სკანდალური სტატია: "როგორ გადაინაწილებენ მსოფლიოს ტრამპი, პუტინი და სი ძინპინი - ევროკავშირს არავინ არაფერს ჰკითხავს"
„რუსეთი, აშშ და ჩინეთი მსოფლიოს გავლენის სფეროებად გაყოფისათვის იბრძვიან. ვლადიმერ პუტინის, დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის აზრით, მსოფლიოს მართვა დიდ და ძლიერ სახელმწიფოებს შორის უნდა განაწილდეს, რომლებიც ერთმანეთის საქმეებში არ ჩაერევიან. ევროკავშირს არავინ არაფერს ჰკითხავს“, - წერს ამერიკული ჟურნალი „ნიუსვიქი“ (Newsweek) სტატიაში სათაურით „როგორ გადაინაწილებენ მსოფლიოს ტრამპი, პუტინი და სი“ (ავტორი - ბრენდან ქოული).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის რუს კოლეგას რეგულარულად მიმართავს მოწოდებით, რომ მან უკრაინაში სამხედრო მოქმედება შეწყვიტოს. ეს ხდება კრემლსა და თეთრ სახლს შორის მსოფლიოს გავლენის სფეროებად განაწილებისათვის ბრძოლის ფონზე, რომლის დროსაც ჩინეთსაც შეუძლია თავისი წონიანი სიტყვა თქვას. მოდით, გავაანალიზოთ, თუ როგორ შეიძლება სავარაუდოდ დასრულდეს გლობალური საჭადრაკო პარტია.
მარტში დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბარმა ვლადიმერ პუტინთან და იმ მოვლენებმა, რაც მათ კონტაქტს მოჰყვა - ე.წ. „მაქოსებური დიპლომატიის“ რეალიზებამ - ორმხრივი დელეგაციების მოლაპარაკებებმა ჯერ საუდის არაბეთში, შემდეგ კი სპეციალური წარმომადგენლების შეხვედრებმა აშშ-ში და რუსეთში, ყველაფერმა დაადასტურა, რომ ამერიკელ ლიდერს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მშვიდობის დამყარება. მაგრამ, მიღწეული შეთანხმებების (ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვათა 30-დღიანი შეჩერება, შავი ზღვის აკვატორიაში ცეცხლის შეწყვეტა) მიუხედავად, საომარი მოქმედებები კვლავ გრძელდება.
მიუნჰენისა (1938) და იალტის (1945) კონფერენციების აჩრდილი
როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ევროპული საბჭოს დირექტორის მოადგილე ვესელინა ჩერნოვა ამბობს, „დღევანდელი მდგომარეობა ძალიან ჰგავს 1945 წლის თებერვლის იალტის კონფერენციას, რომლის დროსაც მსოფლიოს სამი უძლიერესი ქვეყნების ლიდერებმა - ფრანკლინ რუზველტმა, იოსებ სტალინმა და უინსტონ ჩერჩილმა ევროპა და ზოგადად მსოფლიო გავლენის სფეროებად გადაინაწილეს (რასაც შემდეგ „ცივი ომი“ მოჰყვა). „იალტაში დიდმა სახელმწიფოებმა აღმოსავლეთ ევროპის მომავალი გადაწყვიტეს, - აღნიშნა მან ჟურნალ „ნიუსვიქთან“ საუბარში, - „სწორედ ასე გამოიყურება უკრაინის საკითხის მოგვარებაც. თუმცა უკრაინის ბედის გადაწყვეტა უკრაინის გარეშე იგივეა რაც ევროპის მომავლის გადაწყვეტა ევროპის გარეშე“.
„უკრაინის მომავლის განხილვა მსოფლიოს სამ ლიდერს შორის პარალელებს იწვევს მეორე მსოფლიოს ომის წინ მომხდარ კიდევ ერთ შეხვედრასთან“, - ამბობს შტეფან ვოლფი, ბირმინჰემის (ინგლისი) უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის პროფესორი. იგი თვლის, რომ დონალდ ტრამპის უარი - უკრაინისადმი უსაფრთხოების გარანტიების მიცემის თაობაზე 1938 წელს მიუნჰენის კონფერენციას ჰგავს, როცა ფრანგმა და ბრიტანელმა ლიდერებმა ნაცისტური გერმანიის ბელადი ადოლფ ჰიტლერი „დაამშვიდეს“ და მას საკბილოდ ჩეხოსლოვაკიის სუდეტის ოლქი მიუგდეს.
