ჰეიდარ და ილჰამ ალიევების გეოპოლიტიკური "თამაში" - ნავთობსადენის დილემა ანუ რატომ ჩაუდგა ჯიბრში პუტინი შევარდნაძეს
სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა მსოფლიოს "ჭადრაკის დაფაზე" ყოველთვის თვალსაჩინო იყო. ეს ბუნებრივიცაა, რადგან შავი ზღვა -კასპიისპირეთის რეგიონი წარმოადგენს მსოფლიოს გავლენიანი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ინტერესების გზაჯვარედინს.
ამ რეგიონში ძალზე გამწვავებულია კონკურენცია ენერგეტიკული რესურსების მოპოვებისა და ტრანსპორტირების კონტროლისთვის, რაც რამდენიმე სერიოზული სამხედრო კოფლიქტის და მრავალი წინასწარგანზრახული სამხედრო-პოლიტიკური პროვოკაციის მიზეზი უკვე გახდა.
აშშ, რუსეთი და ამჟამად უკვე ჩინეთიც, ეკონომიკურ, დიპლომატიურ და სამხედრო ძალისხმევას არ იშურებენ საკუთარი ზეგავლენის გასაძლიერებლად ირანის, თურქეთის აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს ეკონომიკური და სოციალურ-პოლიტიკური განვითარების მომავალ კურსზე.
ევროკავშირიც ცდილობს (თუმცა ჯერ შედარებით პასიურად) ზეგავლენა განავრცოს ამ სტრატეგიულ რეგიონზე. დღესდღეისობით სამხრეთ კავკასიაში საკუთარი გლობალური და გეოსტრატეგიული ინტერესები გაცხადებული აქვს სამ ზესახელმწიფოს: რუსეთს, აშშ-სა და ჩინეთს. მათი ინტერესები ამიერკავკასიის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში მნიშვნელოვნად დაუპირისპირდა ერთმანეთს, რაც არ შემოიფარგლება მხოლოდ ალტერნატიული ეკონომიკური პროექტების ამოქმედების სურვილით და მოიცავს სამხრეთ კავკასიაში ამ ქვეყნების საკუთარი ეროვნული ინტერესების (პოლიტიკურ, სამხედრო, სოციალურ-მენტალურ და სხვ. სფეროებში) გატარებას. სამხრეთ კავკასიაში ხუთი “ძირითადი მოთამაშე” ქვეყანაა: აზერბაიჯანი, თურქეთი, ირანი, საქართველო და სომხეთი. პირდაპირ უნდა აღინიშნოს, რომ გეოგრაფიული, ისტორიული, რელიგიული, ეკონომიკური და მენტალური თავისებურებებიდან გამომდინარე მათ გლობალური ეროვნული ინტერესების თანხვედრა აქვთ (კერძოდ: მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და ა.შ.). ხოლო რაც შეეხება ეროვნულ ინტერესებს: ისტორიული მემკვიდრეობა და დღევანდელი რეალობა თითოეულ ამ “მოთამაშეს” აიძულებს გეოსტრატეგიული განვითარების საკუთარი, სპეციფიკური გზები ეძებოს.
თუ თურქეთი და ირანი რეგიონული ლიდერის პოზიციაზე აცხადებენ პრეტენზიას, სამხრეთ კავკასიის დანარჩენი სამი “მოთამაშე” უფრო მოკრძალებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მიზნებს სჯერდებოდა. თუმცა ყველაფერი შეიცვალა 2020 –2023 წლებში, როდესაც აზერბაიჯანმა შეძლო თურქეთის მრავალსეგმენტური დახმარებისა და ისრაელის მიერ მიწოდებული თანამედროვე სამხედრო შეიარაღების გამოყენებით ოკუპირებული ყარაბაღის დაბრუნება.
ამის შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს თბილისისა და ერევნის მიმართ საკმაოდ ქედმაღლური დამოკიდებულება გაუჩნდა: ერთს თუ შორეული ნათესავივით „იცავს“ , მეორეს „სხვა უბნელივით“ ჭკუას ასწავლის. ეს ყველაფერი კი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ერდოღანის „ლოცვა–კურთხევით“ მიმდინარეობს. ილჰამ ალიევი სამხრეთ კავკასიაში უკვე ოსმალეთის სულთნის პირველი ვეზირივით იქცევა.

