"პოლიტიკა შეიცვლება, გაივლის ყველაფერი, მაგრამ..." - როგორ ეხმაურება ლევან წულაძე "დოის" გათავისუფლებას
საქართველოს კულტურის სამინისტრომ, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დავით დოიაშვილი დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლა. სამინისტროს განცხადებით, გადაწყვეტილება თეატრში შემოქმედებითი პროცესის ხანგრძლივი შეფერხებით არის განპირობებული, მიუხედავად სახელმწიფო ბიუჯეტიდან უწყვეტი დაფინანსებისა. სახელმწიფო თეატრი ანგარიშვალდებულია და ვალდებულია შეასრულოს მისთვის დასახული მიზნები, რაც უწყვეტ შემოქმედებით საქმიანობას გულისხმობს. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, თეატრის ხელმძღვანელობამ ეს ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
ფაქტს ხელოვანების დიდი ნაწილი გამოეხმაურა და საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს. გუშინ საღამოს აქციას ესწრებოდა რეჟისორი ლევან წულაძეც, რომელმაც აღნიშნა:
"არსებობს პოლიტიკა და არსებობს კიდევ ქართული თეატრის მომავალი. დავით დოიაშვილი იყო ის ადამიანი, ვისაც ქართული თეატრი წინ მიჰყავდა, საუკეთესო რეჟისორი იყო ქართველ რეჟისორებს შორის. მისი ასე გადაგდება იმიტომ, რომ ვინმეს რაღაცა არ მოსწონს, ეს არის დანაშაული ქართული კულტურის წინაშე.
პოლიტიკა შეიცვლება, გაივლის ყველაფერი, მაგრამ კულტურის დაღუპვა და მკვლელობა არ შეიძლება“.