შტეფან ვოლფი თვლის, რომ აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტის წარმოდგენის მიხედვით, მსოფლიო ძლიერ სახელმწიფოებს შორის გავლენის სფეროებად უნდა გაიყოს, რომლებიც ერთმანეთის საქმეებში არ ჩაერევიან. „როგორც ჩანს, ჩვენს თვალწინ გლობალური ფაქტი ხდება: ზესახელმწიფოები აშშ და ჩინეთი მსოფლიოს ერთმანეთში იყოფენ. ჯერ-ჯერობით ნათელი არა არის, თუ რა როლი და სტატუსი ექნება რუსეთს, დარჩება თუ არა ვლადიმერ პუტინი დამოუკიდებელ მოთამაშედ, ან კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული იქნება ჩინეთზე“.
რუსეთის გავლენა აღმოსავლეთ ევროპაზე
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის თებერვალში, მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეიმს დევიდ ვენსმა ევროკავშირი გააკრიტიკა, თითქოსდა ბრიუსელი უუნაროა, ან განგებ არ სურს მასობრივი მიგრაციის შეჩერება. ამერიკელმა ლიდერმა ევროკავშირს მემარჯვენე პოპულისტების შეზღუდვის გამოც უსაყვედურა. ნიშანდობლივია, რომ ჯეიმს ვენსის განცხადება დადებითად შეაფასა ვლადიმერ პუტინის თანაგუნდელმა, რუსეთის ექს-პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა.
უფრო ადრე აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტერ ჰეგსეთმა უკრაინის 2014 წლის საზღვრების აღდგენის იდეა არარეალურად ჩათვალა. მან ევროპულ სახელმწიფოებს მოუწოდა უფრო მეტი გააკეთონ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, რადგან ამერიკას ევროპელების ძველებურად დაცვის შესაძლებლობა აღარ ექნება - წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთთან დაპირისპირების გამო.
ვესელინა ჩერნოვას აზრით, როგორც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციიდან გამომდინარეობს, აღმოსავლეთ ევროპა შეიძლება ბედის ანაბარად იქნას მიტოვებული. ასეთმა პრსპექტივამ არ შეიძლება შეშფოთება არ გამოიწვიოს: რუსეთი უკვე ახდენს გავლენას ისეთი ქვეყნების საშინაო პოლიტიკაზე, როგორებიც არიან, ვთქვათ, ჩეხეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი და პოლონეთი. „რუსეთი ცდილობს დაარღვიოს და ძირი გამოუთხაროს აღმოსავლეთევროპულ დემოკრატიას და ჩამოთვლილი ქვეყნები ახალ კონსენსუსამდე მიიყვანოს, რომელიც დონალდ ტრამპის ეპოქაში ძალიან სასურველად მოჩანს“, - ამბობს პოლიტოლოგი.
ბოლო თვეებში ვლადიმერ პუტინის აჩრდილი ევროპის რიგ ქვეყნებში გამართული საპროტესტო გამოსვლებისა და არჩევნების შედეგების ფონზე გამოჩნდა. პროდასავლელი პოლიტიკოსები მოსკოვს ბრალს სდებენ ევროკავშირის რეფერენდუმში და მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო. მეზობელ რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გაუქმდა, რადგან პირველ ტურში გამარჯვება (რუსეთის დახმარებით) უკიდურესად მემარჯვენე ფავორიტმა კელინ ჯორჯესკუმ მოიპოვა.
რასაკვირველია, რუსეთის ხრიკები შეუმჩნეველი არ დარჩენილა: რიგ ევროპულ ქვეყნებში ფართო გამოსვლები გამოსვლები გაიმართა პრორუსული ხელისუფლების წინააღმდეგ, რომლებიც კრემლის პოლიტიკას მეტ-ნაკლებად იზიარებენ და მხარს უჭერენ. მაგალითად, სლოვაკეთში მომიტინგეებმა დაგმეს ხელისუფლების მიერ მიღებული კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვის მიზნით, რომელიც რუსეთის მიერ მიღებულ სამართლებრივ აქტს ჰგავს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო კი მოსკოვთან გადაჭარბებულ კავშირებში ამხილეს.
