"ხელისუფლების პოპულისტურ დაპირებებს საერთო არაფერი აქვს რეალობასთან" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლების პოპულისტურ დაპირებებს საერთო არაფერი აქვს რეალობასთან"

"ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამების კოორდინატორი დავით ონოფრიშვილი მიიჩნევს, რომ შს ექსმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გაპრემიერებისთანავე მოჰპარა მილიარდერ ივანიშვილს იდეები და ახალი მთავრობის სამოქმედო გეგმაში შეიტანა.

- ახალი პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სოფლის მეურნეობის განვითარებისა და მხარდაჭერისთვის 4 წელიწადში 4 მილიარდი ლარი დაიხარჯება. კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველას, რომ ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პოლიტიკურად არ აქტიურობდა, ხელისუფლებას სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ერთი მილიარდი შესთავაზა, რაც ეროვნული პროდუქციის შექმნას შეუწყობდა ხელს. მაგრამ ეს საკითხი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული მაშინ არ აღმოჩნდა, თვლიდა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ბიუჯეტის გახარჯვა აუცილებელი არ იყო.

- პროსახელისუფლებოდ განწყობილი ექსპერტების აზრით, ის მილიარდი სოფლის მეურნეობის პროდუქტების შესყიდვის სუბსიდირებაში, ე. წ. შეღავათიან კრედიტებში უნდა დახარჯულიყო. ამ თანხას ივანიშვილი მართლა კრედიტის სახით გასცემდა?

- ნაკლებად მნიშვნელოვანია, თუ რა სახით დააფინანსებდა ბიძინა ივანიშვილი სოფლის მეურნეობის განვითარებას. ფაქტია, რომ ხელისუფლებას სთავაზობდა მილიარდ ლარს. მაშინ სოფლის მეურნეობის განვითარება ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული არ აღმოჩნდა. ახლა, როცა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, მე მოვალ ხელისუფლებაში და სოფლის მეურნეობის განვითარებას ერთი მილიარდით დავაფინანსებო, ხელისუფლებაც დაფიქრდა, - ივანიშვილს ყველაფერი გათვლილი აქვს, ისიც, რომ ამ თანხის ნაწილი გაიცემა ბიუჯეტიდან, ნაწილი - არასაბიუჯეტო დაფინანსებიდან, საერთაშორისო ფონდებიდან და ა.შ. ხელისუფლებას კი ეს არა აქვს გათვლილი. მერაბიშვილი ამბობს, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის 4 წელიწადში 4 მილიარდს დავხარჯავთო, ცხადია, წელიწადში ისიც ერთმილიარდიან დაფინასებას გულისხმობს.

"ქართულ ოცნებას"აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ დააფინანსებს სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდს და როგორ დახარჯავს ამ თანხას. მთავრობას კი არა აქვს არავითარი გათვლა, რაც დაკავშირებული იქნება მაკროეკონომიკურ სიტუაციასთან, ინფლაციასთან ან საბიუჯეტო შემოსავლებთან.

- თქვენ საიდან მოიტანთ სოფლის მეურნეობის განვითარების, საყოველთაო სამედიცინო დაზღვევის ან პენსიის გაზრდისთვის აუცილებელ თანხებს?

- დღეს საქართველოს ბიუჯეტი 8 მილიარდს შეადგენს. საბიუჯეტო თანხები ძირითადად, "ნაციონალური მოძრაობის"მხარდამჭერ ოჯახებში მიდის, იხარჯება მათ მივლინებებში, კონცერტებსა და გართობაში. არადა, შესაძლებელია, ყველას ჰქონდეს ჯანდაცვის დაზღვევის უფასო პაკეტი. საჩხერის რაიონის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ შესაძლებელი გახდა საყოველთაო სამედიცინო დაზღვევა. სრულიად საქართველოს მოსახლეობის დაზღვევისთვის 800 მილიონი საკმარისია. ეს საქართველოს ბიუჯეტის დაახლოებით 10%-ია. ასე რომ, ბიუჯეტს აქვს ამ დაპირების შესასრულებელი რესურსი.

