რატომ არის განსაკუთრებული იმერული ცხვარი - კვირის პალიტრა

რატომ არის განსაკუთრებული იმერული ცხვარი

შესაძლოა ბევრმა არ იცის, მაგრამ საქართველოში გვყავს იმ გენეტიკის შინაური ცხოველი, რომელიც ძველმა კოლხებმა გამოიყვანეს და სამეურნეო კეთილდღეობაც დაუკავშირეს. ეს ნაზმატყლიანი იმერული ცხვარია.

ივანე ჯავახიშვილი იმერულ ცხვარს ქართული სამეურნეო გენეტიკური ფონდის ორგანულ ნაწილად მიიჩნევდა და მისი დაცვისკენ მოუწოდებდა. კითხვას, თუ რატომ შეიძლება ჩაითვალოს იმერული ცხვარი ასე განსაკუთრებულად, გარდა სიძველისა, არაერთი პასუხი აქვს. მას აქვს საუკეთესო კულინარიული თვისებები და არა აქვს ის სპეციფიკური სუნი, რომლის გამოც ცხვრის ხორცს ზოგიერთი იწუნებს. ამის მიუხედავად, იმერული ცხვრის რაოდენობა სულ უფრო და უფრო მცირდება. საკმაოდ მაღალი ფასიც კი არსებით როლს ვერ თამაშობს მისი გამრავლების საქმეში. მიზეზი, ძირითადად, დაცლილი სოფლებია. თუმცა, ვისაც იმერული ცხვარი წლების განმავლობაში ჰყავს, მას ძნელად თუ შეელევა, კარგად იცის ცხვრისგან მიღებული შემოსავლის ფასიც და გემოვანი თვისებებიც. უკვე წლებია, ნანა ბუსხრიკიძის ოჯახი საჩხერის სოფელ მახათაურიდან იმერულ ცხვარს ზრდის. მართალია, არა მთელ ფარას, სულ ყოველწლიურად 10-15 სულამდე ამრავლებს, მაგრამ იმერული ცხვრის სიკეთეში დარწმუნებულია და მის გადაშენებას არ აპირებს.

- მადლობა გეკუთვნით უნიკალური იმერული ცხვრის მოვლისა და შენარჩუნებისთვის. რატომ გადაწყვიტეთ მისი მოშენება, როდესაც ამაზე ბევრი უარს ამბობს?

- სარგებელი რომ არ ყოფილიყო, ცხადია, არც მე მოვაშენებდი, მაგრამ სარგებელი დიდი დავინახე და ვერ შეველიე. მე და ჩემი მეუღლე ამ ცხვრის მოშენებას დაქორწინებიდან მალევე შევუდექით. ამით მაინცდამაინც მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება მქონდა მიზნად-მეთქი რომ გითხრათ, არ იქნება მართალი. უბრალოდ, ჩემი მეუღლის ინიციატივა იყო, რადგან იმერულ ცხვრის ხორცს დიდი სიამოვნებით გეახლებათ. ამბობს, ვინც ამას გასინჯავს, ის აღარ დაიჩემებს, ცხვრის ხორცს სპეციფიკური სუნი აქვსო. ძალიან კარგია ჩვენი თუშური ცხვარიც, რა თქმა უნდა, ერთხანს თავადაც მოვაშენე, უფრო მეხორცულიც არის და მერძევეც, ყველიც დიდებული მზადდება, მაგრამ საბოლოოდ ოჯახმა კულინარიის სპეციფიკის გამო იმერული ცხვრის მოშენება გადავწყვიტეთ, მით უფრო, რომ კიდევ ერთი საკვირველი თვისებაც აქვს: მსოფლიოში არც ერთი ჯიშის ცხვარი არ მრავლდება წელიწადში ორჯერ, იმერულ ცხვარს კი დოლი სწორედ წელიწადში ორჯერ აქვს. კიდევ ერთი ამბავიც არის: იმერულ ცხვარს ისეთი ძლიერი გენი აქვს, თუშური და იმერული ცხვრების შეჯვარებისას ბატკანი მაინც იმერულის გენზე გადადის. ეს მრავალჯერ გამოვცადე. მართალია, იმერული ტანით უფრო მცირეა და არც ცხიმიანი დუმა აქვს, სამაგიეროდ, საკვებიც ნაკლები სჭირდება.

pages-from-md-2014-2025-2-1744893464.jpg

- ცხვრის დოლი ჩვენში მხოლოდ ერთხელ, გაზაფხულზეა ცნობილი, არადა, თურმე ჩვენი იმერული წელიწადში ორჯერ მრავლდება.