მარტში საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა სერბეთი, რომლის პრეზიდენტი ალექსანდრე ვუჩიჩიც მჭიროდ არის დაკავშირებული მოსკოვთან. გარდა ამისა, კრემლის სავარაუდო ჩარევამ უნგრეთის საშინაო პოლიტიკაში პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მოწინააღმდეგეების მრისხანება გამოიწვია. როგორც ცნობილია, ვიქტორ ორბანი ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთ ახლო მოკავშირეს და მხარდამჭერს წარმოადგენს ევროკავშირში.
რუსეთის სამხრეთით მდებარე საქართველოშიც მნიშვნელოვანი მღელვარებები მოხდა - მოსახლეობა მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გამოვიდა. კრიტიკოსები ქვეყნის ხელისუფლებას მოსკოვთან კავშირებში ადანაშაულებენ: მათი აზრით, კრემლი გავლენას ახდენს კავკასიურ რესპუბლიკაზე, რომელსაც სტრატეგიული მდებარეობა და შავ ზღვაზე (ანუ მსოფლიო ოკეანეში) გასასვლელი აქვს.
ცენტრალური აზია რუსეთ-ჩინეთის ინტერესებში
ცენტრალური (შუა) აზია შეიძლება რუსეთისა და ჩინეთის მეტოქეობის ობიექტად იქცეს, რადგან მოსკოვს და პეკინს, ორივეს სურს გავლენა ჰქონდეს რეგიონის სახელმწიფოებზე.
ვლადიმერ პუტინის დიპლომატიური განზრახვების რეალიზების დამადასტურებელ ფაქტს წარმოდგენს მისი მეგობრული ვიზიტი მონღოლეთში, რომელიც შარშან სექტემბერში განხორციელდა. ულან-ბატორში ჩასვლა კრემლის ლიდერის პირველი საზღვარგარეთული ტურნე იყო მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის პატიმრობის ორდერის გასცა. მოღოლეთმა, მიუხედავად იმისა, რომ ის სასამართლოს რომის სტატუტზე ხელმომწერ ქვეყანას წარმოადგენს და ვალდებული იყო ვლადიმერ პუტინი დაეპატიმრებიანა, რუს ლიდერს, პირიქით, თბილი დახვედრა მოუწყო.
მონღოლეთი ძალიან არის დამოკიდებული როგორც რუსეთის ნავთობ-გაზზე და ელექტროენერგიაზე, ასევე ჩინურ ინვესტიციებზე სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში
შტეფან ვოლფი სიმბოლურად მიიჩნევს იმას, რომ სი ძინპინმა თავისი პირველი საზღვარგარეთული ვიზიტი, კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, შარშან ზაფხულს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, ყაზახეთში განახორციელა. გავიხსენოთ, რომ ყაზახეტის პრეზიდენტმა ყასიმჟომართ ტოკაევმა დაგმო ვლადიმერ პუტინის ჯარების შეჭრა უკრაინაში. „ასტანაში ყოველთვის შეშფოთებას გამოხატავდნენ, რომ ყაზახეთი შეიძლება კრემლის მომდევნო სამიზნე ყოფილიყო“, - ამბობს შტეფან ვოლფი იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში ბევრი ეროვნებით რუსი და რუსულენოვანი მოქალაქე ცხოვრობს, - „თუმცა ყაზახებს შეუძლიათ სკეპტიკური განწყობა გამოხატონ რუსეთისა და უკრაინის მიმართ და მშვიდად იყონ: ჩინელებმა მათ მკაფიოდ მიანიშნეს, რომ ნებას არ მისცემენ მოსკოვს ჩაერიონ ჩრდილოეთ ყაზახეთის სიტუაციაში, სადაც განსაკუთრებით ბევრი რუსი ცხოვრობს კომპაქტურად“.
ჩინეთი, აშშ და დასავლეთი ნახევარსფერო
დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას განზრახული გრენლანდიის დაუფლება (შეძენა), პანამის არხისადმი კონტროლის დაბრუნება და კანადის მიერთება 51-ე შტატის სახით, რითაც დანიის, კანადისა და პანამის მთავრობები გააღიზიანა. გარდა ამისა, უსიამოვნება გამოიწვია მექსიკაშიც, როცა მექსიკის ყურეს სახელი შეუცვალა და ამერიკის ყურე უწოდა - იმ მიზნით, რომ უკეთ გამოეხატა თავისი ფილოსოფია „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“.
