ნადირობა "ისკანდერებზე" ანუ შურისძიება 2 - უკრაინელები რუს მერაკეტეებს ისევ ურტყამენ მათსავე ყაზარმებში
აღარ მეგონა, თუკი ამ თემას დღესაც გავაგრძელებდი, მას შემდეგ, რაც ამავე ბლოგში გუშინ გამოვაქვეყნე სტატია - „უკრაინული შურისძიება რუსულ „ისკანდერებზე“, რომელთაც ქალაქ სუმში 35 ადამიანი მოკლეს“, მაგრამ მას შემდეგ განვითარებული მოვლენები ამის აუცილებლობას აჩვენებს...
17 აპრილის გამთენიისას უკრაინული კამიკაძე-დრონები კვლავ დაესხნენ რუსეთის არმიის 112-ე სარაკეტო ბრიგადის მუდმივი დისლოკაციის პუნქტს ანუ ზუსტად 24 სთ-ის შემდეგ უკრაინელმა სამხედროებმა გაიმეორეს წარმატებული საჰაერო შეტევა უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრიდან 700-იდე კმ-ის დაშორებით მდებარე ივანოვოს ოლქის ქალაქ შუიასთან მდებარე იმ რუსულ სარაკეტო ნაწილზე, რომელმაც 13 აპრილს სამხედრო დანაშაული ჩაიდინა და უკრაინულ სუმისკენ „ისკანდერ-მ“-ის აერობალისტიკური რაკეტა გაუშვა, რასაც 35 მშვიდობიანი მოსახლის დაღუპვა მოჰყვა,1 17 - დაიჭრა...
ეს კი ორ რამეზე მეტყველებს:
პირველი - უკრაინელები ისე გაამწარა სუმზე რუსული „ისკანდერებით“ თავდასხმამ, რომ რუსი მერაკეტეები სახელმწიფოს უპირველეს მტრად მიიჩნიეს და მათზე „ნადირობა“ დაიწყეს, რუსეთის მთელ ტერიტორიაზე...
მეორე - ეს არის რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის უდიდესი ჩავარდნა, როდესაც 150-იოდე კმ/სთ სიჩქარით მფრენი უკრაინული კამიკაძე-დრონები - „ლიუტები“ ასე დაუსჯელად კვეთავენ რუსეთის ევროპულ ნაწილს, გვერდზე ჩაუფრენენ თვით დედაქალაქ მოსკოვს და უპრობლემოდ ხვდებიან კონკრეტული რუსული სამხედრო ნაწილის კონკრეტულ ყაზარმას...
ინტერნეტსივრცეში უკვე გავრცელდა საოცარი ვიდეოკადრები, თუ როგორ აუჩქარებლად მიფრინავს დაბალ სიმაღლეზე უკრაინული კამიკაძე-დრონი და მიუხედავად იმისა, რომ მიწიდან ცეცხლსასროლი იარაღებიდან ინტენსიურად ესვრიან, კონკრეტულ მომენტში პიკირებაზე გადადის და ზუსტად ხვდება რუსი მერაკეტეების საცხოვრებელ ყაზარმას...
კიდევ უფრო შთამბეჭდავია თავად ამ ყაზარმაში მყოფი რუსი სამხედროების მიერ გადაღებული ვიდეოკადრები, როდესაც ისინი უკრაინული კამიკაძე-დრონის სამიზნე ხდებიან და როგორია მათი შეშინებული რეაქცია აფეთქების შემდეგ...
მიუხედავად სერიოზული წარმატებისა - უკრაინის ტერიტორიიდან გაშვებული კამიკაძე-დრონი ზუსტად იმ ყაზარმის ფანჯარაში „შეიყვანო“, სადაც უკრაინის დამბომბველი მერაკეტეები ცხოვრობენ, მაინც ხაზგასასმელია, რომ ამან რეალურად დიდი ვერაფერი დააკლო თავად რუსული „ისკანდერების“ საბრძოლო პოტენციალს და მათი განადგურება საჭიროა უშუალოდ საბრძოლო პოზიციებზე...