სისხლით დაწერილი ისტორიის გაკვეთილები - კორეადან კვიპროსამდე: როგორ მთავრდებოდა ომები დროებითი დაზავებით - კვირის პალიტრა

სისხლით დაწერილი ისტორიის გაკვეთილები - კორეადან კვიპროსამდე: როგორ მთავრდებოდა ომები დროებითი დაზავებით

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის - „ბიბისის“ (BBC) უკრაინულმა სამსახურმა გამოაქვეყნა სტატია სათაურით - „კორეადან კვიპროსამდე: გაკვეთილები რუსეთ-უკრაინის ომისათვის - როგორ მთავრდებოდა ომები დროებითი დაზავებით“ (ავტორი - სერგეი მორფინოვი). პუბლიკაციაში გაანალიზებულია თანამედროვე ომებისა და კონფლიქტების შეწყვეტის გზები, დაზავების პოლიტიკურ-იურიდიული საფუძვლები და პრეცედენტები, როცა დროებით ზავს, სრულყოფილი სამშვიდობო ხელშეკრულების დადების გარეშეც სარგებლობა მოაქვს.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

იმ დროს, როცა უკვე ბევრი დარწმუნდა, რომ სრულფასოვანი და ყოვლისმომცველი სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება და ხელშეკრულების დადება რუსეთსა და უკრაინას შორის რთული განსახორციელებელია და შორეულ მიზნად მოჩანს, ექპერტები ყურადღებას აქცევენ ისეთ მოლაპარაკებებს, რომლებიც უფრო რეალური შედეგების მომტანია - საომარი მოქმედებების დროებით შეჩერების შესახებ.

თანამედროვე ისტორიაში არის რამდენიმე მაგალითი, როცა სახელმწიფოთა შორის ომები დასრულდნენ არა სამშვიდობო ხელშეკრულებებით, არამედ - სწორედ დაზავებით ანუ შეთანხმებებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომლებსაც დროებითი სტატუსი ჰქონდათ.

მართალია, ასეთ დოკუმენტებზე ხელმოწერა ხმამაღალი ცერემონიების გარეშე ხდებოდა ხოლმე, მაგრამ ეხებოდა მთავარს - სისხლისღვრის რეალურ შეწყვეტას, საომარი ოპერაციების შეჩერებას, მოწინააღმდეგეთა დაშორიშორებას და „სიმშვიდის რეჟიმის“ გაკონტროლებას.

ამ მხრივ ყველაზე ცნობილ ფაქტს მიეკუთვნება 71-წლიანი დაზავების ფაქტი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის, რომელიც, სპეციალისტების თქმით, შეიძლება, რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტის საკითხში მისაბაძ შემთხვევად იქნას გამოყენებული.

ასეთი დაზავებები, რასაკვირველია, პრობლემას ძირეულად და საბოლოოდ ვერ წყვეტდნენ, მაგრამ მათი რეალიზებით მოწინააღმდეგე მხარეებს შესაძლებლობა ეძლეოდათ, ეკონომიკა განევითარებინათ, დანგრეული აღედგინათ, „სული მოეთქვათ“ და ცხოვრება დაბომბვების გარეშე გაეგრძელებინათ - მიუხედავად იმისა, რომ შეიარაღებული კონფლიქტი, პოლიტიკურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, ბოლომდე მოგვარებული არ იყო.

ფხამუნჯომის დაზავება (კორეის ომი - 1950-53 წლები)

კორეის ომში, დაზავების მიზნით, მოლაპარაკება საომარი მოქმედებების დაწყებიდან ერთ წელიწადში დაიწყო - 1951 წლის ივლისში, მაგრამ იმისათვის, რომ ცეცხლი შეწყვეტილიყო და მხარეები რიგ დეტალებზე შეთანხმებულიყვნენ, ორი წელი გავიდა. ამასობაში, ერთი მხრივ, ჩრდილოკორეელები, საბჭოელი და ჩინელი მოხალისეების დახმარებით და მეორე მხრივ - სამხრეთკორეელები, აშშ-ის დახმარებით და გაეროს ძალების მონაწილეობით, ერთმანეთს ანადგურებდნენ.

