ყოველთვის ვცდილობ, ბოლომდე ვიბრძოლო და მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიო" - გაიცანით 9 წლის ჩემპიონი - მოჭიდავე გოგონა ბოდბისხევიდან
"ჭიდაობა ერთხელ თუ დაიწყე, მერე თავს ვეღარ დაანებებ"
ლუსი ტუხაშვილი - პატარა ჩემპიონი, რომელზეც მწვრთნელები დიდ იმედს ამყარებენ
9 წლის ლუსი ტუხაშვილის წარმატებამ მთელი საქართველო აალაპარაკა: ბოდბისხეველი გოგონა ტალინის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა. ნიჭიერმა, პერსპექტიულმა მოჭიდავემ ოქროს მედალი არავის დაუთმო და ქართული სპორტის წარმატებებს კიდევ ერთი გამარჯვება შემატა. მწვრთნელები ამბობენ, რომ ლუსის ყველა თვისება აქვს, რაც ნამდვილ სპორტსმენს უნდა ჰქონდეს. აღსანიშნავია, რომ ლუსი მრავალშვილიანი ოჯახის შვილია, მას ოთხი და-ძმა ჰყავს, რომელთაგან ორი საკმაოდ წარმატებული მოჭიდავეა. ჩვენ ლუსისაც დავუკავშირდით, მის ოჯახსაც და პატარა ჩემპიონზე ვესაუბრეთ:
ლუსი ტუხაშვილი:
- ჭიდაობაზე ჩემი და-ძმა დადიოდა, მათ ვაკითხავდი და ვარჯიშზე ყოფნა ძალიან მომწონდა. 6 წლის რომ გავხდი, ვარჯიში მეც დავიწყე და ახლა სპორტის გარეშე ჩემი ცხოვრება ვერც კი წარმომიდგენია. ვცდილობ, სკოლაშიც კარგად ვისწავლო, მაგრამ ჭიდაობა მაინც ყველაზე ძალიან მიყვარს. ბევრს ვვარჯიშობ. ძალიან კარგი მწვრთნელი მყავს, რომელსაც ბავშვები ჯონი მასწავლებელს ვეძახით. ის დღეში ორჯერ გვავარჯიშებს და რაც უნდა მეზარებოდეს, დარბაზში მაინც მივდივარ.
ხშირად მეკითხებიან, როცა საჭიდაოდ გავდივარ, ვნერვიულობ თუ არა... როგორ არ ვნერვიულობ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, ბოლომდე ვიბრძოლო და მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიო. ჯონი მასწავლებელიც ასე გვარიგებს.
ჩემ გარდა, ჯგუფში მარტო ერთი გოგონაა და ისიც ჩემი დაა. კიდევ დადიოდა ერთი გოგო, ცოტა ხნით თავი დაანება ვარჯიშს, მაგრამ ახლა ისევ უნდა დაუბრუნდეს სპორტს.
ჭიდაობა ერთხელ თუ დაიწყე, მერე თავს ვეღარ დაანებებ, მეც ძალიან მიყვარს სპორტის ეს სახეობა და მინდა, მომავალში კიდევ ბევრი გამარჯვება მოვიპოვო.
ვიკა ტუხაშვილი:
- მე და ლუსი დები ვართ. ორივე ბოდბისხევის საჯარო სკოლაში ვსწავლობთ. სპორტი ძალიან გვიყვარს, მაგრამ ვცდილობთ, გაკვეთილებსაც არ ჩამოვრჩეთ. ჭიდაობაზე გაკვეთილების შემდეგ დავდივართ. მე საქართველოს ჩემპიონი ვარ თავისუფალ ჭიდაობაში, ხოლო ლუსიმ ტალინის ღია პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა. ჭიდაობა ძალიან დიდ ენერგიას და შრომას მოითხოვს, ამასთან, დიდ ნებისყოფასაც. მიხარია, რომ ჩემს უმცროს დას ეს ნებისყოფა აქვს.
ზოგჯერ ხდება, რომ ვარჯიშის განწყობა არ გაქვს, რინგზე გასვლაც არ გეხალისება, ამ დროს ვარჯიშიც რთულია და მოგებაც, მაგრამ ჯონი მასწავლებელი სულ გვარიგებს და გვასწავლის, რომ ამ დროს თავს უნდა მოვერიოთ. თუ რაიმე შეცდომას დავუშვებთ, ან მეტოქე მოგვერევა, ის სულ გვამხნევებს, ამიტომ, ჩვენც ვცდილობთ, კარგად ვიჭიდაოთ და მისი იმედები გავამართლოთ.
