უკრაინული შურისძიება რუსულ „ისკანდერებზე“, რომელთაც ქალაქ სუმში 35 ადამიანი მოკლეს
რუსეთის ფედერაციის ორ ოლქზე 16 აპრილის გამთენიისას უკრაინულმა კამიკაძეებმა მასიური საჰაერო შეტევები მიიტანეს...
ამაში არაფერი იქნებოდა განსაკუთრებული, რომ საჰაერო დარტყმების სამიზნეები არ ყოფილიყო ქალაქ კურსკისა(კურსკის ოლქი) და ქალაქ შუიას(ივანოვოს ოლქი) ის რაიონები, სადაც შესაბამისად რუსეთის არმიის 448-ე და 112-ე სარაკეტო ბრიგადების მუდმივი დისლოკაციის ადგილებია განთავსებული...
სწორედ იმ რუსული სარაკეტო ბრიგადების, რომელთა მიერ 13 აპრილს გაშვებული ორი აერობალისტიკური რაკეტა „ისკანდერ-მ“-ი ხუთწუთიანი ინტერვალით აფეთქდა უკრაინული ქალაქ სუმის ცენტრში, რასაც 35 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა(მათ შორის ორი ბავშვის) და 117-ის(მათ შორის 15 ბავშვის) დაჭრა მოჰყვა...
ბზობის დღესასწაულზე, ვითომ ქრისტიანული რუსეთის გენერალიტეტის მიერ ჩადენილი ამ სამხედრო დანაშაულის შესახებ ვრცლად ზუსტად გუშინ ვწერდით ამავე ბლოგის სტატიაში „ბზობაზე ბალისტიკური რაკეტებით მშვიდობიანი ქალაქის დამბობავი, ტრამპს ტყვიის აცდენაზე ეკლესიაში სანთელს აუნთებდა?!“ და ვაანალიზებდით ვარიანტებს, თუ როგორ შეეძლოთ უკრაინელებს შური ეძიათ რუსულ ბალისტიკურ „ისკანდერებსა“ და მათ საბრძოლო გათვლებზე ანუ მომსახურე პერსონალზე.
უკრაინის გენშტაბში ასეთი შურისძიების დასაგეგმავად და განსახორციელებლად სულ სამი დღე დასჭირდათ, რის შემდეგაც კამიკაძე-დრონებით საჰაერო შეტევები მიიტანეს ამ რუსული სარაკეტო ბრიგადების მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე...

რამდენად ეფექტიანი გამოდგა უკრაინული კამიკაძე-დრონების დაუპატიჟებელი „სტუმრობა“ კურსკისა და შუიას სარაკეტო ნაწილებზე, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი კოსმოსური და აგენტურული დაზვერვის მონაცემებით, მაგრამ იმ ვიდეოკადრებით თუ ვიმსჯელებთ, რასაც თვითმხილველები ინტერნეტსივრცეში ავრცელებენ, ფიქსირდება კამიკაძე-დრონების შეჯახება და აფეთქება შენობებზე...
თუკი კურკთან მდებარე 448-ე სარაკეტო ბრიგადის მუდმივი დისლოკაცის ადგილი მხოლოდ ასიოდე კმ-ითაა დაშორებული უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრიდან და დიდი პრობლემა არ უნდა შექმნოდათ უკრაინულ კამიკაძე-დრონებს იქამდე მისაღწევად, ივანოვოს ოლქის ქალაქ შუიასთან დისლოცირებული 112-ე სარაკეტო ბრიგადა 700 კმ-ითაა დაშორებული უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრიდან ანუ მოსკოვზე უფრო შორს იმყოფება და იქ უკრაინული კამიკაძე-დრონების გამოჩენა რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემაში არსებულ ბევრ პრობლემაზე უფრო მიუთითებს...

რუსული „ისკანდერების“ გამშვები მობილური სარაკეტო დანადგარების განადგურება უკრაინელი სამხედროების უმთავრეს საბრძოლო ამოცანად რჩება...
საგულისხმოა, რომ საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე სამხედრო ნაწილები დაუყოვნებლივ ტოვებენ მუდმივი დისლოკაციის ადგილებს და გადადიან სათადარიგო რაიონებში, რათა არ გახდნენ მოწინააღმდეგის საავიაციო და სარაკეტო დარტყმების სამიზნეები, რადგან მათი მუდმივი დისლოკაციის ადგილის ზუსტი კოორდინატები კარგადაა ცნობილი მოწინააღმდეგის დაზვერვისთვის.
ეს ეხება ზემოხსენებულ რუსულ 448-ე და 112-ე სარაკეტო ბრიგადებსაც, რომლებიც ომის პირველი დღეებიდან უშვებენ „ისკანდერის“ ტიპის აერობალისტიკურ რაკეტებს უკრაინული ქალაქების მიმართულებით და შესაბამისად ხშირად იცვლიან რაკეტების სასტარტო პოზიციებს, რომლებიც 200-დან 300 კმ-მდე მაინც არიან დაშორებულნი უკრაინის საზღვრიდან,რათა არ გახდნენ საპასუხო სარაკეტო დარტყმების სამიზნე.ასე იყო 13 აპრილსაც,როდესაც 180 და 330 კმ-ის სიშორიდან გაუშვა „ისკანდერის“ რაკეტები ამ ორმა რუსულმა სარაკეტო ბრიგადამ უკრაინული სუმის უნივერსიტეტის შენობებისკენ.

აქედან გამომდინარე, ამ რუსული სარაკეტო ბრიგადების მუდმივი დისლოკაციის ადგილზე სავარაუდოდ არ იქნებოდა დარჩენილი დიდი რაოდენობის საბრძოლო ტექნიკა და პირადი შემადგენლობა და იმის მოლოდინი, რომ უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა რაიმე გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს ამ რუსულ სარაკეტო ბრიგადებს მათი მუდმივი დისლოკაციის ადგილებში, ნაკლებია...
თუმცა, მეორე მხრივ, ამას აქვს პოლიტიკური ეფექტი-დაუსჯელი არავინ დარჩება, შურს ყოველთვის ვიძიებთ! - ეტყობა ასეთია უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის პოზიცია...
და ამ სტატიაშიც იმავეს გავიმეორებთ, რაც წინა ორ პუბლიკაციაში დეტალურად განვიხილეთ - ისრების ანუ უკვე სტარტაღებული „ისკანდერების“ ძვირადღირებული და დეფიციტური „პეტრიოტის“ ანტირაკეტებით ჩამოგდების მცდელობებზე ბევრად უფრო მაღალი საბრძოლო ეფექტიანობა ექნება ისრების მსროლელის ანუ „ისკანდერების“ გამშვები სარაკეტო დანადგარებისა და მართვის პუნქტების განადგურებას მათ სასტარტო პოზიციებზე და მარშის დროს...