როცა მხარეები კორეის უძველეს დედაქალაქ კესონში, ფრონტის ხაზთან ახლოს, მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ, იქ იყვნენ მხოლოდ „ჩრდილოელები“ (კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის და „ჩინელ მოხალისეთა შტაბის“ წარმომადგენლები) და „სამხრეთელები“ (გაეროს ძალების წარმომადგენლები). მათ შორის არც საბჭოთა კავშირის, არც აშშ-ისა და არც სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ემისრები არ ჩანდნენ. სამხრეთკორეელები მხოლოდ დამკვირვებლის როლს ასრულებდნენ - მათი პრეზიდენტი ლი სინმანი მოლაპარაკების მოწინააღმდეგე იყო და ომის გაგრძელებას ითხოვდა.

მოლაპარაკების დროს ძირითადი პრობლემური საკითხები იყო ცეცხლის შეწყვეტის სადემარკაციო ხაზის დადგენა, ტყვეების ბედის გარკვევა (ყველას ერთად დაბრუნება თუ ნაწილ-ნაწილ, ტყვეთა სურვილის გათვალისწინება) და ა.შ.

მაგრამ ყველაზე დიდ დაბრკოლებას წარმოადგენდა საბჭოთა ლიდერის - იოსებ სტალინის პოზიცია. სწორედ კრემლისაგან იღებდა ჩრდილოეთ კორეა ყველაზე მეტ იარაღს, „სამხედრო მრჩევლებს“ და პოლიტიკურ მხარდაჭერას. „იოსებ სტალინის თვალსაზრისით, ომის გაჭიანურება საბჭოთა კავშირის ინტერესებში შედიოდა, რომ აშშ რაც შეიძლება ღრმად ჩაფლულიყო კორეის ომში ანუ ვიდრე ამერიკელები კორეის ომით იქნებოდნენ დაკავებულები, ისინი ვერ შეძლებდნენ მოსკოვისათვის პრობლემების შექმნას და თუ მოსკოვი ვაშინგტონს პრობლემას სადმე შეუქმნიდა, თეთრი სახლი კრემლისათვის პასუხის გაცემას ვერ მოახერხებდა“, - ამბობს ანდრეი ლანკოვი, კორეისმცოდნე პროფესორი, რომელიც სეულის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს.

მოლაპარაკება ჭიანურდებოდა, ომი გრძელდებოდა, თავისი ნეგატიური შედეგებით. აშშ-ის ახალი პრეზიდენტის - დუაიტ ეიზენჰაუერის მცდელობას (იგი ომის მოწინააღმდეგე იყო) შედეგი არ მოჰქონდა მანამ, ვიდრე კრემლის ხელმძღვანელობაში ცვლილებები არ მოხდა.

„კორეის ომში ნამდვილი გარდატეხა მხოლოდ იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ მოხდა. 1953 წელს სკკპ ცეკას პრეზიდიუმმა ხმა მისცა ცეცხლის შეწყვეტას, ხოლო საბჭოთა მთავრობა შესაბამისი განცხადებით გამოვიდა“, - ამბობს უკრაინელი ისტორიკოსი ვლადლენ მარაევი.

1953 წლის 27 ივლისს დასახლებულ პუნქტ ფხამუნჯომის ახლოს მხარეებმა დაზავებაზე მოილაპარაკეს და შეთანხმდნენ 4-კილომეტრიანი დემილიტარიზებული ზონის შექმნასა და ტყვეების ნებაყოფლობით რეპატრიაციაზე (ისევ სამხრეთ კორეის მონაწილეობის გარეშე).

დაზავების ხანგრძლივობა მხოლოდ სამი თვით განისაზღვრა, რომლის შემდეგ განზრახული იყო პოლიტიკური კონფერენციის ჩატარება, სრულყოფილი სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის შესამუშავებლად.. კონფერენცია მართლაც ჩატარდა ჟენევაში, 1954 წელს (უკვე სამხრეთ კორეელების მონაწილეობით), მაგრამ უშედეგოდ - მხარეთა შორის დიდი უთანხმოება არსებობდა..

კონფერენციის ჩაშლის მიუხედავად, კორეის ომი აღარ განახლებულა. ფხამუნჯომის სამთვიანი დაზავება დღემდე გრძელდება.

„დაზავების რეჟიმი დაცულია, რადგან მისი დარღვევა არავის არ აწყობს. 1970-იან წლებში ჩრდილო-კორეელებს იმედი ჰქონდათ, რომ სამხრეთ ვიეტნამის მსგავსად, სამხრეთ კორეაშიც რევოლუცია მოხდებოდა და კორეა გაერთიანდებოდა, მაგრამ მათი იმედები არ გამართლდა. სადემარკაციო ხაზზე დროდადრო ხდებოდა პროვოკაციები, სროლები, შეტაკებები, თუმცა ზოგადად მშვიდობა შენარჩუნებული იყო“, - აღნიშნავს ანდრეი ლანკოვი.

შეიძლება ითქვას, რომ 71-წლიანი დაძაბულობის განმავლობაში გრძელდება „ცუდი მშვიდობა“ და არა - აქტიური „კარგი ომი“. ასეთმა სიტუაციამ შესაძლებლობა მისცა სამხრეთ კორეას, დასავლეთის დახმარებით, ეკონომიკა განევითარებინა და ტექნოლოგიურად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე ქვეყნად გადაქცეულიყო.

დაზავება კვიპროსზე (ომი ბერძნებს და თურქებს შორის, 1974 წელს)

ნახევარი საუკუნე გრძელდება დაზავება კვიპროსზეც: ადგილობრივ ბერძნებსა და თურქებს შორის არსებული კონფლიქტი განსაკუთრებით გამწვავდა 1974 წლის 20 ივლისს, როცა კუნძულზე თურქი მოსახლეობის დასახმარებლად თურქეთის ჯარები შეიჭრნენ.

1960 წელს, როცა კვიპროსმა დიდი ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობა მიიღო, კვიპროსის მოსახლეობის უმეტესობას ეთნიკური ბერძნები შეადგენდნენ, თურქები კი ანკლავების სახით ცხოვრობდნენ. მათ შორის ადრინდელი მტრობა გაძლიერდა. 1974 წლის 15 ივლისს მომხდარი გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებაში ბერძნული რადიკალური ძალები მოვიდნენ, რომლებსაც „ენოზისი“ - საბერძნეთთან შეერთების სურვილი ამოძრავებდათ. ამის საპასუხოდ თურქეთმა სადესანტო ოპერაცია განახორციელა, კოდური სახელწოდებით - „ატილა“, თურქი კვიპროსელების მხარდასაჭერად. დაიწყო სისხლისმღვრელი შეტაკებები. თურქეთის არმიის ქვედანაყოფებმა თანდათან ხელში ჩაიგდეს კვიპროსის ჩრდილოეთი ნაწილი და დედაქალაქის - ნიქოზიის ჩრდილოეთი კვარტლები.

ამასობაში საბერძნეთში დაემხო ე.წ. შავი პოლკოვნიკების რეჟიმი, რომლის ხელშეწყობითაც თავის დროზე კვიპროსზე გადატრიალება მოხდა. დღის წესრიგში დადგა ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც, დაპირისპირებულ მხარეთა მოლაპარაკებით, 1974 წლის 16 აგვისტოს გამოცხადდა და დღემდე მოქმედებს. კუნძული ორად გაყოფილი აღმოჩნდა - სამხრეთ „ბერძნულ“ ნაწილად (კვიპროსის რესპუბლიკად, რომლის იურისდიქცია ფორმალურად მთელ კუნძულზე ვრცელდება, მას საერთაშორისო აღიარება აქვს და გაეროს წევრია) და ჩრდილოეთ „თურქულ“ ნაწილად (ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკად, რომელმაც 1983 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მაგრამ ოფიციალურად მას მხოლოდ თურქეთი აღიარებს). მათი ფაქტობრივი კონტროლის ტერიტორიას ერთმანეთისაგან ჰყოფს ბუფერული ზონა - „მწვანე ხაზი“ გაეროს სამშვიდობო ძალების კონტროლით.

