"განცდა მაქვს, რომ ხელისუფლებაში არიან ადამიანები, ვისაც გულწრფელად არ უყვართ თავიანთი სამშობლო"
"სახალხო ინტერვიუ“ სახელწოდებით "დაუსვი შეკითხვა“ - Ambebi.ge-ს საშუალებით შესაძლებლობას გაძლევთ, კითხვა დაუსვათ თქვენთვის სასურველ და სპეციალურად შერჩეულ რესპონდენტს (ცნობილ თუ უცნობ ადამიანს). შეკითხვის დასმა შესაძლებელია Ambebi.ge-ს კომენტარების ველში ან Ambebi.ge-ს "ფეისბუქ გვერდზე".
თქვენს დასმულ შეკითხვებს უპასუხა ფოტოჟურნალისტი, სამოქალაქო აქტივისტი გოგა ჩანადირი."პალიტრანიუსის" გადაცემაში "სახალხო ინტერვიუ“. გთავაზობთ გადაცემიდან საინტერესო ეპიზოდებს. სრულად კი გადაცემის ნახვა შესაძლებელია მითითებულ ბმულზე.
მოქალაქე:
- რომელ პოლიტიკურ პარტიას მოიაზრებთ უმრავლესობაში. მინისტრთა კაბინეტისთვის რომელი პარტიის წარმომადგენლები მიგაჩნიათ უპირატესად და წამყვან პოზიციებზე?
გოგა ჩანადირი:
- ბედნიერი ვიქნები, პარტიების მიხედვით თუ არ განვსაზღვრავთ ხელისუფლებაში მყოფი პირების მოწონება-არმოწონებას, არამედ იმის მიხედვით, თუ რას აკეთებენ ისინი სახელმწიფოსთვის, როგორ უყვართ სახელმწიფო. სამწუხაროდ, მე ვგრძნობ, რომ ბევრ ადამიანს, რომელსაც პრეტენზია აქვს, იყოს ხელისუფლებაში, არ უყვარს გულწრფელად ქვეყანა. სულ მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, მათ სხვა მიზნები უფრო აქვთ, ვიდრე სახელმწიფოს აშენების. ბედნიერი ვიქნები, თუ ამ მოსაზრებაში შევცდები.
საერთოდ, ბევრი წელია ეს განცდა მაქვს, რომ ხელისუფლებაში არიან ადამიანები, ვისაც გულწრფელად არ უყვართ თავიანთი სამშობლო.
- დღევანდელი მდგომარეობით უნდა დავეყრდნოთ თუ არა, ამერიკას ან ევროპას? თუ ფიქრობთ, რომ არა, მაშინ რატომ?
- აუცილებელია, დასავლეთში მოკავშირეები გვყავდეს. ჯერ ერთი, ეს არის ქართველი ერის ისტორიული არჩევანი, - ყოველთვის დასავლეთისკენ ვიყურებოდით. უბრალოდ წლებმა და ურთიერთობებმა აჩვენა, რომ დასავლეთი გაცილებით საიმედო მოკავშირე და დასაყრდენია. არ შეიძლება ამაზე უარი თქვა, არ შეიძლება უგულებელყო და არ დაინახო ეს მოცემულობა. იმავე ევროპას თუ ავიღებთ, ევროპულმა ქვეყნებმა გაცილებით მეტი გააკეთეს 30 წელიწადში საქართველოსთვის, ვიდრე თუნდაც იმავე რუსეთმა 200 წლის მანძილზე, გინდაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით, თუ სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით.