ბზობაზე ბალისტიკური რაკეტებით მშვიდობიანი ქალაქის დამბობავი,  ტრამპს ტყვიის აცდენაზე ეკლესიაში სანთელს აუნთებდა?! - კვირის პალიტრა

ბზობაზე ბალისტიკური რაკეტებით მშვიდობიანი ქალაქის დამბობავი,  ტრამპს ტყვიის აცდენაზე ეკლესიაში სანთელს აუნთებდა?!

აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქრისტიანული რწმენა წინ რომ წამოსწია (არამარტო ამერიკაში) ფაქტია და ალბათ, ამიტომაც განაცხადა მისმა რუსმა კოლეგამ, პუტინმა - ტრამპს ტყვია რომ ასცდა, ეკლესიაში წავედი და სანთელი დავუნთეო...

მაგრამ რამდენად დასაჯერებელია კრემლში დაბერებული პუტინის ქრისტიანობა, როდესაც ის ბზობის დღესასწაულზე ბალისტიკური რაკეტებით ბომბავს უკრაინულ ქალაქ სუმის ცენტრს, რასაც 35 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა(მათ შორის ორი ბავშვის) და 117-ის(მათ შორის 15 ბავშვის) დაჭრა მოჰყვა, რომელთა ნაწილი ეკლესიიდან ბზით ხელში გამოსული, ქუჩაში მისეირნობდა?

პრეზიდენტ ტრამპს, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საკრალურ თარიღებს, თავიდანვე ჩაფიქრებული ჰქონდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი სწორედ 20 აპრილისთვის,ქრისტეს აღდგომის წმინდა დღესასწაულამდე შეეჩერებინა, რომელსაც წელს ერთად აღნიშნავენ როგორც მარლმადიდებლები, ისე კათოლიკები...

მაგრამ აღდგომამდე ერთი კვირით ადრე, ასევე დიდ ქრისტიანულ დღესასწაულზე - ბზობაზე მისი რუსი კოლეგის ბალისტიკურმა რაკეტებმა მშვიდობიანი უკრაინის ქალაქის მოსახლეობა იმსხვერპლა, რამაც საბოლოოდ გადაუსვა ხაზი იმას, რომ 20 აპრილამდე შეიძლება დროებით მაინც შეჩერებულიყო ეს საშინელი ომი...

ამის ფონზე ძალზე გასაკვირი გახლდათ პრეზიდენტ ტრამპის რეაქცია, რომელმაც მართალია დიდი სინანული გამოხატა ამ ტრაგედიაზე, მაგრამ განაცხადა - როგორც მითხრეს, რუსებს შეეშალათო...

სინამდვილეში, რუსეთის გენშტაბს არაფერი შეშლია, პირიქით,მათ განახორციელეს სამხედრო დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაციის ოპერატიული გამოყენება - რუს მზვერავებმა შეიტყვეს, რომ ქალაქ სუმის კონკრეტულ შენობაში ,კონკრეტულ დროს მოხდებოდა უკრაინელი სამხედროების ჯგუფის დაჯილდოება -შესაბამისად ორი ბალისტიკური რაკეტაც განსაზღვრულ დროს ამ შენობასთან აფეთქდა, რამაც გამოიწვია ასეთი მსხვერპლი, რომელთა შორის ბევრად მეტი გახლდათ ქუჩაში გამვლელი უბრალო მოქალაქე, ვიდრე დასაჯილდოებლად შეკრებილი უკრაინელი სამხედროები...

სუმის ტრაგედიამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა უკრაინის ქალაქების საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფის საკითხი ბალისტიკური რაკეტებისგან დასაცავად.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში დადგინდა, რომ ორი აერობალისტიკური რაკეტა „ისკანდერ-მ“-ი ან მისი ჩრდილოეთკორეული კლონი KN-23-ი (ფრენის ტრაექტორიით ისინი ძალიან გვანან ერთმანეთს და მათი გამორჩევა,მხოლოდ აფეთქების ადგილზე მოპოვებული რაკეტების ფრაგმენტებით თუ შეიძლება) გაშვებული იქნა ვორონეჟის ოლქის დასახლებულ პუნქტ ლისოკიდან და კურსკის ოლქის სოფელ ლეჟენკიდან.

1-isk-1744720604.png
რამდენად დაეჯერება მას, ვინც დიდ ქრისტიანულ დღესასწაულზე-ბზობაზე, ქალაქის მშვიდობიანი მოსახლეობისკენ ორ ბალისტიკურ რაკეტას უშვებს?