- რა თანხა გაქვთ გათვლილი თიოთოეული მოქალაქის სამედიცინო დაზღვევისთვის?

- 15 ლარი. სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოში 4 მილიონ 497 ათასი მოქალაქე ცხოვრობს. თუმცა, ვიცით, რომ ქვეყნიდან ნახევარ მილიონზე მეტი კაცი გასულია. ჩვენ მაქსიმალურ რაოდენობაზე, 4 მილიონ კაცზე გავაკეთეთ გათვლა და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსების გათვალისწინებითაც კი მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 1 მილიარდს ნამდვილად არ აჭარბებს. ჩვენი გათვლებით, ესეც 10%-ია ბიუჯეტის. ამიტომაც არის, რომ როდესაც ივანიშვილმა დაიწყო ამაზე ლაპარაკი, მთავრობამაც თქვა, პირველ ეტაპზე მოსახლეობის 50%-ს დავაზღვევთ, ხოლო 4 წლის განმავლობაში საყოველთაო დაზღვევა ამოქმედდებაო. ივანიშვილმა თქვა, პენსიას 165 ლარამდე გავზრდიო და მერაბიშვილიც პენსიის მომატებაზე ლაპარაკობს. ამის გაკეთება "ნაციონალურ მოძრაობას"აქამდეც შეეძლო, მაგრამ მას მო¬სახლეობის მძიმე ეკონომიკური-სოციალური მდგომარეობა არ ანაღვლებდა.

- როგორ ფიქრობთ, რეალურია ათასლარიანი ვაუჩერის გაცემა ყველა ოჯახზე?

- რეალური არის, მაგრამ ამას ჩვენ ნამდვილად არ დავპირდებით. ეს არის დაახლოებითY მილიონ ოჯახზე დაანგარიშებული თანხა (4 მილიონი კაცი საშუალოდ 4-ზე, ე. ი. ოჯახის წევრთა საშუალო რაოდენობაზე იყოფა). თუ ათას ლარს გავყოფთ 4 წელიწადზე, გამოდის, წელიწადში ოჯახმა 250 ლარი უნდა მიიღოს, თვეში 21 ლარი.. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ოჯახში საშუალოდ 4 წევრია, გამოდის თითოეული თვეში 5 ლარს მიიღებს.

ის დაპირებები, რაც პრემიერ-მინისტრმა გასცა, 10 მილიარდს აღემატება, რაც 8-მილიარდიან ბიუჯეტში 2-მილიარდიან გარღვევას გამოიწვევს. ეს არის პოპულისტური სოციალისტური წინასაარჩვენო დაპირებები, რომელთაც საერთო არაფერი აქვს რეალობასთან.

- თქვენ რა სფეროს მოაკლებთ ბიუჯეტში თანხას, რომლითაც ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევას, სოფლის მეურნეობის განვითარებასა და პენსიების გაზრდას დააფინანსებთ?

- ეს თანხა მოაკლდება "სხვა ხარჯებს", რომელიც ერთ მილიარდს აღემატება. ვითვალისწინებთ იმასაც, რომ 2013 წლამდე ბიუჯეტი 500 მილიონით გაიზრდება. გამოთავისუფლებული თანხები გადანაწილდება მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად და ამის მიხედვით განისაზღვრება პრიორიტეტებიც.

- მერაბიშვილის სამოქმედო გეგმით, მოიზიდავენ უცხოურ ინვესტიციებს, რაც 80 ათას სამუშაო ადგილს შექმნის.

- როგორ მოიზიდავენ, როცა ყველა ხედავს, რომ საქართველოში ბიზნესმენებს ავიწროებენ. მთავრობის ამ გეგმაში ნამდვილად არ ჩანს, როგორ აპირებენ ხალხის დასაქმებასა და უმუშევრობის დაძლევას. "ნაციონალურ მოძრაობას"წინა არჩევნებზე ჰქონდა სლოგანი: "საქართველო სიღარიბის გარეშე", მაგრამ ქვეყანა მათ ხელში კიდევ უფრო გაღარიბდა.

(სპეციალურად საიტისთვის)