაგან, რომელიც თითქმის 300 მილიარდ დოლარს შეადგენს. ჩინეთის ექსპორტმა გასულ წელს 400 მილიარდ დოლარს მიაღწია. გასაგებია, რომ აშშ-ის მიერ ჩინეთთან ვაჭრობაში ტარიფების 145%-ის ზრდით პეკინის მოგება შეიძლება მინიმუმ ორჯერ მაინც შემცირდეს. თავის მხრივ, მოგების შემცირება გამოიწვევს კომუნისტური ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 1%-ზე მეტად შემცირებას.

მაგრამ ჩინეთს ასეთი მასშტაბური დარტყმაც კი ვერ „დააჩოქებს“ აშშ-ის წინაშე.

დავიწყოთ იქიდან, რომ ოფიციალური მონაცემების თანახმად, გასულ წელს ჩინეთის ეკონომიკის მოცულობა დაახლოებით 5%-ით გაიზარდა. დიახ, კომუნისტები შეიძლება იტყუებიან და არ არის გამორიცხული, რომ ჭეშმარიტი ციფრი 5%-ზე დაბალი იყოს, მაგრამ პეკინის ვაჭრობის მკვეთრი შემცირება მხოლოდ აშშ-სთან საეჭვოა, რომ ჩინეთის ეკონომიკის რეცესიას გამოიწვევს.

უფრო მეტიც - არსებობს რამდენიმე გარემოება, რომელთა დახმარებით პეკინს შეუძლია სავარაუდო ზიანის შემცირება. მათგან ერთ-ერთი გამოიხატება აშშ-სთან ექსპორტის გადანაწილება ან გადამისამართება მესამე ქვეყნების საშუალებით.

აშშ-მა, რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგად იცის და ამიტომ ყურადღებით მიადევნებს თვალს ჩინურ ექსპორტის მიმართულებებს და შეეცდება გაამკაცროს საბაჟო მოსაკრებლები იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ჩინური წარმოების საქონლის ექსპორტს აშშ-ში მოახდენენ, მაგრამ პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება ასეთი რეჟიმის უზრუნველყოფა სხვადასხვა პროდუქციის მიმართ, რომლებიც მრავალი ქვეყნიდან შედის აშშ-ში.

პეკინს ასევე შეუძლია გაზარდოს თავისი პროდუქციის ექსპორტი სხვა ქვეყნებში, რაზეც ადრე თავს იკავებდა რიგი მიზეზების გამო. ევროკავშირი, მაგალითად, უკვე შეშფოთებულია, რომ აშშ-ის მიერ დაწყებული სავაჭრო ომის ევროპულ ბაზარზე ჩინური იაფფასიანი საქონლის მოზღვავებას გამოიწვევს.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ სხვა ქვეყნები ჩინეთს შეეწინააღმდეგებიან და თავიანთ საკუთარ დამატებით „ანტიდემპინგურ“ ტარიფებს დააწესებენ ჩინურ პროდუქციაზე, პეკინს აქვს იმდენი ძალა, რომ თავისი ეკონომიკა რბილი საგადასახადო-საბიუჯეტო და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარებით დაიცვას.

რასაკვირველია, ობიექტურობის პრინციპის დავით, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩინეთის სახელმწიფო ფინანსების მდგომარეობა უკვე უარესდება. შიდა სახელმწიფო ვალმა, მთლიანი მშპ-ის დაგეგმილი 4%-ის ნაცვლად, შეიძლება 8%-ს მიაღწიოს. და მაინც, გავიხსენოთ, რომ ჩინეთის სახელმწიფო ვალი დიდი არ არის - მთლიანი მშპ-ის 60% (შედარებისათვის: აშშ - 122%, საფრანგეთი - 112% და ა.შ.).

ჩინეთში ინფლაციაც შედარებით დაბალია. სამომხმარებლო ფასები მარტის თვეში 0,1%-ით შემცირდა, ხოლო საწარმოო ფასები 2022 წლის ნიშნულზე იმყოფებიან. დეფლიაცია, ცხადია, იდეალური არ არის, მაგრამ არის შესაძლებლობა, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩინეთის საფინანსო ორგანოები შეეცდებიან მეტი ძალისხმევა გამოავლინონ ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისათვის. ბევრი დასავლური ქვეყნისაგან განსხვავებით, ჩინეთის ოფიციალურ პირებს შეუძლიათ უკარნახონ მსხვილ ბანკებს მთავრობის გადაწყვეტილებების უცილობელი შესრულება (ანუ მათზე ზეწოლა მოახდინონ), აგრეთვე დაეხმარნონ ეკონომიკას სხვადასხვა ნაბიჯებით. გავიხსენოთ, რომ მსოფლიოს ხუთი უმსხვილესი ბანკიდან ოთხი ჩინურია.

შევადაროთ ჩინეთის შესაძლებლობები აშშ-ის შესაძლებლობებს:

რატომ აქვს ჩინეთს ესოდენ დიდი დადებითი სალდო აშშ-სთან ვაჭრობაში? იმიტომ, რომ წლების განმავლობაში როგორც ამერიკული საწარმოები და კომპანიები, ისე ამერიკელი მომხმარებლები (მოქალაქეები) მიეჩვივნენ იაფი ჩინური (და საერთოდ, აზიური) საქონლით სარგებლობას. ამერიკისათვის ძალიან ძნელი იქნება ამ პროდუქციის ჩანაცვლება.

რასაკვირველია, აზიურ იაფფასიან წარმოებას ვერ დანერგავ, ვთქვათ აშშ-ის ოჰაიოს შტატში, თუნდაც ამის გაკეთება ვინმემ ძალიან მოისურვოს. ეკონომიკური კანონების მიხედვით, აშშ-ს ყოველთვის ექნება სავაჭრო დეფიციტი ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა ჩინეთი, ვიეტნამი, მალაიზია და სხვები.

ზოგიერთებს იმედი აქვთ, რომ ახალი ტარიფები აშშ-ის ხაზინას წელიწადში 700 მილიარდამდე შემოსავლებს მოუტანს. მაგრამ ისინი ყურადღებას არ აქცევენ იმ გარემოებას, რომ გაზრდილი ტარიფები ნეგატიურ გავლენას მოახდენს ამერიკელ მომხმარებელზე, ანუ გადასახადის გადამხდელზე, რომელიც ხაზინის შემოსავლების მატების უმთავრეს სუბიექტს წარმოადგენს. მაღალი საბაჟო ტარიფების დაწესების გამო ჩინური პროდუქციის გაძვირების მთელი სიმძიმე სწორედ მათ დააწვებათ მხრებზე.

აშშ-ის დიდი სავაჭრო დეფიციტის კიდევ ერთი დამახასიათებელი გარემოებაა ის, რომ მისგან განსხვავებით, სხვა ქვეყნებმა აშშ-ის აქტივების (ფასიანი ქაღალდების) საკმაოდ მნიშვნელოვანი მარაგი დააგროვეს. მაგალითად, იგივე ჩინეთი ამერიკული სახაზინო ფასიანი ქაღალდების მფლობელ სიდიდით მეორე ქვეყანას წარმოადგენს, იაპონიის შემდეგ.

სპეკულაციები იმაზე, რომ ჩინეთი უკვე აჩქარებს თავის დივერსიფიცირებას და ამერიკულ აქტივებს თავიდან იშორებსო, უკვე ხელი შეუწყეს სახაზინო ობლიგაციებისაგან შემოსავლების მატებას. მართალია, ზუსტი მტკიცებულებები გავრცელებული ხმების ნამდვილობაზე არ არსებობს, მაგრამ ასეთი სპეკულაციებს პეკინისათვის მორიგი სარგებელი მოაქვს.

ჩინეთისაგან განსხვავებით, ამერიკას ბევრად უფრო ნაკლები შესაძლებლობები აქვს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შესამსუბუქებლად. ფედერალური სარეზერვო სისტემა (ანუ, სხვაგვარად თუ ვიტყვით, აშშ-ის ცენტრალური სახელმწიფო ბანკი) ძველებურად, დიდი ალბათობით, შეინარჩუნებს მაღალ საპროცენტო განაკვეთებს დიდი ხნის განმავლობაში, რადგან ინფლაცია იზრდება. ვაშინგტონის მცდელობები ზეწოლა მოახდინოს სხვა ქვეყნებზე, ჩინეთის ჩათვლით, რომ მათ შეწყვიტონ მანიპულაციები თავიანთი ვალუტებით, შეიძლება ზიანი თვით აშშ-საც მოუტანოს. პეკინს უკვე დიდი ხანია ბრალს სდებენ იუანის კურსის ხელოვნურ შემცირებაში, რომ მან ამის შედეგად კონკურენტული უპირატესობა მიიღოს, მაგრამ დოლარის კურსის მკვეთრ ვარდნას შეუძლია მისი, როგორც მსოფლიო ვალუტის სტატუსი შეარყიოს, რაც ამერიკისათვის არასახარბიელო მოვლენა იქნება.

და ბოლოს, გეოპოლიტიკასაც თავისი მნიშვნელობა აქვს და ჩინეთს აქაც გამარჯვების შანსი აქვს.

ბევრი ეკონომიკურად მცირედ განვითარებადი ქვეყნები განსაკუთრებულად ძლიერ დაზარალდებიან ამერიკული ტარიფებით, აშშ-ის დახმარების შემცირების ფონზე, რაც პეკინს კიდევ ერთ შესაძლებლობას მისცემს თავისი გავლენის გასაძლიერებლად.

ალბათ, დასავლეთში მოიძებნებიან ისეთები, ვინც მადლობელი იქნება ჩინეთის მიმართ, რომ ისინი პეკინმა „თავისი გუნდის წევრად აიყვანოს“. ჩინეთის საპასუხო გაბედულმა ნაბიჯებმა აშშ-ის წინააღმდეგ იმდენად შეარყია ბაზრები, რომ ბევრი თავს შორს დაიჭერს აშშ-საგან.

ამერიკის ადმინისტრაციას, როგორც ჩანს, გადაწყვეტილი აქვს დაკარგოს მეგობრები და მოკავშირეები ყველგან - ეკონომიკურ თუ საგარეო პოლიტიკაში, სამხედრო სფეროში. ამის შედეგად პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისეთი ომი დაიწყო, რომელშიც იგი, სავარაუდოდ, ვერ გაიმარჯვებს. აშშ-ის პრეზიდენტი, თავისი მოქმედებით, ნებით თუ უნებლიედ, ამ ბრძოლაში ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს „კარგი და მაგარ ბიჭად“ წარმოაჩენს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო

TOP.GE