თეა წულუკიანი გიორგი გახარიას - "მადლობა, რომ მობრძანდით - როგორც ჩანს, აღიარეთ საქართველოს პარლამენტი"
მადლობა, რომ მობრძანდით. როგორც ჩანს, აღიარეთ საქართველოს პარლამენტი - ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას.
წულუკიანი გახარიას პარლამენტში მისვლას დადებითად აფასებს.
„მადლობა, რომ მობრძანდით. როგორც ჩანს, აღიარეთ საქართველოს პარლამენტი და თითოეული ჩვენგანი, ჩვენ ჩვენი დეპუტატის უფლებამოსილებებში, ეს მხოლოდ და მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს“,- განაცხადა წულუკიანმა.
ამასთან, წულუკიანმა მისი ყოფილი თანაგუნდელი გააფრთხილა, რომ კითხვებზე პასუხს თავი არ აარიდოს.
„მე მგონი, ჩვენი გასაუბრება გაცილებით უფრო რთული იქნება, ვიდრე მეგონა. მოდი, ასე შევთანხმდეთ, გასაგებია, რომ ალბათ, თქვენ ღელავთ და პირდაპირ თავდასხმაზე გადმოხვედით, ამიტომ გიპასუხებთ, თუ ჩემს პასუხებსაც მოისმენთ. ის, რომ ცაავასა და სხვების საქმეზე სტრასბურგში ჩემი იუსტიციის მინისტრობისას მოსაზრებები გაიგზავნა, სიცრუეა, რადგან ეს სახელმწიფო შესაგებელი 2021 წელს არის გაგზავნილი, ამ დროს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი გახლდით. იქ მომუშავე საჯარო მოხელეებს ვიცნობ, რომ არა კომპეტენტური შესაგებელი, სახელმწიფო ვერ დაამტკიცებდა იმას, რაც რეალობა იყო, კერძოდ იმას, რომ პარლამენტის წინააღმდეგ ნამდვილად იყო შტურმი.
თქვენ ბრძანეთ, რაც თქვენ თქვითო - მე მითხარით, სტრასბურგის გადაწყვეტილებაში არ წერიაო, ესეც ტყუილია, მე არ ვიცი, რამდენად მიადევნეთ თქვენ თვალი, მოცულობითი დოკუმენტია ინგლისურ ენაზე, მაგრამ არის ასეთი აბზაცი - 240-ე, ზუსტად ის წერია, რაც მე ვთქვი. პირდაპირ წერია, რომ შტურმი მიმდინარეობდა პარლამენტზე, რომ მაშინ მოსაგერიებელი იყო ეს შტურმი, არ მინდა წარმოვიდგინო, რომ თქვენ ეს წაკითხული არ გაქვთ, შემიძლია ეს განაჩენი თუ გადაწყვეტილება მოგცეთ. ვუბრუნდები ჩემს შესავალ სიტყვას, „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილებაში სტრასბურგმა დაადასტურა ის, რასაც ჩვენ, მმართველი პარტია თქვენთან ერთად ვხედავდით და ვამბობდით, რომ შტურმი მიმდინარეობდა პარლამენტზე და რომ საზოგადოებრივი წესრიგი დასაცავი იყო. პოლიტიკურადაც არ მესმის, რაში გჭირდებოდათ იმის თქმა, რომ ეს სტრასბურგს არ უთქვამს, სტრასბურგმა თქვა რეალობა და ის, რასაც თქვენც იძახდით, როცა მინისტრი იყავით.
თქვენ რაღაცნაირად გადაწყვიტეთ, რომ თან მოხვედით პარლამენტში, რომელსაც არ აღიარებთ, მოდით თქვენ თქვენს აზრზე დარჩით, ჩვენ - ჩვენს აზრზე დავრჩებით, საზოგადოება თავის დასკვნებს გააკეთებს. თქვენ თუ აქ ხართ არაღიარებული ორგანოს წინაშე, მაშინ პოლიტიკურად სერიოზულად რაღაცების გაგების პრობლემები გაქვთ, ყოველ შემთხვევაში, თქვენ გამოცხადდით კომისიის წინაშე, მე თავმჯდომარე ვალდებული ვარ და ვალია ჩემი, მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. ეს არის ერთ-ერთი მკაფიო ნიშანი იმისა, რომ თქვენ და თქვენი გუნდის წევრები, რომელთაც დღემდე არ გაქვთ შეწყვეტილი პარლამენტის წევრის უფლებამოსილება და სტატუსი, ვინაიდან საამისოდ ნება ჯერ არ გამოგიხატავთ, მოდიხართ და ჩვენთან ახსნა-განმარტებებს იძლევით. ეს არის მხოლოდ დადებითი. რაც შეეხება შეჩერებულ გამოძიებას და დანარჩენ ყველაფერს, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე ბრძანეთ და შემდეგ, გადადგომის დღეებიც გაიხსენეთ. მე კიდევ ერთხელ გაგაფრთხილებთ, რომ თავს ნუ აარიდებთ კითხვებზე პასუხს, რაც თქვენს შესავალ სიტყვაში უკვე გააკეთეთ ბატონო გიორგი, ამიტომ მოდი, კიდევ ერთხელ დაგისვამთ კითხვას, ის კი არა, გამოძიების მასალებში რა წერია და სტრასბურგში რა ითქვა და რა - არა. მოდი, მე თქვენ, შინაგან საქმეთა მინისტრობის პოზიციაზე მყოფ გიორგი გახარიას დაგისვამთ კითხვებს ჩემს კოლეგებთან ერთად და ვიქონიოთ პატარა პრეზუმფცია იმასთან დაკავშირებით, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებების კითხვა თქვენზე ოდნავ უკეთ შემიძლია და დავანებოთ თავი. ჩვენ გვაინტერესებს, მე მაინტერესებს, ასევე წევრებს, ვინც მაშინ ხელისუფლებაში არ იყვნენ, იმას მაინც ვერ იტყვით, რომ თქვენთან ერთად ვიყავი პარლამენტის შენობაში და ფაქტების შესახებ ბევრი მომეხსენება. ამიტომ გეკითხებით, ბრძანება, რომელიც გამოიცა, როგორც წესი, გამოიცემა ხოლმე მინისტრის მიერ, როცა საზოგადოებრივ წესრიგის აღდგენა ან დაცვა საჭიროა. თქვენ ასეთი ბრძანება გამოეცით, როდის გამოეცით, რას ითვალისწინებდა ეს ბრძანება და როგორ განვითარდა მოვლენები, ეს რომ გვითხრათ“, - მიმართა წულუკიანმა გახარიას.
IPN