სუმის ტრაგედიის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ღია ტექსით, სახალხოდ შესთავაზა ამერიკელ კოლეგა - ტრამპს, რომ უკრაინა მზად არის სასწრაფოდ გადაიხადოს 15 მილიარდი დოლარი აშშ-სგან 10 საზენიტო-სარაკეტო სისტემის „პეტრიოტის“ შესაძენად, რათა რუსი აგრესორების ბალისტიკური რაკეტების მუდმივი თავდასხმებისგან დაიცვას უკრაინული ქალაქების მშვიდობიანი მოსახლეობა...

ზელენსკის შეთავაზებას ტრამპი რამდენიმე საათში მკვახედ გამოეხმაურა - როდესაც იწყებთ ომს, ხომ უნდა იცოდეთ, რომ მას მოიგებთ? არ შეიძლება ომი დაიწყეთ მასთან, ვინც 20-ჯერ ძლიერია შენზე და მერე იმის იმედზე იყო, რომ სხვები მოგცემენ რაკეტებს...

ნიშნავს ეს, რომ ტრამპი სწორედ ზელენსკის ადანაშაულებს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებაში? შეიძლება პირდაპირ არა, მაგრამ ტრამპი შემდეგს აცხადებს - ბაიდენს შეეძლო ამ ომის შეჩერება, ზელენსკისაც შეეძლო ომის შეჩერება, პუტინს კი ის არასოდეს არ უნდა დაეწყო...სამივე დამნაშავეები არიან...მილიონობით ადამიანია დაღუპული ამ სამი ადამიანის გამო...ასე ვიტყვი-პუტინი ნომერი პირველი, ბაიდენი, რომელსაც წარმოდგენაც არ ჰქონდა რას აკეთებდა - ნომერი ორი და ზელენსკი ნომერი სამი...

2-iska-1744720604.png
„მართლმადიდებელმა“ რუსეთმა უკრაინულ სუმში ავტობუსის მშვიდობიან მგზავრებს ასე „მიულოცა“ ბზობა...

მე რომ მაშინ, 2022 წელს პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს ომი არ მოხდებოდა - მერამდენედ უსვამს ხაზს ტრამპი, რითაც ცდილობს კვლავ წამოსწიოს 2020 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ბაიდენის გამარჯვების საკითხი, რადგან ტრამპი დღემდე თვლის, რომ მაშინ მას გამარჯვება მოპარეს...

დავუბრუნდეთ ისევ რუსული რაკეტების მოგერიების საჭირბოროტო თემას...

ომში მყოფ ზელენკის უკრაინას შეიძლება არ აქვს 15 მლრდ დოლარი ათი „პეტრიოტის“ სისტემის შესაძენად, თუმცა ამ თანხას დიდი პრობლემის გარეშე მოიძიებს ევროპელი მოკავშირეების დახმარებით, მაგრამ საქმე ისაა, რომ...თავად აშშ ვერანირად ვერ შეძლებს გამოანთავისუფლოს პენტაგონის არსენალში უკვე არსებული „პეტრიოტებიდან“ ათი სისტემა უკრაინისთვის მისასყიდად და ვერც სწრაფად დაამზადებენ მათ...

უფრო მეტიც - პენტაგონს მოუწია სამხრეთ კორეაში განთავსებული „პეტრიოტის“ რამდენიმე ბატარეის მოხსნა საბრძოლო მორიგეობიდან და მათი მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით გადასროლა ახლო აღმოსავლეთში („პეტრიოტის“ ერთი ბატარეის გადასროლას 73 სატრანსპორტო თვითმფრინავის რეისი დასჭირდა!) იმისთვის, რომ დაიცვას ისრაელი, თუკი ირანის ბირთვულ ობიექტებზე ისრაელ-აშშ-ის მოსალოდნელ ერთობლივ საჰაერო ოპერაციას საპასუხოდ მოჰყვება ირანიდან და იემენელი ჰუსიტების მხრიდან ბალისტიკური რაკეტების გაშვება ისრაელის ქალაქების მიმართულებით...