წელს ოცდაორი წელი სრულდება მას შემდეგ, რაც 2003 წლის 31 ოქტომბერს ილჰამ ალიევი პრეზიდენტად აირჩიეს. "ბოროტი ენები" ამბობენ, არჩევნები ფორმალობა იყო და პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა თანამდებობა "მემკვიდრეობით" გადასცა თავის ვაჟსო. პირდაპირ უნდა ითქვას: არავინ ელოდა, რომ აზერბაიჯანის კა-გე-ბეს თავმჯდომარისა და შემდეგ ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის, ჰეიდარ ალიევის ოჯახში უზრუნველად და გათამამებულად გაზრდილი ყმაწვილი ამდენ პოლიტიკურ ალღოსა და მოთმინებას გამოავლენდა, ზუსტად შეურჩევდა დროს, როცა ფაშინიანზე გულაყრილი პუტინი პილატესავით "დაიბანდა ხელს" და სომხეთ-აზერბაიჯანის მეორე ომში "ნეიტრალურ" პოზიციას დაიკავებდა. ილჰამ ალიევმა შეძლო ის, რაც მისმა მამამ, პოლიტიკური ეშმაკობით სახელგანთქმულმა ჰეიდარ ალიევმა ვერ შეძლო.
აზერბაიჯანის ექს-პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი 2003 წლის 15 დეკემბერს გრანდიოზულად დაკრძალეს ბაქოში. მისი ხანგრძლივი ცხოვრებიდან ჩვენთვის, გასაგები მიზეზების გამო, ყველაზე საინტერესო სპეცსამსახურებთან ურთიერთობის ეპიზოდებია. ალიევმა, როგორც იტყვიან თავისი კარიერა კა-გე-ბე-ში თვითონ შექმნა. მან აზერბაიჯანის უშიშროების ორგანოებში ყველა საფეხური გაიარა, ის ძირითადად კონტრდაზვერვის მიმართულებით მუშაობდა და ძლიერ ოპერატიულ თანამშრომლად ითვლებოდა.
ჰეიდარ აილიევი 1964 წელს აზერბაიჯანის სუკ-ის თავჯდომარის მოადგილედ, ხოლო 1967 წელს თავმჯდომარედ დანიშნეს. ამ პერიოდიდან მოყოლებული ალიევის მფარველად საკავშირო სუკ-ის თავმჯდომარე იური ანდროპოვი იქცა. ორი წლის შემდეგ ალიევი უკვე აზებაიჯანის ცკ-ას პირველი მდივანია. სტალინის ეპოქის შემდეგ (როდესაც ლავრენტი ბერია “ჩეკადან“ პირდაპირ „ცეკაში“ აღმოჩნდა) ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა სპეცსამსახურების შეფი პარტიის პირველ პირად “აირჩიეს”. 1972 წელს თითქმის ანალოგიური დანიშვნა განხორციელდა საქართველოშიც: შსს-ს მინისტრი ედუარდ შევარდნაძე საქართველოს კომპარტიის პირველი მდივანი გახდა, რაშიც მას მილიციის საკავშირო მინისტრი, ბრეჟნევის პროტეჟე ნიკოლაი შჩოლოკოვი დაეხმარა. არავისთვის არ იყო საიდუმლო ანდროპოვსა და შჩოლოკოვს შორის არსებული დიდი დაპირისპირება. საბჭოთა მილიცია ანდროპოვს კორუფციის სათავედ მიაჩნდა (უნდა აღინიშნოს, რომ სამართლიანადაც. საბჭოთა კავშირის დაშლამდე მხოლოდ სუკ-ი იყო კორუფციისაგან ყველაზე ნაკლებად დაავადებული სტრუქტურა), მისი ბრძანებით ფარულად მიმდინარეობდა კომპრომატების შეგროვება მილიციის მაღალჩინოსნებზე და მათი ოჯახის წევრებზე.

ჰეიდარ ალიევი კი განაგრძობდა წინსვლას საბჭოთა ნომენკლატურულ კიბეზე. ის ყოველთვის ერთი საფეხურით უსწრებდა ქართველ კოლეგას (უფრო ადრე გახდა პოლიტბიუროს წევრი, სოციალისტური შრომის გმირობის ერთით მეტი ვარსკვლავი ჰქონდა და ა.შ.). ალიევი ძალზე „მოქნილი“ პოლიტიკოსი იყო და კარგად იცოდა, თუ როგორ ესიამოვნებინა უკვე დაუძლურებული საბჭოთა ლიდერისთვის. ბაქოში ერთ–ერთი ვიზიტის დროს ალიევმა ბრეჟნევს აჩუქა ბრილიანტის ბეჭედი, შუაში ერთი დიდი ქვით, რომელიც გარშემორტყმული იყო 15 მომცრო ბრილიანტით (საბჭოთა რესპუბლიკების რიცხვის მიხედვით). ქვეყნის სათავეში „კორუფციასთან ბრძოლის“ ლოზუნგით მოსული ჰეიდარ ალიევის თავად ჩაიძირა კორუფციის „ჭაობში“ (ისევე, როგორც ედუარდ შევარდნაძე).
