ნატოს ჯარები უკრაინაში?! - შეძლებს თუ არა ალიანსი მასშტაბური სამშვიდობო ოპერაციის განხორციელებას - კვირის პალიტრა

ნატოს ჯარები უკრაინაში?! - შეძლებს თუ არა ალიანსი მასშტაბური სამშვიდობო ოპერაციის განხორციელებას?

ნატოს რიგი წევრების განზრახვა, უკრაინაში „სამშვიდობო“ მისიით ჯარები გაგზავნონ, სრულიად არარეალურია - რუსეთი ამას არასოდეს დათანხმდება და მათ მცდელობას აღკვეთს. ამ ინიციატივის განხილვაც კი ხელს შეუშლის ცეცხლის ეფექტიან შეწყვეტას“, - ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „ჰილში“ (The Hill) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „შესაძლებელია თუ არა ნატოს სამშვიდობო ოპერაციის განხორციელება უკრაინაში?“ (ავტორი - ქრისტოფერ შნაუბელტი, პროფესორი, ნატოს სამხედრო კოლეჯის ყოფილი დეკანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკვე საბოლოოდ ნათელი გახდა, რომ უკრაინის „გამარჯვება“, იმ ტერიტორიების დაბრუნების ჩათვლით, რომლებიც რუსეთმა 2014 წლიდან დაიპყრო, ნაკლებად სავარაუდოა. უკრაინის კონფლიქტი ჭიანურდება, ცეცხლის შეწყვეტის მიზნით დაწყებული მოლაპარაკებები კი ფაქტობრივად ჩიხში შევიდა. ახლა გადავიდნენ სამშვიდობო ოპერაციის, როგორც შესაძლო გამოსავლის სულ უფრო ხშირ რეკლამირებაზე.

მიზეზი, თუ რატომ არ გახდება სამშვიდობო ოპერაცია პანაცეა, გამოიხატება იმით, რომ მისი წარმატება პირდაპირ არის დამოკიდებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე, რომელიც საომარ მოქმედებებს და სისხლისღვრას წყვეტს და რომლის დაცვა უზრუნველყოფილი უნდა იყოს. სამშვიდობო მისიას შეუძლია ნდობის განმტკიცება და ზრდის იმის ალბათობას, რომ მეომარ მხარეებს შორის ფართომასშტაბიანი სამშვიდობო შეთანხმება დაიდება. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, სამშვიდობო ოპერაციამდე ცეცხლი უნდა შეწყდეს და არა - პირიქით. მისიას მხარეთა იძულება შეთანხმების ხელმოსაწერად არ შეუძლია.

სანამ ნატოს წევრები ვერ ბედავენ თავიანთი ნების რუსეთზე თავსმოხვევას - მთელი ეროვნული ძლიერების გამოყენებით (რაც ძალზე სარისკო ნაბიჯია, თუ რუსეთის ბირთვულ პოტენციალს გავითვალისწინებთ), მანამ საომარი მოქმედებების შეწყვეტა, პირველ რიგში, ვლადიმერ პუტინის სურვილზეა დამოკიდებული.

დავუშვათ, სამშვიდობო შეთანხმება დაიდო, ცეცხლი შეწყდა. შეუძლია თუ არა ალიანსს სამშვიდობო ძალების გაგზავნა უკრაინაში და, საერთოდ, ვალდებულია თუ არა ნატო? თეორიულად კი, სამშვიდობო ძალების მოქმედებით მშვიდობა უფრო უნდა განმტკიცდეს, რაც დაღუპვისაგან იხსნის ათობით და ასობით ათას ადამიანს.

უკრაინის ზოგიერთი მხარდამჭერი ქვეყანა მიანიშნებდა, რომ ჰიპოთეტური 30 ათას მშვიდობისმყოფელ ჯარისკაცთა დიდ ნაწილს ნატოს წევრი ქვეყნები გამოყოფდნენ.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის მრავალეროვნული ძალები სინას ნახევარკუნძულზე (ეგვიპტე-ისრაელს შორის), სადაც 13 ქვეყნის 1165-კაციანი სამხედრო ქვედანაყოფი 200-კილომეტრიან სასაზღვრო (სადემარკაციო) ხაზს 40 კილომეტრის სიღმეში აკონტროლებს, მაშინ მსგავსი რამ თეორიულად რუსეთსა და უკრაინას შორისაც შეიძლება. მაგრამ, პრაქტიკულად, რუსეთ-უკრაინის ფრონტზე სიტუაცია სხვაგვარია - საქმე გვაქვს 1000-1600 სიგრძის ფრონტის ხაზთან, თანაც სინას ნახევარკუნძულზე არც ეგვიპტე და არც ისრაელი 1979 წლის ხელშეკრულებით დადგენილი საზღვრის შეცვლას არ გეგმავენ, რუსეთ-უკრაინის ფრონტზე კი უკრაინას 2014 წლამდე არსებული საზღვრის აღდგენა სურს. თუმცა ისიც მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ უკრაინაში ჯერ სადემარკაციო ხაზიც კი არ არის დადგენილი.