კიევს სწყინს, რომ აშშ-ი ისრაელის დაცვაზე ბევრად უფრო მეტად ზრუნავს, ვიდრე უკრაინული ქალაქებზე რუსული ბალისტიკური რაკეტების შეტევების მოგერიებაზე, მაგრამ რას იზამს ზელენკი (რომელშიც ნაწილი ებრაული სისხლიც ჩქეფს), თუკი ტრამპი ისრაელის „ფანატია“და „ჩახუტებულია“ ნეთანიაჰუსთან...

11 აპრილს ანუ სუმის ტრაგედიამდე ორი დღით ადრე, ამავე ბლოგში გამოვაქვეყნეთ სტატია სათაურით -„ისრების ჩამოყრას ისრების მსროლელის განადგურება სჯობს ანუ რამდენი „პეტრიოტი“ სჭირდება უკრაინას რუსული „ისკანდერების“ მოსაგერიებლად...“, რომელშიც აქცენტი გაკეთებული გვქონდა იმაზე, რომ ყოველი რუსული ბალისტიკური რაკეტის მოსაგერიებლად ორი ან უფრო მეტი,თითოეული 4 მლნ დოლარად ღირებული, „პეტრიოტის“ ანტირაკეტის გახარჯვას(რომლებიც დიდ დეფიციტშია), ბევრად აჯობებდა თავად რუსული „ისკანდერების“ გამშვები სარაკეტო დანადგარების განადგურება უშუალოდ საცეცხლე პოზიციებზე ან მათი მარშის დროს.ვორონეჟის ოლქის დასახლებული პუნქტი ლისოკი და კურსკის ოლქის სოფელი ლეჟენკი, საიდანაც 13 აპრილს გაშვებული იქნა ორი ბალისტიკური რაკეტა უკრაინული ქალაქ სუმის ცენტრისკენ, შესაბამისად დაშორებული არიან 330 და 180 კმ-ით, რაც მათ წინააღმდეგ უკრაინული წარმოების კამიკაძე-დრონების ან სულაც „ნეპტუნის“ მოდერნიზებული ფრთოსანი რაკეტების გამოყენების საშუალებას იძლევა.

3-isk-1744720603.jpg
ბევრი-ბევრი, ერთად „მოწყობილი“ „ისკანდერი“ და მათი გათვლები... საუკეთესო სამიზნე, რის აღმოჩენაზეც უკრაინული კამიკაძე-დრონების ოპერატორები ოცნებობენ...

თუმცა აქ ერთი სერიოზული ტაქტიკურ-ტექნიკური საკითხია - შიდაწვისძრავიანი კამიკაძე-დრონები მხოლოდ 150-180 კმ/სთ სიჩქარეს თუ ავითარებენ და სანამ ისინი მიაღწევენ რუსული „ისკანდერების“ სასტარტო ადგილს, ამ „ისკანდერების“ მობილური სარაკეტო დანადგარებს უკვე დიდი ხნით ადრე ექნებათ დატოვებული საცეცხლე პოზიცია.

რეაქტიულძრავიანი ფრთოსანი „ნეპტუნების“ ფრენის სიჩქარე მართალია 900 კმ/სთ-მდეა, მაგრამ ესეც არასამარისია, რადგან საცეცხლე პოზიციის დატოვება „ისკანდერიის“ მობილურ დანადგარს ხუთიოდე წუთში შეუძლია.

ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა საპასუხო დარტყმების განხორციელება ასევე ბალისტიკური რაკეტებით(რომლებსაც მიზნამდე მისაღწევად 3-5 წუთიც კი ეყოფოდათ), მაგრამ ამერიკულმა მხარემ უკრაინის არმიას 300 კმ-მდე მფრენი აერობალისტიკური ATACMS -ების ძალზე შეზღუდული რაოდენობა გადასცა (რასაც ტრამპი, როგორც ჩანს,აღარაფერს მიუმატებს) და ესეც არ იყოს, 500 კმ-მდე მფრენი „ისკანდერის“ გაშვება რუსებს 300 კმ-ზე უფრო შორიდანაც შეუძლიათ, რაც ამერიკული ATACMS -ის საპასუხო გამოყენებას უკვე უკარგავს აზრს...

