"მანქანების დასასრული" - კვირის პალიტრა

"მანქანების დასასრული"

დღეს მეორადი მანქანების ექსპორტს ქართულ ბიზნესში პირველი ადგილი უჭირავს. მაღალი რანგის სახელმწიფო პირები ხშირად ცდილობენ ამით აუხსნან საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებს, რომ ბიზნესის ეს მიმართულება არის მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების ერთ-ერთი ნაწილი. მართლაც, ძალიანაც მშვენიერი მაგალითია.

საერთოდ, მსოფლიოში მანქანების გაყიდვა, მისი შემოწმება და მფლობელობა ყოველთვის ასოცირდება კორუფციასთან. ამ მხრივ, არც საბჭოთა და შევარდნაძის პერიოდები იყო გამონაკლისი. თუმცა ზემოთ უკვე ნახსენები ცნობილი რეფორმების წყალობით დღეს მეორადი მანქანა შეიძლება ბევრ ადამიანს ჰყავდეს საქართველოში. მეტიც, სისტემა ისე კარგად აეწყო, რომ საქართველოში ხშირად მეზობელი ქვეყნებიდანაც ჩამოდიან მის საყიდლად, რადგან პირველწყაროსგან ყიდვა უფრო ძვირი უჯდებათ.

თუ კვლავ შიდა ვითარებას დავუბრუნდებით, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ რეფორმების წარმატებულობა ტაქსებზეც კი აისახა. ამ მხრივ, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ საქართველო უნიკალური ქვეყანაა, რადგან ამით არც ტაქსების და არც ტაქსის მძღოლების საკითხი არ რეგულირდება. მთავრობა თვლის, რომ ამ გზით ხალხს დახმარებას უწევს. ასე რომ, ნებისმიერს შეუძლია"იტაქსაოს" და მცირეოდენი ფული გააკეთოს, მხოლოდ საკმარისია მოიპოვონ მართვის მოწმობა და მანქანა. ცხადია, მთავრობამ ტაქსის რეგულირებას რომ მიჰყოს ხელი, ტაქსით სარგებლობა საკმაოდ გაძვირდება.

უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობისთვის მანქანების რაოდენობა წარმატებული ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი საზომია, რადგანაც მანქანებს სათანადო რაოდენობის გზები სჭირდება. აქტიურად ხორციელდება დიდი გზების მშენებლობის პროგრამა, განსაკუთრებით - თბილისში. ამასთან, გზების მშენებლობა ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის უმთავრესი პრიორიტეტის - დასაქმების უზრუნველყოფის კარგი საშუალებაა.

მოდი, ახლა მანქანის ფლობისა და გზების მშენებლობის უარყოფით მხარეებსაც შევეხოთ. ბევრი ადამიანი დაიბადა და გაიზარდა დასავლეთ ამერიკაში აშენებულ ქალაქებში, მათ შორის ვარ მეც. ასეთ ქალაქებში მოსახლეობა საკმაოდ მჭიდროდ ცხოვრობს. ეს ქალაქები გათვლილი და აშენებულია ორმანქანიან ოჯახებზე. შესაბამისად, მათთვის ათასობით ჰექტარზე აშენებულია უზარმაზარი გზები და გზატკეცილები, უამრავი სადგომი და ავტოფარეხიანი სახლები. ასეთი ქალაქების პრობლემა არა მარტო მათი შეუხედაობა, არამედ ისიც არის, რომ დღევანდელი ახალგაზრდა შემოქმედი ადამიანები გულს ვერ უდებენ ასეთ ქალაქებში ცხოვრებას... მდგრადი ეკონომიკური განვითარებისათვის საჭირო უნარის ახალგაზრდებს საუკეთესო საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემისა და ერთ სულ მოსახლეზე მანქანების მცირე წილის მქონე ქალაქები მოსწონთ. იქ ხომ ერთდროულად ასე იოლი და თანაც სასიამოვნოა აქეთ-იქით სიარული. მოკლედ, მათი ეს გემოვნება აუცილებლად გასათვალისწინებელია, რადგან ყველას სურს ასეთი ახალგაზრდების მოზიდვა. ამიტომაცაა, რომ უცხოელებისთვის, ცოტა არ იყოს, უცნაურია ის სიამაყე, რომ საქართველოში ამდენი მანქანაა.

გარდა ამისა, ცოტა გაუგებარია, თუ რატომაა გზების შენება დასაქმების ხელშეწყობის საუკეთესო საშუალება, როცა ალტერნატივებიც არსებობს. კერძოდ, უკვე წლებია, რაც არ წყდება ლაპარაკი თბილისში ტრამვაის საჭიროების შესახებ. ტრამვაი ევროპის ზეგანვითარებული დიდი ქალაქების უმეტესობაში გვხვდება. საქართველოში კი საქმე სხვაგვარადაა. თუ ავიღებთ ქალაქებში და ქალაქებს შორის გასაყვანი გზების ბიუჯეტს და შევადარებთ საქალაქთაშორისო რკინიგზისა და ქალაქშიდა ტრამვაის ბიუჯეტს, შეიძლება მოულოდნელად აღმოვაჩინოთ, რომ გზების შენება უფრო ნაკლებ სამუშაო ადგილს ქმნის.