არსებობს ზოგიერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომლებიც აუცილებლად უნდა იქნენ გათვალისწინებული ნატოს სამშვიდობო ძალების გამოყენების დროს.

პირველი - უნდა ვაღიაროთ, რომ ნატო, როგორც სუბიექტი, კონფლიქტის მხარე არ არის. დიახ, ზოგიერთი ალიანსის წევრი ქვეყანა უკრაინას დახმარებას უწევს, მაგრამ ეს ნატოს, როგორც ორგანიზაციის სახელით არ კეთდება. გასაკვირი იქნებოდა, რომ ორგანიზაციის ყველა, 32-ვე წევრი ერთხმად დაეთანხმოს სამშვიდობო მისიის შექმნასა და უკრაინაში გაგზავნას.

მეორე - კიდევ უფრო საკვირველი იქნება, თუ უკრაინა-რუსეთის ფრონტზე ნატოელი მშვიდობისმყოფლების არსებობას რუსეთი დაეთანხმება. ვლადიმერ პუტინის მიერ ჯარების შეყვანის ერთ-ერთი „გამამართლებელი“ მიზეზი ის იყო, რომ შექმნილიყო ბუფერული ზონა რუსეთსა და ნატოს შორის და თუ ახლა იქ ნატოს კონტინგენტი განთავსდება, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება პუტინის წარმოდგენებს რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.

რატომ დათანხმდება კრემლი ნატოელი მშვიდობისმყოფლების განთავსებას, როცა მას ხელში მოგებიანი კარტი აქვს?

მესამე - თუნდაც რომ დავუშვათ, რუსეთ-უკრაინის ფრონტზე მშვიდობის უზრუნველსაყოფად 30 ათასი ჯარისკაცი საკმარისი იქნება, საიდან გაჩნდებიან ისინი? ძალიან საეჭვოა, რომ მოკავშირეები ასეთ რაოდენობის კონტინგენტის გამოყოფას უახლოეს მომავალში შეძლებენ. მათ ისედაც დიდი ტვირთის აღება უწევთ საკუთარ მხრებზე, რუსეთის შესაკავებლად. თანაც ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ სამშვიდობო ძალები ნეიტრალურები უნდა იყვნენ. ასევე, თუ გავითვალისწინებთ, რომ მშვიდობისმყოფლები მსუბუქად იქნებიან შეიარაღებულები და რაღაც ინციდენტი მოხდება, ისინი ჯეროვან წინააღმდეგობას ვერ გასწევენ. საჭირო გახდება დამატებითი ძალების სწრაფი შეყვანა, რაც ძალზე პრობლემატური იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ ნატოს სამშვიდობო ოპერაციების განხორციელების საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების გამო - სპეციფიკური სირთულეებისა და მასშტაბების გათვალისწინებით - სამშვიდობო ძალების უკრაინაში გაგზავნის ინიციატივა არასიცოცხლისუნარიან წინადადებას წარმოადგენს. ვლადიმერ პუტინისათვის უფრო მისაღები იქნება ის ვარიანტი, რომელიც გაეროს სამშვიდობო მისიის სახით ჩამოყალიბდება ან - რაღაც სპეციალურად შექმნილი ორგანიზაცია, რუსეთ-უკრაინის შეთანხმების პირობების დასაცავად. ამ საკითხში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ ინდოეთს ან ჩინეთს.

ნატოს ზოგიერთ წევრს, როგორც ჩანს, ნამდვილად სურს სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა, მაგრამ ალიანსისათვის უფრო მოგებიანი იქნება, არ ჩაერიოს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებასა და შეთანხმების დადებაში. ტაქტიკურად და სტრატეგიულად, უკრაინის ტერიტორიაზე სამშვიდობო ოპერაციის ნაცვლად, უფრო გონივრული იქნება, თუ ნატოს აღმოსავლელი წევრი ქვეყნების - ბალტიისპირეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის, რუმინეთის ტერიტორიაზე (ანუ უკრაინისა და რუსეთის დასავლეთი საზღვრის გასწვრივ) დამატებით განთავსდებიან ალიანსის სამხედრო ქვედანაყოფები.

წყარო