ქალაქელი ფერმერები სოფელ წინარეხიდან - კვირის პალიტრა

ქალაქელი ფერმერები სოფელ წინარეხიდან

თბილისიდან სოფელში საცხოვრებლად და სამუშაოდ გადასული კიდევ ერთი ოჯახის საქმიანობის შესახებ უნდა გიამბოთ. პროფესიით იურისტი მარიკა ლალიაშვილი გვეუბნება, რომ სოფლად ცხოვრება და შინაური ცხოველების მოვლა ჯერ კიდევ მის ექიმ ბებიას უნდოდა. რაც მან ვერ მოახერხა, მისმა შვილიშვილმა, მარიკამ შეძლო - კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში საოჯახო ფერმა გამართა. აწარმოებენ რძეს, მაწონს, არაჟანს, ნადუღს, ხაჭოს, ერბოს, კარაქს და ყველის სხვადასხვა სახეობას. ასევე უვლიან ღორებსა და 2000 ფრთა ქათამს.

მარიკა ლალიაშვილი:

- წინარეხში აგარაკი გვქონდა და პანდემიის დროს აქ მე და ჩემი მეუღლე ჩამოვედით და დავრჩით. ოჯახისთვის ჯანსაღი პროდუქტის წარმოება გადავწყვიტეთ - გვინდოდა გვყოლოდა ქათმები, გვქონოდა კვერცხი. ყველი რომ ამომეყვანა რძეს მეზობლებისგან ვყიდულობდი. ცხოველები გვიყვარს და აქ ისეთ აზარტში შევედით, რომ ფერმის ყიდვა გადავწყვიტეთ. გვინდოდა ნატურალური, ჯანსაღი რძე და რძის პროდუქტები გვქონოდა... როდესაც სურვილი ავისრულეთ, პროდუქტს ნათესავებს, მეზობლებს ვაწვდიდით. მოსწონდათ და დიდი მოთხოვნაც იყო, ოღონდ არ ვყიდდით. შემდეგ კი საწარმოს უკეთ აღჭურვა გახდა საჭირო, რათა რძის პროდუქტი მასშტაბურად გვეწარმოებინა.

ფერმის ტერიტორიაზე სამი შენობა დგას, საღორეც იქ გვაქვს. ერთ-ერთში საწარმოა. ქათმები ეზოში დავიტოვეთ - 2000 ფრთამდე გვყავს.

574cc9b4-72b9-404b-a80b-07621775134a-1744893464.jpg

- საწარმოს ამუშავების შემდეგ მოთხოვნამ მოიმატა?

- ძალიან ბევრი რეკავდა, პროდუქტს, ძირითადად, ბავშვებისთვის ითხოვდნენ და ჩვენც ბრუნვა გავზარდეთ, ძროხების სულადობა 45-მდე ავიყვანეთ. ძროხები ავსტრიიდან და შვეიცარიიდან შემოყვანილი ჯიშებია - შვიცბრაუნი, სიმენტალი, რომლებიც 25-დან 30 ლიტრამდე იწველიან. ახლა მათი მეორე მაკეობა მოდის, მაისში 15 ხბო გვეყოლება და ფერმას კიდევ გავზრდით. რძის ნაკლებობაც კი გვაქვს, რადგან ვაწარმოებთ ყველს, არაჟანს, ხაჭოს, კარაქს, ერბოს, მაწონს...

- პირუტყვს როგორ უვლით და რით კვებავთ?

- პირველივე დღიდან ვყიდულობდით თივის, იონჯის პრესებს. ჩვენი ნაკვეთებიც გვაქვს, მაგრამ ჯერ ვერ ვამუშავებთ, რომ იონჯა და შვრია მოვიყვანოთ. ამიტომ ვყიდულობთ სიმინდისა და იონჯის სილოსს, რომელიც განსაკუთრებით ზამთარშია აუცილებელი, რათა პირუტყვმა ნამიანი კვება მიიღოს და მეტი რძე მოგცეს. მარცვლეულს (შვრია, ხორბალი, სიმინდი, ქერი) ვფქვავთ და სილოსზე ვუყრით, რაც პროტეინს შეიცავს. საქონელს ზედმეტს არაფერს ვაძლევთ, რადგან ის `ზედმეტი~, სხვადასხვა დანამატი, რძის ხარისხზე აისახება.

6 თვეში ერთხელ ბრუცელოზზე ანალიზებს ლაბორატორიაში ვაბარებთ და თუ რამემ დაგვაეჭვა, განმეორებით ანალიზებს კვლავ ლაბორატორიას ვუგზავნით... ერთი ადგილობრივი ვეტექიმი გვყავს, მაგრამ საჭიროების მიხედვით პროფესიონალი ვეტექიმები გორიდანაც ჩამოდიან. თუ ძროხას რამე სჭირს, მაგალითად, მასტიტი ან სხვა დაავადება აქვს, რომ მოვწველით, მის რძეს არათუ ადამიანს, ხბორებსაც არ ვაძლევთ, ვღვრით. გვაქვს ანალიზატორი, რომლითაც რძეს ყოველდღე ვამოწმებთ, რამდენ ცილას, ცხიმსა და საჭირო მინერალებს შეიცავს.

- ანუ რძეს აბარებთ კიდეც და რძის პროდუქტებსაც ამზადებთ?

- ერთ-ერთ რესტორანთან ვთანამშრომლობთ, მათ მხოლოდ რძე უნდათ, დანარჩენით კი რძის პროდუქტებს ვაწარმოებთ.

- რძის გარშემო ატეხილმა სკანდალმა, თქვენს ფერმაზე ხომ არ იმოქმედა?

- არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ფაქტია, ხალხი ძალიან დიდ პანიკაშია. მომხმარებელმა და სურსათის უვნებლობის სააგენტომ თავის დროზე ჩვენც მოგვთხოვა სერტიფიკატი. სააგენტო მუდმივად გვამოწმებს. ყველა საბუთი წესრიგში გვაქვს, მაგრამ ამ პანიკამ ფაქტია, დიდი აჟიოტაჟი შექმნა. ჩვენი პროდუქტის მომხმარებელი, ძველიც და ახალიც, ყველა გვენდობა. პატიოსნად უნდა მოიქცე, მხოლოდ ბიზნესი არ უნდა იყოს ამოსავალი წერტილი. ბევრი რამ უნდა იყოს გათვალისწინებული. ძირითადი მომხმარებლები ბავშვები და მოხუცები არიან - ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი. ხანდახან რომელიღაც შეკვეთას ვერ ვასწრებთ, მაგრამ ამის გამო მაქინაციას კი არ მივმართავ. შეკვეთის დაგვიანება ჯობს უვარგისი პროდუქტის მიწოდებას.

a5f2f375-efe3-4fe8-93f7-a06ecb79198f-1744893465.jpg

- რამდენი კაცი გყავთ დასაქმებული?

- საქონელს ორი მომვლელი ჰყავს, ორი ქალიც საწარმოში მუშაობს, ქათმებზეც ორია გაპიროვნებული. ხალხს კიდევ ავიყვანთ, რადგან ჩვენს პროდუქტზე მოთხოვნა იზრდება, თან 15 სული მოიგებს და დღეში 300 ლიტრამდე რძე მოგვემატება. ამჟამად ყოველდღიურად 200-დან 250 ლიტრი გვაქვს.

გვყავს 20 დედა ღორი, ღორის ხორცსაც ვყიდით. ვისარგებლეთ იაფი აგროკრედიტით, რისთვისაც მადლობელი ვარ. ეს დიდი პლუსია, მანამდე ყველაფერს საკუთარი სახსრებით ვაკეთებდით, ხარჯი კი ძალიან ბევრია, პირუტყვს მოვლა უნდა, ხელფასები გასაცემი გვაქვს და ა.შ.

- მაღალმთიანი სოფლის სტატუსი მიგიღიათ...

- კი და ამის გამო კომუნალურ გადასახადებზე და საგადასახადოზე შეღავათი გვაქვს. აქ თიხნარი მიწაა და სათანადო ბალახი არ ამოდის, ძალიან რთული ზამთარი იცის, გაზაფხული გვიან შემოდის, ზაფხულიც გრილი გვაქვს.

- ქათმებსაც ყიდით?

- ქათმებს ვზრდით და დაკლულს ვყიდით. ვყიდით კვერცხსაც, ცალკე გვყავს კვერცხისმდებელი დედლები, 60 ფრთამდე. ისინი ქერზე არიან, რადგან ქათმისთვის ძალიან გასუქება არ შეიძლება, კვერცხს ვერ დადებენ. დასაკლავად ვარიებს ვზრდით. მათ მხოლოდ ხორბალსა და სიმინდს ვაძლევთ.

- ფერმა რომ ავამუშაოთ და ეს საქმე წამოვიწყოთ, რა უნდა გავითვალისწინოთ?

- თუ კაცი ფიქრობს, საქმეს დღეს არა, ხვალ და ერთ საათში გავაკეთებო, ასე არ გამოვა. წინასწარ კარგად უნდა განისაზღვროს პლუს-მინუსები, შესაძლებლობები, ფინანსები და საქმე მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაიწყოს.

ქალაქიდან რომ ჩამოვედი, ყველაფერი თვითონ ვისწავლე. სხვა ქვეყანაში გავიარე სპეციალური კურსები, ყველის ტექნოლოგიას იქ დავეუფლე, ბევრნაირი ყველის გაკეთება ვიცი. პრაქტიკამაც ცოდნა შემძინა. სწავლის პროცესში დიდი რაოდენობით რძე გამიფუჭებია. ბევრს ვწვალობდი, მაგრამ მაინც არ ვეპუებოდი, რადგან ვიცოდი, რომ გამომივიდოდა. სოფელშიც არ იცოდნენ არაჟნის გაკეთება და ტექნოლოგია ისე დავამუშავე, რომ ქარხნის ნაწარმს არ ჩამოუვარდება. ვაკეთებ ჩემი პირადი ტექნოლოგიით, ყოველგვარი დანამატის გარეშე.

- მაროს ფერმას რატომ უწოდებთ თქვენს ფერმას?

- ბებიაჩემი, მარო ლალიაშვილი, ცნობილი ექიმი-გინეკოლოგი გახლდათ. მთელი ცხოვრება მუშაობდა და პაციენტებს ვერ ტოვებდა. სულ ნატრობდა სოფელს, რომელიც არ გვქონდა, ამბობდა, ნეტავ როდის გვექნება ჩვენი აგარაკი, რომ წავიდე და ვიშრომოო. როცა ეს საქმე დავიწყეთ, ბებია ცოცხალი აღარ იყო და მის პატივსაცემად დავარქვი ჩვენს მეურნეობას მაროს ფერმა. ეს ყველაფერი, ფაქტობრივად, მას მივუძღვენი.

ვგეგმავთ პატარა მაღაზიის გახსნასაც, სადაც ჩვენს პროდუქტს გავყიდით. აქაურობას ტურისტები ხშირად სტუმრობენ, ამიტომ ეზოში პატარა ტურისტული ზონის მოწყობასაც ვგეგმავთ.