ამასთან, რაც უფრო იოლი და იაფი ხდება მანქანის ფლობა, მით უფრო ძნელდება თბილისში ფეხით გადაადგილება. მთავრობას ფეხით მოსიარულეთათვის დღემდე არ შეუქმნია უსაფრთხო და კომფორტული გარემო. იქნებ იმიტომ, რომ მისი წარმომადგენლები სახელმწიფოს ხარჯზე უზრუნველყოფილი მანქანებითა და მძღოლებით სარგებლობენ და ქალაქის ქუჩებში ფეხით არასოდეს დადიან, ან არასოდეს გამოუყენებიათ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ყოველ შემთხვევაში, მე მათ ვერსად ვხედავ. მოკლედ, საქართველოში სატრანსპორტო პოლიტიკის შეცვლის უსწრაფესი გზა მთავრობის მიერ აღნიშნული მანქანებისა და მძღოლებისთვის დაფინანსების შეწყვეტა იქნებოდა. მანქანების სადგომის ბიზნესი თბილისში პრივატიზებულია და არავინ იცის, თუ როგორ და როდის მოისურვებს ეს უცხოური კომპანია თავისი უფლებების საფუძვლიან განხორციელებას. მანამდე კი, სადაც უნდა გაიხედო, ყველგან მანქანას ხედავ, მათ შორის - ტროტუარზეც.

თბილისი ერთადერთია ჩემ მიერ მოვლილი განვითარებული ქვეყნების დედაქალაქებს შორის, რომლის მთავარი ქუჩების ტროტუარებზე ხალხს ცხვირწინ პარკირებულ მანქანებს შორის გზის გაკვლევა უწევს (ვარ ფეხით მოსიარულეთა უფლებების მხარდამჭერი ორგანიზაციის წევრი - www.IarePekhit.org). საქართველოს ქალაქებში ფეხით მოსიარულე ხალხი უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს.

მანქანების ასეთი ზეობა ძალიან სწრაფად ცვლის ქალაქების, განსაკუთრებით თბილისის და აგრეთვე ბათუმის გეოგრაფიას. 2004 წლამდე თითქმის ყველგან მიგესვლებოდა, - საზოგადოებრივი ტრანსპორტით თუ ფეხით. ამაზე ყველა განვითარებული ქალაქი მუშაობს. თუმცა თბილისში საწინააღმდეგო პროცესი მიმდინარეობს. მაგალითად, აბა, შეეცადე და გმირთა მოედანი გადაჭერი!

კიდევ ერთი რამ, - ქალაქის გარეუბნებში ახლა ე.წ. შოფინგ-მოლების მშენე¬ბლობები მიმდინარეობს, რაც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ აშენებულ ამერიკულ ქალაქებში ხდებოდა. ამერიკის უფრო ასაკოვან ქალაქებში კი, სადაც ახალგაზრდა და შემოქმედი ადამიანები ცხოვრ¬ობენ, მაგალითად, ნიუ-იორკსა და სან-ფრანცისკოში, შოფინგ-მოლი არ არსებობს, რადგან თვითონ ეს ქალაქები წარმოადგენენ ერთ მთლიან შოფინგ-მოლს. სამწუხაროდ, თბილისის ცენტრში ბევრი დიდი შენობაა ცარიელი. პრივატიზაციის შემდეგ შენობებში არაფერი ხდება, წინა მხრიდან აყრილი ტროტუარი ნათელი დასტურია იმისა, რომ ქალაქის ცენტრი პრიორიტეტში არ ზის.

დღეს, როცა ევროკავშირში ფაქტობრივად ყველა აღიარებს ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილებას და მისგან მომდინარე მკაფიო და რეალურ საშიშროებას, მანქანის ინდივიდუალური ფლობისა და გზების მშენებლობის პროექტების ფართომასშტაბიანი წახალისება უბრალოდ შეცდომაა. თუმცა, ამ შეცდომის გამოსწორება ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია. მსოფლიოს უმდიდრესი ქალაქების ქუჩებიდან მანქანები თანდათან ქრება, - მერიები ყველაფერს აკეთებენ ამისათვის. ასეთი ქალაქები უფრო სასიამოვნო და წარმატებულები ხდებიან. რა თქმა უნდა, არის ქალაქები, რომლებიც უფრო მანქანებისთვისაა გათვლილი, ვიდრე ადამიანებისთვის. აი, მათ კარგი დღე ნამდვილად არ დაადგებათ.

მაშ, შევინარჩუნოთ ჩვენი ქალაქები ადამიანებისთვის და არა - მანქანებისთვის!