როგორ აისახება კლიმატის ცვლილება მეწველ ფურებზე - კვირის პალიტრა

როგორ აისახება კლიმატის ცვლილება მეწველ ფურებზე

მეცნიერთა თქმით, ბოლო სამოცი წლის განმავლობაში, დედამიწის მოსახლეობა 2,5-დან 7,4 მილიარდამდე გაიზარდა და ეს პროცესი გრძელდება. ამასთანავე, დედამიწის საშუალო ტემპერატურამ 0,72 გრადუსით მოიმატა, ხოლო საშუალო პიკური ტემპერატურები 3 გრადუსითაა გაზრდილი. ასეთ ფონზე დაახლოებით სამჯერ არის გაზრდილი ექსტრემალური ბუნებრივი მოვლენების სიხშირეც. ცხადია, ეს ყველაფერი დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ეკონომიკაზე, საცხოვრებელ გარემოზე. კლიმატის ცვლილება მოქმედებს ცხოველებზეც. მაგალითად, გასული ზამთარი რომ ავიღოთ, დიდთოვლობამ დასავლეთ საქართველოში, რაც კლიმატის ცვლილებითაც იყო გამოწვეული, რთული მდგომარეობა შექმნა. უამრავი პირუტყვი, შინაური ფრინველი და ცხოველი რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. არამარტო დიდთოვლობა, უამინდობაც ყოველთვის უქმნის პრობლემებს მესაქონლეებსა და მეცხოველე ფერმერებს. რა შეიძლება გაკეთდეს ცხოველების სიცივის სტრესისგან, ზოგადად, უამინდობისგან დასაცავად? ამისთვის მეცხოველეობის სექტორს, ფერმერებს, საოჯახო მეურნეებს და ამ სფეროთი დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ რჩევებს. გვესაუბრება ვეტერინარი ეკა ილაური.

- დასავლეთ საქართველოში ზამთრის პერიოდში ძირითადად ბაგური შენახვის პირობებს მიმართავენ. ამ დროს ცხოველთა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, მათ შორის, კვება, მოციონი, დარწყულება, სხვადასხვა ვეტერინარული ღონისძიების სწორად წარმართვა. კვებაში იგულისხმება, რომ მეწველ ფურს სასურველია მივცეთ კარგი ხარისხის სილოსი, ხოლო გასასუქებელ პირუტყვს - კარგი ხარისხის თივა. ამ პერიოდში დამატებით ასევე სჭირდება მინერალები, რათა კვება დაბალანსდეს. წყალი უმჯობესია ნადგამი, მისი ტემპერატურა 0°ჩ-ს ქვემოთ არ უნდა იყოს.

ზამთარში აუცილებელია სადგომის კარგი ვენტილაცია, რათა ამიაკი არ დაგროვდეს. ეს ცხოველებში სხვადასხვა ტიპის გართულებებს გამოიწვევს.

- კლიმატის ცვლილება რა პრობლემებს ქმნის მეცხოველეობაში?

- კლიმატის მკვეთრი ცვლილება - მომატება ან დაკლება, მნიშვნელოვან და სერიოზულ გავლენას ახდენს ცხოველთა ჯანმრთელობასა და პროდუქტიულობაზე, მოქმედებს რეპროდუქციაზე, ფერხდება ნივთიერებათა ცვლა, ქვეითდება იმუნური სისტემა. ამ დროს ვრცელდება სხვადასხვა დაავადება, მადის დაქვეითების მიზეზით პროდუქტიულობა იკლებს როგორც მეწველ ფურებში, ასევე მეხორცულ საქონელშიც. მცირდება წონის მატების მაჩვენებელი, ხოლო იმუნური სისტემის დაქვეითების გამო შესაძლოა რომელიმე ბაქტერიულმა თუ ვირუსულმა დაავადებამ იფეთქოს. ეს დიდ ზარალს მიაყენებს როგორც საოჯახო მეურნეობებს, ასევე დიდ ფერმებს.

7029384d-bcfd-4fde-9294-60e4f7d614f7-1744892976.jpg

- კვება რა ულუფებით უნდა მოხდეს და რა პრეპარატებია საჭირო კლიმატის მკვეთრი ცვლილებების დროს?