ჰეიდარ ალიევის ბედის ვარსკვლავი კი მაშინ უფრო აკაშკაშდა, როცა 1982 წლის ბოლოს ანდროპოვი საბჭოთა კავშირის ლიდერი გახდა. სულ მალე ალიევი პოლიტბიუროს წევრად “აირჩიეს” და საკავშირო მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის პირველ მოადგილედ გადაიყვანეს მოსკოვში. 1983 წლის 10 მაისს ჰეიდარ ალიევს სამოცი წელი შეუსრულდა და ანდროპოვის გადაწყვეტილებით სოციალისტური შრომის გმირის წოდება მეორედ მიანიჭეს. ნათელი იყო: „კორუფციასთან მებრძოლი“ ანდროპოვი ალიევს საბჭოთა იმპერიის მეორე კაცად – სსრკ მინისტრთა საბჭოს თავჯდომარიედ ამზადებდა. თუმცა „დრონი მეფობენ და არა მეფენი“: არჩევიდან ექვსი თვის შემდეგ ანდროპოვი მძიმე ავადმყოფობის გამო კრემლის საავადმყოფოში მოათავსეს. საიდანაც არც გამოსულა და 1984 წლის 9 თებერვალს გარდაიცვალა. მის შემცვლელად, ასევე მძიმე ავადმყოფი კონსტანტინე ჩერნენკო მოგვევლინა, რომელიც ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა.

საბჭოთა კავშირის ლიდერად გორბაჩოვის არჩევის შემდეგ დაიწყო ფარული ზეწოლა ჰეიდარ ალიევზე, მოთხოვნა ერთი იყო: ის უნდა გადამდგარიყო პოსტიდან და გასულიყო პენსიაზე. ალიევი ჯიუტობდა. 1987 წელს სრულიად ჯანმრთელ ალიევს, რომელიც სიგარეტს თითქმის არ წევდა და შოტლანდიური ვისკის მხოლოდ რამდენიმე ყლუპს თუ მიირთმევდა, მოულოდნელად უმძიმესი ინფარქტი დაემართა. კა-გე-ბეს მე-9 სამმართველოს ექიმები დაჟინებით ურჩევდნენ ალიევს გადადგომის შესახებ განცხადება სასწრაფოდ, პალატაშივე დაეწერა. გორბაჩოვმა ამდენი აღარ იცადა და მესამე დღესვე, მძიმე ავადმყოფობის მიზეზით გაათავისუფლა 64 წლის ალიევი თანამდებობიდან და გამოიყვანა პოლიტბიუროს შემადგენლობიდან. ამის შემდეგ ორი წლის მანძილზე ალიევი მოსკოვში კა–გე–ბეს მეთვალყურეობის ქვეშ, ფაქტიურად შინა პატიმრობაში ცხოვრობდა და სამშობლოში დაბრუნება აკრძალული ჰქონდა. 1990-იანი წლების შუა ხანებში უკვე აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი, როცა ამ პერიოდს იხსენებდა, ცნობილი რუსი ჟურნალისტის ანდრეი კარაულოვის სიტყვებით, ინფარქტის მაპროვოცირებელ მიზეზად სუკ-ის მიერ მის წინააღმდეგ სპეციარაღის (აეროზოლების) და მედიკამენტების გამოყენებას ასახელებდა. ალიევს ასევე მიაჩნდა, რომ კა–გე–ბეს მე-9 სამმართველოს ექიმებთან “მკურნალობის” შემდეგ მისი ჯანმრთელობა უფრო გაუარესდა. უნდა ითქვას, რომ ალიევი სიცოცხლის ბოლომდე საბოლოოდ მაინც ვერ განიკურნა პირველი ინფარქტის შედეგად დატოვებული გართულებებისაგან. ასე, რომ ვის-ვის და სპეცსამსახურების “სამზარეულოში” ღრმად ჩახედულ უშიშროების გენერალ ჰეიდარ ალიევს არ შეეშლებოდა “მშობლიური” კა-გე-ბეს ხელწერა.

