“დედა, მიყვარხარ, თავს გაუფრთხილდიო", იმის მერე აღარ უპასუხა. აქციის ჩატარებას ვაპირებთ” - რას ჰყვება ბიძა გაუჩინარებულ გოგონაზე? - კვირის პალიტრა

“დედა, მიყვარხარ, თავს გაუფრთხილდიო", იმის მერე აღარ უპასუხა. აქციის ჩატარებას ვაპირებთ” - რას ჰყვება ბიძა გაუჩინარებულ გოგონაზე?

14 დღეა, რაც სპეციალური სამსახურები აითაჯ მამედოვას ეძებენ. 20 წლის გოგონა ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სტუდენტია, სადაც ის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოდან ყოველდღე დადიოდა. თუმცა სოფელში 1-ელი აპრილიდან აღარ დაბრუნებულა. როგორც გოგონას ბიძა ელშან იუსუპოვი ამბობს, აითაჯს კარგი ოჯახი აქვს, სადაც გაუჩინარება ვერაფრით აუხსნიათ. გოგონას ნათესავები მეტ ძალისხმევას მოითხოვენ გაუჩინარებულის მოძებნისათვის. რისთვისაც აქციის ჩატარებას გეგმავენ.

ელშან იუსუპოვი, აითაჯ მამედოვას ბიძა:

- არაფერი ვიცით, რა მოხდა, რა დაემართა ჩვენს გოგოს და რატომ გაუჩინარდა, მაგრამ არანორმალურ ამბად გვეჩვენება, რომ ბავშვი 14 დღეა დაკარგულია და დღემდე მასზე არაფერი ვიცით, პოლიცია ვერაფერს გვეუბნება, არ ჩაგვაყენეს საქმის კურსში, გვეუბნებიან, ვეძებთო. თუ ეძებენ, ამდენ ხანს რატომ ვერ მიაგნეს ან ცოცხალს ან გარდაცვლილს?

- რატომ დაიწყო პოლიციამ გოგონას ძებნა? ნათესავების განცხადების საფუძველზე, თუ სხვა ინფორმაციით?

- მოგიყვებით, რაც მოხდა. აითაჯი კარგი გოგონაა, ჭკვიანი, თბილი, ოჯახის მოსიყვარულე. სამი ძმა და სამი და ჰყავს, გიჟდება თავის ოჯახზე, განსაკუთრებით, პატარა დაზე, მუდამ სახლისაკენ მოიჩქაროდა. 1-ელ აპრილს, შუადღისას, დედას დაურეკა: "უნივერსიტეტში ჩემს კურსელს დაბადების დღე აქვს, ვზეიმობთ და ცოტა გვიან დავბრუნდები, არ შეგეშინდესო". დედას არ შეშინებია, აითაჯი ჭკვიანი ბავშვია, რატომ უნდა შეშინებოდა? მაგრამ საღამო ხანს, ალბათ 9 საათზე, დედამ ახალი მესიჯი მიიღო: "დედა მიყვარხარ, თავს გაუფრთხილდიო". იმის შემდეგ აღარაფერი მოუწერია. სახლში ყველაფერი იფიქრეს იმის გარდა, რომ შეიძლება აითაჯს რაიმე ცუდი მოსვლოდა. თუმცა რეკავდნენ და ტელეფონს აღარ პასუხობდა. ეგონათ, მეორე დილას მაინც მოიწერდა და რომ აღარ მოიწერა, ძებნა დაიწყეს, პოლიციაში განაცხადეს. როგორც პოლიციამ დაადგინა, აითაჯის ჩანთა და ტელეფონი მტკვრის პირას იყო დატოვებული, მშვიდობის ხიდთან. მათ თქვეს, აითაჯს წყალში ვეძებთო.

- კამერები აჩვენეს, რომ გოგონა წყალში ხტება? იქნებ სხვა ვერსიაა?

- ნათესავებს კამერები არ უნახავთ. ამიტომ არ ვიცით, რა მოხდა. უთხრეს, ყველაფერს გავაკეთებთ მის მოსაძებნად, მაშველები მტკვარში ეძებენო. მას შემდეგ 14 დღე გავიდა და თუ ბავშვი წყალშია, წყალმა რატომ არ გამოარიყა? განა ყოფილა შემთხვევა, რომ მტკვარში ადამიანი 14 დღე არ ენახოთ?

- ჟურნალისტებს არაერთი მასალა აქვთ მომზადებული სოფელ ქესოლოს კრიმინალურ შემთხვევებზე. ეს არავისთვისაა უცხო. იქნებ, რაიმე ფსიქოლოგიურ ძალადობას ჰქონდა ადგილი? ამის შესახებ იქნებ ვინმემ იცის, თუნდაც მისმა მეგობრებმა?

- აითაჯი დედასთან მეგობრობდა, ამბობდა ყველაფერში მხარში მიდგასო, დედას ხომ მაინც ეტყოდა, თუ ვინმე აშინებდა, დედამისმა არაფერი იცის და ამიტომ, პოლიციამ ხომ უნდა გამოიძიოს და ბავშვიც იპოვონ. ამიტომაც ვაპირებთ აქციის მოწყობას აზერბაიჯანის საელჩოსთან და პოლიციასთან.

- საქართველოს მოქალაქეების შესახებ ყველა საქმე ადგილობრივი პოლიციის გამოძიებით უნდა წარიმართოს. იმედი მაქვს, რომ გოგონას ძებნას მალე ექნება შედეგი.

- გოგონას ნათესავები ეძებენ მტკვრის სანაპიროებზე, პლასტმასის ბოთლების დახმარებით. ანუ, რამე რომ მოხდეს, ეს ბოთლი ადამიანს ჩაძირვისაგან იხსნის. მათ არ უნახავთ აქ თუნდაც ერთი ნავი, რომელიც აითაჯს ეძებდა. ვიცით, რომ მტკვარზე რუსთავის ხიდს ქვემოთ არ ჩასულან. თუ აითაჯს რაიმე მოუვიდა, იქნებ წყალმა უფრო ქვემოთ წაიღო?! როგორც სამაშველო სამსახურში გვითხრეს, გაუჩინარებიდან 2 კვირის მანძილზე გოგონას მტკვარში გამუდმებით ეძებენ.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსისი 115-ე მუხლით არის აღძრული. იმედია, სამძებრო საქმიანობა მალე დასრულდება და გოგონას გაუჩინარებას ნათელი მოეფინება.

(სპეციალურად საიტისათვის)