- კი, ამ მხრივ ყველანაირ ცხვარზე ყოჩაღია, თანაც, სეზონის მიუხედავად მრავლდება. არა აქვს მნიშვნელობა, შემოდგომაა, გაზაფხული თუ ზამთარი, თანაც 6 თვის ასაკიდან მაკეობს, სხვა ნებისმიერი ჯიშის ცხვარი კი წლინახევრიდან. ბატკანსაც სხვა ჯიშის ცხვრებზე 10 დღით ადრე შობს. აი, ეს რას ნიშნავს: თუ სხვა ცხვარი მაკეობის 150-155-ე დღეზე შობს, ჩვენი იმერული 137-143 დღეზე მშობიარობს. წარმოიდგინეთ, ეს რამხელა მოგებაა იმერული ცხვრის მეპატრონისთვის. თუმცა, სამწუხაროდ, ნაკლებად ამრავლებენ, მაგალითად, ჩემს სოფელშიც მხოლოდ მე მყავს ცხვრები.

- იმედია, ტენდენცია შეიცვლება. რამდენ ბატკანს შობს იმერული ცხვარი?

- 2-3 ბატკანს და ზოგჯერ მეტსაც. ბატკნებიც ყოჩაღები არიან და ზამთარსაც კარგად უძლებენ. სამი თვიდან ბატკანი 15 კილოგრამამდე ადის და უკვე რეალიზაციაც შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ იმერული ცხვარი ტანმორჩილია, 40 კილოგრამამდე მაინც აღწევს.

- საინტერესოა, რეალიზაციის ფასი თუ შეესაბამება გაწეულ შრომას.

- ფასს ვერ დავემდურები. შარშან თუ ცოცხალი წონის 1 კილოგრამი 35 ლარი ღირდა, წლეულს ფასი 45 ლარზე ავიდა, თანაც მოთხოვნა დიდია.

- ამიტომაც უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ ჯიში არ გადაშენდება თუნდაც იმერეთში.

- მთაგორიან სოფლებში მისი გამრავლება ძნელი არ არის, დიდი რაოდენობით საკვებს არ მოითხოვს და არც იწუნებს, ლობიოს ხმელი ბარდითაც ხშირად გამომიკვებავს. თუმცა სოფელი სანახევროდ დაცლილია, ბევრს ქალაქში მუშაობა ურჩევნია, მაგრამ სამაგიეროდ, ჯანსაღი საკვების დეფიციტი გვაქვს და თანაც როგორი. ერთი ეგ არის ძნელი, თუ კარ-მიდამოში საკუთარი შემოღობილი საძოვარი არ გაგაჩნია, სხვა საძოვრებზე ცხვარს გამუდმებით უკან უნდა სდიო, მწყემსი სჭირდება და მთელი დროით ყურადღება. როდესაც იმერეთის სოფლებში ცხვარი ბევრს ჰყავდა, მწყემსის პრობლემაც არ იყო. მთელი სოფლის ფარა გროვდებოდა და ხალხი მორიგეობით აძოვებდა, კუთვნილ მორიგეობამდე კი საკუთარ საქმეს აკეთებდნენ. ცხვრის მოვლაში ხელს კარ-მიდამოც მიწყობს. მეზობელმაც დაგვრთო ნება თავის საკარმიდამოში ძოვების, ცხვრები არაფერს აფუჭებენ. ასე რომ, მწყემსვაში დიდი დროის დაკარგვა არ გვჭირდება.

- ზამთარში რით კვებავთ?

- თივითა და ქერით. როგორც გითხარით ლობიოს ბარდასაც ვინახავთ საზამთროდ. არც უხეშ საკვებს იწუნებენ.

- მატყლს თუ მოიხმართ?

- სამწუხაროდ, არა. თბილმა ზამთრებმა და იაფმა ტანსაცმელმა ცხვრის ძაფის ნაქსოვის მნიშვნელობა უკან გადასწია. თუმცა ყველამ იცის, რომ ცხვრის ძაფით ნაქსოვი ჯანმრთელობას უწყობს ხელს. არის ხალხი, ვინც ცხვრის მატყლს ყიდულობს, რთავს და იყენებს.

- დარგის ნებისმიერ ნაშრომში წერია, რომ იმერული ცხვრის გენოფონდი უნდა გადარჩეს. მას საამისოდ ყველა თვისება აქვს: უნიკალურობა, პროდუქტიულობა და კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობა და თქვენც ამას ინარჩუნებთ.

- მე იმერული ცხვრის თავიდან მოშორებას არ ვაპირებ. ვინც მოაშენებს, მზად ვარ ნებისმიერი რჩევით დავეხმარო.