ზოდიაქოს ნიშნების უცნაური ექსპოზიცია - კვირის პალიტრა

ზოდიაქოს ნიშნების უცნაური ექსპოზიცია

ზოდიაქოს ნიშნების ბრინჯაოს გიგანტურ გამოსახულებათა მასშტაბური ექსპოზიცია -  Circle of Animal/Zodiac Heads  - მალე მსოფლიოს შემოივლის. მისი ავტორია ჩინელი მხატვარი, არქიტექტორი და საზოგადო მოღვაწე აი ვეივეი. მხატვარს ევროპაში სწორედ ამ სახელით იცნობენ.

პროექტის იდეაც ჩინელ მხატვარს ეკუთვნის. თორმეტივე სკულპტურა ბრინჯაოსგანაა ჩამოსხმული. ცხოველთა თავების გამოსახულებანი, თუ მათ გიგანტურ ზომებსაც გავითვალისწინებთ, შესახედად საკმაოდ საშიშია. განსაკუთრებით ვირთხის, ღორისა და მაიმუნის.

ბრინჯაოს ფიგურები იმპერატორ ციანლონგის (1736-1795) ეპოქის ზოდიაქოების გამოსახულებათა თანამედროვე ინტერპრეტაციას წარმოადგენს, რომელიც პეკინში, მის საზაფხულო რეზიდენცია იუანმინ იუანში ამკობდა საათს.

ისტორიული ცნობების თანახმად, იმპერატორის წყლის საათი ზოდიაქოს ნიშნებით ფრანგი სასულიერო პირის, მიშელ ბენუას პროექტის მიხედვით შეიქმნა. ხოლო მისი ბრინჯაოს სამშვენისების ავტორი სახელგანთქმული იტალიელი ოსტატი ჯუზეპე კასტილიონეა.

ცნობილია, რომ პეკინის ფრანგულ-ინგლისური ოკუპაციის დროს, 1860 წელს, სასახლის გაძარცვისა და დანგრევის შემდეგ ამ სტატუეტებიდან ბევრი სხვადასხვა ცნობილ მსოფლიო კოლექციაში მოხვდა.

პროექტ Circle of Animal/Zodiac Heads-ის ავტორმა კი, საკუთარი ინტერპრეტაციის მიუხედავად, მსურველებს შესაძლებლობა მისცა, ამ ძეგლზე წარმოდგენა შეიქმნან.

მომზადებულია artinfo.com-ის მასალების მიხედვით