1993 წელს რუსეთის მხარდაჭერით ხელისუფლების სათავეში მოსული, აღმოსავლური ეშმაკობით უხვად შემკობილი ჰეიდარ ალიევი ახერხებდა კარგი ურთიერთობები შეენარჩუნებინა ერთდროულად აშშ-სთან და რუსეთთანაც. ელცინისა და პუტინისგან საჩუქრები მიეღო და ხოტბა-დიდება მოესმინა, მაგრამ სტრატეგიული ნავთობსადენების მარშრუტები მაინც ამერიკელთა რჩევით გაეყვანა.
რუსეთის ხელისუფლებამ რამდენიმე გამაფრთხილებელი და შესაშინებელი ამბოხი და ტერაქტი მოუწყო ალიევს, მაგრამ მან რუსეთს არაფერი დაუთმო.
თვითონ აზებაიჯანის სუკ-ის ყოფილი თავმჯდომარე ჰეიდარ ალიევი, რუსეთის სპეცსამსახურებისადმი საკმაოდ მტრულად იყო განწყობილი. ეს ურთიერთუნდობლობა, როგორც ზემოთ დავინახეთ, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მოდიოდა.
ჰეიდარ ალიევი ცდილობდა რუსეთ-დასავლეთს შორის “დაბალანსებული პოლიტიკა" გაეტარებინა . აზერბაიჯანის პრეზიდენტის არჩევის შემდეგ ალიევმა ძალზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო: რუსეთის გვერდის ავლით ნავთობ და გაზსადენების მშენებლობა აზერბაიჯანის ეკონომიკური აღორძინების დასაწყისად იქცა. 1996 წლის 8 მარტს საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევისა და საქართველოს პრეზიდენტის, ედურად შევარდნაძის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. ორივე პრეზიდენტი კარგ ხასიათზე იყო და ბევრს ხუმრობდა. თუმცა, როდესაც ჟურნალისტმა ნავთობსადენის საქართველოს ტერიტორიაზე გატარების შესახებ კითხვა დასვა პრეზიდენტები უცბად დაიძაბნენ და უმალ იმის მტკიცება დაიწყეს, რომ ეს პროექტი არავის წინააღმდეგაა მიმართული და არავინ უნდა ინერვიულოსო. მაშინ ბაქო–სუფსის ნავთბოსადენის მარშრუტის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და 1997 წლიდან ნავთოსადენის მშენებლობაც დაიწყო. რუსეთისთვის ეს პროექტი ეკონომიკურად დიდი არაფერი საფრთხის შემცველი არ იყო, რასაც ვერ ვიტყვით მის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე.
რუსეთის იმპერიის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ყოფილი კოლონიები დამოუკიდებლად გავიდნენ ნავთობის მსოფლიო ბაზარზე, ამას კი შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზის მილსადენის მშენებლობაც მოჰყოლოდა. შედეგად რუსეთი დაკარგავდა ზემოქმედების უმნიშვნელოვანეს ბერკეტებს, რაც უკვე სერიოზული საფრთხე გახდებოდა. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, 1996 წლის ივნისის შემდეგ ეპიზოდურად თუ მონაწილეობდა ქვეყნის მართვაში. ყველა სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებს რუსეთის სპეცსამსახურებისა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელები წყვეტდნენ. ელცინი კი ბებერი და ავადმყოფი ნოტარიუსივით მორჩილად ამტკიცებდა მათ გეგმებს.
რუსეთის პრეზიდენტად ყოფილი კა-გე-ბეს თანამშრომლის პუტინის დანიშვნის შემდეგ რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები განსაკუთრებით დათბა. პუტინი რამდენჯერმე ეწვია ბაქოსა, ალიევიც ჩადიოდა მოსკოვში. ვლადიმერ პუტინი, ედუარდ შევარდნაძის ჯინაზე, ჰეიდარ ალიევთან, როგორც " უფროს კოლეგა– მეგობართან" ურთიერთობის მუდმივ დემონსტრირებას ახდენდა. ჰეიდარ ალიევი 2003 წლის 12 დეკემბერს გარდაიცვალა, მანამდე კი მთავარი მოასწრო: აზერბაიჯანი თავის შვილს, 42 წლის ილჰამს დაუტოვა სამართავად. რა პოლიტიკური გამოცდილება ჰქონდა ახალ პრეზიდენტს და რა პოლიტიკური მემკვიდრეობა დახვდა მას?
(პირველი ნაწილის დასასრული)