იყო რამდენიმე მცდელობა, სრულყოფილი სამშვიდობო ხელშეკრულების დადებისა და კუნძულის გაერთიანებისა, ფედერაციული სახელმწიფოს შექმნის მიზნით (მაგალითად, 2000 წელს შემუშავებული „კოფი ანანის გეგმა“, გაეროს გენმდივნის მონაწილეობით, მაგრამ რეფერენდუმის დროს კუნძულის გაერთიანების იდეა მოულოდნელად ბერძნული მოსახლეობის მიერ უარყოფილი იქნა. თურქებმა მხარი დაუჭირეს, მაგრამ ისინი უმცირესობაში აღმოჩნდნენ.

საბოლოო ჯამში, 50 წლის წინათ მომხდარი დაზავება კვიპროზე საომარი მოქმედებების შეწყვეტის ფორმალურ საფუძვლად რჩება, სრულყოფილი სამშვიდობო ხელშეკრულების დადება ვერ მოხერხდა.

თუმცა ასეთმა პოლიტიკურ-სამართლებრივმა სიტუაციამ ხელი ვერ შეუშალა კვიპროსის ბერძნული ნაწილის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას, რომელიც ამჟამად ევროკავშირის წევრია.

ამასთან, კვიპროსის პრობლემის ბოლომდე მოუგვარებლობა ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად რჩება თურქეთის ევროინტეგრაციის გზაზე. კვიპროსის პრობლემა, ასევე, დიდ ნეგატიურ გავლენას ახდენს საბერძნეთისა და თურქეთის ურთიერთობაზეც: პარადოქსულად აღიქმება ის ფაქტი, რომ ანკარას და ათენს ერთმანეთთან ხშირად მწვავე პრაქტიკული ინციდენტები აქვთ, ორივე კი ნატოს ჩარჩოებში ერთმანეთის მოკავშირეებს წარმოადგენენ.

დაზავება ირან-ერაყის ომში (1980-88 წლები)

ირანში 1979 წელს მომხდარი ისლამური რევოლუციის შემდეგ, როცა ქვეყანა არასტაბილურ სიტუაციაში მოექცა, მისმა მეზობელმა ერაყის ლიდერმა სადამ ჰუსეინმა სიტუაციით ისარგებლა და „პატარა ელვისებური ომი“ დაგეგმა. მას იმედი ჰქონდა, რომ ქვეყნის შიგნით სამოქალაქო კონფლიქტში ჩათრეული და საერთაშორისო იზოლაციაში მყოფ ირანს სამ დღეში დაამარცხებდა, დაიკავებდა სადავო ტერიტორიას ხუზესტანში (ნავთობით მდიდარ პროვინციას) და მდინარე შატ-ელ-არაბს (რომელიც ტიგროსისა და ევფრატის შეერთების შედეგს წარმოადგენს) მთლიანად გააკონტროლებდა. ეს მდინარე მსხვილ სანაოსნო და ნავთობის საექსპორტო არტერიის როლს ასრულებდა.

გარდა ამისა, ბაღდადში შეშფოთებულები იყვნენ - ვაითუ, ისლამური რევოლუციის ექსპორტი ირანის მიერ ერაყში მომხდარიყო და ცდილობდნენ, თეირანის საიდუმლო გეგმები სამხედრო გზით გაენეიტრალებინათ.

ასე იყო თუ ისე, როცა 1980 წლის 22 სექტემბერს ერაყის არმია ირანში შეიჭრა, „პატარა ელვისებური ომი“ დიდ ხანგრძლივ ომად გადაიქცა: ხუზესტანის სამ დღეში დაკავება ვერ მოხერხდა, მალე ირანი კონტრშეტევაზე გადავიდა და... მხარეები რვაწლიან ომში ჩაეფლნენ - უდიდესი ეკონომიკური ზარალით და 1,5 მილიონი ადამიანის მსხვერპლით.