მე მარტო ჭიდაობა კი არა, სპორტის სხვა სახეობებიც მაინტერესებს, განსაკუთრებით, ფეხბურთი მიყვარს და როცა საქართველოს ნაკრები თამაშობს, ყოველთვის ვგულშემატკივრობ. ჩვენს ფეხბურთელებს შორის, ყველაზე მეტად გიორგი მამარდაშვილის და ბუდუ ზივზივაძის თამაში მომწონს.
ჯონი ქვრივიშვილი - მწვრთნელი:
- უკვე ექვსი წელია, რაც მწვრთნელი ვარ. ბავშვებს ბოდბისხევშიც ვამეცადინებ და წნორშიც. ბერძნულ-რომაულ ჭიადაობაში ბიჭებს ვავარჯიშებ, ხოლო თავისუფალ ჭიდაობაში - გოგონებს. ბოლო ტურნირზე ლუსი ტუხაშვილმა ძალიან გვასახელა: მან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს შორის იასპარეზა და პირველობა არავის დაუთმო. ეს ტურნირი ყოველწლიურად ტარდება ქალაქ ტალინში. წელს, დაახლოებით 3 ათასამდე მოზარდი მონაწილეობდა მსოფლიოს 41 სახელმწიფოდან. მარტო ევროპის ქვეყნებიდან კი არა, ამერიკიდანაც იყვნენ სპორტსმენები. თითქმის ყველა ქვეყანა იყო წარმოდგენილი, სადაც ჭიდაობა პოპულარულია. მართალია, მე ტალინში ვერ წავედი, მაგრამ აქედან ვგულშემატკივრობდი.
ლუსი ჩემი აღზრდილია და რა თქმა უნდა, ძალიან გამახარა, როცა 4 ასპარეზობა მოიგო და ბოლოს, ოქროს მედალიც მოიპოვა. მასზე სხვა მწვრთნელებიც დიდ იმედებს ამყარებენ. ასაკით პატარაა, მაგრამ ბევრი საუკეთესო თვისება აქვს: სპორტის ამ სახეობისადმი სიყვარული, გამარჯვებისადმი სწრაფვა, თანდაყოლილი ტალანტი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - შრომისმოყვარეობა. ლუსი იმდენად შრომისმოყვარეა, რომ მაკვირვებს. სწორედ ამ თვისებების წყალობით, 9 წლის ასაკში უკვე ნამდვილი სპორტსმენია. ბიჭებთანაც ჭიდაობს და ხშირად იმარჯვებს.
მისი და-ძმაც ჩემს ჯგუფში ვარჯიშობს და ორივე საკმაოდ წარმატებული მოჭიდავეა: 12 წლის დაჩი ტუხაშვილი, რომელიც მრავალ ტურნირში გამარჯვებულია, ხოლო მისი და, ვიკა, საქართველოს ჩემპიონია და ევროპის ჩემპიონატზეც წარმატებით იჭიდავა. რაც შეეხება ლუსის - მან, 6 წლის ასაკიდან რომ დაიწყო ვარჯიში, ჩვენს ჯგუფს აღარ მოშორებია. როგორც გითხარით, ამ ბავშვზე ყველა დიდ იმედს ამყარებს, მათ შორისაა საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ბესო გუჩაშვილი, რომელიც ლუსის ჭიდაობით და მისი მონაცემებით ძალიან კმაყოფილია.
სვეტა პლემენოვა - ლუსი ტუხაშვილის დედა:
- 5 შვილი მყავს და მათი წარმატებები ძალიან მახარებს. უფროსი ბიჭები უკვე 17-18 წლისანი არიან. რა თქმა უნდა, ხუთი შვილის აღზრდა ადვილი არ არის, მაგრამ ჩემი შვილები ერთმანეთს მაქსიმალურად ეხმარებიან. უფროსები უმცროსებზე ზრუნავენ და ცდილობენ, მეც მხარში ამომიდგნენ. ძალიან გამახარეს, როცა ჭიდაობით დაინტერესდნენ, ჯერ უფროსი გოგონა დადიოდა ვარჯიშზე, მერე დაჩი და ლუსიც მიჰყვნენ და დღემდე ვარჯიშობენ. განსაკუთრებით ის მომწონს, რომ სპორტთან ერთად, სწავლასაც ასწრებენ და დროს სწორად ანაწილებენ. დრო როცა აქვთ, საოჯახო საქმეებშიც მეშველებიან. მეამაყება, რომ ასეთი შვილები მყავს და მათი წარმატება ჩემთვისაც დიდი სიხარულია.
ხათუნა ჩიგოგიძე
(სპეციალურად საიტისთვის)