ვისი ვალი აქვს საქართველოს - 8 მილიარდ დოლარზე მეტი
2025 წლის მარტის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8.716 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით თითქმის 24.120 მლრდ ლარს) შეადგენს. ეს კი 138.47 მლნ დოლარით მეტია წინა თვესთან შედარებით.
უფრო კონკრეტულად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2025 წლის თებერვლის მდგომარეობით სახელმწიფო ვალის მოცულობა 8.577 მლრდ დოლარს შეადგენდა.
ამასთან, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მარტის მდგომარეობით უშუალოდ მთავრობის საგარეო ვალი 8.358 მლრდ დოლარი იყო, აქედან მრავალმხრივი კრედიტორების დავალიანება 6.337 მლრდ დოლარია, ორმხრივი კრედიტორების კი 1.520 მლრდ დოლარი. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულება 358 მლნ დოლარს შეადგენდა.
ამასთან, 2025 წლის მარტის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
მსხვილი კრედიტორები 2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით:
აზიის განვითარების ბანკი (ADB) – 2.292 მლრდ დოლარი;
მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) – 1.669 მლრდ დოლარი;
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – 1.111 მლრდ დოლარი;
მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) – 456.8 მლნ დოლარი;
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) - 179 მლნ დოლარი.