1988 წელს ომით გაწამებული ბაღდადი და თეირანი, გაეროს შუამავლობით, დაზავებაზე დათანხმდნენ: მიღებული იქნა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია №598, რომლის საფუძველზე საომარი მოქმედებები შეწყდა. მოგვიანებით ირანსა და ერაყს შორის, 1990 წელს, დაიდო შეთანხმება, მაგრამ დოკუმენტით მხოლოდ გაეროს რეზოლუციის დებულებები დადასტურდა. რიგი მიზეზების გამო, მისი რეგისტრირება გაეროში არ მომხდარა.

ირან-ერაყის ომის დასრულებიდან 31 წლის შემდეგ მხარეებს სრულყოფილი სამშვიდობო ხელშეკრულება არ გაუფორმებით და ამიტომ ოფიციალურად მათ შორის არსებული სიტუაცია „დაზავებად“ ითვლება. გაურკვეველია რეპარაციების საკითხი, გაეროს რეზოლუციის ზოგიერთი დებულება დღემდე შეუსრულებელი რჩება.

რას ამბობს ისტორია: სამომავლო გაკვეთილები

რა თქმა უნდა, ზემოთ განხილული დაზავების წარმატებული შემთხვევების გარდა, ისტორიაში ცნობილია ისეთი ფაქტებიც, როცა საომარი მოქმედებების „დროებითი შეწყვეტა“ ათწლეულობით გრძელდებოდა და, საბოლოოდ, ისევ ომი იწყებოდა.

მაგალითად, ქაშმირის კონფლიქტი ინდოეთსა და პაკისტანს შორის, რომლის დროსაც სამჯერ დაიდო „დიდი ზავი“ (სულ ბოლო დაზავება 27 წელი გრძელდებოდა), მაგრამ ყოველთვის ისევ ბრძოლები ახლდებოდა. ქაშმირი დღემდე, თითქოსდა, მინავლებულ, მაგრამ მაინც აქტიურ კონფლიქტად რჩება.

თუმცა, საბოლოო ჯამში, როცა სრულყოფილი სამშვიდობო ხელშეკრულების დადება შეუძლებელია (მაგალითად, როცა სადავო ნაწილები მეტოქე ქვეყნების ძირითად კანონში - კონსტიტუციაში საკუთარ სუვერენულ ტერიტორიებად არიან მოხსენიებულნი), სწორედ დაზავება შეიძლება იყოს საკითხის მშვიდობიანი მოგვარების საფუძველი.

კვიპროსის პრეცედენტი კი იმას ადასტურებს, რომ ქვეყანა ოკუპირებული ტერიტორიებისა და „იურიდიულად დაუმთავრებელი ომის" შემთხვევაშიც კი შეიძლება ისეთი საერთაშორისო სახელმწიფოთაშორისო ალიანსის წევრი გახდეს, როგორიც ევროკავშირია.

ისტორია ასევე აჩვენებს, რომ ფაქტორები, როგორებიცაა გეოპოლიტიკური სიტუაციის ტრანსფორმაცია, პოლიტიკური ლიდერების შეცვლა ან სიკვდილი, ან ორივე მხარის დაღლა-გამოფიტვა, შეიძლება მიზეზი გახდეს „დროებითი დაზავებისათვის“, რომელიც შემდეგ „მუდმივ მშვიდობად“ გადაიქცევა, თუნდაც სამშვიდობო ხელშეკრულების ფორმალური არარსებობის პირობებში.

მთავარი კი ისაა, რომ ცეცხლის ამგვარი შეწყვეტა რეალურია და არა - დეკლარაციული. ეს არის სამშვიდობო პროცესის რეალური სტარტი და არა - ომის ახალი ეტაპისათვის მზადება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო