ქალამნიშვილები - კვირის პალიტრა

ქალამნიშვილები

არა, არა - რაღაც ეშლება ივანიშვილს: სულაც არ არის აუცილებელი ამდენი ფულის ხარჯვა მიტინგების ორგანიზებაზე; ამდენი ხალხის შეწუხება; ამდენი ნერვიულობა იმაზე, მოვა თუ არა ადამიანების "საკმარისი" რაოდენობა და თუ არ მოვა, რას იტყვის "რეალ ტი-ვი"...

შედეგი? შედეგს შემოდგომაზე ნახავთ... ამიტომ ვამბობ: არჩევნებს იგებს პროფესიონალიზმი, ცოდნა, შრომისმოყვარეობა, გულწრფელობა და ჯიგარი! და არა ფული! სწორედ პროფესიონალიზმი განაპირობებს, რომ ჯერ კიდევ არიან საქართველოში პარტიები, რომლებიც მილიონების დაუხარჯავად, "რუსული ფულის" გარეშე ახერხებენ ხოლმე ხალხის ნდობის დამსახურებას.

აბა, როგორ არ ენდობი და როგორ არ შეგიყვარდება ქდმ, როდესაც საინფორმაციო სააგენტოს ცნობების თვალიერებისას მათი პრესცენტრის მიერ გამოგზავნილ პრესრელიზს წააწყდები, რომელიც მათ მიერვე ასეა დასათაურებული: "ქდმ-ის ლიდერები გოდერძი სამჭკუაშვილს ნაკვეთის მოთიბვაში დაეხმარნენ"!!!

თურმე ნუ იტყვით და, მარტყოფელები გაოცებულები უყურებდნენ, როგორ მარჯვედ უსვამდნენ ცელს ლევან ვეფხვაძე, გიორგი ახვლედიანი და გიორგი თარგამაძე (აფსუს! მართლა უფულობის დედა ვატირე, თორემ აი, ვინ არის საპრეზიდენტო კაცი: ჰალსტუხიც შვენის და ცელიც!) და ფიქრობდნენ: "არც მიშას დაპირება გვინდა და არც ბიძინასი. აი, ხალხი - მოვიდა და გვეხმარება!" (ამ "მთიბავების" ვიდეო მინდა - ფულს ვიხდი) მერე, სანამ სამჭკუაშვილი და მისი თანასოფლელები ჩრდილში საუბრობდნენ და ქდმ-ის ლიდერები კი მათ მაგივრად მუშაობდნენ, დანარჩენები ინტერვიუებს არიგებდნენ და ამბობდნენ: სხვა პარტიებს არ დაუჯეროთ, ორ-სამ წელიწადში ვერაფერი გაკეთდება, ჩვენ 10-წლიანი პროგრამა გვაქვს, ამიტომ უნდა აგვირჩიოთ და მინიმუმ ათი წელი ჩვენ უნდა ვიყოთ ხელისუფლებაშიო!

არა უშავს, ოცნებას კაცი არ მოუკლავს, მაგრამ ეს და სხვა ასეთი კარგი პარტიები რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში, ხომ არჩევნების გაუყალბებლად ჩატარებაა საჭირო? ამისთვის კი საუკეთესო გზას მიაგნეს პაპუა-ახალი გვინეის მოქალაქეებმა: ახლახან დამთავრებული არჩევნების გაყალბებაში მხილებული შვიდი გათახსირებული ჩინოვნიკი პატიოსანმა მოქალაქეებმა დაიჭირეს და... შეჭამეს! დიახ - შაახრამუნეს!!! შემჭმელთა შორის ერთი 13 წლის ყმაწვილიც ყოფილა - აი, პატრიოტული აღზრდა რას ნიშნავს! სამაგიეროდ, როგორც ამბობენ, იმ ბავშვს სულ "კაი-კაი ნაჭრები" გადაუღეს, ჩვენი ბავშვები კი მხოლოდ გართობაზე ფიქრობენ...

ამასობაში, მმართველი პარტიის ზოგიერთ "ფეისს" ძალიანაც მტკიცედ ჰკიდია არჩევნები და მუშაობა (არადა, წესით არ უნდა ეკიდოს - რომ არა ასეთი არჩევნები, ვინ აღირსებდა იმას, რასაც ახლა ვიტყვი?!) და ქართული მედიასივრცე დაიპყრო კობა ხაბაზის ფოტოებმა - იახტაზე, "ნაშებთან" ერთად! "ა ლა ბერლუსკონი"! თვითონ კი თქვა, - როგორ კადრულობთ, საერთოდ არ ვიცნობ მაგ გოგოებს, უბრალოდ, ნავით გასეირნება მთხოვეს და ხელში აყვანილი იმიტომ გადავიყვანე, რომ თვითონ ვერ ახერხებდნენ ნავში ამოსვლასო!

აი, მითხარით: ასე უტიფრად რომ ცრუობს კაცი, ის არ უნდა შეჭამო?! შე კაი კაცო, თქვი, რა, - ცოლი მე არ მყავს და შვილი, რა თქვენი ერთი ადგილის საქმეა, ვისთან რითი ვისეირნებ?! - და დაგანებებენ თავს... არ იცნობდი არა, ისა...

ისე არ იფიქროთ, რომ მთელი "ნაცმოძრაობა" ქეიფსა და ქალებს არის გადაყოლილი - ზოგი მუშაობს კიდეც: მაგალითად, პრეზიდენტი და ახალი პრემიერ-მინისტრი. ივანე მერაბიშვილი გორში იყო და იქაურებს დაჰპირდა, - გორის ციხე ქალაქს მალე შემოსავალს მოუტანსო: "ღერძი უნდა ვუპოვოთ ამ ციხეს, რატომ უნდა მოვიდეს აქ ადამიანი" (ალბათ ტურისტებს გულისხმობდა) და წავიდა. იქაურმა ხელმძღვანელობამ კი ეს დავალებად მიიღო და ახლა "ღერძს" ეძებს...

სააკაშვილმა კი ისე ინერვიულა ამ დღეებში ბათუმში, რომ მერე მე ვინერვიულე - რამე არ დაემართოს-მეთქი: ქალაქში საქმეზე მიეჩქარებოდა და მანქანის ფანჯრიდან "შემთხვევით" დაინახა, რომ მოხუცები პენსიის რიგში იდგნენ და იმ სიცხეში დაჯდომის საშუალებაც არ ჰქონდათ ბანკის შენობაში. რაო?! მოხუცები რიგში დგანანო?! ხვალვე ჩამოართვით ლიცემზია (თუ - რაც ჰქვია) და სხვა ბანკს გადაეცით, თუკი ყველა პენსიონერს სავარძელს არ დაუდგამენ და არ მიეფერებიანო! ფერება იქ უნდა გენახათ - შენ ხარ, შვილო, ჩვენი პატრონი, შენ გენაცვალეთ, ბებია, მოგცემთ ხმას, აბა, რას ვიზამთო... იტირა მიშამ, გული აუჩუყდა, დაღლილი იყო...

P.S. "ნაციონალურმა მოძრაობამ" პოლიტიკურ პარტიებს "სუფთა თამაში" შესთავაზა და ამისათვის რამდენიმეპუნქტიანი დეკლარაციაც გამოაქვეყნა: ამას არ ვიზამთ და იმას არ ვიკადრებთო! თანაც სხვებსაც შესთავაზა, მოდით, ხელი მოაწერეთო.

დეკლარაციის კონკრეტული ავტორი არ დასახელებულა, მაგრამ მე ერთი ეპიზოდი გამახსენდა დუმბაძის "კუკარაჩადან": როდესაც კუკარაჩა ინგას დაიბარებს და ეტყვის, - მეზობლები გიჩივიან, შენი სახლიდან უხამსი ხმები გამოდის და ამას ყველა ხელს აწერსო, - ინგა განცხადებაზე თვალის ერთი გადავლებით ხვდება: ხელს ყველა კი აწერს, მაგრამ ქალამნიშვილის დაწერილია, ძველი ნაბოზარია და ახლა ჩემი შურსო...

მეც, ინგასავით, როდესაც ეს დეკლარაცია წავიკითხე, მაშინვე ვთქვი: კუბლაშვილის დაწერილია!..

პროვოკატორი

ჟურნალი "გზა"