შტეფან ვოლფის თქმით, დონალდ ტრამპი ცდილობს თავისი გავლენა ამერიკის კონტინენტზე, ანუ დასავლეთ ნახევარსფეროზე განავითაროს, მაგრამ მისი ხისტი პოლიტიკა ადგილობრივ ქვეყნებში წინააღმდეგობას იწვევს. გარდა ამისა, ვაშინგტონი შეიძლება პეკინს შეეჯახოს, რომელსაც თავისი ინტერესები აქვს ლათინურ ამერიკაში.
„როგორც ჩანს, სამხრეთ ამერიკაში შექმნილი ვითარება დონალდ ტრამპს აიძულებს უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს დასავლეთ ნახევარსფეროს [ანუ თავის უკანა ეზოს] და უარი თქვას, მისი აზრით, ყველა უაზრო და უსაფუძვლო ვალდებულებებზე დედამიწის სხვა რეგიონებში“, - აღნიშნავს შტეფან ვოლფი.
მაგრამ ჯერ-ჯერობით დონალდ ტრამპს არ მიუღია სანატრელი შეთანხმება ვლადიმერ პუტინისაგან უკრაინის საკითხში. თუ მოსკოვი ვაშინგტონთან ვერ მოილაპარაკებს, კრემლის დამოკიდებლება ჩინეთზე გაიზრდება.
მაგრამ უკრაინისა და რუსეთის ომის შესახებ სათაურებმა მსოფლიოს გაზეთებში უკანა პლანზე გადაინაცვლეს, რაც დონალდ ტრამპმა ჩინეთის წინააღმდეგ სავაჭრო ომი დაიწყო (ჩინური პროდუქციის იმპორტზე 145%-იანი ტარიფების შემოღებით). თუ სი ძინპინი გადაწყვეტს, რომ აშშ-ზე შურისძიების მიზნით ვაშინგტონის მეტოქეს - ევროკავშირს დაუახლოვდეს, ოეკინის ეს სავარაუდო ნაბიჯი რუსეთის მდგომარეობას დაასუსტებს. „ჩინეთსაც მოუწევს აწონ-დაწონოს თავისი ურთიერთობა, ერთი მხრივ, რუსეთთან და მეორე მხრივ, ევროკავშირთან“, - ამბობს შტეფან ვოლფი. გარდა ამისა, იბადება კითხვა - მოილაპარაკებენ თუ არა აშშ და ჩინეთი ტაივანთან მიმართებით.
ტაივანი - დათმობს თუ არა აშშ კუნძულს?
პეკინი თვლის, რომ ჩინეთის ხელისუფლებისაგან ავტონომიურად არსებული ტაივანი სეპარატისტულ და მთავრობის წინააღმდეგ ამბოხებული ტერიტორიას წარმოადგენს, ამიტომ ის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლქვეშ უნდა დაბრუნდეს - თუ საჭიროება მოითხოვს, ძალის გამოყენებითაც კი. ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის საბრძოლო სარდლობის აღმოსავლეთის თეატრში გასულ კვირას ჩატარებულმა სამხედრო მსხვილმასშტაბიანმა მანევრებმა კიდევ ერთხელ წინ წამოსწია მწვავე საკითხი - რას იზამს დონალდ ტრამპი, თუ პეკინის არმია ტაივანზე შეიჭრება.
შტეფან ვოლფი თვლის, სი შეიძლება მზად არ იყოს ტაივანზე თავდასხმისათვის, რადგან სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სხვა ცხელი წერტილებიც არის, სადაც ამერიკას პოტენციურად მოუწევს ბარიერები დადგას პეკინის აგრესიულობის წინააღმდეგ, მაგალითად, ფილიპინები. „არ უნდა გამოვრიცხოთ პეკინსა და ვაშინგტონს შორის საიდუმლო შეთანხმების შესაძლებლობა იმ პირობით, რომ როცა ჩინეთი გააქტიურდება, აშშ მას ხელს არ შეუშლის“, - ამბობს შტეფან ვოლფი, - „თუ ეს მართლაც ასე მოხდება, მაშინ ნათელი იქნება, რომ აშშ ფარულად აღიარებს - სამხრეთ ჩინეთის ზღვაში რეალურ ბატონ-პატრონს სწორედ პეკინი წარმოადგენს“.
მოამზადა სიმონ კილაძემ