- ჩვენს გუნდს შემუშავებული აქვს სპეციალური პროდუქტების ნაკრები. აქ არის სიცივის სტრესის კალათა, სითბური სტრესის კალათა, იმუნიტეტის ზრდის ნაკრები, მასტიტისგან დაცვა, რომელთა შემადგენლობაში შედის სპეციალურად შერჩეული, ბიოლოგიურად სუფთა, მცენარეული პრეპარატები. მათი გამოყენება მაქსიმალურად ამცირებს მეცხოველეობაში სტრესებს და ხელს უწყობს არა მარტო ცხოველთა ჯანმრთელობის, პროდუქტიულობის შენარჩუნებას, არამედ პროდუქტიულობის ზრდასაც. ასევე ძლიერდება იმუნიტეტი და ცხოველი ხდება უფრო მედეგი სხვადასხვა დაავადების მიმართ.

- სადგომი როგორ უნდა ჰქონდეთ მოწყობილი, რომ სიცივისა და სიცხის სტრესი თავიდან ავიცილოთ?

- სადგომის შერჩევისა და მოწყობის დროს ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი. ყველაზე მთავარია, ჰიგიენური ნორმები იყოს დაცული. აუცილებელია სადგომის კარგი ვენტილაცია როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულშიც - ამიაკი არ უნდა დაგროვდეს. სადგომში საქონელი დაცული უნდა იყოს ორპირი ქარისგანაც, უნდა დამონტაჟდეს შახტისმაგვარი გამწოვები.

ზაფხულის ცხელი დღეებისთვის სა­სურ­ველია ფერმებში იყოს წყლის გამაფრქვევლები, მინიმუმ, დავდგათ ვენტილატორები, რომლებიც ტემპერატურას, სულ მცირე, 3-4 გრადუსით დაბლა დასწევს.

- რომელი დაავადებები აქტიურდება სეზონურად, სიცხესა თუ სიცივეში?

- კლიმატურმა ცვლილებებმა განაპირობა, რომ დაავადებების უმეტესობამ სეზონურობა დაკარგა და წლის ნებისმიერ პერიოდში შეიძლება შეგვხვდეს. მაგალითად, პიროპლაზმოზი (ასევე მსგავსი პროტოზოული დაავადებები: ბაბეზიოზი, ანაპლაზმოზი და ა.შ. დაავადებები, რომლებიც ჯანმრთელ ცხოველს გადაეცემა უმარტივესი პარაზიტით დაინფიცირებული ტკიპის კბენის შედეგად), რომელიც გვხვდებოდა გაზაფხულიდან შემოდგომამდე, დღეს თავისუფლად შეიძლება შეხვდეს ზამთრის პერიოდშიც.

- ვეტერინარულად რომელი სეზონია უფრო საშიში და მაღალრისკიანი - ზაფხული თუ ზამთარი?

- ორივე სეზონის დროს შეიძლება წარმოიშვას სხვადასხვა ტიპის პრობლემა. ვრცელდება სხვადასხვა ვირუსული, ბაქტერიული და პროტოზოული დაავადებები. ზამთარში ემატება არასათანადო შენახვის პირობები, არაჰიგიენური სადგომები, ნაკლები მოციონი, არასრულფასოვანი კვება და ა.შ., ხოლო ზაფხულს ემატება სითბური სტრესი, ტემპერატურის მატება 30°ჩ-ს ზემოთ - თითო მომატებული გრადუსი მეწველ ფურებში ლაქტაციას 1 ლიტრამდე მოცულობით ამცირებს, რაც მერძეული მიმართულების ფერმებისთვის დიდი დანაკლისია.

fans-01-1744892976.jpg

ამიტომ საჭიროა ფერმერების ინფორმირება. ჩვენს კომპანიაში ამ ყველაფერზე ინტენსიურად ვმუშაობთ ვეტერინარები, ვცდილობთ სხვადასხვა რეგიონში ჩავატაროთ საგანმანათლებლო ტრენინგები, სადაც დეტალურად აღიწერება ყველა ის პრობლემა, რაც კლიმატურ ცვლილებებს მოსდევს, როგორ ვებრძოლოთ მათ და რა ღონისძიებები გავატაროთ. აუცილებელია ასევე ვიცოდეთ, რა საკვები პროდუქტი გამოვიყენოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ყველა ის პრობლემა და პროდუქტიულობის დაქვეითება, რაც კლიმატური ცვლილებების სტრესს ახლავს თან.