ამიტომაც ამ ეტაპზე,რუსული „ისკანდერების“ (რომელიც ჯერ კიდევ არ აქვთ აფეთქებული უკრაინელ სამხედროებს) განადგურების ერთადერთი გზა თუ არსებობს - ბარაჟირებადი კამიკაძე-დრონებით ან თვითმფრინავის კონსტრუქციის, რომლებიც წინასწარ იქნებიან გაშვებულნი უკრაინის ტერიტორიიდან იმავე ვორონეჟის, კურსკის, ბელგოროდისა თუ ბრიანსკის ოლქების თავზე ,საიდანაც ხორციელდება ამ „ისკანდერების“ სტარტი უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილზე (სამხრეთ უკრაინას რუსული „ისკანდერები“ ანექსირებული ყირიმიდან უტევენ) ან კიდევ მულტიკოპტერიის კონსტრუქციის კამიკაძე-დრონების საშუალებით, რომლებსაც გაუშვებენ უკრაინული სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე, „ისკანდერების“ სასტარტო პოზიციების სიახლოვედან.

ამ საბრძოლო ამოცანის შესრულება ურთულესი იქნება (უკრაინიდან გაშვებულ ბარაჟირებად დრონებზე რუსული საზენიტო საშუალებები, რომლებიც განსაკუთრებულად იცავენ „ისკანდერების“ ბატარეებს, „ინადირებენ“,ხოლო „ისკანდერების“ სისტემებთან რაც შეიძლება ახლოს „მიჩოჩების“ სურვილის მქონე უკრაინელ დივერსანტებზე კი,რუსი „ეფ-ეს-ბე“-შნიკები და კონტრმზვერავები),მაგრამ უკრაინულ მხარეს სხვა გზა არ რჩება,რომ რამენაირად „ჭკუა ასწავლოს“ მისი მშვიდობიანი ქალაქების დამბობველ რუსულ „ისკანდერებსა“ და მათი გათვლების პირად შემადგენლობას...

4-iska-1744720603.png
რუსი კაპიტანი კონსტანტინ ნაგაიკო დედასთან ერთად-მისი მეთაურობით გაშვებულმა „ისკანდერმა“ 330 კაციან ერთ პატარა უკრაინულ სოფელში 59 უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლა... 15 თვის შემდეგ კი თავად ნაგაიკო „შურისმაძიებელმა ამანათმა“ „გაანულა“...

P.S. ისე, რაც შეეხება რუს მერაკეტეებს, რომლებმაც „ისკანდერ-მ“-ის საბრძოლო ნათლობა 2008 წლის 12 აგვისტოს ქართული გორის ცენტრალურ მოედანზე განახორციელეს და მშვიდობიანი მოსახლეობა იმსხვერპლეს...

უკრაინულმა სამხედრო დაზვერვამ დაადგინა, რომ 2025 წლის 13 აპრილს სუმისკენ ბალისტიკური რაკეტები გაუშვა რუსეთის შეიარაღებული ძალების 112-ე და 448-ე სარაკეტო ბრიგადების პირადმა შემადგენლობამ.

სწორედ რუსულმა 112-ე სარაკეტო ბრიგადამ ჩაიდინა დიდი სამხედრო დანაშაული რუსეთ-უკრაინის ომში, როდესაც 2023 წლის 5 ოქტომბერს უკრაინის ხარკოვის ოლქის სოფელ გროზაში ადგილობრივი კაფეს შენობას, რომელშიც ომში დაღუპული უკრაინელი სამხედროს ქელეხის სუფრა იყო გაშლილი, 3,8 ტონიანი „ისკანდერის“ რაკეტა ესროლა, რასაც 59 ადგილობრივი მშვიდობიანი მაცხოვრებლის,მათ შორის რვა წლის ბავშვის დაღუპვა მოჰყვა...

და იცით უკრაინელებმა როგორ იძიეს შური რუს მერაკეტეებზე?

2025 წლის 3 იანვარს რუსეთის ივანოვოს ოლქის ქალაქ შუიაში რუსეთის შეიარაღებული ძალების 1-ლი სატანკო არმიის 112-ე სარაკეტო ბრიგადის დისლოკაციის ადგილზე სამხედრო ნაწილის მორიგემ მიიღო ამანათი, რომლის გახსნისას მოხდა ძლიერი აფეთქება, რის შედეგაც მორიგემ-კაპიტანმა ნაგაიკომ მიიღო მძიმე დაზიანებები და ოპერაციის მიუხედავად ვერ გადარჩა - ეს სწორედ ის კაპიტანი კონსტანტინ ნაგაიკო იყო, რომლის მეთაურობით გაშვებულმა „ისკანდერმა“ 15 თვით ადრე უკრაინულ სოფელში ქელეხის სუფრას შემომომსხდარი 59 უდანაშაულო მოქალაქე იმსხვერპლა...

TOP.GE